საქმე # 010100121004353545
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№1370აპ-23 29 თებერვალი, 2024 წელი
დ-ე ნ, 1370აპ-23 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ – ალექსანდრე ძირკვაძის
ადვოკატ – დ. ჯ--ს
მსჯავრდებულ – ნ. დ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ნ. დ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განაჩენის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის განაჩენით:
ნ. დ-ე, დაბადებული --- წლის 13 დეკემბერს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ნ. დ-ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი, თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც ჩაეთვალა პირობითად, 1 წლით გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 1 თვითა და 23 დღით და ნ. დ-ეს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 თვითა და 23 დღით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით.
,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის გამოყენებით, ნ. დ-ეს თავისუფლების აღკვეთა 1 თვითა და 23 დღით შეუმცირდა 45 დღით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით, პატიმრობაში ყოფნის დრო 2021 წლის 14 იანვრიდან 2021 წლის 21 იანვრის ჩათვლით, 8 დღე ჩაეთვალა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთ დღე; შესაბამისად, მსჯავრდებულ ნ. დ-ეს სასჯელად დანიშნული თავისუფლების აღკვეთა – 1 თვითა და 23 დღით ჩაეთვალა მოხდილად და მოსახდელად დარჩა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, 200 საათით.
2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
2021 წლის 13 იანვარს, ღამით, ბ-ი, ა-ს ქუჩის №---ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნ. დ-ე სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა თავის ოჯახის წევრს, ძმას, რ. დ-ეს, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით ნ. დ-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება:
ნ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ნ. დ-ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი (თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. დ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.
,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის გამოყენებით, ნ. დ-ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი, – 1 წელი და 6 თვე შეუმცირდა, – 45 დღით. მასვე, სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2021 წლის 14 იანვრიდან 2021 წლის 21 იანვრის ჩათვლით, 8 დღე და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 4 თვითა და 7 დღით. განაჩენის თანახმად, ნ. დ-ეს სასჯელის ვადა აეთვლება ამ განაჩენის საფუძველზე მისი დაკავების დღიდან.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განაჩენის საფუძველზე, ნ. დ-ე დააკავეს 2023 წლის 22 ნოემბერს.
5. კასატორებმა – მსჯავრდებულმა ნ. დ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – დ. ჯ-მ მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ნ. დ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, 1 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთისა და 200 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრა (რომლებიც მსჯავრდებულს უკვე მოხდილი აქვს).
6. საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე უთითებს, რომ მოცემულ საქმეზე ნ. დ-ემ მოიხადა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით მისჯილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ორასი საათით. გასაჩივრებული განაჩენით სააპელაციო სასამართლომ უკვე დასჯილი ნ. დ-ე მეორეჯერ დასაჯა, რითიც დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. დაცვის მხარე აგრეთვე უთითებს, რომ ნ. დ-ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს მასთან პრეტენზია არ გააჩნია. ამასთან, ადვოკატის უშუალო მონაწილეობით, ნ. დ-ე დაზარალებულთან არის შერიგებული.
7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
8. საკასაციო სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა ნ. დ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ჯ-მ მხარი დაუჭირეს მათი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
9. სხდომაზე მონაწილე პროკურორი, ალექსანდრე ძირკვაძე არ დაეთანხმა დაცვის მხარის საკასაციო საჩივარს და ითხოვა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენით განიხილა დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე ასაჩივრებს მხოლოდ ნ. დ-ისათვის დანიშნულ სასჯელს და ითხოვს მის შემსუბუქებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ დაცვის მხარის კონკრეტული მოთხოვნის მართებულობაზე და დეტალურად შეაფასებს საჩივარში მითითებული არგუმენტების საფუძვლიანობას.
3. სააპელაციო სასამართლომ ნ. დ-ის სასჯელი დაამძიმა და მას, განაჩენთა და დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით. ხსენებული გადაწყვეტილების არგუმენტად, სააპელაციო პალატამ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ საქმეში გამოკვეთილი იყო რეციდივი და ნ. დ--ე ახალი დანაშაულის ჩადენის დროს, იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ. ვინაიდან, წინა განაჩენით დადგენილი სასჯელით ვერ იქნა მიღწეული ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, მსჯავრდებულს უკვე თავისუფლების აღკვეთა უნდა დანიშვნოდა.
4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. სასამართლომ საქმის ყველა გარემოების დეტალური ანალიზის საფუძველზე, ერთობლივად და სრულყოფილად უნდა შეაფასოს, როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები. ცალკე აღებული, მხოლოდ დამამძიმებელი გარემოებების მითითება (თუნდაც პირი იმყოფებოდეს პირობითი მსჯავრის ქვეშ და გამოკვეთილი იყოს რეციდივი) ან – პირიქით, მხოლოდ შემამსუბუქებელი გარემოებების მითითება (თუნდაც დაზარალებული შერიგებული იყოს ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან და სრულად ამოწურული იყოს მათ შორის კონფლიქტი), ვერ შექმნის ამომწურავ და არგუმენტირებულ მოტივაციას. ყველა ფაქტობრივი გარემოების შეფასებით დგინდება სასჯელის სამართლიანობა – ესე იგი, მისი სახისა და ზომის შესაბამისობა მსჯავრდებულის ქმედების ხასიათთან და მსჯავრდებულის პიროვნებასთან (საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილი და ამავე კოდექსის მე-300 მუხლის 1-ელი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი).
5. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა და არ შეაფასა გარკვეული სახის გარემოებები, რომლებიც თავისი არსით სასჯელის დანიშვნის სტადიაზე შესაბამის ყურადღებას იმსახურებდა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შესაძლოა, გარკვეულმა ფაქტებმა გავლენა ვერ მოახდინოს კონკრეტული სასჯელის სახეზე (ვერ შექმნას არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების საფუძველი, მაგალითად, ჯარიმის), მაგრამ გავლენა მოახდინოს მის ზომაზე (მაგალითად, მიესაჯოს კანონით გათვალისწინებული, თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ოდენობა).
6. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზეც, რომლის მიხედვითაც, ,,აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება N1/6/770 საქმეზე: ,,საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს:
ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ვადით – ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით – ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა, ნ. დ-ის სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის შერჩევის დროს, გარდა მისი პირობითი მსჯავრის პირობებში ყოფნისა, შეაფასებს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და მოვალეობათა დარღვევის ზომას. ამასთან, მოვალეობათა დარღვევის ზომის შესაფასებლად ყოველი საქმის ფაქტობრივი გარემოებები ინდივიდუალურად უნდა შემოწმდეს; მათ შორის, შესაძლოა, მხედველობაში იქნეს მიღებული: რამდენჯერ და დროის რა ინტერვალით შელახა მსჯავრდებულმა კონკრეტული, სამართლებრივად დაცული სიკეთე. მოცემულ საქმეში მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს – მუქარა, ერთ ეპიზოდად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ იგი აღიარებს, ინანიებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას. საქმეში წარმოდგენილია დროის სხვადასხვა პერიოდში, დაზარალებულის ნოტარიულად დამოწმებული განცხადებები (როგორც პირველი ინსტანციის, ისე – საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე), რომლის თანახმადაც, დაზარალებულს მსჯავრდებულთან აღარ აქვს პრეტენზია და ითხოვს მის მიმართ მსუბუქი სახის სასჯელის გამოყენებას. ამასთან, დაზარალებული უთითებს, რომ მათ შორის კონფლიქტის გამომწვევი კონკრეტული მიზეზი, ქონებრივი დავა დასრულებულია, რადგან მამამ, ნ. დ---ემ საკუთარ შვილებს უკვე გაუნაწილა ქონება და ისინი ცხოვრობენ ცალ-ცალკე. სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებამდე იგი აპირებდა დაოჯახებს, თუმცა დანიშნული ქორწილი გადაედო ციხეში მოხვედრის გამო. საკასაციო სასამართლო სხდომაზე ნ. დ-ემ საბოლოო სიტყვაში აგრეთვე მიუთითა, რომ თავად და დაზარალებული უკვე ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მათ ამ ეტაპზე კარგი ურთიერთობა აქვთ და ერთმანეთის დახმარებასაც კი ცდილობენ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი).
9. საკასაციო სასამართლო გარდა ზემოაღწერილისა, ითვალისწინებს იმ ფაქტსაც, რომ განსახილველ შემთხვევაში, ნ. დ-ეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს, მოხდილი აქვს 5 თვით თავისუფლების აღკვეთა.
10. ამდენად, მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარებისა და მონანიების, დაზარალებულთან მისი შერიგებისა და კონფლიქტის მიზეზის ამოწურვის, მოცემულ საქმეზე 5 თვე თავისუფლების აღკვეთის მოხდის, ხსენებულ დანაშაულში მოვალეობათა დარღვევის ზომის (ერთი ეპიზოდი, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული) და საკასაციო სასამართლოში მსჯავრდებულის ქცევის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ნ. დ-ის მიმართ საკასაციო სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად უნდა განსაზღვროს არასაპატიმრო სახის სასჯელი, კერძოდ, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის გამოყენებით, უნდა შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები ასევე მაქსიმალური ზომით, კერძოდ, 5 წლით.
11. საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი პრობაციის ბიუროს შეტყობინებით დგინდება, ნ. დ-ემ დაასრულა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 11 მაისის განაჩენით განსაზღვრული სამუშაო, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, 200 საათით. შესაბამისად, რადგან მსჯავრდებულს სრულად აქვს მოხდილი ხსენებული სასჯელი, საკასაციო სასამართლო მოცემულ შეტყობინებას იღებს ცნობად და 200 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ნ. დ-ეს, დღეის მდგომარეობით, უთვლის მოხდილად.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საბოლოოდ, ნ. დ-ეს განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 67-ე, 59-ე მუხლების საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს: თავისუფლების აღკვეთა 5 თვით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, უნდა შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები 5 წლით. მოცემული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ სასჯელის მიზნების მიღწევას.
13. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ამ შემთხვევაში იწვევს ის ფაქტი, რომ დაცვის მხარე საკასაციო სასამართლოს სთხოვდა თავისუფლების აღკვეთის 1 თვისა და 23 დღით შეფარდებას, რაც საკასაციო სასამართლომ, შესაბამისი მოტივაციის საფუძველზე, არ მიიჩნია სამართლიანად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ. დ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
2.1. ნ. დ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები 5 (ხუთი) წლით.
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს ნ. დ-ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
2.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 5 (ხუთი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. დ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) თვით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები 5 (ხუთი) წლით.
2.4. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის გამოყენებით, ნ. დ-ეს დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 5 თვით, შეუმცირდეს 45 დღით; მასვე, სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს: პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2021 წლის 14 იანვრიდან – 2021 წლის 21 იანვრის ჩათვლით (8 დღე) და 2023 წლის 22 ნოემბრიდან – 2024 წლის 29 თებერვლის ჩათვლით (3 თვე და 7 დღე) და საბოლოოდ, დანიშნული სასჯელი (თავისუფლების აღკვეთა 5 თვით) ჩაეთვალოს მოხდილად და ნ. დ-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
2.5. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 200 საათით, ნ. დ-ეს დღეის მდგომარეობით, აქვს მოხდილი.
2.6. დამატებით სასჯელად დანიშნული იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ვადა აითვალოს სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.
3. ნ. დ-ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის15 იანვრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია; გირაოს შემტანს – ნ. დ-ეს ----- სრულად დაუბრუნდეს მის მიერ ს--ს შესაბამის ანგარიშზე გირაოს სახით შეტანილი თანხა 10 000 (ათი ათასი) ლარი (დასტური – ა 060708), განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
4. ნივთიერი მტკიცებულება აუდიო ჩანაწერი, ერთ დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი