საქმე N 330100122006200688
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№954აპ-23 ქ. თბილისი
ბ–ი ჟ., 954აპ-23 19 თებერვალი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ჟ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ს–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჟ. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ს–მა, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილებების მიღების დროს, არსებითად დაარღვიეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კერძოდ: 2023 წლის 18 აპრილის სხდომაზე, დაცვის მხარემ უდავოდ გახადა მხოლოდ სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა გადაწყვეტილებებში მიუთითეს, რომ სადავოდ არ გამხდარა საქმეში წარმოდგენილი წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები; ბრალდების მხარემ შეგნებულად გააჭიანურა ვ. ბ–ს წარმოდგენა, რათა სასამართლოში დაკითხვისას არ გამოაშკარავებულიყო მისი სიცრუე; კანონის დარღვევით გამოქვეყნდა დაზარალებულის მიერ, გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია, რამეთუ ცნობა, რომლის მიხედვითაც, ვ. ბ–ა არ იმყოფებოდა ს–ში გაცემული იყო პროცესამდე 11 დღით ადრე, რაც, იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულს მხოლოდ 2022 წლის მეორე ნახევარში 5-ჯერ ჰქონდა ს–ს საზღვარი გადაკვეთილი, ვერ გამოდგებოდა მისი უცხოეთში ყოფნის უტყუარ მტკიცებულებად; მიუხედავად იმისა, რომ საპროცესო კანონმდებლობით, გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო არ იყო ვალდებული, გაეთვალისწინებინა სასჯელთან მიმართებით დაზარალებულის პოზიცია, განაჩენის მოტივაციისას მიუთითა, რომ მხედველობაში მიიღო ვ. ბ–ა–ს მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რაც ერთობლივად შეფასებით, მიუთითებს, რომ ჟ. ბ–ს მიმართ გამოტანილი განაჩენი ვერ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 აპრილის განაჩენით ჟ. ბ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, საბოლოოდ, ჟ. ბ–ს მიესაჯა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ ჟ. ბ–მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. 2022 წლის 4 აგვისტოს, შუადღის საათებში, ქ. თ–ში, ........ის ქუჩის №..-ში მდებარე №.. ბინაში, ჟ. ბ–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა თავის მეუღლეზე, ვ. ბ–ზე, კერძოდ, თმაში ჩაავლო ხელი, დააგდო იატაკზე, გაშლილი ხელი გაარტყა სახეში, შემდეგ კვლავ თმაში სწვდა, დააგდო საწოლზე მუცლით, თავად ზემოდან მოექცა და საწოლის გადასაფარებელს უჭერდა ყელზე, თან ეუბნებოდა, რომ მოკლავდა. ჟ. ბ–ს ძალადობის შედეგად ვ. ბ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3.2. 2022 წლის 4 აგვისტოს, შუადღის საათებში, ქ. თ–ში, ..........ის ქუჩის №..-ში მდებარე №.. ბინაში ურთიერთშელაპარაკებისას, ჟ. ბ–მა კედელს ესროლა და დააზიანა მეუღლის, ვ. ბ–ას, კუთვნილი ,,iPhone 13 Pro Max-ის” ფირმის მობილური ტელეფონი. ჟ. ბ–ს ქმედებით ვ. ბ–ს მიადგა – 2100 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჟ. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ს–მა, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის არგუმენტებს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგენილია ჟ. ბ–ს მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობიდან: დაზარალებულ ვ. ბ–ს გამოკითხვის ოქმიდან, მოწმეების – ს. ბ–სა და ა. კ–ს ჩვენებებიდან, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პაციენტის სამედიცინო ბარათში მითითებული ინფორმაციიდან, ამოღებისა და დაკავების ოქმებიდან, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნიდან და საქმეში არსებული სხვა სამხილებიდან, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
9. სადავოდ გამხდარ, დაზარალებულ ვ. ბ–ას გამოძიების დროს, გამოკითხვის ოქმის სასამართლო განხილვისას გამოქვეყნებასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს.
10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ შემუშავებული პრინციპების მიხედვით, აუცილებელია სამ ეტაპად იქნეს შესწავლილი სამართალწარმოების შესაბამისობა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლ და მე-3 (დ) პუნქტებთან, როდესაც სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების სახით გამოყენებულ იქნა იმ მოწმის ჩვენება, რომელიც არ ესწრებოდა სასამართლო პროცესს და არ დაუკითხავთ. სასამართლომ უნდა შეისწავლოს:
(i) არსებობს თუ არა მოწმის დაუსწრებლობის საპატიო მიზეზი და შედეგად შესაძლებელია თუ არა დაუსწრებელი მოწმის გადაუმოწმებელი ჩვენებების გამოყენება;
(ii) არის თუ არა დაუსწრებელი მოწმის ჩვენება ბრალდებულის მსჯავრდების ერთადერთი, ან გადამწყვეტი საფუძველი;
(iii) არსებობს თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, მათ შორის – ქმედითი პროცესუალური გარანტიები, რათა დაცვისთვის გადაუმოწმებელი მტკიცებულებების დაშვებით მიყენებული ზიანი დაბალანსდეს და უზრუნველყოფილი იყოს მთლიანი სასამართლო განხილვის სამართლიანობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Schatschaschwili v. Germany, 15/12/2015, no 9154/10, [GC], §105-107).
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებობდა დაზარალებულ ვ. ბ–ას გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი – იგი იმყოფებოდა საზღვარგარეთ და საკმარისი ქმედითი პროცესუალური გარანტიები, რათა დაცვისთვის გადაუმოწმებელი მტკიცებულების დაშვებით მიყენებული ზიანი დაბალანსებულიყო, კერძოდ, სასამართლო განხილვა მიმდინარეობდა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რა დროსაც როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა წარმოედგინა თავისი მტკიცებულებები, მონაწილეობა მიეღო მოწინააღმდეგე მხარის სამხილების გამოკვლევაში და ჯეროვნად დაეცვა თავისი პოზიციები; იმის მხედველობაში მიღებით, რომ დაზარალებული იმყოფებოდა საზღვარგარეთ და ობიექტურად ვერ მოხერხდა მისი ჯვარედინი დაკითხვა, ბრალდების მხარემ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც თანხვდენილი იყო მისი გამოკითხვის ოქმთან და რომლებიც დაცვის მხარემ უშუალოდ და ზეპირად გამოიკვლია; ყველა სხვა მოწმემ, რომელთა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არ არსებობდა, ჩვენება მისცა სასამართლო განხილვისას და მათი სარწმუნოობა ჯვარედინი დაკითხვით შემოწმდა; ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ვ. ბ–ს გამოკითხვის ოქმი არ ყოფილა ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულება, ვინაიდან ჟ. ბ–ს ბრალეულობის დასადასტურებლად სასამართლოს წარედგინა სხვა მტკიცებულებები, რომლებიც თანხვდენილია დაზარალებულ ვ. ბ–ს მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიწოდებულ ინფორმაციასთან და რომელთა ერთობლიობა სარწმუნოდ მიუთითებს მის ბრალეულობაზე, კერძოდ: მოწმე ს. ბ–ს ჩვენება, რომელიც კორპუსის ბინაში ცხოვრობდა ბ–ების ოჯახის მეზობლად, შემთხვევის დღეს გაიგონა რუსულ ენაზე ჩხუბის ხმა, რა დროსაც ქალი ითხოვდა შველას და გამოიძახა პოლიცია; სამართალდამცავებისათვის შეტყობინების ოქმი, რომლის მიხედვით, შემთხვევის დღეს ს. ბ–მ მართლაც დარეკა ,,112-ში“ და აცნობა, რომ მის საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ქმარი სცემდა ცოლს, რომელიც რუსულ ენაზე ითხოვდა შველას და ესმოდა კივილის ხმა; სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პაციენტის ბარათი და მოწმის სახით დაკითხული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმის, ა. კ–ს ჩვენება, რომელმაც პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა ვ. ბ–ას, რომელიც იტკიებდა თავს, უჩიოდა საერთო სისუსტეს და ადანაშაულებდა მეუღლეს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში; ჟ. ბ–ს ბრალდებულის დაკავების ოქმი, რომელიც ცხადყოფს, რომ შემთხვევის დღეს, დაკავებისას მსჯავრდებულს კისრის არეში აღენიშნებოდა ნაკაწრები, რომლებიც მისი განმარტებით, მიიღო დაკავებამდე, ვ. ბ–ასთან კონფლიქტის დროს; ამოღების ოქმი, რომლითაც დგინდება, რომ ვ. ბ–ასაგან ამოღებულია დაზიანებული მობილური ტელეფონი ,,iPhone 13 Pro Max”, რომლის დაზიანების შედეგად, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დაზარალებულს მიადგა 2250 ლარის ზიანი.
12. დაზარალებულის სასამართლოში წარმოდგენის განზრახ გაჭიანურებასთან დაკავშირებით დაცვის მხარის მიერ გამოთქმულ ეჭვებთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 242-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილ მტკიცებულებათა რიგითობასა და მოცულობას განსაზღვრავს თვით წარმდგენი მხარე და, ამდენად, ბრალდების მხარის მიერ საკუთარი სამხილების სასამართლოსთვის წარდგენის რიგითობის განსაზღვრა ვერაფრით შეფასდება მსჯავრდებულის გამამართლებელ მოცემულობად. მეტიც, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე პროცესი მიმდინარეობდა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, დაცვის მხარეს ჰქონდა ბრალდების მხარესთან თანასწორი შესაძლებლობა, თავად ეზრუნა სასამართლოსათვის წარსადგენი მტკიცებულებების მოცულობაზე, თავად შეეყვანა დაზარალებული ვ. ბ–ა დასაკითხ მოწმეთა სიაში და თავად უზრუნველეყო სასამართლოში მისი გამოცხადება, ასეთი შესაძლებლობის შემთხვევაში, თუკი ეს გაამყარებდა დაცვის მხარის პოზიციას და არ ყოფილიყო საპროცესო მოწინააღმდეგის იმედად. ამავდროულად, საქმის მასალებით დგინდება, რომ 2023 წლის 27 იანვრის სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ წარმოადგინა დაზარალებული ვ. ბ–ა, რომელიც არ დაკითხულა, რამეთუ სასამართლო სხდომაზე არ იყო წარმოდგენილი ჟ. ბ–ი, თუმცა დაცვის მხარის თანხმობით, დაზარალებულმა დააფიქსირა თავისი პოზიცია მსჯავდებულის მოსალოდნელ სასჯელთან დაკავშირებით. ხაზგასასმელია, რომ დაზარალებულ ვ. ბ–ას გამოკითხვის ოქმი გამოქვეყნდა 2023 წლის 18 აპრილის სხდომაზე, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარემ ამოწურა სასამართლოში წარმოსადგენი მტკიცებულებები, რაც ცხადყოფს, რომ სასამართლომ, თავის მხრივ, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, სწორედ სამხილების გამოკვლევის ბოლო ეტაპზე მიიჩნია მიზანშეწონილად დაზარალებულის ჩვენების საჯაროდ წაკითხვა.
13. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ 2023 წლის 18 აპრილის სხდომაზე, დაცვის მხარემ უდავოდ გახადა მხოლოდ სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა გადაწყვეტილებების მოტივაციისას არასწორად მიუთითეს, თითქოსდა, სადავოდ არ გამხდარა საქმეში წარმოდგენილი წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები, რამეთუ 2023 წლის 18 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმით საპირისპირო დგინდება, კერძოდ, მას შემდეგ, რაც ბრალდების მხარემ ამოწურა სასამართლოში წარსადგენი ზეპირი მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებმა თანასწორი და შეჯიბრებითი პროცესის პირობებში გამოიკვლიეს, დაცვის მხარის მოთხოვნით, სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ბრალდების მხარის დარჩენილი სამხილების გამოკვლევა, რომელთათვისაც, დაცვის მხარის პოზიციით, სათანადო სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცა სასამართლოს.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ჟ. ბ–ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში არის კანონიერი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის წინაპირობები არ იკვეთება.
15. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ჟ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ს–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი