საქმე # 190100122005853280
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე№1128აპ-23 ქ. თბილისი
ი-ი მ, 1128აპ-23 18 მარტი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 სექტემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
1.1. მ. ი-ა ჩაიდინა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2021 წლიდან 2022 წლის 27 აპრილის ჩათვლით, მ. ი-ი, მეუღლეს, ფ. ი-ს, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ყოველდღიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეუბნებოდა, რომ ქალის ფუნქცია მხოლოდ ოჯახში ფულის შემოტანაა და იგი სხვა უფლებებით ვერ ისარგებლებდა. ასევე აგინებდა, ავალდებულებდა, რომ აღებული ხელფასი მთლიანად მისთვის მიეცა.
2022 წლის 24 აპრილს, საღამოს, გ-ს რაიონის სოფელ ვ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მ. ი-მა, მეუღლეს, ფ. ი-ს, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, მისი, როგორც ოჯახში მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და მეუღლის დამორჩილების სურვილით, იმის გამო, რომ მეუღლემ ალკოჰოლის შესაძენად არ მისცა ფული, მუშტი დაარტყა მაგიდაზე დადებულ მარჯვენა ხელის მტევანზე.
მ. ი-ის ძალადობრივი ქმედებებით ფ. ი-მ განიცადა ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი.
1.2. მანვე ჩაიდინა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან/და რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2022 წლის 24 აპრილს, საღამოს, გ-ის რაიონის სოფელ ვ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ. ი-მა, მეუღლეს, ფ. ი-ას, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, მისი, როგორც ოჯახში მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და მეუღლის დამორჩილების სურვილით, უთხრა, რომ თუ ფულს არ მისცემდა, ყელს გამოჭრიდა.
1.3. მანვე ჩაიდინა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2022 წლის 27 აპრილს, საღამოს, გ-ის რაიონის სოფელ ვ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ. ი-მა, მეუღლეს, ფ. ი-ს, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, მისი, როგორც ოჯახში მამაკაცის უპირატესი როლის წარმოჩენისა და მეუღლის დამორჩილების სურვილით, უთხრა, რომ როდესაც სახლში დაბრუნდებოდა მოკლავდა, რა დროსაც ფ. ი-ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით:
მ. ი-ი, დაბადებული .. წლის ... მაისს, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის წარდგენილ ბრალდებებში.
მ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, რომლის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 27 აპრილიდან.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 სექტემბრის განაჩენით:
რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორი – პროკურორი ლაშა მერაბიშვილი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას, მ. ი-ს დამნაშავედ ცნობას – საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და უფრო მკაცრი, სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
4.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აბსოლუტურ აუცილებლობად არ მიიჩნევს ერთზე მეტი მტკიცებულების არსებობას. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებული მუქარის შესაფასებლად წარმოდგენილი უნდა იყოს ჩვეულებრივი ფსიქიკის მქონე ადამიანი და განისაზღვროს, ჩათვლიდა თუ არა ასეთი ადამიანი ამ მუქარას რეალურად. მ. ი-ი არის მოძალადე, ალკოჰოლზე დამოკიდებული და ბოლო წლებში აგრესიულად არის განწყობილი ფ. ი-ას მიმართ. მოცემული გარემოებები საკმარისია მისი მუქარის ეპიზოდით დამნაშავედ ცნობისათვის.
4.2. საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე აგრეთვე აღნიშნავს, რომ დანიშნული სასჯელით, გათვალისწინებული არ არის ჩადენილი ქმედების ხასიათი, ოჯახური ძალადობის ჩადენისას საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესები, ასევე დანაშაულის ინტენსივობა.
5. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა თანახმად განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
8. მოცემულ შემთხვევაში, მ. ი-ს ბრალად ედებოდა ქმედებები, გათვალისწინებული:
8.1. საქართველოს სსკ-ის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის წევრის მიმართ იძულება), სსკ-ის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის წევრის მიმართ მუქარა) და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახში ძალადობა, კერძოდ, ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა).
9. პირველმა და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა დაადგინეს მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა. მოცემულ ბრალდებაშიც არ დადგინდა სისტემატური შეურაცხყოფა და გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივი. ამდენად, პროკურორი განსახილველ საქმეში ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანასა და დარჩენილ ბრალდებებში მ. ი-ს დამნაშავედ ცნობას; აგრეთვე – უფრო მკაცრი სასჯელის მისჯას. ვინაიდან, დაცვის მხარეს მოცემულ საქმეზე საკასაციო საჩივარი ან/და შესაგებელი არ წარმოუდგენია, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ მ. ი-ის გამამართლებელი ბრალდებებისა და სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით.
10. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ანალიზი ადასტურებს მ. ი-ს მიერ მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას, ძალადობას, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ფ. ი-მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და მისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა უკავშირდება ფიზიკური ძალადობის ეპიზოდს, ვინაიდან, იგი ასახავს ფ. ი-ს სხეულზე არსებულ კონკრეტული სახის ფიზიკურ დაზიანებასა და მის ხარისხს (როგორც აღინიშნა ფიზიკური ძალადობის ნაწილში, მ. ი-ი გამტყუნებულია).
გამომძიებელი თ. გ-ძე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ 2022 წლის 27 აპრილს, შიდა ნომერზე დაუკავშირდა დაზარალებული და განაცხადა, რომ მეუღლემ მასზე იძალადა. რაც შეეხება ამავე მოწმის მიერ მითითებულ ინფორმაციას, რომ მეუღლე მასზე ხშირად ძალადობდა, არის მხოლოდ ირიბი ხასიათის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ N1/1/548 გადაწყვეტილებაში (საქმეზე ,,ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,“ II-52 პარ.) მიუთითა, რომ ,,ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.“
რაც შეეხება, მ. ი-ის სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნას, აღნიშნულის თანახმად, მ. ი-ს აღენიშნება ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობა (კოდი F10.71 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით) არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. მოცემული დასკვნით გამოკვეთილია მ. ი-ის შეზღუდული შერაცხადობა. საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ ხსენებული მტკიცებულება თავისი შინაარსით აგრეთვე ვერ ადასტურებს ფ. ი-ის იძულების, მუქარის, სისტემატური შეურაცხყოფის მიყენებას, მითუმეტეს, საქმეში არ არსებობს სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ლოგიკურად შეავსებდა ერთმანეთს და დაადასტურებდა მ. ი-ს მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენის ფაქტებს.
11. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიტანა ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი, რადგან საქმეში წარმოდგენილი მასალები ვერ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს მტკიცებისათვის, რომ მ. ი-მა ჩაიდინა: საქართველოს სსკ-ის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებები. აგრეთვე დაუდასტურებელია, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის ეპიზოდში სისტემატური შეურაცხყოფისა, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივის არსებობა.
12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; აღნიშნული სტანდარტი უნდა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (,,ულკუ ეკინჯი თურქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142).
13. ვინაიდან, ამ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს/კასატორს არ წარმოუდგენია მყარი, ზუსტი და თანმხვედრი მტკიცებულებების ერთობლიობა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი პირის გამტყუნების მოთხოვნით დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების რაიმე სახის საფუძველი.
14. რაც შეეხება მსჯავრდებულისათის განსაზღვრულ სასჯელს, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს, როგორც საპატიმრო, ისე არასაპატიმრო სახის სასჯელს, კერძოდ:
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას.
16. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ოჯახური ძალადობის საქმეებზე უმნიშვნელოვანესია, ზედმიწევნით შეფასდეს ძალადობის ხარისხი, კერძოდ:
1) რა ფორმით ჩაიდინა პირმა ძალადობა (ფიზიკური, ფსიქოლოგიური), 2) რამდენ ეპიზოდად და დროის რა შუალედით, 3) რა ხერხის გამოყენებით (მაგალითად, ემუქრებოდა არამხოლოდ სიტყვიერად, არამედ დანის დემონსტრირებით), 4) დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანება და ა.შ..
17. ამ შემთხვევაში, მ. ი-მა ჩაიდინა ოჯახური ძალადობა ერთ ეპიზოდად, რომელიც გამოიხატა ერთჯერად ქმედებაში, ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მარჯვენა ხელის მტევანზე მუშტის დარტყმაში.
18. ამასთან, კასატორს არ მიუთითებია რაიმე, ახალი სახის გარემოებაზე, რომლის საფუძველზეც, საკასაციო პალატა დასაშვებად მიიჩნევდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეცვლას, კერძოდ, პროკურორი მოთხოვნის ნაწილში არ მიუთითებს კონკრეტული სახის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებაზე, ხოლო ის ფაქტი, რომ ხსენებულ შემთხვევაში ჩადენილია – ოჯახში ძალადობა, ერთ ეპიზოდად, რომელიც გამოიხატა ფიზიკურ ძალადობაში, სააპელაციო სასამართლოს ასახული აქვს საპატიმრო სასჯელში, კერძოდ, ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთაში.
19. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება როგორც ჩადენილი ქმედების ხასიათს, ისე მსჯავრდებულის პიროვნებას და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნების მიღწევას.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივარი მ. ი-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 სექტემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე – ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი