საქმე # 130100122006527581
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1180აპ-23 ქ. თბილისი
ბ–ი ბ., 1180აპ-23 28 თებერვალი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. მ–მ. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ბ. ბ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი ძირითადი საფუძვლებით: განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლო, ვინაიდან სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა ბ. ბ–ს მიერ ბრალად შერაცხილი დანაშაულის ჩადენა; განაჩენი ემყარება: მხოლოდ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და სქემას, რომლის მიხედვით, შეჯახების სავარაუდო ადგილად არასწორადაა მიჩნეული საავტომობილო გზის გვერდული, აგრეთვე – ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული ავტოტექნიკური და სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2022 წლის 6 ივნისის დასკვნას, მაგრამ აღნიშნული დასკვნაც ეყრდნობა გამომძიებლის მიერ არასწორად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს; სინამდვილეში შეჯახება მოხდა არა საავტომობილო გზის გვერდულზე, არამედ გზის სავალ ზოლში, რასაც სრულად ადასტურებს დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2023 წლის 6 ივნისის N.......... დასკვნა.
2. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 თებერვლის განაჩენით ბ. ბ–ი, – დაბადებული .... წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
მსჯავრდებულ ბ. ბ–ს 2 (ორი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. შეზღუდვის მოქმედების ვადის დენა უნდა დაიწყოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
მსჯავრდებულ ბ. ბ–ს სასჯელის მოხდა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 5 ივნისიდან.
გაუქმდა ბ. ბ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ბ–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, რაც გამოიხატა შემდეგით:
2022 წლის 4 ივნისს, .............ის ძველ საავტომობილო მაგისტრალზე, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავ ავტომანქანა ,,LEXUS CT 200 M-ს“ სახელმწიფო სანომრე ნიშნით ........, მართავდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბ. ბ–ი. ქ–ს მუნიციპალიტეტის დაბა ა–სთან, დაახლოებით 21:20 საათზე, მძღოლმა ბ. ბ–სმა დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-18 პუნქტის მოთხოვნა და ხელის შემშლელი გარემოებების არსებობის გარეშე, თავის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით დაეჯახა მისი სამოძრაო ზოლის მხარის გვერდულაზე, თანმხვედრი მიმართულებით ქვეითად მოძრავ ს. ჩ–ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
4. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. მ–მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ბ. ბ–ს უდანაშაულოდ ცნობა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 სექტემბრის განაჩენით ხაშურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და კასატორს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მსჯავრდებულ ბ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ–ს პოზიციას მსჯავრდებულის უდანაშაულობის შესახებ და მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების – ა. გ–ს, ი. გ–ს, ვ. ღ–ს, ლ. მ–ს, მ. მ–სა და სხვათა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2022 წლის 4 ივნისის ოქმითა და თანდართული სქემატური ნახაზით, ავტოტექნიკური და სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2022 წლის 6 ივნისის N .... დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის გ. კ–ს ჩვენებით, ს. ჩ–ს სამედიცინო ექსპერტიზის 2022 წლის 11 ნოემბრის დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის პ. ჯ–ს ჩვენებით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის 2022 წლის 22 ივნისის N.......... დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ბ. ბ–მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებები მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ პროცესში რაიმე სახის არსებითი დარღვევა, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა სისხლის სამართლის საქმის შედეგზე, გამოკვეთილი არ არის. ამასთან, სააპელაციო პალატამ ასევე დეტალურად იმსჯელა და დაასაბუთა, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარა დაცვის მხარის მტკიცებულება და არგუმენტები, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს. საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია იმ არგუმენტების გამეორება, რასაც ეთანხმება.
10. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ბ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი