საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №870აპ-23 29 იანვარი, 2024 წელი
რ-ე ე. №870აპ-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პროცედურა:
1.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განაჩენით თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 5 აპრილის განაჩენი, ე. რ-ის (პირადი №---) მიმართ, შეიცვალა სასჯელის ნაწილში, კერძოდ:
– ე. რ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ) 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
– ე. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ფსიქიკური ტანჯვის ეპიზოდი) და სასჯელად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათის ვადით;
– ე. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 9 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათის ვადით;
– ე. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 9 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ვადით;
– ე. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათის ვადით;
– ე. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათის ვადით;
– ე. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 17 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათის ვადით;
– ე. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 17 ოქტომბრის ეპიზოდი) და სასჯელად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ვადით;
– ე. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი (ნაცვლად 3 წლისა);
– საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 111,143-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე. რ-ეს დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი.
1.2. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – შოთა სარიამ – საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ე. რ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებები:
2.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ე. რ-ემ ჩაიდინა:
– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, სამი პირის მიმართ;
– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
– სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი);
– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ;
– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ;
– ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთა.
2.2. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ე. რ-ის ქმედება – მეზობლის სახლიდან არასრულწლოვანი შვილის სახლში ძალით წაყვანა – არ წარმოადგენდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს – იძულებას; შვილების აღზრდის საკითხთან დაკავშირებით მშობლების შეუთანხმებლობა სამოქალაქო წესით გადასაწყვეტი დავის საფუძველია.
3. კასატორის არგუმენტები:
3.1. კასატორის განმარტებით, აღმზრდელობითი მოვალეობის შესრულება და არასრულწლოვანი შვილის ქმედების შეზღუდვა, მისი საფრთხისგან გარიდებას ან მისგან მომდინარე საფრთხის აღკვეთას უნდა ემსახურებოდეს მიზნად, რასაც, განსახილველ შემთხვევაში, არ ჰქონია ადგილი. შესაბამისად, პროკურორის შეფასებით, ე. რ-ის ქმედებაში არსებობდა საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ყველა ელემენტი.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
4.2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ე. რ-ის უდანაშაულობის თაობაზე და განმარტავს, რომ ერთი მშობლის (მამის) მიერ მეზობელთან მყოფი არასრულწლოვანი შვილის სახლში ძალით წაყვანა, მეორე მშობლის (დედის) თანხმობის არარსებობის პირობებში, ექცევა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ურთიერთობის ფარგლებში და გამორიცხავს პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას იძულებისთვის, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.3. სამოქალაქო კოდექსის 1197-1200-ე მუხლების თანახმად, ბავშვის აღზრდა ოჯახის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა. იგი მშობლის არა მხოლოდ ზნეობრივ, არამედ სამართლებრივ მოვალეობას წარმოადგენს. შვილის აღზრდაში მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები ეკისრებათ. არცერთ მათგანს არ ენიჭება რაიმე უპირატესობა. შვილის აღზრდას გარდა მორალურისა, იურიდიული პასუხისმგებლობაც ახლავს. მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან აღზარდონ თავიანთი შვილი საზოგადოების ღირსეულ წევრად, შვილის ინტერესების უპირატესად გათვალისწინებით. დაუშვებელია აღზრდის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომელიც ბავშვის ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს. შვილის აღზრდასთან დაკავშირებით მშობლებს ურთიერთშეთანხმებული უფლება-მოვალეობები გააჩნიათ. შვილის აღზრდასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე მშობლებს შორის შეუთანხმებლობა სამოქალაქო მართლმსაჯულების განსჯადია და, ამდენად, მსგავსი შემთხვევები მშობლის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამორიცხავს. მით უფრო, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს მშობლის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად ბავშვის მიერ განცდილ ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ ტანჯვაზე.
4.4. სახელმწიფო ბრალმდებლის განმარტება, რომ მშობლის მიერ აღმზრდელობითი მოვალეობის შესრულება მიზნად უნდა ისახავდეს მხოლოდ არასრულწლოვნის საფრთხისგან გარიდებას ან მისგან მომდინარე საფრთხის აღკვეთას არასწორია. აღზრდის ესა თუ ის ამკრძალავი მეთოდი მშობელმა შეიძლება მისი შეხედულებისამებრ, განსხვავებული საფუძვლით გამოიყენოს. მთავარია, ბავშვს არ წაერთვას უფლება – იზრდებოდეს ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფალ გარემოში.
4.5. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს ძალადობისა და მუქარის ეპიზოდები რეაგირების მიღმა არ დაუტოვებია. ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რაც საფუძვლად დაედო ე. რ-ის დამნაშავედ ცნობას სხვა დანაშაულებრივ ეპიზოდებში. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ე. რ-ეს თითოეული დანაშაულისთვის განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა და 531-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს, ასევე – ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
4.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.7. ამასთან, ვინაიდან არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ არასრულწლოვანი დაზარალებულების – დ. რ-ის და ლ. ქ-ის, აგრეთვე მათი კანონიერი წარმომადგენლისათვის არ არის განმარტებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლების შესახებ, საკასაციო სასამართლო, მითითებული ნორმის საფუძველზე, დასახელებულ პირებს აცნობებს განსახილველი საქმის სასამართლო განხილვის საბოლოო შედეგს და განუმარტავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლების თაობაზე.
4.8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე შ. თადუმაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. თევზაძე