Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1099აპ-23 14 თებერვალი, 2024 წელი

შ-ე მ., №1099აპ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 30 აგვისტოს განაჩენზე მსჯავრდებულ მ. შ-ის ადვოკატის – თ. ხ-ის – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პროცედურა:

1.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 30 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ მ. შ-ის ადვოკატის – თ. ხ-ის – სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 მარტის განაჩენი, მ. შ-ის (პირადი №-) მიმართ, დარჩა უცვლელად, კერძოდ:

მ. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ) 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რისი ათვლაც დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 29 ივნისიდან.

1.2. მსჯავრდებულ მ. შ-ის ადვოკატმა – თ. ხ-მა – საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მ. შ-ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებები:

2.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად დაასკვნა, რომ 2022 წლის 29 ივნისს, დაახლოებით 00:05 საათიდან 00:10 საათამდე დროის პერიოდში, თბილისში, მ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მ. შ-ემ შ. ს განზრახ მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება. კერძოდ, მ. შ-ემ შ. ხ-ს გულმკერდის უკანა ზედაპირზე ერთხელ დაარტყა დანისმაგვარი საგანი. მ. შ-ის ქმედებით, შ. ხ-მა გულმკერდისა და მუცლის ღრუში შემავალი, დიაფრაგმის ქვედა არტერიის, ელენთის, მსხვილი ნაწლავის ჯორჯლის სისხლძარღვებისა და სხეულზე არსებული სხვა დაზიანების სახით მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

3. კასატორის არგუმენტები:

3.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი მ. შ-ის დამნაშავედ ცნობის ნაწილში უკანონოა; ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები შეაფასეს არასრულყოფილად და არაობიექტურად, რადგან მათი ანალიზი უტყუარად ადასტურებს მ. შ-ის უდანაშაულობას.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

4.2. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში მ. შ-ის დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.3. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მ. შ-ის მსჯავრდების ნაწილში ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ, როგორც სადავო, ისე უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას, კერძოდ:

4.4. მოწმეთა ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები ადასტურებს შ. ხ-სა და მ. შ-ეს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას, რაც სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო. კონფლიქტში მ. შ-ისა და მისი ძმის ჩართულობა დასტურდება ვიდეოჩანაწერითაც. საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან ირკვევა, რომ ორმხრივი ფიზიკური დაპირისპირების დროს მ. შ-ემ სახლიდან შავი საგანი გამოიტანა, რაზეც შ. ხ-მა თქვა, დანა გამოიტანაო. აღნიშნული საგანი მ. შ-ემ შ. ხ-ს მოარტყა ზურგში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა დაიძახა, დამჭრესო.

4.5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა მ. შ-ისგან ამოიღეს დანაშაულის იარაღი – დანა, რომელზეც აღმოჩნდა იმ ჯგუფის სისხლი, რომელიც ეკუთვნის შ. ხ-ს. ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით კი, დანის პირიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული შერეული გენეტიკური პროფილიდან მაჟორული წილი შ. ხ-ს, ხოლო მინორული წილი მ. შ-ეს ეკუთვნის. რაც შეეხება უშუალოდ დაზარალებულ შ. ხ-ის დაზიანებას, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტის ჩვენებით, უტყუარად დადასტურდა, რომ დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, რაც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

4.6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არ იზიარებს ერთი მხრივ, კასატორის არგუმენტს, და, მეორე მხრივ, მსჯავრდებულის განმარტებას, რომ გამომძიებლებს საგამოძიებო მოქმედების პირობებში მისთვის შესაბამისი განმარტებები არ მიუციათ და რომ მან ყველა საპროცესო დოკუმენტს ხელი წაუკითხავად მოაწერა. ამოღების ოქმს, რომელიც წარმოდგენილ მტკიცებულებათა ჯაჭვში ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად განიხილება, ახლავს მ. შ-ის (და არა საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირის) მინაწერი: „სწორედ ჩემგან ამოღებულ დანას ვიქნევდი. უნებლიედ დავჭერი ჩემს წინ მყოფი მამაკაცი ჩემი დროებით საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე“. ამოღების ოქმის გაცნობა მ. შ-ემ ხელმოწერით დაადასტურა. აღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რომ მას შეცნობილი ჰქონდა საგამოძიებო მოქმედების შინაარსი, რასაც ეთანხმებოდა კიდეც.

4.7. მტკიცებულებათა შეფასების შედეგად, სასამართლო ვერ გაითვალისწინებს დაზარალებულ შ. ხ-ის ჩვენებას (აცხადებდა, რომ ფიზიკური დაპირისპირება მ. შ-ესთან არ მოსვლია), რადგან დაზარალებულის განმარტება ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სხვა ურთიერთშეჯერებულ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე შეიძლება ითქვას მსჯავრდებულ მ. შ-ის ჩვენებაზეც. გარდა სხვა მტკიცებულებებთან არათანხვდენისა, მსჯავრდებულის ჩვენება ეწინააღმდეგება მისივე ხელმოწერით დადასტურებულ ფოტოსურათით ამოცნობის ოქმს.

4.8. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრების იმ ნაწილს, რომ მსჯავრდებულის ძმის – ბ. შ-ის – მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მაშინ, როდესაც ბ. შ-ემ ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული პრივილეგიით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე სასამართლოში უარი განაცხადა, ვერ განიხილება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის დამოუკიდებელ პირდაპირ მტკიცებულებად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 26 ივნისის N108აპ-20 განჩინება, პუნქტი 9).

4.9. საკასაციო პალატა აღნიშნავს: მიუხედავად კასატორის პოზიციის ნაწილობრივ გაზიარებისა (მტკიცებულებათა შეფასების კონტექსტში), განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება, რომლებიც ურთიერთშეჯერებულების და თანხვდენილობის გათვალისწინებით, ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის აუცილებელ სახელმძღვანელო სტანდარტს და, ამასთან, ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე, გამორიცხავს მ. შ-ისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

4.10. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მ. შ-ის მსჯავრდებას და იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და ძირითად მოტივებს, რაც საფუძვლად დაედო მის დამნაშავედ ცნობას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

4.11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. შ-ის ადვოკატის – თ. ხ-ის – საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე შ. თადუმაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე