საქმე # 010100122006311418
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1282აპ-23 26 თებერვალი, 2024 წელი
ო. ჰ., №1282აპ-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პროცედურა:
1.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 მაისის განაჩენი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებული ჰ. ო.ს (პირადი №---) მიმართ, დარჩა უცვლელად.
1.2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ჰ. ო-მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. კერძოდ, 2022 წლის 13 სექტემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ. ბ-ში, გ-ის ქუჩის №-ში, ბინა №-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ჰ. ო-მა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – ლ. ლ-ას – მუშტი ჩაარტყა მარცხენა თვალის არეში და ძლიერად მოჰქაჩა თმასა და ხელებზე. შედეგად, ლ. ლ-ამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.3. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ნიკა მენთეშაშვილმა –საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ჰ. ო-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის შესაბამისი, მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებები:
2.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად დაასკვნა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის ჰ. ო-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.
3. კასატორის არგუმენტები:
3.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი ჰ. ო-ს დამნაშავედ ცნობის ნაწილში უკანონოა; წარმოდგენილი მტკიცებულებებით (დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი, შემაკავებელი ორდერი და პოლიციელთა ჩვენებები) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ ფაქტებს.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა დაიშვას განსახილველად.
4.2. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ჰ. ო-ს უდანაშაულობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ობიექტურ პირს ჰ. ო-ს მიერ, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული დანაშაულის ჩადენის თაობაზე. საკასაციო სასამართლოს შეფასება ეყრდნობა შემდეგ გარემოებებს:
4.3. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა ლ. ლ-ამ ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით გარანტირებული უფლებით და სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ) მე-3 მუხლის 24-ე ნაწილით, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. კანონის აღნიშნული ჩანაწერი არის დათქმა, რომ, სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლოში მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს; სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც დაცვის მხარეს აქვს მოწმის სანდოობის და მის მიერ მიცემული ჩვენების სისწორის შემოწმების შესაძლებლობა. აღნიშნული ნორმა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის გაცხადებისას არის პირის გამოკითხვის ოქმის მტკიცებულებად გამოყენების წინაღობაც, რისი გადალახვაც იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ გამოკითხვის ოქმს მხარეები არსებით სხდომაზე გამოიკვლევენ ან უდავო მტკიცებულებად მიიჩნევენ.
4.4. შესაბამისად, საკასაციო პალატა სამართლებრივ ძალას და მტკიცებულების სტატუსს ვერ მიანიჭებს დაზარალებულის გამოკითხვის ოქმს, რომელიც დაზარალებულის მიერ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის გაცხადების შემდეგ, მხარეებს არც სხდომაზე გამოუკვლევიათ და, არც გამოკვლევის გარეშე, ერთობლივი შეთანხმებით მიუნიჭებიათ მისთვის მტკიცებულების სტატუსი. დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერც შემაკავებელ ორდერს დაუდებს საფუძვლად ჰ. ო-ის დამნაშავედ ცნობას, რადგან აღნიშნული მტკიცებულება შინაარსობრივად იმეორებს დაზარალებულის მიერ გამოკითხვის ოქმში მიწოდებულ ინფორმაციას, დაცვის მხარეს კი არ მიეცა საქართველოს სსსკ-ითა და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით ინფორმაციის პირველწყაროს – დაზარალებულის – დაკითხვის და შესაბამისად, მტკიცებულებაში ასახული ინფორმაციის სარწმუნოობისა და ინფორმაციის მიმწოდებლის სანდოობის გამოკვლევის შესაძლებლობა.
4.5. აღსანიშნავია ისიც, რომ მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები ჰ. ო.ს მიერ ლ. ლ-ას მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ ირიბია. მართალია, აღნიშნულმა მოწმეებმა მიუთითეს, რომ დაზარალებულს სახეზე და ხელზე აღენიშნებოდა დაზიანება სილურჯის სახით, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რომ ასეთი დაზიანება ლ. ლ-ამ ჰ. ო.ს ძალადობრივი ქმედების შედეგად მიიღო. ამასთან, არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დაზარალებულის მიერ ტკივილის განცდას.
4.6. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობასა და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში. აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს, გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე.
4.7. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობას და იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და ძირითად მოტივებს, რაც საფუძვლად დაედო ჰ. ო.ს უდანაშაულოდ ცნობას. სასამართლო განმარტავს, რომ უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს დანაშაულის ჩადენისას პირის ბრალეულობა. იმ შემთხვევაში, თუ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ობიექტური დამკვირვებლისთვის გონივრულ ეჭვს იწვევს პირის უდანაშაულობის თაობაზე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ აღნიშნული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყდეს.
4.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე შ. თადუმაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. თევზაძე