საქმე # 210100121005087980
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1405აპ-23 ქ. თბილისი
მ-ი ს, 1405აპ-23 18 მარტი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ნოემბრის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ს. მ-ს, - დაბადებულს .. წლის ... ივნისს, - ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2021 წლის 18 აგვისტოს, ღამის საათებში, ს-ს რაიონის, სოფელ ხ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ს. მ-მა ხელითა და თანნაქონი დანის გამოყენებით, მოკვლის განზრახვით, სიცოხლისათვის სახიფათო დაზიანებები და მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მასთან ერთად მცხოვრებ ბიძას - ტ. მ-ს, რომელიც დროული სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს.
2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 აპრილის განაჩენით:
2.1. ს. მ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. ს. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ს. მ-ის ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს გარდაბნის მუნიციპალიტეტში მაგისტრი სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის განაჩენითა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 5000 ლარი. საბოლოოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 5000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 19 აგვისტოდან.
2.3. „ამნისტიის შესახებ“ 2022 წლის 12 აპრილის საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ს. მ-ს თავისუფლების აღკვეთის სახით საბოლოოდ დანიშნული მოსახდელი სასჯელის ვადა შეუმცირდა 75 დღით.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. მ-მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. 2021 წლის 18 აგვისტოს, ღამის საათებში, ს-ოს რაიონის სოფელ ხ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ს. მ-მა ხელითა და თანნაქონი დანის გამოყენებით, მოკვლის განზრახვით, სიცოხლისათვის სახიფათო დაზიანებები და მრავლობითი ჭრილობები მიაყენა ბიძას - ტ. მ-ს, რომელიც დროული სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ნოემბრის განაჩენით:
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორმა - სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიხეილ კუპრაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ს. მ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის არგუმენტებს ს. მ-ის მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენის თაობაზე და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით გამოკვლეული, ასევე - მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ტ. მ-ის ჩვენებით, მოწმეების - ზ. ყ-ის, ნ. თ-ის, მ. მ-ის, ი. შ-ის, გ. ღ-ის, დ. პ-სა და სხვათა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაკავების ოქმით, ტანსაცმლისა და პირადი ნივთების ამოღების ოქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა ს. მ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე გათვალისწინებული დანაშაული.
8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მოსაზრებას, რომ საქმის მასალებით - გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება ს. მ-ის მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სადავო არაა ის გარემოება, რომ ს. მ-მა ბიძას - ტ. მ-ს მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო ნაკვეთი ჭრილობები გულმკერდის არეში შემავალი პლევრის ღრუში, ასევე ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარსხის დაზიანება ჰაიმორის ღრუს ლატერალური და წინა კედლის მოტეხილობის, მარცხენა თვალბუდის ლატერალური მოტეხილობის, მარცხენა ყვრიმალის რკალის მოტეხილობაისა და მარჯვენა, მე-4 ნეკნის მოტეხილობის სახით; ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის, დაზიანება ცხვირის ძვლების მოტეხილობისა და მარცხენა ზედა ქუთოთოს არეში ჭრილობის სახით, ასევე ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება სხეულზე მრავლობითი ექსკორაციებისა და სისხლჩაქცევების სახით; რომ არა დროული სამედიცინო დახმარების გაწევა, ტ. მ-ი გარდაიცვლებოდა, შესაბამისად, იგი დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად გადაურჩა სიკვდილს. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა ს. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია (მისი ქმედება შეიცავს განზრახ მკვლელობის მცდელობას ოჯახის წევრის მიმართ თუ განზრახ მკვლელობის მცდელობის ნიშნებს).
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, შვილი (გერი), მინდობით აღსაზრდელი, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის მშობელი, შვილის მეუღლე (მათ შორის, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი), ყოფილი მეუღლე, წარსულში არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი, მხარდაჭერის მიმღები, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
11. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ტ. მ-ი და ს. მ-ი ერთმანეთისთვის არიან ბიძა და ძმისშვილი; სადავოა, რამდენად ჩაითვლება მათი ახლონათესაური ურიერთობა ოჯახის წევრობად, რაც მოცემულია სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის შენიშვნის 1-ელ ნაწილში.
12. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით უტყუარად დადასტურებულია ის გარემოება, რომ ს. მ-ი და ტ. მ-ი არ არიან სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის შენიშვნის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნებისთვის ოჯახის წევრები და ისინი ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, კერძოდ:
13. მოწმე ზ. ყ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ ტ. და ს. მ-ბი ცხოვრობენ ერთ სახლში, მეორე სართულზე, თუმცა მათ საცხოვრებელი ოთახები გაყოფილი ჰქონდათ. მოწმე ნ. თ-ის ჩვენებით, ს. მ-ი მშობლებმა გაზარდეს, 2019 წელს მამა დაეღუპა. მას და ტ. მ-ლს ერთი სახლი აქვთ, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ოთახები გაყოფილი ჰქონდათ და ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. საცხოვრებელი სახლის ეზოს წინ აქვთ საკარმიდამო ნაკვეთი, აღნიშნულ ნაკვეთს ტ. მ-ი, ს. მ-ი და ს. მ-ის მამა ამუშავებდნენ და მოსავალი მოჰყავდათ. ს. მ-ი აღნიშნულ ნაკვეთში უნახავს მაშინ, როდესაც მამამისი იყო ცოცხალი. მამის გარდაცვალების შემდეგ ის ნაკვეთი არის მოუვლელი.
14. საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, მიუთითებს, რომ მართალია, ს. მ-ი მამის გარდაცვლებამდე - 2019 წლამდე მამასთან ერთად მონაწილეობას ღებულობდა საკარმიდამო ნაკვეთის დამუშავებაში, მაგრამ, მამის გარდაცვალების შემდეგ, ხსენებული ნაკვეთი დაუმუშავებელია; შესაბამისად, აღნიშნული გარემოებით (2019 წლამდე ნაკვეთში მუშაობა და მამის და თუნდაც ბიძის დახმარება) იმთავითვე იმის მტკიცება, რომ მსჯავრდებული და დაზარალებული ხსენებულ პერიოდში ერთიან მეურნეობას ეწეოდნენ, საფუძველს მოკლებულია.
15. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა საპირისპიროს ამტკიცებს, კერძოდ: ის ფაქტი, რომ თუნდაც ს. მ-ის მამა და ბიძა ოდესმე ერთდროულად ეწეოდნენ მიწის დამუშავებას და აღნიშნულში ეხმარებოდა ს. მ-ც, არ მეტყველებს ს. მ-ისა და ტ. მ-ის ერთიან მეურნეობის წარმოებაზე, მით უფრო, საქმის მასალებით დადენილია, რომ ს-ოს რაიონის სოფელ ხ-ში მდებარე მ-ის საცხოვრებელი სახლი თავიდანვე გამიჯნული იყო ტ. მ-სა და მის ძმას შორის, ისინი აღნიშნული სახლის მეორე სართულზე მდებარე ცალ-ცალკე ოთახებში ცხოვრობდენ; შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ არის გამორიცხული, რომ ს. მ-ი ეხმარებოდა არა ბიძას, არამედ მხოლოდ მამას. ეს ფაქტი დაადასტურა დაზარალებულმა ტ. მ-მაც მის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებით; უფრო მეტიც, დაზარალებულმა განმარტა, რომ ს. მ-ი ბავშვობაში ს-ოს რაიონის სოფელ ხ-მში მდებარე მ-ის საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა, მაგრამ ხშირად სახლში არ იმყოფებოდა; ს-ის მამის გარდაცვალების შემდეგ იგი ხსენებულ სახლში პერიოდულად ცხოვრობდა. სახლში ყოფნისას საკვები რაც ჰქონდა (დაზარალებულს), ს. მ-ს უნაწილებდა, როგორც ადამიანი - ადამიანს, პატივს სცემდა, ვინაიდან ს-ი არსად მუშაობდა. ს-ს დაზარალებულისთვის თანხა არასდროს უთხოვია, ამასთან თანხის საერთო განკარგვას ადგილი არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ს. მ-ისა და ტ. მ-ის ერთ სახლში ცხოვრება, აღნიშნული საცხოვრებელი სახლის თანასაკუთრებაში არსებობა ან/და თანამფლობელობა იმთავითვე ვერ ჩაითვლება საერთო მეურნეობის განხორციელებად, შესაბამისად, ს. მ-ის მიერ ჩადენილია არა განზრახ მკვლელობის მცდელობა ოჯახის წევრის მიმართ, არამედ განზრახ მკვლელობის მცდელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით.
16. რაც შეეხება პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის მითითებას სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენზე, საკასაციო სასამართლო ამ საკითხთან მიმართებითაც სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომლის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნევა პრეიუდიციად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მას საეჭვოდ არ ხდის. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მაკვალიფიცირებელი გარემოება ,,ოჯახის წევრობა“, კერძოდ, პირები რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, დაცვის მხარის მიერ სადავოდ არის გამხდარი, შესაბამისად, სასამართლო ხსენებულ განაჩენს მსჯავრდებულის საწინააღმდეგოდ მის მიერ ჩადენილი ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებად გამოყენების თვალსაზრისით ვერ გაიზიარებს.
17. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში პროკურორი ამახვილებს ყურადღებას და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, საჩივარში არ არის მითითებული.
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ, „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვეობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვეობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ ( Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
19. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობით საკასაციო სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიაჩნია, რომ ს. მ-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
21. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. მ-ს მიმართ.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი