Facebook Twitter

საქმე # 140100123006701933

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1376აპ-23 ქ. თბილისი

მ-ი ლ 1376აპ-23 18 მარტი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. რ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 ივნისის განაჩენით:

1.1. ლ. მ-ი, - დაბადებული .. წლის ... ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რომლის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების მომენტიდან.

1.2. ლ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 5 დეკემბრიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. მ-მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2022 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, გ-ის საავტომობილო გზაზე, სოფელ კ-ის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. მ-ი მართავდა ,,ზილის’’ მარკის სატვირთო ავტომანქანას, სახ.№... მან ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა, კერძოდ, არ გაითვალისწინა მანევრის შესრულების დროს მისი საპირისპირო მიმართულებით მოძრავი საგზაო მოძრაობის მონაწილის მდებარეობა, მოძრაობის მიმართულება, სიჩქარე და შეეჯახა ,,ფორდ ტრანზიტის’’ მარკის ავტომანქანას, სახ.№... რომელსაც მართავდა მ. ტ-ძე. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მ. ტ-ძე ადგილზე გარდაიცვალა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ ლ. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. რ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება და ლ. მ-ის გამართლება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო გაეცნო სისხლის სამართლის საქმის მასალებს, გააანალიზა წარმოდგენილი მტკიცებულებების ხარისხი და ბუნება, ასევე მათი სამართლებრივი მისადაგება მსჯავრდებულ ლ. მ-ის მიმართ ბრალად შერაცხულ ქმედებასთან და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოიკვლია მსჯავრდებულის ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის რელევანტური ყველა ფაქტობრივი ასპექტი; ფაქტებისა და გარემოებების შესწავლისას არ გამოვლენილა ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან ან თუნდაც, სავარაუდოს გახდიდა არსებული პრაქტიკის გადახედვის საჭიროებას.

7. დაარღვია თუ არა ლ. მ-მა საქართველოს კანონი „საგზაო მოძარობის შესახებ“ და შესაბამისად, შეეძლო თუ არა მას თავიდან აეცილებინა ავტოსატრანსპორტო შემთხვევა, ასევე მიიღო თუ არა მძღოლმა საფრთხის შექმნის 21 მომენტიდან ის ზომები, რომელსაც მას „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი ავალდებულებს, წარმოადგენს ექსპერტის მიერ შესაფასებელ საკითხს. უსაფრთხოების წესის დარღვევის დამადასტურებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა ექსპერტიზის დასკვნა, ვინაიდან იმის დასადგენად, წინდახედულობის ნორმის დარღვევამ გამოიწვია თუ არა სისხლისსამართლებრივად დასჯადი შედეგი, საჭიროა სპეციალური ცოდნა. ამიტომ სატრანსპორტო დანაშაულებთან მიმართებით განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ ექსპერტიზის დასკვნასა და მის უტყუარ/კატეგორიულ ხასიათს ენიჭება (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი №462აპ-16).

8. კასატორის - მსჯავრდებულ ლ. მ-ის ადვოკატის მთავარ არგუმენტს გამამართლებელი განაჩენის გამოტანისათვის წარმოადგენს საქმეში წარმოდგენილი ავტოტექნიკური ექპერტიზის №... დასკვნის, თითქოს, არადამაჯერებელი და სავარაუდო ხასიათი, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებს სწორად აქვთ შეფასებული აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა და არ ტოვებს გაურკვევლობებს იმასთან დაკავშირებით, თუ სად მდებარეობს შეჯახების ადგილი, რომელი მძღოლის ქმედებამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა და რომელ მათგანს შეეძლო თავიდან აეცილებინა იგი, კერძოდ:

9. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ავტოტექნიკური ექსპერტიზის N... დასკვნით დადგინდა, რომ მძღოლ ლ. მ-ის მოქმედება არ შეესაბამებოდა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნას, რომლის დაცვის შემთხვევაშიც, მას მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო. საგულისხმოა ამავე ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი კიდევ ერთი გარემოება, კერძოდ, კონკრეტულ შემთხვევაში, ავტომობილ „ფორდის“ მძღოლი მ. ტ-ძე, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას მის სავალ გზაზე გადასული ავტომობილის მოძრაობაში ყოფნის გამო, ვერ შეძლებდა და მისი მოქმედებით ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ იკვეთება. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის გამცემმა ექსპერტმა გ. კ-მა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის კატეგორიული ხასიათი და ის გარემოებაც, რომ ავტომანქანა „ფორდის“ მძღოლი მ. ტ-ძე შეჯახებას თავიდან ვერ აიცილებდა, რადგან შეჯახება გამოიწვია სამოძრაო ზოლიდან გადასვლამ. ექსპერტმა სასამართლოში ჩვენების მიცემისას ასევე განმარტა, რომ დაათვალიერა ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომობილები საჯარიმო ავტოსადგომზე, გაეცნო სისხლის სამართლის საქმის მასალებს, იხელმძღვანელა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე თანდართული სქემით და ფოტოსურათებით და შემთხვევის ადგილზე გასვლა საჭირო არ გამხდარა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, მიაჩნია, რომ საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ავტოტექნიკური ექსპერტიზის N.. დასკვნა და ექსპერტ გ. კ-ის ჩვენება თანმიმდევრულია, თანხვდენილია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან, მოწმეთა ჩვენებებთან და ზემოაღნიშნული მტკიცებულების გაუზიარებლობის ან მათი საჭვოდ მიჩნევის რაიმე საფუძველი არ გამოვლენილა.

10. ადვოკატი რ. რ-ი საკასაციო საჩივარში ასევე მიუთითებს წინასწარი გამოძიებისას დაშვებულ კანონდარღვევებზე და აღნიშნავს, რომ შემთხვევის ადგილი დათვალიერდა შემთხვევიდან ერთი საათისა და ოცი წუთის დაგვიანებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და თანდართულ სქემაზე არ არის აღწერილი შეჯახების ადგილი, არ არის დაფიქსირებული ცნობები შეჯახების ადგილზე ჩამონაყარების, ამონატეხებისა და ამონაკაწრების შესახებ; კასატორს ასევე მიაჩნია, რომ შემთხვევის ადგილის დაგვიანებით დათვალიერებამ გამოიწვია ოქმში, თანდართულ სქემასა და ფოტოსურათებზე, შეჯახების შემდეგ, ავტომობილი „ფორდის“ საბოლოო მდებარეობის არასწორად მითითება.

11. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ აღნიშნული გარემოებები არ წარმოადგენენ ხელისშემშლელ ფაქტორებს ავტოსაგზაო შემთხვევის სრული სურათის აღქმის თვალსაზრისით, რადგან საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მასზე დართული სქემა და ფოტოსურათები, ექსპერტის დეტალური განმარტებები საკმარისია მომხდარი ფაქტის ლოგიკური ჯაჭვის შესაკრავად. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მასზე თანდართული სქემა და ფოტოსურათები, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, შეიცავს საკმარის ინფორმაციას ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, როგორიცაა ავტომანქანების შეჯახების ადგილი, რომელიც მდებარეობს გ-ის მიმართულებით სამოძრაო ზოლში გზის კიდიდან 1,55 მეტრში. ფოტოსურათებზე დაფიქსირებულია როგორც დაზიანებული ავტომანქანები, ისე მათ შორის შეჯახების შედეგად ასფალტის ზედაპირზე დატოვებული კვლები, ჩამონაყარის, ამონატეხებისა და ამონაკაწრების სახით. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა - თ. რ-მა და ჯ. წ-მა. მოწმე ჯ. წ-მა დამატებით განმარტა, რომ კვალი დაზიანებული ასფალტის ზედაპირიდან, ასევე ნაკაწრი და გრძელი კვალი მანქანის მდებარეობამდე იყო უწყვეტი, რაც ძალიან კარგად ჩანს საქმეში არსებულ ფოტოებსა და სქემაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლოს აზრით, დაცვის მხარის მოსაზრება ემსახურება ლ. მ-ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებისა და პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბრალების მიზნებს.

12. საკმაოდ მნიშვნელოვანია ფაქტის უშუალო თვითმხილველი პირის, დაზარალებულ ლ. ტ-ის ჩვენება, რომლის თანახმად, სატვირთო ავტომანქანა მათ ავტომობილს, დაახლოებით 5-დან 10 მეტრის მანძილზე მიუახლოვდა და მოულოდნელად მათ მხარეს გადავიდა. მისი მეუღლე - მ. ტ-ძე ცდილობდა მარჯვენა მხარეს მოეხდინა ავტომობილის მანევრირება და გადასულიყვნენ გზის ნაპირზე, თუმცა სატვირთო ავტომობილი კვლავ მათ ზოლში გადავიდა და სწორედ ამ დროს, მთელი სისწრაფით მათ ავტომობილს შეეჯახა. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის მიერ მითითებული გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა სწორედ ლ. მ-ის ბრალეულობით იყო გამოწვეული, დაცვის მხარეს კი, ამგვარი ჩვენების საწინააღმდეგო არგუმენტაცია საქმეში არ წარმოუდგენია. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულ ლ. ტ-ის ჩვენება აკმაყოფილებს უტყუარობისა და დამაჯერებლობის მაღალ სტანდარტს, ვინაიდან მის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია თანმიმდევრულია და არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან/და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად (შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დაზარალებულ ლ. ტ-ისა და მოწმეების - თ. რ-ის, ჯ. წ-ის, ვ. მ-ის, გ. კ-ის, ლ. ხ-ის, დ. კ-ის, გ. ს-სა და სხვათა ჩვენებები, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ავტოტექნიკური ექსპერტიზის N... დასკვნა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N... და N.. დასკვნები, სამედიცინო ექსპერტიზის N..., N... და N... დასკვნები, ამოღების ოქმები, ნიმუშის აღების ოქმები, დაკავების ოქმი), საკასაციო სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ. მ-მა დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა, კერძოდ, არ გაითვალისწინა მანევრის შესრულების დროს მისი საპირისპირო მიმართულებით მოძრავი საგზაო მოძრაობის მონაწილის მდებარეობა, მოძრაობის მიმართულება, სიჩქარე და შეეჯახა ,,ფორდ ტრანზიტის’’ მარკის ავტომანქანას, სახ.N-VT-444-LI, რომელსაც მართავდა მ. ტ-ძე. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მ. ტ-ძე ადგილზე გარდაიცვალა. შესაბამისად, მისი ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით და განსაზღვრული აქვს სამართლიანი სასჯელი.

14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

15. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ადვოკატის მოტივებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რადგან ევროპული სასამართლოს განმარტებით: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია სწორედ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც აკმაყოფილებს როგორც ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, ისე სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ბრალეულობის მტკიცების საგანთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დაასაბუთეს, თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ წარმოაჩენს ისეთ არსებით გარემოებას, რაც სასამართლოებმა ყურადღების მიღმა დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ლ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. რ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განაჩენზე.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი