Facebook Twitter

საქმე # 330100122005922258

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №986აპ-23 ქ. თბილისი

კ–ი მ., 986აპ-23 8 თებერვალი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივლისის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა გამყრელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ლაშა გამყრელიძემ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის შეცვლას, მ. და მ. კ–ების დამნაშავეებად ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით მათთვის ბრალადშერაცხილი ქმედების ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელების განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან სადავოდ არ გამხდარა მ., მ. და მ. კ–ების დედის – ც. გ–ს 19.. წელს გარდაცვალების ფაქტი; 2012 წლის 6 ივნისს მ. და მ. კ–ებმა სამკვიდრო ქონების თანაბარწილად მიღების მოთხოვნისას, დაუმალეს ნოტარიუსს სხვა მემკვიდრის არსებობა და 2012 წლის 2 ივლისის ნოტარიუსის გადაწყვეტილებით, მ. და მ. კ–ებისზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზეც, მათ საკუთრებაში დარეგისტრირდა ქ. თ–ში, .......... ფერდობზე, მე-.. მ/რ-ის, ..-ლი კვარტლის, №.. კორპუსში მდებარე №.. საცხოვრებელი ბინა; მოწმის სახით დაკითხულმა ნოტარიუსმა, ე. ჯ–მ, დაადასტურა, რომ სამკვიდრო მოწმობის გაცემამდე მ. და მ. კ–ებმა წერილობით დაუდასტრეს, რომ დანაშთ ქონებას, მათ გარდა, სხვა მემკვიდრე არ ჰყავდა; მ. და მ. კ–ების წინასწარ შეთანხმებით მოქმედებას ცხადყოფს ქონების მიმართ ნასყიდობის არაერთი თვალთმაქცური გარიგება, რაც, საბოლოოდ, მამუკა კუზანაშვილისათვის მემკვიდრეობის მიღების შესაძლებლობის მოსპობას ემსახურებოდა.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, მ. კ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – და მ. კ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად დაედოთ თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. მალხაზ და მ. კ–ებმა წინასწარი შეთანხმებით, განიზრახეს გარდაცვლილი დედის – ც. გ–ს – სამკვიდრო ქონების მიღება, ისე, რომ დამალეს სხვა მემკვიდრის, ძმის – მ. კ–ს არსებობის ფაქტი და მისი სამკვიდრო წილის მისაკუთრების მიზნით, 2012 წლის 6 ივნისს, განცხადებით მიმართეს ქ. თ–ში, .........ის გამზირის №..-ში მდებარე ნოტარიუს ე. ჯ–ს, მოითხოვეს სამკვიდრო ქონების თანაბარწილად მიღება და მათზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა. 2012 წლის 2 ივლისს, ნოტარიუსის გადაწყვეტილებით, მ. კ–სა და მ. კ–ზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზეც, მათ საკუთრებაში დაირეგისტრირეს ქ. თ–ი, .........ის მე-.. მ/რ, ..-ლი კვარტლის, №.. კორპუსში მდებარე №.. საცხოვრებელი ბინა, რითაც, თაღლითური გზით, დაეუფლნენ ზემოაღნიშნული ბინიდან ძმის – მ. კ–ს – კუთვნილ სამკვიდრო წილს – 25 000 ლარ და დაზარალებულს მიაყენეს დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

3. მ. და მ. კ–ებს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 მარტის განაჩენით მ. და მ. კ–ები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდბებ.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მ. და მ. კ–ების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, ვერ დადგინდა მ. და მ. კ–ების ქმედებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით მათთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა, რამეთუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დასჯადია თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, მაშინ, როდესაც, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება არ ყოფილა მ. კ–ს საკუთრებაში ან მფლობელობაში, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ც. გ–ს დანაშთი ქონება ვერ გახდებოდა მ. კ–ს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის საგანი.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების რაიმე წინაპირობა.

11. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

12. ამდენად, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა გამყრელიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი