Facebook Twitter

საქმე # 330802224008825669

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№9I-24 ქ. თბილისი

ა-ი ა ხ. ფ, 9I-24 22 მარტი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ფ. ხ. ა. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ხ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 5 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ფ. ხ. ა. ა-ის მიმართ ა-ში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

1.1. 2023 წლის 6 დეკემბერს ა-ის ნ-ის ოლქის სასამართლოს მოსამართლემ გამოსცა ჩამნაცვლებელი სისხლისსამართლებრივი საჩივრის დოკუმენტი (ბრალდების შესახებ დადგენილება), რომლის თანახმადაც, ფ. ხ. ა. ა-ს ბრალი დაედო ა-ის კოდექსის მე-18 თავის §1030 (a)(6)(A) ნაწილით (კომპიუტერულ მოწყობილობებთან დაკავშირებული თაღლითობა და მსგავსი აქტივობა), მე-18 თავის §1029 (a)(5) ნაწილით (დაცულ სისტემებთან დაკავშირებული თაღლითობა და მსგავსი აქტივობა), მე-18 თავის §1029 (a)(2) ნაწილით (დაცულ სისტემებთან დაკავშირებული თაღლითობა და მსგავსი აქტივობა).

2. ფ. ხ. ა. ა-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2.1. 2023 წლის 28 ნოემბერს გაფორმდა ერთობლივი დეკლარაცია საქართველოსა და ა-ს შორის ფ. ხ. ა. ა-ს ექსტრადიციის თაობაზე.

2.2. 2023 წლის 1-ელ დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ა-ის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ფ. ხ. ა. ა-ი.

2.3. 2023 წლის 3 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ფ. ხ. ა. ა-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

2.4. 2023 წლის 22 დეკემბერს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა ფ. ხ. ა. ა-ს ექსტრადიციის თაობაზე ა-ის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი დოკუმენტები.

2.5. 2024 წლის 27 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ფ. ხ. ა. ა-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2024 წლის 1-ელ ივნისამდე.

2.6. ამჟამად ფ. ხ. ა. ა-ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. ა-ის მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, ფ. ხ. ა. ა-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

3.2. დაახლოებით, 2018 წლის შემდგომ პერიოდში, ფ. ხ. ა. ა-თი, ...-ს მეტსახელით, კიბერდანაშაულებრივ ფორუმზე, მომხმარებლებს სთავაზობდა სხვადასხვა უკანონო სერვისის მიწოდებას. 2023 წლის 8 მაისს, აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) საიდუმლო აგენტის მიერ იდენტიფიცირებულ იქნა, რომ ფ. ხ. ა. ა-ი ზემოხსენებულ ფორუმზე მომხმარებლებს სთავაზობდა 50 კომპანიის კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაზე წვდომისთვის საჭირო მონაცემების მიყიდვას. გამოძიების ფარგლებში, დაახლოებით 2023 წლის 19 მაისს, საიდუმლო აგენტმა ფ. ხ. ა. ა-ნ შეიძინა 50 დაზარალებული კომპანიის სისტემაზე წვდომისთვის საჭირო მონაცემები, რის შემდგომაც მან აგენტს მიაწოდა ყველა ის მონაცემი, რომლის გამოყენებითაც აგენტს ჰქონდა მითითებული კომპანიების კომპიუტერულ სისტემაში შეღწევის შესაძლებლობა, მათ შორის, კომპიუტერულ სისტემაზე წვდომისთვის მიწოდებული მონაცემების გამოყენების ინსტრუქცია.

3.3. გარდა აღნიშნულისა, 2023 წლის 18 სექტემბერს, FBI-ს საიდუმლო აგენტმა ფ. ხ. ა. ა-ნ განიხილა ისეთი პროგრამის შეძენის შესაძლებლობა, რომლის გამოყენებითაც მოხდებოდა კომპიუტერული სისტემის დამცავი მექანიზმის გათიშვა, რა დროსაც ფ. ხ. ა. ა-მა განაცხადა, რომ ფლობდა პროგრამას, რომელსაც შეეძლო სამი სხვადასხვა კომპანიის მიერ შექმნილი კომპიუტერული სისტემის დაცვის მექანიზმის გათიშვა. აღნიშნულის დასადასტურებლად და სადემონსტრაციოდ საიდუმლო აგენტმა ფ. ხ. ა. ა-ს მისცა წვდომა .....-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) კომპიუტერულ სერვერზე, რომელიც აღჭურვილი იყო ზემოხსენებული დაცვის სისტემით. დემონსტრაციის პროცესში ფ. ხ. ა. ა-მა პროგრამის გამოყენებით გათიშა კომპიუტერული სისტემის დაცვის მექანიზმი.

3.4. ამასთან, ფ. ხ. ა. ა-მა, პროგრამის ფუნქციონირების დემონსტრირების მიზნით, საიდუმლო აგენტის მიერ მიწოდებულ FBI-ს კომპიუტერულ სერვერზე შევიდა იმ IP მისამართიდან, რომელიც გამოიყენა სამთავრობო კომპიუტერულ სისტემებში უკანონო წვდომისათვის. გარდა ამისა, იგივე IP მისამართი გამოყენებულ იქნა 2023 წლის ივნისში ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმაში, რამაც 50 000 000 აშშ დოლარის ოდენობის ზიანი გამოიწვია.

3.5. საიდუმლო აგენტ ფ. ხ. ა. ა-ს ეკონტაქტებოდა 2023 წლის 13 ოქტომბრამდე და მისგან ასევე შეიძინა კომპიუტერულ სისტემაზე უკანონო წვდომისთვის შექმნილი მაღალი ხარისხის პროგრამა.

4. 2024 წლის 1 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა ფ. ხ. ა. ა-ის ა-ში ექსტრადიცია.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 5 მარტის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

5.1. დასაშვებად იქნა ცნობილი ფ. ხ. ა. ა-ის ა-ში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია ფ. ხ. ა. ა-ის ექსტრადიციის შესახებ ა-ის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობის დანართ დოკუმენტებში და დასჯადია ა-ის კოდექსის მე-18 თავის §1030 (a)(6)(A) ნაწილით (კომპიუტერულ მოწყობილობებთან დაკავშირებული თაღლითობა და მსგავსი აქტივობა), მე-18 თავის §1029 (a)(5) ნაწილით (დაცულ სისტემებთან დაკავშირებული თაღლითობა და მსგავსი აქტივობა), მე-18 თავის §1029 (a)(2) ნაწილით (დაცულ სისტემებთან დაკავშირებული თაღლითობა და მსგავსი აქტივობა).

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ფ. ხ. ა. ა-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ. ხ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 5 მარტის განჩინების გაუქმება.

7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და მოითხოვა ფ. ხ. ა. ა-ის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 5 მარტის განჩინების უცვლელად დატოვება.

7.1. პოზიციის ავტორი აღნიშნავს, რომ არ არსებობს ფ. ხ. ა. ა-ის ა-ში ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ:

· ფ. ხ. ა. ა-ის ა-ში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლითა და მე-8 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს;

· არ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ა-ში ექსტრადიციის შემთხვევაში, ფ. ხ. ა. ა-ი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფის ანდა დევნის რისკი;

· სამართლებრივად უსაფუძვლოა დაცვის მხარის მითითება იმის თაობაზე, რომ ა-ის კომპეტენტურ ორგანოებს არ წარმოუდგენიათ ფ. ხ. ა. ა-ის ბრალეულობის თაობაზე მტკიცებულებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. ფ. ხ. ა. ა-ის ა-ში ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი და კანონის ამავე დებულებების საფუძველზე გაფორმებული ინდივიდუალური შეთანხმება - საქართველოსა და ა-ის ერთობლივი დეკლარაცია ფ. ხ. ა. ა-ის ექსტრადიციის შესახებ.

4. ა-ის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ფ. ხ. ა. ა-ი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა დააკავეს 2022 წლის 14 მარტს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

5. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 თავი დეტალურად განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს; საკასაციო სასამართლო თითოეულ მათგანს მიმოიხილავს ცალ-ცალკე და შეაფასებს, არსებობს თუ არა ფ. ხ. ა. ა-ის ა-ბში ექსტრადიციის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე სახის საფუძველი.

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაული:

6.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული ექვემდებარებოდეს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული დანაშაული როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით იყოს დასჯადი, 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით, ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი უკვე მსჯავრდებულია, აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.

6.2. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებებისათვის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია ა-ის კოდექსის იმ მუხლებით, რომლებითაც პირი ბრალდებულია (2023 წლის 6 დეკემბერს ა-ის ნ-ის ოლქის სასამართლოს მოსამართლის მიერ გამოცემულ იქნა ჩამნაცვლებელი სისხლისსამართლებრივი საჩივრის დოკუმენტი (ბრალდების შესახებ დადგენილება), რომლის თანახმადაც, ფ. ხ. ა. ა-ს ბრალი დაედო ა-ის კოდექსის მე-18 თავის §1030 (a)(6)(A) ნაწილით (კომპიუტერულ მოწყობილობებთან დაკავშირებული თაღლითობა და მსგავსი აქტივობა), მე-18 თავის §1029 (a)(5) ნაწილით (დაცულ სისტემებთან დაკავშირებული თაღლითობა და მსგავსი აქტივობა), მე-18 თავის §1029 (a)(2) ნაწილით (დაცულ სისტემებთან დაკავშირებული თაღლითობა და მსგავსი აქტივობა). ამასთან, დაკმაყოფილებულია მინიმალური სასჯელის წესი.

6.3. ფ. ხ. ა. ა-ის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში დასჯადი იქნებოდა, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე მუხლის პირველი ნაწილით (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

6.4. ამდენად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ფ. ხ. ა. ა-ის ბრალად წარდგენილი ზემოხსენებული ქმედებები დანაშაულად ითვლება და დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე ა-ის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში, მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა.

7. საქართველოს მოქალაქის ექსტრადიცია:

7.1. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, დაუშვებელია საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

7.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ფ. ხ. ა. ა-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, ხსენებული პირი არ ითვლება აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის ი-ის ჰაშემიტური სამეფოს მოქალაქე.

8. უსაფუძვლოა დაცვის მხარის მითითება, რომ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული პროცედურების დასრულებამდე არ უნდა განხორციელდეს ფ. ხ. ა. ა-ის ექსტრადიცია.

9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული არ გამომდინარეობს არც ეროვნული და არც საერთაშორისო სამართლებრივი აქტების დებულებებიდან, კერძოდ:

10. ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ პირს მიცემული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი ან თუ იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია. ამასთან, საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-15 და მე-19 მუხლების, ასევე ჟენევის კონვენციის პირველი მუხლის A პუნქტის (2) ქვეპუნქტიდან გამომდინარე, აღნიშნული დოკუმენტების მიზანსა და საგანს წარმოადგენს პირის დაცვა წარმოშობის სახელმწიფოდან მომდინარე დევნის საფრთხისაგან inter alia წარმოშობის სახელმწიფოში ექსტრადიციისგან თავის შეკავების გზით. ამასთან, აღნიშნული სამართლებრივი დოკუმენტები არ არეგულირებს პირის ექსტრადიციას მესამე (არა წარმოშობის) სახელმწიფოში და შესაბამისად, არ ადგენს რაიმე აკრძალვას აღნიშნულთან დაკავშირებით.

11. ფ. ხ. ა. ა-ი არ არის ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს - ა-ის მოქალაქე; ამავდროულად, ის არის ი-იის ჰაშემიტური სამეფოს მოქალაქე. ამდენად, საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-15 და მე-19 მუხლებისა და ჟენევის კონვენციის პირველი მუხლის A პუნქტის (2) ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფო არ არის ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის წარმოშობის ქვეყანა და შესაბამისად, საქართველოში მიმდინარე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის პროცესი არ წარმოადგენს ფ. ხ. ა. ა-ის ა-ში ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის №41-21, №3501-21 განჩინებები).

12. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მესამე სახელმწიფოში ექსტრადიციის შემთხვევაში, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი არ რჩება ეფექტური დაცვის მექანიზმების გარეშე, კერძოდ, როდესაც არსებობს „არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის“, რომ ექსტრადიციის მომთხოვნ სახელმწიფოში, მათ შორის, მესამე (არაწარმოშობის) სახელმწიფოში, პირის მიმართ დაირღვევა კონკრეტული უფლება (მაგ. ადგილი ექნება სიცოცხლის მოსპობას, არასათანადო მოპყრობას და სხვა), პირის ექსტრადიცია არ განხორციელდება. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის თაობაზე მიმდინარე პროცედურების დასრულებამდე მესამე (არაწარმოშობის) სახელმწიფოში ექსტრადიციის განხორციელების შესაძლებლობა არ გულისხმობს, რომ პირის ექსტრადიცია ასეთ სახელმწიფოში ხდება უფლებების შესაძლო დარღვევის საფრთხის შეფასების გარეშე. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, იმის მიუხედავად, ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფო არის თუ არა ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის წარმოშობის ქვეყანა, საექსტრადიციო პროცედურების ფარგლებში დეტალურად ხდება ექსტრადიციის შემთხვევაში უფლებების შესაძლო დარღვევის ანალიზი, ამ კუთხით ყველა გარემოების გამოკვლევა და შეფასება.

13. შესაბამისად, საქართველოში მიმდინარე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის პროცესი არ წარმოადგენს ფ. ხ. ა. ა-ის ა-ში ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას.

14. ხანდაზმულობის ვადა:

14.1. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადას, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.

14.2. დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენისთვისაც ფ. ხ. ა. ა-ი ბრალდებულია ა-ში, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თუ გავიდა 6 წელი სხვა, ნაკლებად მძიმე 6 დანაშაულის ჩადენიდან. ამასთან, ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე.

14.3. ფ. ხ. ა. ა-ის ა-ში ექსტრადიცია მოითხოვება იმ დანაშაულებთან მიმართებით, რომლებიც ჩადენილია 2023 წელს. ამდენად, აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით ცალსახაა, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა მითითებულ დანაშაულებთან მიმართებით გასული არ არის.

14.4. ამასთან, ამერიკული მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკული კანონმდებლობით გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადა არცერთ დანაშაულთან მიმართებით ამოწურული არ არის.

14.5. მაშასადამე, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნ (ა-ის), ისე - მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.

15. პრინციპი ,,Non bis in idem“:

15.1. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მიხედვით, პირი არ ექვემდებარება ექსტრადიციას, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, უკვე მიღებულია შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განმხილველ სახელმწიფოში (non bis in idem).

15.2. ფ. ხ. ა. ა-ის მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპი.

16. ექსტრადიციის გამომრიცხავი სხვა გარემოებები:

16.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი რამდენიმე პუნქტად მიმოიხილავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი. მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მათგან დამატებით გამოყოფს მე-3 პუნქტს, რომლის თანახმადაც, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობასთან.“

16.2. ადვოკატის მტკიცებით, ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ფ. ხ. ა. ა-ის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე.

16.3. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, მომთხოვნ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურად დარღვევის შესახებ განცხადება არ არის საკმარისი. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005). მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ ზოგადად მიუთითა ა-ში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების დარღვევის საფრთხის თაობაზე.

16.4. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს,.. როდესაც არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K v. Russia, ECtHR, no 69235/11, § 66, 23/05/2011). ასევე, ზოგადად, ქვეყანაში არსებული ძალადობრივი მდგომარეობა თავისთავად არ არღვევს კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებს პირის ამ ქვეყანაში ექსტრადიციის შემთხვევაში (იხ. H.L.R. v. France, § 41, ECtHR, 29/04/1997), გამონაკლისია „განსაკუთრებით უკიდურესი შემთხვევები“ (T.K. and S.R. v. Russia, no28492/15 და 49975/15, § 79, 19/11/2019; იხ.Sufi and Elmi v. the United Kingdom, no. 8319/07, 11449/07, §§ 216, 218, 28/06/2011).

17. სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომ „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v. Belgium, no.140/10, par.11, ECtHR, 04/09/2014; Soering v. UK, §86 ECtHR, 07/07/1989).

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდა ფ. ხ. ა. ა-ის ადვოკატის - შ. ხ-ს მიერ გაცხადებული ჰიპოთეტური ხასიათის მოსაზრებისა, საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება სხვა რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს, რომ ფ. ხ. ა. ა-ის ა-ში ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების დარღვევის inter alia მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან მისი სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე.

19. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ა-ი წარმოადგენს ქვეყანას, რომელშიც მყარად არის უზრუნველყოფილი სახელმწიფოს დემოკრატიულ მმართველობა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა. არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom Houses-ის ყოველწლიურ ანგარიშში 2023 წლისთვის ა-ბი ითვლებოდა თავისუფალ ქვეყნად და მაღალი ქულები ჰქონდა სამოქალაქო უფლებებისა და კანონის უზენაესობის კუთხით. World Justice Project-ის 2017-2018 წლის კანონის უზენაესობის ანგარიშის მიხედვით, ა-ბს ასევე კარგი შეფასება აქვს კანონის უზენაესობასთან მიმართებით (მსოფლიოში მე-19 ადგილზეა) და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კუთხით (მსოფლიოში მე-20 ადგილზეა). ამდენად, ა-ბი წარმოადგენს „უსაფრთხო სახელმწიფოს“, სადაც ექსტრადიცია ზოგადად არ ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკს.

20. გარდა ამისა, არც ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც საფრთხეს შეუქმნიდა მისი ექსტრადიციის შემთხვევაში საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა სფეროში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.

21. ა-ის შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალებიდან გამომდინარე, არ იკვეთება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლების) დარღვევის საფრთხეც. ფ. ხ. ა. ა-ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ ა-ში ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებები დაირღვევა.

22. დაცვის მხარე არ ეთანხმება ფ. ხ. ა. ა-ის ექსტრადიციას იმ საფუძვლით, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია და ა-ის კომპეტენტურ ორგანოებს არ წარმოუდგენიათ მისი ბრალეულობის თაობაზე მტკიცებულებები.

23. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონი დეტალურად განსაზღვრავს იმ დოკუმენტებისა და ინფორმაციის ჩამონათვალს, რომელიც უნდა წარედგინოს ექსტრადიციის შუამდგომლობის განმხილველ სახელწიფოს. აღნიშნულ დოკუმენტებსა და ინფორმაციას შორის არ არის მითითებული პირის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, მართალია, ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენცია, წინამდებარე შემთხვევაში, არ წარმოადგენს ექსტრადიციის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს, თუმცა, მნიშვნელოვანია კონვენციით დადგენილი ანალოგიური რეგულაციის განხილვა შესაბამისი ევროპული სტანდარტის შეფასების მიზნებისთვის, კერძოდ, ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მე-12 მუხლი შეიცავს იმ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ამომწურავ ჩამონათვალს, რომლის წარმოდგენის ვალდებულებაც ეკისრება ექსტრადიციის მომთხოვნ სახელმწიფოს. აღნიშნულ ჩამონათვალში არ არის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე მითითება, რაც ჩამონათვალის ამომწურავი ბუნებიდან გამომდინარე, ნიშნავს, რომ ასეთი მტკიცებულებების ექსტრადიციის შუამდგომლობის განმხილველი სახელმწიფოსთვის წარდგენისა და ამ უკანასკნელის მიერ მათი განხილვის სამართლებრივი მექანიზმი და საფუძველი არ არსებობს. ბრალეულობის შესახებ მტკიცებულებების გამოთხოვა ვერ მოხდება ვერც დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის გზით, ვინაიდან დამატებითი ინფორმაცია შეიძლება გამოთხოვილ იქნეს ისეთ საკითხებთან მიმართებით, რომელთა მოწოდების ვალდებულება გააჩნია ექსტრადიციის მომთხოვნ სახელმწიფოს, რომელთა შეფასების უფლებამოსილებაც/ვალდებულებაც აქვთ საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებს და რომელთა შეფასებაც ექსტრადიციის პროცედურების ფარგლებში აუცილებელია/ მიზანშეწონილია. დამატებითი ინფორმაცია ვერ იქნება გამოთხოვილი ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ ექვემდებარება შეფასებას საექსტრადიციო პროცედურების ფარგლებში.

24. გარდა აღნიშნულისა, ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენის ვალდებულება არ არის გათვალისწინებული არც საქართველოსა და ა-ს შორის 2023 წლის 28 ნოემბერს გაფორმებულ ერთობლივ დეკლარაციაში. კერძოდ, აღნიშნული დეკლარაციის მე-5 პუნქტი ადგენს იმ დოკუმენტების ამომწურავ ჩამონათვალს, რომლებიც უნდა იქნეს წარმოდგენილი ექსტრადიციის შუამდგომლობასთან ერთად და რომლებიც ა-ის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებულია კანონით დადგენილ ვადაში.

25. შესაბამისად, უსაფუძვლოა დაცვის მხარის პრეტენზია ბრალეულობასთან დაკავშირებული მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე.

26. ასევე საფუძველს მოკლებულია ადვოკატ შ. ხ-ის მიერ საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზია იმის თაობაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძვლად უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ მინსკის 1993 წლის კონვენცია.

27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ მინსკის 1993 წლის კონვენცია ექსტრადიციის სამართლებრივი საფუძველი შესაძლებელია იყოს მხოლოდ აღნიშნული კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოებთან ექსტრადიციის განხორციელების შემთხვევაში. ა-ბი არ არის აღნიშნული კონვენციის ხელშემკვრელი. ამდენად, ზემოაღნიშნული კონვენცია პირის ა-ში ექსტრადიციის საფუძველი ვერ იქნება. ფ. ხ. ა. ა-ის ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი და კანონის ამავე დებულებების საფუძველზე 2023 წლის 28 ნოემბერს გაფორმებული ინდივიდუალური შეთანხმება - საქართველოსა და ა-ის ერთობლივი დეკლარაცია ფ. ხ. ა. ა-ის ექსტრადიციის შესახებ.

28. ამდენად, აღნიშნულ კონტექსტშიც დაცვის მხარის პოზიცია მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

29. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში აპელირებს იმ საკითხზეც, რომ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია არასაპატიმრო სასჯელიც, რაც აბრკოლებს ექსტრადიციას.

30. საკასაციო სასამართლო მიუთითებს შემდეგს: საქართველოსა და ა-ბს შორის დადებული, ფ. ა-ის ექსტრადიციის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის თანახმად, ფ. ა-ის ექსტრადიციის შესახებ ა-ის შუამდგომლობას საქართველო განიხილავს თავისი შიდა კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების საფუძველზე. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ექსტრადიცია შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ იმ დანაშაულებთან მიმართებით, რომლებიც დასჯადია თავისუფლების აღკვეთით როგორც ექსტრადიციის შუამდგომლობით მიმმართველ, ისე შუამდგომლობის განმხილველ სახელმწიფოში და აღნიშნული დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამდენად, იმისთვის, რომ დანაშაული იყოს ექსტრადირებადი, შესაძლებელია, რომ ეს დანაშაული ალტერნატიულ სასჯელად ითვალისწინებდეს არასაპატიმრო სასჯელს, თუმცა, აუცილებელია, რომ მაქსიმალური სასჯელის სახით ითვალისწინებდეს, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

31. პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება:

31.1. კასატორი დაცვის მხარე ასევე უთითებს ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევაზე.

31.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ექსტრადიცია შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან (King v. The United Kingdom, no. 9742/07, ECtHR, 29; Aronica v. Germany , no. 72032/01, ECtHR). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no. 27279/95,ECtHR).

31.3. მოცემულ შემთხვევაში, ფ. ხ. ა. ა-ი ბრალდებულია და იძებნება რამდენიმე ცალკეული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც მაქსიმალური სასჯელის სახით ითვალისწინებს 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, იმ დანაშაულებრივი ქმედებების კომპლექსურობის, სიმძიმისა და ტრანსნაციონალური ხასიათის გათვალისწინებით, რომლებისთვისაც მოითხოვება ფ. ხ. ა. ა-ის ექსტრადიცია, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზანი იმთავითვე გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებაში ჩაურევლობის ინტერესს.

31.4. ამდენად, ფ. ხ. ა. ა-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 5 მარტის განჩინება კანონიერია, რის გამოც მისი შეცვლის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ფ. ხ. ა. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 5 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე