Facebook Twitter

საქმე # 210100123006706298

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1428აპ-23 ქ. თბილისი

ღ-ი დ, 1428აპ-23 18 მარტი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ღ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის განაჩენით:

1.1. დ. ღ-ი, - დაბადებული .. წლის .. აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“, „კ“, „ჟ“ ქვეპუნქტებით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, დ. ღ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“, „კ“, „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 111,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დ. ღ-ს შეეფარდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა დ. ღ-ის მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 1 წელი და 8 თვე.

1.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელმა შთანთქა დ. ღ-ის მიმართ წინა - სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. დ. ღ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 21 ნოემბრიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ღ-მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არაერთგზის, გენდერის ნიშნით (ორი ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესეიგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სოცოცხლისათვის, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით, არაერთგზის; ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2022 წლის 25 ოქტომბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ს-ის რაიონის სოფელ ძველ ა-ში დ. ღ-ის საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით, კერძოდ, იმის გამო, რომ მ. ნ-ნ, როგორც ქალისგან, მისთვის შენიშვნის მიცემა მიუღებელი იყო, ალკოჰოლური სასმლით მთვრალმა, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“, „კ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევმა დ. ღ-მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - მ. ნ-ს, კერძოდ, სამჯერ დაარტყა გაშლილი ხელი სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2022 წლის 8 ნოემბერს, ღამის საათებში, ს-ის რაიონის სოფელ ძველ ა-ში მდებარე დ. ღ-ის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ალკოჰოლური სასმლით მთვრალმა დ. ღ-მა შეუწყნარებლობის მოტივით, გენდრის ნიშნით, კერძოდ, იმის გამო, რომ მ. ნ-ს სურდა მეგობრისთვის დაერეკა და დაბადების დღე მიელოცა, თუმცა, აღნიშნული დ. ღ-მა აუკრძალა, მისი განმეორებითი თხოვნა დარეკვის თაობაზე დამოურჩილებლობად ჩათვალა - მეუღლეს ჯერ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ მისი კუთვნილი 1200 ლარად ღირებული „რედმის“ ფირმის მობილური ტელეფონი გაუნადგურა, დაუმტვრია და გამოყენებისთვის გამოუსადეგარი გახადა. აღნიშნული ქმედებით მ. ნ-ს მიადგა 1200 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

· 2022 წლის 8 ნოემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ს-ის რაიონის სოფელ ძველ ა-ში, დ. ღ-ის საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით, კერძოდ, იმის გამო, რომ მ. ნ-მ მისი მოთხოვნა არ შეასრულა და არ დაუჯერა, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 4 ნაწილის „ა“, „დ“, „კ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევმა დ. ღ-მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - მ. ნ-ს, კერძოდ, გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2022 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ს-ის რაიონის სოფელ ძველ ა-ში, დ. ღ-ის საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით, კერძოდ, იმის გამო, რომ მ. ნ-მ მისი მოთხოვნა სრულყოფილად არ შეასრულა, ალკოჰოლური სასმლით მთვრალმა, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“, „კ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევმა დ. ღ-მა განზრახ მიაყენა ჯანმრთლობის მძიმე ხარისხის დაზიანება მეუღლეს - მ. ნ-ს, კერძოდ, მუშტები მრავალჯერ დაარტყა თავისა და სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო ტრავმული სუბდურული ჰემატომა, ქუთუთოსა და პერიოკულარული მიდამოს კონტუზია, რაც მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

· 2022 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ს-ის რაიონის სოფელ ძველ ა-ში დ. ღ-ის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ალკოჰოლური სასმლით მთვრალმა დ. ღ-მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, იმის გამო, რომ მეუღლემ - მ. ნ-მ მისი სურვილი არ შეასრულა და მის ბიძაშვილთან მის მიერვე მოთხოვილი ნივთის მოსატანად არ გაეგზავნა, მ. ნ-ს ჯერ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდეგ, მისაღებ ოთახში მდგარი ტელევიზორის მაგიდის უჯრიდან ამოიღო დანა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ დ. ღ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. გ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის განაჩენის, ასევე 2023 წლის 20 ოქტომბრის საოქმო განჩინების გაუქმება და დ. ღ-ს გამართლება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ის ფაქტი, რომ ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს, არ ათავისუფლებს დაცვის მხარეს სასამართლოსათვის საკუთარი პოზიციების არგუმენტირებულად წარმოდგენის ვალდებულებისაგან. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარე საქმის წარმოების ყველა ეტაპზე უზრუნველყოფილი იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით წარედგინა თავისი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელთაც სასამართლო გახდიდა განსჯის საგნად.

7. საკასაციო სასამართლო, ისევე როგორც სააპელაციო პალატა, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეთა მიერ მტკიცებულებები მიჩნეულ იქნა უდავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა დ. ღ-მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. გ-მ დასკვნით სიტყვაში მიუთითეს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი ერთი დამაჯერებელი მტკიცებულებაც კი, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა დ. ღ-ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენის ფაქტს რომელიმე ეპიზოდში. შესაბამისად, მათ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და დ. ღ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვეს.

8. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილ და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება დ. ღ-ის მიერ მ. ნ-ის მიმართ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენის ფაქტი.

9. კასატორი - ადვოკატი ა. გ-ე სადავოდ ხდის იმ ფაქტს, რომ დ. ღ-ი და დაზარალებული მ. ნ-ძე არასოდეს ყოფილან მეუღლეები. ამ მიმართებით მნიშვნელოვანია თავად დაზარალებულ მ. ნ-ის ჯერ მოწმის, ხოლო შემდეგ დაზარალებულის სახით გამოკითხვის ოქმები, კერძოდ, იგი გამოიკითხა სამჯერ: 2022 წლის 21 ნოემბერს (ს.ფ. 3-8), 2022 წლის 12 დეკემბერს (ს.ფ. 181-183) და 2022 წლის 30 დეკემბერს (ს.ფ. 316-318). სამივე გამოკითხვაში დაზარალებულმა დ. ღ-ი მოიხსენია მეუღლედ. უფრო მეტიც, მსჯავრდებულმა პირველივე გამოკითხვისას აღნიშნა, რომ დაახლოებით ერთი თვეა, რაც შექმნა ოჯახი და ცოლად შეირთო მ. ნ-ძე. მას საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ უარყვია, რომ მ. ნ-ძე არის მისი მეუღლე. შესაბამისად, ამ საკითხთან მიმართებით დაცვის მხარის პრეტენზია უსაფუძვლოა.

10. უშუალოდ დანაშაულებრივ ფაქტებთან მიმართებით დაზარალებულ მ. ნ-ს 2022 წლის 21 ნოემბრის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ დაახლოებით ერთი თვეა, რაც ცოლად გაჰყვა დ. ღ-ს და ცხოვრობენ მის სახლში, რომელიც მდებარეობს ს-ის რაიონის სოფელ ძველ ა-ში. 2022 წლის 20 ნოემბერს, ისინი იმყოფებოდნენ აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მას მეუღლემ უთხრა, წასულიყვნენ ბიძაშვილ ზ. ღ-ან. აღნიშნულზე დაზარალებულმა განაცხადა უარი იმ მოტივით, რომ იქ მხოლოდ მამაკაცები იქნებოდნენ და თავს იგრძნობდა უხერხულად. აღნიშნულის შემდეგ, დ. ღ-ი მარტო წავიდა ბიძაშვილთან. დაახლოებით 23:00 საათზე დ-ი დაბრუნდა სახლში და ეჩხუბა მეუღლეს. დ. ღ-ი ჩხუბის დროს გახდა აგრესიული და სახის არეში ძლიერად ურტყამდა მუშტებს, დაახლოებით რვაჯერ დაარტყა მუშტი სახისა და თავის არეში ძლიერად. შემდეგ მან მისაღებ ოთახში არსებული ტელევიზორის მაგიდის უჯრიდან აიღო დანა, რომელსაც აქვს ხის ტარი და ეუბნებოდა, რომ მოკლავდა. მის ამ სიტყვებზე მ. ნ-ს გაუჩნდა რეალური შიში, რომ ის მართლა მოკლავდა, რადგან იყო მთვრალი და მანამდე ძლიერად ურტყამდა მუშტებს. შემდეგ იგი წამოწვა დივანზე და დაეძინა. მ. ნ-ძე 2022 წლის 21 ნოემბერს გამოცხადდა წ-ის პოლიციაში ამ ფაქტის დასაფიქსირებლად. ამ დროს, მეუღლისგან მიყენებული ძალადობის გამო ჰქონდა თავბრუსხვევა, ერეოდა გული და თავს გრძნობდა ცუდად, რის გამოც პოლიციის თანამშრომელმა დარეკა 112-ის სამსახურში. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა იგი გადაიყვანა წ-ში არსებულ ა-ეს კლინიკაში. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ მეუღლის - დ. ღ-ის მიერ თავისა და სახის არეში მუშტებით დარტყმებით მან განიცადა ძლიერი ტკივილი; ასევე - რეალური შიში, როდესაც მან დანა აიღო ხელში და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. გამოკითხვისას მოწმემ განმარტა, რომ გარდა აღნიშნული ძალადობისა, მათი თანაცხოვრების პერიოდში დ. ღ-მა წარსულშიც იძალადა ფიზიკურად. პირველად, 2022 წლის 25 ოქტომბერს, როდესაც მათთან სტუმრად იყვნენ მ. ნ-ის მეგობრები - გ, რომლის გვარიც არ ახსოვს და ლ. ბ-ი. ისინი იყვნენ მათი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე არსებულ მისაღებ ოთახში და სვამდნენ ღვინოს. დ-ი იყო საკმაოდ ნასვამი, როდესაც მოითხოვა განსხვავებული დიდი ჭიქით ღვინის დალევა. მ-მა იცოდა, რომ გ. ბევრ სასმელს ვერ იტანდა, ამიტომ მეუღლეს სთხოვა, აღარ იყო საჭირო დიდი ჭიქებით დალევა და ჩვეულებრივ გაეგრძელებინათ. დ. ღ-ს აღნიშნული ნათქვამი არ მოეწონა და სახეში სამჯერ ძლიერად დაარტყა გაშლილი ხელი, რის გამოც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ, მ. ნ-ძე გამოვიდა ეზოში და ეზოში გამოვიდა გ-ც, რომელიც სასმელისგან იყო ცუდად. მას ჩაუტარა პირველადი დახმარება, შემდეგ კი, გადაწყვიტა წაეყვანა ,,ა-ეს კლინიკაში“. ამასობაში მეუღლეს დასძინებოდა. მ-ი სტუმრებთან ერთად წავიდა ა-ში და იმ ღამეს დარჩა წ-ში, მის ნაქირავებ ბინაში, რადგან აღარ აპირებდა დ. ღ-ან დაბრუნებას. მეორე დღეს მასთან მივიდა მეუღლე და მოუხადა ბოდიში. მ-მი მას შეურიგდა და გაჰყვა საცხოვრებლად მის სახლში. აღნიშნულის შესახებ მას პოლიციაში არ განუცხადებია. დაზარალებულმა, ასევე გაიხსენა 2022 წლის 8 ნოემბრის ფაქტი და განმარტა, რომ ისინი იმყოფებოდნენ სახლში, რა დროსაც მან მეუღლეს უთხრა, რომ დაბადების დღის მისალოცად უნდა დაერეკა მეგობართან, რაზეც იგი გაბრაზდა და უთხრა, რომ ვერ დარეკავდა. მ-მი დაინტერესდა, რა პრობლემა იყო დაბადების დღის მილოცვა, რაზეც დ-მა უთხრა, რატომ არ უჯერებდა და მაგრად დაარტყა სახეში გაშლილი ხელი, რა დროსაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. შემდეგ მან ყელში წაუჭირა ხელები, აიღო მისი ტელეფონი და უნდოდა ბარათების ამოღება, თუმცა ვერ ამოიღო და დაამტვრია. აღნიშნული ტელეფონი იყო „რედმის“ ფირმის, რომელშიც გადახდილი ჰქონდა 1200 ლარი. როდესაც გათენდა, მან კვლავ დაიწყო ბოდიშის მოხდა და სთხოვდა პატიებას, ჰპირდებოდა, რომ აღარ განმეორდებოდა აღნიშნული ფაქტი. მ. ნ-ძე მას კვლავ შეურიგდა და არ განუცხადებია აღნიშნული ფაქტის შესახებ პოლიციაში.

11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ოჯახური დანაშაულების სპეციფიკიდან გამომდინარე, ისინი მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა, რადგან ოჯახურ გარემოში მიმდინარეობს. ამიტომ, ასეთ ვითარებაში, დაზარალებულის თანმიმდევრული ნაამბობი, შეუცვლელი მტკიცებულებაა. მითუფრო, როდესაც ისინი სრულადაა თანხვდენილი საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან.

12. დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ ოჯახურ კონფლიქტებს მასსა და დ. ღ-ს შორის თვითმხილველი მოწმე ჰყავდა მხოლოდ ერთ შემთხვევაში - 2022 წლის 25 ნოემბერს ჩადენილი ძალადობისას. მას ესწრებოდნენ მ. ნ-ის მეგობრები - გ. და ლ. ბ-ი.

13. მოწმე ლ. ბ-ის გამოკითხვით დასტურდება, რომ დაახლოებით ორი წელია რაც იცნობს და მეგობრობს მ. ნ-ან. იგი 2022 წლის ოქტომბრის თვეში გათხოვდა დ. ღ-ზე, რომელთანაც გადავიდა საცხოვრებლად ს-ის რაიონის სოფელ ძველ ა-ში. 2022 წლის 25 ოქტომბერს, მეგობარ გ. ლ-ან ერთად, რომელსაც პირადობის მოწმობაში სახელად მითითებული აქვს გ-ი, სტუმრად მივიდნენ მ. ნ-ან. სახლში იმყოფებოდნენ მ-ი და მისი მეუღლე. ოთხივე იჯდა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე არსებულ მისაღებ ოთახში და სხვამდნენ ღვინოს. სუფრის მიმდინარეობისას დ. ღ-მა მოითხოვა, რომ დაელიათ განსხვავებულები და მან და გ-მმა სამჯერ დალიეს. დ. ღ-მა კიდევ რომ მოისურვა განსხვავებული ჭიქით დალევა, მ. ნ-მ უთხრა, ჩვეულებრივი ჭიქით დაელიათ და განსხვავებული საჭირო არ იყო, რაზეც დ-ი უეცრად გაბრაზდა და გაშლილი ხელი სამჯერ ძლიერად დაარტყა მ-ს სახის არეში. ისინი ცდილობდნენ გაშველებას, მ. ნ-ძე გავიდა გარეთ, თან გაჰყვა გ-იც, თუმცა იგი ძალიან ნასვამი იყო და ჩხუბის მომენტში გახდა შეუძლოდ. ისინი გადაერთნენ გ-ზე და გადაწყვიტეს, რომ წაეყვანათ ,,ა-ეს კლინიკაში“. ვიდრე ისინი სახლს დატოვებდნენ, დ. ღ-ს დაეძინა.

14. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა 2022 წლის 25 ოქტომბრის ფაქტთან დაკავშირებით მოწმის სახით გამოკითხულმა გ. ლ-მ.

15. ამრიგად, დაზარალებულ მ. ნ-სა და თვითმხილველი მოწმეების - ლ. ბ-სა და გ. ლ-ის ჩვენებებით ცალსახად დასტურდება 2022 წლის 25 ოქტომბერს დ. ღ-ის მიერ მეუღლის - მ. ნ-ს მიმართ ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტი.

16. 2022 წლის 20 ნოემბრის მუქარისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ეპიზოდებთან მიმართებით, დაზარალებულ მ. ნ-ს თანმიმდევრული ჩვენების გარდა, საქმეში წარმოდგენილია მოწმე რ. გ-ის გამოკითხვის ოქმი, რომლის მიხედვით, იგი მუშაობს შპს ა-ეს კლინიკა „ს-ში“ ექიმის პოზიციაზე. 2022 წლის 21 ნოემბერს, შუადღის საათებში, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ აღნიშნულ კლინიკაში შეიყვანეს მ. ნ-ძე, რომელსაც აღენიშნებოდა ძლიერი თავის ტკივილი. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნული თავის ტკივილი გამოწვეული იყო ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად, რომელიც მიაყენა მეუღლემ. პაციენტს კვლევის შედეგად დაუდგინდა ტრავმული სუბდურული ჰემატომა. მას ესაჭიროებოდა სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია, რის გამოც იგი კატასტროფის ბრიგადის მიერ გადაიგზავნა ქ. თ-სში, სპეციალიზებულ კლინიკა „ვ-ში“.

17. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად, შპს „ა-ეს კლინიკა“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის ... და შპს „ვ-ი“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის ... მიხედვით, მოქ. მ. ნ-ს აღენიშნება ტრავმული სუბდურული ჰემატომა; ქუთუთოსა და პერიოკულარული მიდამოს კონტუზია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, რიგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.

18. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პრეტენზიას მ. ნ-ს კუთვნილი ტელეფონის ღირებულებასთან დაკავშირებით (არ ჩატარებულა სასაქონლო ექსპერტიზა მისი რეალური ღირებულების დასადგენად).

19. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გარდა იმისა, რომ დაზარალებულმა თავად დაასახელა „რედმის“ ფირმის მობილური ტელეფონის შეძენის ღირებულება, გასათვალისწინებელია, რომ სააპელაციო პალატაში ამ საკითხის სადავოდ მიჩნევამდე, დაცვის მხარეს არც ერთ ეტაპზე არ განუცხადებია პრეტენზია მის ღირებულებასთან დაკავშირებით და არც ალტერნატიული მტკიცებულება წარუდგენია, რომელიც განსხვავებული მსჯელობის საფუძველი გახდებოდა ამ მიმართებით.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება დ. ღ-ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა და მას დანიშნული აქვს სამართლიანი სასჯელი.

21. საკასაციო სასამართლო აგრეთვე აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 ოქტომბრის საოქმო განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა უდაოდ მიჩნეული მტკიცებულებების გამოკვლევის თაობაზე, შეესაბამება საპროცესო სამართლის ნორმებს და წარმოდგენილი საქმის მასალებიდან გამომდინარე, არ გამოვლენილა მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. საკასაციო საჩივარში მითითებული არ არის რაიმე დამატებითი სახის არგუმენტზე ხსენებულ საოქმო განჩინებასთან მიმართებით. შესაბამისად, ადვოკატ ა. გ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

22. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020).

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

24. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. ღ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი