Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №814აპ-23 17 იანვარი, 2024 წელი

გ–ი ა. №814აპ.-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),

ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ქეთევან სონიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი:

1.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი, სასჯელის ნაწილში გამოყენებული ჯარიმის თავისუფლების აღკვეთით შეცვლის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა, თუმცა შეიცვალა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი. ა. გ–ი (პირადი №-----------) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ) 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 3500 ლარი, ნაცვლად – 2000 ლარისა.

1.2. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ა. გ–მა ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. კერძოდ, 2020 წლის 16 მარტს ქ. რ-ი, შპს „ს=ო კ-სა“ და გ. ჟ-ს შორის დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ლიზინგის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა „ტოიოტა ქამრის“ ფირმის ა/მანქანა (სახ. ნომრით: “----------). კ-მ გ, ჟ-ს ჩაურიცხა 9500 ლარი, რაც გ, ჟ-მა იმ დღესვე გაანაღდა. სალიზინგო ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს გ. ჟ-ი, თუმცა მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, ა/მანქანა მიიღო სპეციალური დათქმის მხარემ – ა. გ–მა, რომელიც ფაქტობრივად ფლობდა და სარგებლობდა აღნიშნული ა/მანქანით. 2020 წლის ზაფხულში, გამოძიებით დაუდგენელ დროს, ა. გ-მა გ-ის რაიონის სოფელ კ-ში მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, ნაწილებად დაშალა და გაასხვისა ხსენებული ა/მანქანა, რითაც შპს „ს-ო კ-ს“ 9500 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა.

2. საკასაციო საჩივრები:

2.1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა – ქეთევან სონიძემ – საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

3. კასატორის არგუმენტები:

3.1. ბრალდების მხარის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელის ნაწილში არის ზედმეტად მსუბუქი და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას. პროკურორის მოსაზრებით, აღნიშნული მუხლით მსჯავრდების შემთხვევაში, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა და ის რისკი, რაც მსგავსი დანაშაულებისადმი სასამართლოს ლოიალურმა მიდგომამ შეიძლება გამოიწვიოს.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსსკ) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე სადავოდ არ ხდის გასაჩივრებულ განაჩენს ა. გ–ის მსჯავრდების ნაწილში, თუმცა ითხოვს სასჯელის დამძიმებას. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

4.2. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ქეთევან სონიძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.3. ჩადენილი დანაშაულისთვის ა. გ–ის მიმართ გამოყენებული სასჯელის სამართლიანობის კონტექსტში შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას სასჯელის მიზნებზე გაამახვილებს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“. გარდა ამისა, სასჯელის მიზანია დანაშაულის პრევენცია, როგორც სპეციალური, ისე ზოგადი, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა, გამაფრთხილებელ ზეგავლენას მოახდენს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.

4.4. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილი ისჯება: „ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე“.

4.5. საკასაციო პალატის შეფასებით, ა. გ–ისთვის სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი – ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით – იმ პირობებში, რომ ბრალდებულმა საწყის ეტაპზევე აღიარა ჩადენილი დანაშაული და უდავოდ მიიჩნია მტკიცებულებები (აღნიშნული ქმედებით დაიზოგა სასამართლოს რესურსი და ხელი შეეწყო სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას), ჩადენილი დანაშაულის ხასიათთან, საზოგადოებრივ საშიშროებასთან და დანაშაულის შედეგად გამოწვეულ ზიანთან მიმართებით პროპორციულია, აკმაყოფილებს სამართლიანობის მოთხოვნებს, შეესაბამება ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნებს. საგულისხმოა, რომ დაკისრებული სასჯელისგან დამოუკიდებლად, დაზარალებულს აქვს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, რაც მნიშვნელოვანი საპროცესო გარანტიაა.

4.6. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სავალდებულო დამატებით სასჯელად განსაზღვრავს. მიუხედავად ნორმის იმპერატიული ხასიათისა, სააპელაციო სასამართლოს ა. გ–ისთვის არ აქვს აღნიშნული სასჯელი დანიშნული. ამ მოცემულობაში, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი სასჯელის დამძიმების მოთხოვნით არის წარმოდგენილი და პროკურორს ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში, საკასაციო სასამართლო ა. გ–ს დამატებით სასჯელად დაუნიშნავს სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლების ჩამორთმევას.

4.7. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულისთვის ზიანის აუნაზღაურებლობის და მისი თანხმობის არარსებობის გამო, ა. გ–ის მიმართ ვერ იქნება გამოყენებული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსსკ-ის 308-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ქეთევან სონიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის განაჩენი შეიცვალოს;

3. ა. გ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა – 3 500 ლარის ოდენობით;

4. ა. გ–ს, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 2 წლის ვადით;

5. ა. გ–ს დამატებითი სასჯელის ვადა აეთვალოს სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან;

6. ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

7. დამატებითი სასჯელის აღსრულებაზე კონტროლი განახორციელოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

8. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

9. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე შ. თადუმაძე

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

მ. გაბინაშვილი