Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №962აპ-23 5 თებერვალი, 2024 წელი

ი. პ-ი №962აპ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი:

1.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივნისის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 იანვრის გამამართლებელი განაჩენი. ი. პ-ი (პირადი №-----------) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ) 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

1.2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ი. პ-მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის. ი. პ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება გამოიხატა შემდეგით: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევი ი. პ-ი, 2020 წლის 17 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე, თ–ი, ზ-ის დასახლებაში, მ-ის მიმდებარედ, “OZKURSAN F92 MAGNUM” მოდელის, 9 მმ ნომინალურ კალიბრიანი ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მ. ჯ-ეს და ნ. მ-ეს, რომლებმაც აღნიშნული პისტოლეტი აღიქვეს რეალურად, გაიქცნენ იმავე მისამართზე მდებარე სუპერმარკეტ „ლ-ში“ და ითხოვეს დახმარება. ი. პ-ი დაედევნა მათ, შეჰყვა სუპერმარკეტში და მოუწოდა გარეთ გასვლისკენ. ნ. მ-ემ და მ. ჯ-ემ ი. პ-ის მხრიდან მომდინარე მუქარა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. საკასაციო საჩივრები:

2.1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – ლევან ვეფხვაძემ – საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივნისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ი, პ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

3. კასატორის არგუმენტები:

3.1. კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის აშკარად უკანონო, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები –არასწორად გაანალიზებული და შესაბამისად, არასწორად სამართლებრივად შეფასებული. საქმეში მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად მტკიცდება ი. პ-ის მიერ ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ი. პ-ს მუქარა არ ჩაუდენია; დაზარალებულების შიში წინ უსწრებდა მის მიერ განხორციელებულ პირველივე ქმედებას, კერძოდ, დაზარალებულები შეაშინა იარაღიანი მამაკაცის დანახვამ და არა ი. პ-ის მხრიდან მათკენ მიმართულმა რაიმე საფრთხისშემცველმა ქმედებამ.

4.3. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან – მუქარისგან – სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება, რაც, შესაძლოა, დაირღვეს მაშინ, როდესაც პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებით ანდა ქონების განადგურებით და მუქარა ისეთი ფორმით არის გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს უჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ობიექტური მხრივ, აუცილებელია გამოკვეთილი იყოს მოქმედება (მუქარა), მისგან გამოწვეული შედეგი (საფუძვლიანი შიში) და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის. შიშის ფაქტორის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც სუბიექტური, ისე – ობიექტური კრიტერიუმები და უნდა დადგინდეს, ჩათვლიდა თუ არა ნორმალური ფსიქიკის ადამიანი ასეთ მუქარას იმ კონკრეტულ ვითარებაში რეალურად. ამ დროს გასათვალისწინებელია მუქარის გამოხატვის ხერხი.

4.4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მუქარა შეიძლება განხორციელდეს როგორც ვერბალური (მაგ.: პირისპირ, სატელეფონო თუ სოციალურ ქსელში საუბრისას, აგრეთვე – სხვა პირის მეშვეობით), ისე არავერბალური (მაგ., იარაღის დემონსტრირებით) ფორმით. დამნაშავეს შეიძლება რეალურად არც სურდეს დაზარალებულის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა, თუმცა მიზნად პირის დაშინებას ისახავდეს. ამდენად, აღნიშნული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანი არა ხსენებული სამართლებრივი სიკეთეების ხელყოფა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევაა.

4.5. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება (დაზარალებულთა, თვითმხილველი მოწმისა და შემთხვევის ადგილზე მყისიერად მისული პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები, ვიდეოჩანაწერები, ექსპერტიზის დასკვნა), რომელთა ერთობლიობით დასტურდება ი. პ-ის მიერ მუქარის ჩადენა.

4.6. მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ი. პ-ი იარაღის დემონსტრირებით დაედევნა დაზარალებულებს და მიმართავდა მუქარის შემცველი მოწოდებებითა და მითითებებით (სასამართლო სხდომის ოქმი – 8.12.2022, 15:49:00-15:49:12; 15:53:29-15:53:35; 15:59:16-15:59:32; სასამართლო სხდომის ოქმი – 7.06.2022, 15:30:02-15:31:19); ამ ფაქტით შეშინებულმა დაზარალებულებმა თავი შეაფარეს მაღაზიას და სექციებში დაიმალნენ. ი. პ-ი გაჰყვა მათ, მაღაზიის სალაროსთან გაჩერდა და აგრძელებდა მუქარისშემცველ მოწოდებებს. დაზარალებულებს გაუჩნდათ ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის შიში და დარეკეს 112-ში (სასამართლო სხდომის ოქმი – 8.12.2022, 15:49:12-15:50:20; სასამართლო სხდომის ოქმი – 7.06.2022, 15:24:30-15:25:48).

4.7. ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს ი-. პ-ი ნამდვილად იარაღისმაგვარი საგნით გაეკიდა დაზარალებულებს (21:35-21:40), აღელვებული და შეშინებული დაზარალებულების ნახვა დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით (სასამართლო სხდომის ოქმი – 22.07.2021, 14:51:15-14:51:25; სასამართლო სხდომის ოქმი – 16.05.2022, 14:04:35-14:05:32; სასამართლო სხდომის ოქმი – 07.06.2022, 15:45:15-15:46:10). ჩხრეკის შედეგად ი. პ-ს აღმოაჩნდა იარაღისმაგვარი საგანი, რომელიც ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხმოვანი პისტოლეტი აღმოჩნდა.

4.8. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალადშერაცხილი ქმედებით აშკარად გამოკვეთილია მუქარის, როგორც ობიექტური, ისე – სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები. კერძოდ, ი. პ-ი დაზარალებულებს გაეკიდა იარაღის დემონსტრირებით, რა დროსაც ვერბალურად ემუქრებოდა. ი. პ-ს მუქარა არც მას შემდეგ შეუწყვიტავს, რაც შეშინებული დაზარალებულები დასამალად მაღაზიაში შევარდნენ. მართალია, გაქცეული პირების ძებნა მაღაზიის შიგნით არ დაუწყია, მაგრამ ხმამაღალი შეძახილებით ცდილობდა დაზარალებულები დაერწმუნებინა, რომ ნამდვილი იარაღი ჰქონდა. აღნიშნულმა ქმედებამ, რომელიც ობიექტურ პირს იმ კონკრეტულ ვითარებაში მუქარის რეალურობაში დაარწმუნებდა, დაზარალებულებს გაუჩინა სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში.

4.9. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების მსჯელობას, რომ ი. პ-ს დაზარალებულების მიმართ მუქარისშემცველი ფრაზა არ წარმოუთქვამს, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ დაზარალებულები შეაშინა არა მხოლოდ იარაღიანი მამაკაცის დანახვამ, არამედ ამ უკანასკნელის მიერ მათკენ მიმართულმა მუქარისშემცველმა სიტყვებმა და ქცევამ.

4.10. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მაღაზიაში შესული ი. პ-ის მიერ სექციებში დამალული გოგონებისთვის თავის დანებება (მათი ძებნა არ დაუწყია) მის ქმედებაში მუქარის ნიშნებს გამორიცხავს. იმ შემთხვევაში, თუ ი. პ-ი მუქარას აღასრულებდა, მისი ქმედება არა მუქარით, არამედ საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლით დაკვალიფიცირდებოდა, შედეგის გათვალისწინებით (დამთავრებული/დაუმთავრებელი სახით). ის ფაქტი, რომ ბოლომდე არ გაეკიდა შეშინებულ გოგონებს, მიუთითებს, რომ მას დაზარალებულთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების რეალურად ხელყოფა არ ჰქონდა მიზნად. მიზანი, რომელიც ქმედების ჩადენის მომენტში ი. პ-ს გააჩნდა, დაზარალებულთა დაშინება იყო, რასაც მიაღწია კიდეც.

4.11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამგვარი ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების პირობებში, თვალსაჩინოა ი. პ-ის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, რასაც უნდა მიეცეს შესაბამისი კვალიფიკაცია, რადგან სამართლებრივი სახელმწიფოს პირობებში, ერთი მხრივ, ქმედების სამართლებრივი შეფასება და შედეგად ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა, ხოლო, მეორე მხრივ, თითოეულ მოქალაქეს აქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ მისი უფლებები მაქსიმალურად იქნება დაცული, უფლების ხელყოფის ყველა შემთხვევა კი – სათანადოდ პასუხგაცემული.

4.12. აქვე, აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარე ი. პ-ს დანაშაულებრივი ქმედების არაერთგზის ჩადენას ედავება, რაც დასტურდება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 იანვრის განაჩენით, რომლითაც ი. პ-ი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ნასამართლობა დანაშაულის ჩადენისას გაქარწყლებული არ ჰქონია.

4.13. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ი. პ-ის ქმედებაში მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა.

4.14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივნისის გამამართლებელი განაჩენი და ი, პ-ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

სასჯელის დასაბუთება:

4.15. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას საკასაციო პალატა ითვალისწინებს ი. პ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, მის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული გავრცელებული დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ი. პ-ი საჯარო სივრცეში ვერბალურად, იარაღის დემონსტრირებით დაემუქრა დაზარალებულებს), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე სურვილსა და მისწრაფებას ჩაედინა დანაშაული, რაც გამოიხატა დაზარალებულების დადევნებაში), დამდგარ შედეგს (დაზარალებულებმა ი. პ-ის მხრიდან განხორციელებული მუქარა აღიქვეს რეალურად და განიცადეს სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში), ქმედების ჩადენის მიზანს (მუქარის მიზანი დაზარალებულებში შიშის გამოწვევა იყო), დამნაშავის წარსულ ცხოვრებას (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 იანვრის განაჩენით ი. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სხვადასხვა სახისა და კატეგორიის დანაშაულთა ჩადენისთვის), დამნაშავის პიროვნებას (ი. პ-მა დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრისთვის განსაზღვრული გამოსაცდელი ვადის პერიოდში. აღნიშნული გარემოება მოწმობს, რომ სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიება, რაც მსჯავრდებულს აძლევს შესაძლებლობას – დაამტკიცოს გამოსწორება, შედეგიანი არ აღმოჩნდა. პიროვნების შეფასებისას გასათვალისწინებელია ისიც, რომ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 მარტის განაჩენით, ი. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ 2021 წლის 13 დეკემბერს ჩადენილი მუქარისთვის. მუქარა იმავე შინაარსის იყო და ზუსტად იმ ტერიტორიაზე განხორციელდა, რაც განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში დანაშაულის ადგილად არის მითითებული).

4.16. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სასჯელის მიზნების მისაღწევ ქმედით ღონისძიებად მოიაზრებს თავისუფლების აღკვეთას მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული ვადით, რაც, პროპორციულობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, ი. პ-ის რესოციალიზაციის რეალური და ეფექტიანი საფუძველი იქნება.

4.17. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულებმა – ნ. მ-ემ და მ. ჯ-ემ – ი. პ-ის მიმართ ამნისტიის გამოყენებაზე თანხმობა განაცხადეს. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დაზარალებულების თანხმობა პირდაპირი საფუძველია ი. პ-ისთვის დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირების.

4.18. საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 იანვრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრის გაუქმებაზე, რადგან აღნიშნული განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი გაუქმებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 მარტის განაჩენით.

4.19. საბოლოო სასჯელის დანიშვნისას საკასაციო პალატა ითვალისწინებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 მარტის განაჩენს, რითაც ი. პ-ს სასჯელად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ი. პ-ს დამნაშავედ ცნობს 2020 წლის 17 აგვისტოს ჩადენილი დანაშაულისთვის, რის გამოც, სასჯელს განუსაზღვრავს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე‑3 ნაწილებით, რა დროსაც საბოლოო სასჯელში უნდა ჩაეთვალოს სასჯელი, რომელიც მოხდილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 მარტის განაჩენით (ამავე განაჩენით, ი. პ-ს სასჯელი აეთვალა 2021 წლის 24 დეკემბრიდან, ხოლო სპეციალური პენიტენციური სამსახურის N-- პენიტენციური დაწესებულების N-- წერილის თანახმად, იგი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2023 წლის 22 დეკემბერს).

4.20. ამდენად, ი. პ-ს სასჯელი, დღეის მდგომარეობით, მოხდილი აქვს. ამ მოცემულობით საკასაციო სასამართლო აღარ მიიჩნევს საჭიროდ დამატებით იმსჯელოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის გამოყენებაზე, რომელიც მოსახდელ სასჯელს მიემართება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, 308-ე მუხლის მე-2 ნაწილით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის გამამართლებელი განაჩენი გაუქმდეს;

3. ი. პ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და 8 თვით;

4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ი. პ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით;

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 მარტის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა – თავისუფლების აღკვეთამ 2 წლის ვადით, შთანთქას ამ განაჩენით დანიშნული თანაბარი სასჯელი და ი. პ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.

6. მსჯავრდებულ ი. პ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს:

· განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებაში ყოფნის პერიოდი – 2020 წლის 17 აგვისტოდან 2020 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით;

· თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 მარტის განაჩენით მოხდილი სასჯელი – 2021 წლის 24 დეკემბრიდან 2023 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით;

7. ცნობად იქნეს მიღებული, რომ, დღეის მდგომარეობით, ი. პ-ს დანიშნული სასჯელი მოხდილი აქვს;

8. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

· მოხდეს ი. პ-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ხმოვანი პისტოლეტის საპროცესო კონფისკაცია;

· ი. პ-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

· ერთი დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

9. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე შ. თადუმაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

ნ. სანდოძე