Facebook Twitter

საქმე # 110100121004385320

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1178აპ-23 ქ. თბილისი

კ–ე გ., 1178აპ-23 26 თებერვალი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ხ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. კ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ხ–მ. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გ. კ–ს უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და 360-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხულ ბრალდებებში, შემდეგი მოტივებით: თვითნებობის ბრალდების ეპიზოდში გ. კ–ს არ ჰქონდა საქონლის მისაკუთრების განზრახვა, ვინაიდან მან ისინი ნახა თავის კუთვნილ საყანე მიწის ნაკვეთში, რომლებიც სიმინდის ყანის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით გამოიყვანა იქიდან და დააბა თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, რათა გაეგო, ვისი იყო ეს პირუტყვი და დაებრუნებინა მეპატრონისთვის; არ დასტურდება ის ფაქტი, რომ გ. კ–მ მიისაკუთრა დ. კ–ს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და უარს ამბობდა მესაკუთრისთვის მათ დაბრუნებაზე; რაც შეეხება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ დ. კ–მ უშუალოდ გ. კ–სთან დაპირისპირების დროს მიიღო თითის დაზიანება, შესაძლოა, მან სხვა ვითარებაში მოიტეხა თითი; აღნიშნული რომც დასტურდებოდეს, გ. კ–ს მაინც არ უნდა შერაცხოდა ბრალად, რადგან იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ვინაიდან მას თავს დ. კ–ე დაესხა.

2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 ივლისის განაჩენით გ. კ–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) – შინაპატიმრობა 1 (ერთი) წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გაუნახევრდა და განესაზღვრა შინაპატიმრობა 6 (ექვსი) თვით; მასვე, დაეკისრა საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 22:00 საათიდან 08:00 საათამდე პერიოდში; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯარიმა – 500 (ხუთასი) ლარი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა შინაპატიმრობა 6 (ექვსი) თვით და დაეკისრა საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება – 22:00 საათიდან 08:00 საათამდე პერიოდში.

გაუქმდა გ. კ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.

შინაპატიმრობის აღსრულებისას მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალა შესაბამისი პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. კ–მ ჩაიდინა: ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან; თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულვებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

გ. კ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

ü 2020 წლის 9 ნოემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, თ–ს რაიონის ......ში, ე.წ. „კ–ების“ უბანში მდებარე საძოვარზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გ. კ–მ ქვა თავის არეში ესროლა და მოარტყა დ. კ–ს, რის შემდეგაც გ. კ–მ დ. კ–ს გადაუტრიალა მარცხენა ხელის მესამე თითი. აღნიშნულის შედეგად, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მარცხენა ხელის მესამე თითის მოტეხილობის სახით, მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.

ü 2021 წლის 17 აგვისტოს, თ–ს რაიონის სოფელ ........ში, გ. კ–მ კუთვნილ საყანე მიწის ნაკვეთში ნახა დ. კ–ს კუთვნილი ორი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, რომლებიც აზიანებდნენ ყანას. პირუტყვის მესაკუთრის დადგენისა და ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, გ. კ–მ აღნიშნული ორი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი თვითნებურად წაიყვანა და დააბა კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ეზოში, რის შედეგადაც დ. კ–ს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი. გატარებული ღონისძიებების შედეგად პოლიციის მუშაკებმა გ. კ–ს საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოიღეს მის მიერ თვითნებურად დაუფლებული, ორი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.

4. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა. ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მამუკა ჩუბინიძემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ გ. კ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, ხოლო დაცვის მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გ. კ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 სექტემბრის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოტივაციას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება გ. კ–ს უდანაშაულობა და ის გარემოება, რომ იგი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. გ. კ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სსკ-ის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, მათ შორის: დაზარალებულ დ. კ–სის, მოწმეების: ლ. კ–ს, ა. კ–ს, თ. კ–ს, გ. ქ–სა და სხვათა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით, დ. კ–ს სამედიცინო ექსპერტიზის №.......... დასკვნით, დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, გ. კ–ს საცხოვრებელი სახლის ეზოდან 2021 წლის 18 აგვისტოს ჩატარებული ორი სული პირუტყვის ამოღების ოქმით.

9. უსაფუძვლოა დაცვის მხარის პოზიცია, რომ მსჯავრდებულმა დაზარალებულს დაზიანება მიაყენა აუცილებელი მოგერიების ფარგლების მდგომარეობაში. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ქმედება აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩადენილად ითვლება, თუ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დასტურდება აუცილებელი მოგერიების სავალდებულო წინაპირობების არსებობა. შესაბამისად, აუცილებელია ერთმანეთთან კავშირში მყოფი ისეთი გარემოების შეფასება, როგორიცაა კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი და მიზეზი, გამოყენებულ საშუალებათა ურთიერთშესაბამისობა ხელყოფის საშიშროებასთან და ინტენსივობასთან. პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება, როდესაც ხელყოფა ატარებს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და საფრთხეს უქმნის სამართლით დაცულ სიკეთეს, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება უკიდურესობით არის გამოწვეული, რაც გულისხმობს, რომ უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას, ამასთან, მოგერიება ხორციელდება სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიზნით.

10. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გ. კ–ს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი. აღნიშნულზე მიუთითებს მხოლოდ თავად მსჯავრდებული, რომლის ჩვენებაც ვერ იქნება გაზიარებული, რადგან იგი ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის, დაზარალებულ დ. კ–სის ჩვენებას, რომლებიც გამორიცხავენ მსჯავრდებულის ვერსიას განვითარებული მოვლენების შესახებ. დაზარალებულ დ. კ–ს ჩვენებითა და ასევე, მისი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დადასტურებულია ის გარემოებაც, რომ დაზარალებულმა დაზიანება – თითის მოტეხილობა, მიიღო სწორედ გ. კ–ს მასთან ფიზიკური დაპირისპირების შედეგად.

11. გარდა ამისა, საქმის მასალებით ასევე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილია ის ფაქტიც, რომ გ. კ–მ ჩაიდინა თვითნებობა, კერძოდ: საქმის მასალების მიხედვით, გ. კ–მ თავის კუთვნილ საყანე მიწის ნაკვეთში დაინახა დ. კ–ს კუთვნილი ორი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, რომლებიც, დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, თვითნებურად წაიყვანა და დააბა თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში. დაცვის მხარე განმარტავს, რომ გ. კ–ს არ ჰქონდა საქონლის მისაკუთრების განზრახვა, ვინაიდან მან ისინი ნახა თავის კუთვნილ საყანე მიწის ნაკვეთში, რომლებიც სიმინდის ყანის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით გამოიყვანა იქიდან და დააბა თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, მაგრამ აღსანიშნავია ის, ფაქტი რომ მსჯავრდებულმა არ მიიღო არანაირი ზომა, მათი მეპატრონის მოძიებისა და დადგენის მიზნით, ამასთან, პირუტყვის წამოყვანისა და თავის სახლთან დაბმის შესახებ არ აცნობა შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. საქონელი გ. კ–ს საცხოვრებელი სახლის ეზოდან, დაზარალებულის განცხადების საფუძველზე, მხოლოდ მესამე დღეს ამოიღეს პოლიციის მუშაკებმა.

12. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ გ. კ–მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება და თვითნებობა – დანაშაულები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 360-ე მუხლის პირველი ნაწილით.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ხ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი