Facebook Twitter

საქმე # 330100118002367497

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1349აპ-23 ქ. თბილისი

ქ-ძე ზ, 1349აპ-23 18 მარტი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ძ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 25 მარტის განაჩენით:

1.1. ზ. ქ-ძე, - დაბადებული .. წლის .. აგვისტოს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ქ-მ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა და გამოყენება, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2013 წლის ოქტომბერში, მოქალაქე ლ. გ-მა 35000 ლარად, აუქციონის წესით, იყიდა ქ.თ-ში, ა-ს 412-ე მსროლელი დ-ის ქუჩის N..-ში მდებარე, ზ. ს-ის კუთვნილი 710 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით .....), რომელზედაც განთავსებული იყო 64 კვ/მ საცხოვრებელი ფართი. ვინაიდან მითითებული ნაკვეთი მდებარეობს სარეკრეაციო ზონა 2-ში, აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა დაშვებულია ისეთი სახლის, რომლის მაქსიმალური სიმაღლე არის 5 მეტრი და საერთო ფართი არ აღემატება 60 კვ/მეტრს. მიუხედავად ამისა, ლ. გ-მა და მისმა წარმომადგენელმა ზ. ქ-მ დაანგრიეს ხსენებულ ნაკვეთზე განთავსებული სახლის ნაწილი და მის ადგილზე ააშენეს ახალი სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის საერთო ფართი შეადგენდა 159,26 კვ/მეტრს. ვინაიდან სახლის მშენებლობა მიმდინარეობდა კანონდარღვევით, მოქ. ც. ც-მ განცხადებით მიმართა ზედამხედველობის სამსახურს, რომელმაც შეაჩერა სახლის მშენებლობა, როგორც უკანონო. მშენებლობის გაგრძელებისა და დასრულების მიზნით, ზ. ს-მ ზ. ქ-ის მოთხოვნით, 2014 წლის 21 ნოემბერს დაამზადა ყალბი დოკუმენტი განცხადების სახით, რომ თითქოსდა ზემოთ დასახელებულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლი გასხვისებამდე იყო დაუსრულებელი და ექსპლუატაციისათვის არ იყო საკმარისად ვარგისი. აღნიშნული განცხადება ზ. ქ-მ, რომლისთვისაც ცნობილი იყო ზ. ს-ის მიერ დამზადებული განცხადების შინაარსის სიყალბე, 2014 წლის 24 ნოემბერს ლ. გ-ის სახელით წარადგინა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის ელექტრონულ მისამართზე, რის საფუძველზეც 2014 წლის 11 დეკემბერს არქიტექტურის სამსახურმა გამოსცა N1636746 ბრძანება, რომლის მიხედვითაც დაკმაყოფილდა ობიექტის დასრულების მოთხოვნა შემდგომ ლეგალიზებაზე.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 25 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ ზ. ქ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ძ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება და ზ. ქ-ის გამართლება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის - დაცვის მხარის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა ზ. ქ-ის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, კერძოდ:

7. მოწმეების - ც. ც-ს, ზ. ს-ის, გ. ჩ-ის, მ. ხ-ის, ი. ფ-ას, ლ. გ-ის, მ. გ-ის, ე. ღ-ის, გ. ა-ს, ვ. ფ-ის, გ. კ-ის, ლ. შ-ის, ი. ს-ის, ხ. წ-ის ჩვენებებით, მათ შორის მსჯავრდებულ ზ. ქ-ის ჩვენებით, აგრეთვე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან და თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურიდან ამოღებული დოკუმენტაციით, N... სააღსრულებო საქმის მასალებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის ... დასკვნებითა და აღნიშნული დასკვნების გამცემი ექსპერტების - მ. კ-ის და კ. კ-ის ჩვენებებით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულ ზ. ქ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, დადგენილია ის გარემოებები, რომ 2013 წლის ოქტომბერში, მოქალაქე ლ. გ-მა 35000 ლარად, აუქციონის წესით, იყიდა ქ.თ-ში, ა-ის 412-ე მ-ის ქუჩის N23-ში მდებარე, ზ. ს-ის კუთვნილი 710 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით ....), რომელზედაც განთავსებული იყო 64 კვ/მ საცხოვრებელი ფართი. ვინაიდან მითითებული ნაკვეთი მდებარეობს სარეკრეაციო ზონა 2-ში, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაშვებულია ისეთი სახლის მშენებლობა, რომლის მაქსიმალური სიმაღლე არის 5 მეტრი და საერთო ფართი არ აღემატება 60 კვ/მეტრს. მიუხედავად ამისა, ლ. გ-მა და მისმა წარმომადგენელმა ზ. ქ-მ დაანგრიეს ხსენებულ ნაკვეთზე განთავსებული სახლის ნაწილი და მის ადგილზე ააშენეს ახალი სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის საერთო ფართი შეადგენდა 159,26 კვ/მეტრს. ვინაიდან სახლის მშენებლობა მიმდინარეობდა კანონდარღვევით, მოქ. ც. ც-მ განცხადებით მიმართა ზედამხედველობის სამსახურს, რომელმაც შეაჩერა სახლის მშენებლობა, როგორც უკანონო. მშენებლობის გაგრძელებისა და დასრულების მიზნით, ზ. ს-მ ზ. ქ-ის მოთხოვნით, 2014 წლის 21 ნოემბერს, დაამზადა ყალბი დოკუმენტი განცხადების სახით, რომ, თითქოსდა, ზემოდასახელებულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლი გასხვისებამდე იყო დაუსრულებელი და ექსპლუატაციისათვის არ იყო საკმარისად ვარგისი. აღნიშნული განცხადება ზ. ქ-მ, რომლისთვისაც ცნობილი იყო ზ. ს-ის მიერ დამზადებული განცხადების შინაარსის სიყალბე, 2014 წლის 24 ნოემბერს ლ. გ-ის სახელით წარადგინა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის ელექტრონულ მისამართზე, რის საფუძველზეც 2014 წლის 11 დეკემბერს არქიტექტურის სამსახურმა გამოსცა N1636746 ბრძანება, რომლის მიხედვითაც დაკმაყოფილდა ობიექტის დასრულების მოთხოვნა შემდგომ ლეგალიზებაზე. საწინააღმდეგო გარემოების არსებობა, რომელიც გააბათილებდა ან თუნდაც ეჭვქვეშ დააყენებდა როგორც ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებების, ასევე წერილობითი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე დადგენილ ზემოთაღნიშნულ გარემოებებს, არ დასტურდება რაიმე უტყუარი მტკიცებულებით.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნით, აუქციონზე გატანის მომენტისათვის უძრავი ქონების რეალური (ფაქტობრივი) მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალითა და ქ.თბილისის მერიიდან ამოღებული დოკუმენტაციით (აგრეთვე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 ივლისის განაჩენით) უტყუარად დგინდება, რომ ზ. ს-ის 21.11.2014 წლის განცხადებაში მითითებულია არასწორი ინფორმაცია უძრავი ქონების რეალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, კერძოდ: სახლის მშენებლობა გასხვისებამდე, ანუ 2013 წლამდე იყო დასრულებული (ორსართულიანი - 64 კვ/მ.საცხოვრებელი ფართით) და არა - დაუსრულებელი (მშენებარე), შენობა იყო საცხოვრებლად ვარგისი იმ მდგომარეობით არსებული კიბით, მოაჯირითა და სახურავით; ხოლო ექსტერიერზე არქიტექტურულად დაუსრულებელი ელემენტების (რაზედაც აპელირებს დაცვის მხარე) არსებობა არ გამორიცხავს სახლის საცხოვრებლად ვარგისიანობას და არ ნიშნავს, რომ სახლის მშენებლობა იყო დაუსრულებელი (მშენებარე).

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ. ქ-ის ინფორმირებულობაზე ცალსახად მიუთითებს ყველა მოწმის მიერ დადასტურებული ფაქტი, რომ იგი უშუალოდ იყო ჩართული თ-ში, ა-ის 412-ე მ-ის, N.. ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით განხორციელებულ ყველა პროცედურაში (იპოთეკით დატვირთვა, აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანა და ლ. გ-ის მიერ შეძენა, ზ. ს-ის ოჯახის გამოსახლება, იპოთეკარების მოთხოვნების დაკმაყოფილების მოტივით, სახლის ძირითადი ნაწილის დანგრევა და ახალი მშენებლობის დაწყება, ლ. გ-ის მინდობილობის საფუძველზე, უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებული დავის წარმოება ქ. თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებში, მათ შორის უნებართვოდ დაწყებული უფრო დიდი მოცულობის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულება-ლეგალიზების ნებართვის მისაღებად); მისთვის ცნობილი იყო სახლის რეალური მდგომარეობა, ნანახი ჰქონდა როგორც პირადად, ისე მისი დაკვეთით კერძო აღმასრულებლის მიერ გადაღებული და Auction.ge-ზე განთავსებული ფოტომასალით; უფრო მეტიც, უშუალოდ ის იყო მშენებლობის მწარმოებელი და მან განახორციელა იპოთეკარების მოთხოვნების დაკმაყოფილების მოტივით, სახლის აუქციონზე გასხვისებისა და ზ. ს-ის ოჯახის გამოსახლების შემდეგ, აღნიშნული სახლის ძირითადი ნაწილის დანგრევა და ახალი, უფრო დიდი მოცულობის სახლის მშენებლობის დაწყება, რაც არსებითად ეწინააღმდეგებოდა ზ. ს-ის განცხადებაში ასახულ ინფორმაციას სახლის რეალური მდგომარეობის შესახებ (რომ თითქოსდა სახლის მშენებლობა გასხვისებამდე იყო დაუსრულებელი და ექსპლუატაციისათვის არ იყო საკმარისად ვარგისი), აღნიშნული ცხადი და ნათელია ნებისმიერი ობიექტურად შემფასებელი პირისათვის, ყოველგვარი ექსპერტის კვალიფიკაციისა და საექსპერტო კვლევის გარეშე, მითუმეტეს კი - პროფესიით ინჟინერ-მშენებელ ზ. ქ-ის.

10. გარდა ზემოაღნიშნულისა, ზ. ქ-ის ინფორმირებულობას 2007 წლის 1 იანვრამდე სახლის მშენებლობის დაწყება-დასრულების თაობაზე ასევე ადასტურებს მის მიერვე ხელმოწერილი, ქ.თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 30 ოქტომბრის Nო.466 სხდომის ოქმიც, სადაც ზ. ქ-ძე განმარტავს, რომ „შენობა-ნაგებობა 2007 წლამდეა როგორც დაწყებული, ისე დამთავრებული“. ზემოაღნიშნული ოქმი და ქ.თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის 05.11.2014წ N1577423 ბრძანება, რომლითაც ზ. ქ-ს, მიუხედავად მისი უკვე ინფორმირებულობისა, კომპეტენტური ორგანოს მიერ წერილობით განემარტა მშენებლობის დასრულება-ლეგალიზებაზე უარის თქმის საფუძველი, კერძოდ: არქიტექტურის სამსახურში დაცული, 2007 წლამდე ობიექტის მდგომარეობის ამსახველი აეროფოტოგადაღების შესაბამისად, 2007 წლამდე შენობას გააჩნდა სახურავი (იყო დასრულებული), 2010 წლის 6 აგვისტოს მომზადებული საკადასტრო გეგმის შესაბამისად კი, იგი არ არის დაფიქსირებული მშენებარე სტატუსით, როგორც დაფიქსირებულია 2014 წლის საკადასტრო გეგმაზე. გარდა ამისა, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული, ყველასათვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, დასრულებულად მიიჩნევა ის ობიექტი, რომლის ძირითადი კონსტრუქციული სისტემისა და ექსტერიერის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, გარდა მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოებისა.

11. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, უტყუარად დგინდება ის გარემოება, რომ იპოთეკარების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოსავლის ძიებისას, ზ. ქ-ის მიერ უნებართვოდ დაწყებული უფრო დიდი მოცულობის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულების მიზნით, ქ.თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურებიდან მიღებული ინფორმაციისა და შპს „მ-ს” დირექტორ მ. ხ-ს მიერ გაწეული კონსულტაციის შედეგად, ზ. ქ-მ მასთან შეთანხმებული შინაარსის მქონე განცხადება განზრახ შეადგენინა ზ. ს-ს, რაც დაადასტურებდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს/გარემოებას, რომ მის მიერ უნებართვოდ იყო დაწყებული უფრო დიდი მოცულობის საცხოვრებელი სახლის (ახალი სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის, რომლის საერთო ფართი შეადგენდა 159,26 კვ/მეტრს.) მშენებლობა 2007 წლის 1 იანვრამდე, დაუსრულებელი და რაც დააკმაყოფილებდა საქართველოს პრეზიდენტის N660-ე ბრძანებულებით დადგენილ წესს და უკანონო მშენებლობის დასრულება-ლეგალიზებისათვის იყო აუცილებელი, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულისათვის ცნობილი იყო განცხადების შინაარსის რეალობასთან შეუსაბამობის თაობაზე.

12. ის გარემოებები, რომ ზ. ს-მ განცხადება შეადგინა ზ. ქ-ის მოთხოვნით, განცხადების შინაარსი შეთანხმებული იყო მსჯავრდებულთან და რომ ოფისში სწორედ მან, გ. კ-ის თანდასწრებით, უთხრა ზ. ს-ს, თუ რა უნდა ყოფილიყო ასახული განცხადებაში მის მიერ უნებართვოდ დაწყებული უფრო დიდი მოცულობის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულება-ლეგალიზების ნებართვის მისაღებად, გარდა ზ. ს-ის ჩვენებისა, დასტურდება ასევე მოწმის სახით დაკითხული გ. კ-ისა და თავად მსჯავრდებულ ზ. ქ-ის ჩვენებითაც.

13. ზ. ს-ის განცხადება სანოტარო წესით დაამოწმა ნოტარიუსმა ი. ფ-მ, რითაც მას მიენიჭა ოფიციალური დოკუმენტის სტატუსი. საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, მიუთითებს, რომ სანოტარო წესით განცხადებაზე ხელმოწერის დამოწმება გულისხმობს სწორედ განცხადების ავტორის მხრიდან გამოხატული ნების ნამდვილობის დადასტურებას და რომ განცხადების ავტორი განცხადების ტექსტზე ხელმოწერით ადასტურებს მასში მითითებულ გარმოებებებს. ამის შემდეგ ზ. ქ-მ აღნიშნული განცხადება, რომელიც ადასტურებდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს/გარემოებას და რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, წარადგინა ქ.თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურში და მიიღო მშენებლობის დასრულება-ლეგალიზების ნებართვა. ამასთან, როგორც საქმის მასალებით დგინდება, სწორედ აღნიშნული განცხადება აღმოჩნდა ახლადგამოვლენილი გარემოება და თანხმობის გაცემის საფუძველი ერთხელ უკვე უარყოფილ საკითხზე.

14. მსჯავრდებულის მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მათ შორის განზრახვასა და მოტივს - არასწორი, ყალბი ინფორმაციის შემცველი განცხადების წარდგენის გზით ქ.თბილისის მერიის შესაბამის სამსახურისაგან მიეღო უკანონო მშენებლობის დასრულება-ლეგალიზების ნებართვა, გარდა ზემოაღნიშნულისა, ადასტურებს ის გარემოებებიც, რომ როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე საქმეში წარმოდგენილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურიდან ამოღებული დოკუმენტაციით დგინდება, მას შემდეგ, რაც 2013 წლის ოქტომბერში, განმეორებით იძულებით აუქციონზე ზ. ს-ის საკუთრებაში არსებული, თ-ში, ა-ის 412-ე მ-ის ქ. N..-ში მდებარე უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა (ორსართულიანი სახლი - 64 კვ/მ. საცხოვრებელი ფართით) შეიძინა ლ. გ-მა და 2014 წლის 25 აპრილს გამოასახლეს ზ. ს-ის ოჯახი; ზ. ქ-მ ქ.თ-ში, ა-ს 412-ე მ-ის ქ. N..-ში სამშენებლო სამუშაოები აწარმოა სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, რისი გამოსწორების მიზნით მას ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის (რომელმაც შეაჩერა სახლის მშენებლობა, როგორც უკანონო) მიერ დაევალა შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტის დემონტაჟი; აღნიშნულის გამო მსჯავრდებულმა განცხადებით არაერთხელ მიმართა ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით, თუმცა არ დაკმაყოფილდა; მას შემდეგ, რაც ბოლოს ქ.თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის 05.11.2014წ N1577423 ბრძანებით უარი ეთქვა მშენებლობის დასრულებისათვის ვადის განსაზღვრაზე, მან 2014 წლის 17 ნოემბერს კვლავ მიმართა განცხადებით, ხოლო 2014 წლის 24 ნოემბერს დამატებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის ელექტრონულ მისამართზე წარადგინა 2014 წლის 21 ნოემბერს ნოტარიული წესით დამოწმებული ზ. ს-ის განცხადება და ქ.თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის 11.12.2014წ N1636746 ბრძანება, ნება დაერთო დაესრულებინა თ-ში, ა-ს 412-ე მსროლელი დ-ის ქუჩა N..-ში უნებართვოდ დაწყებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა; აღნიშნულის გამო კი შეწყდა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ზ. ქ-ის მიმართ.

15. გარდა ამისა, როგორც საქმეზე დაკითხული მოწმეების - მ. გ-ის, ლ. გ-სა და გ. კ-ის ჩვენებებით, მათ შორის თავად მსჯავრდებულის ჩვენებით, დგინდება ის გარემოებაც, რომ იპოთეკარების მოთხოვნების დაკმაყოფილების მოტივით, რადგან სახლი არსებული მდგომარეობით არ იყიდებოდა, საჭირო იყო ახალი სახლის აშენება და მომგებიანად გაყიდვა, აღნიშნულის გამო გ. კ-ის განმარტებით, მან და ზ. ქ-მ იპოთეკური სესხიც აიღეს; ხოლო ლია და მ. გ-მა დაადასტურეს, რომ ახალი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯები მათ არ გაუღიათ და არ იციან, ვინ გაიღო. ზ. ს-ის ჩვენებით დასტურდება ის გარემოებაც, რომ ზ. ქ-ან ოფისში მას განუმარტეს, რომ მრავალწლიანი დავის დასრულებისა და იპოთეკარების მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საჭირო იყო მისი, როგორც ძველი მესაკუთრის განცხადება, რომელიც დაედებოდა საფუძვლად მშენებლობის დასრულებას. მოწმე მ. ხ-ის ჩვენებით, მას შემდეგ, რაც თავდაპირველად უარი ეთქვათ მშენებლობის დასრულება-ლეგალიზებაზე, მეორედ დოკუმენტაციასა და ადგილზე გადაღებულ ფოტოებთან ერთად, უკვე ატვირთეს ზ. ქ-ის მიერ წარმოდგენილი უძრავი ქონების ძველი მესაკუთრის ნოტარიული წესით დამოწმებული განცხადება, რომლის შინაარსის თაობაზე თავად გაუწია კონსულტაცია მსჯავრდებულს, კერძოდ, უთხრა, რომ განცხადებაში უნდა ყოფილიყო მითითება მშენებლობის 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყება-დაუსრულებლობის თაობაზე; თუმცა მოწმის განმარტებით, მისთვის უცნობი იყო, რა მდგომარეობაში იყო სახლი ლ. გ-ის საკუთრებაში გადასვლამდე (იყო თუ არა დასრულებული და გადახურული); მან მხოლოდ დააფიქსირა 2014 წლისათვის არსებული მდგომარეობა; მოწმემ დაადასტურა ის გარემოებაც, რომ აღნიშნულის საფუძველზე მოთხოვნა დაკმაყოფილდა შესაბამისი ბრძანებით და მიეცათ შენობის დასრულება-ლეგალიზების ნებართვა.

16. ამდენად, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ზ. ქ-ის მიერ ჩადენილია დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც მოიცავს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ყველა ელემენტს, მათ შორის დადასტურებულია განზრახვა, რაც დგინდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით - 2013 წლის 28 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, უძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით, შპს „ა-ს“ დირექტორ გ. ა-ას 2013 წლის 14 აგვისტოს დასკვნით, Auction.ge-ზე განთავსებული განცხადებისა და კერძო აღმასრულებელ ე. ღ-ის მიერ გადაღებული ფოტოსურათებით (გარე ფასადისა და შიდა ინტერიერის ამსახველი 18 ფოტო), აღსრულების ეროვნული ბიუროს 2013 წლის 16 ოქტომბრის NA13044939-012/001 განკარგულებით, 2014 წლის 20 მაისის N140504934 სანოტარო აქტით, 2014 წლის 13 ნოემბრის 141247540 სანოტარო აქტით, ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 18.08.2014წ N000707 მითითებით, 2014 წლის 5 ოქტომბერს, ქ.თბილისის მერიის სსიპ - თბილისის არქიტექტურის სამსახურს NAR1255566 განცხადებით, ქ.თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 30 ოქტომბრის Nო.466 სხდომის ოქმით, ქ.თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის N1577423 ბრძანებით, 2014 წლის 17 ნოემბერს NAR1266363 განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის N000707 დადგენილებით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის გენერალური გეგმის მართვის განყოფილების უფროსის წერილით, ვებგვერდის დათვალიერების ოქმით, მოწმეების - ლ. და მ. გ-ის, ც. ც-ის, ზ. ს-ის, გ. კ-ის, ი. ფ-ას, გ. ჩ-ის, ე. ღ-ის, გ. ა-ას, მ. ხ-სა და სხვათა ჩვენებებით.

17. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის სხვა საკვანძო არგუმენტებს, მათ შორის - მტკიცებულებებისა და ზ. ქ-ის ქმედების სამართლებრივ შეფასებასთან მიმართებით, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში და მიუთითებს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ზ. ქ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ძ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი