საქმე N 330100122005874669
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1164აპ-23 ქ. თბილისი
მ–ი თ., 1164აპ-23 27 თებერვალი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ჩ–მა. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და თ. მ–ს უდანაშაულოდ ცნობას მის მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში, შემდეგი ძრითადი მოტივებით: გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება თ. მ–ს ბრალეულობა; მოწმე გ. ნ–ი არის საქმით დაინტერესებული პირი, რომელიც ცრუობს და დანაშაულის ჩადენას აბრალებს მსჯავრდებულს, ხოლო თ. მ–ი არის მოწმის მხრიდან დანაშაულის პროვოკაციის მსხვერპლი; ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი ამოღებული მტკიცებულებების – ნარკოტიკულ საშუალებების გამოცვლის შესახებ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 ნოემბრის განაჩენით:
2.1. თ. მ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 15 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 15 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 19 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 19 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, თ. მ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლით.
თ. მ–ს სასჯელის მოხდა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2022 წლის 10 მაისიდან;
გაუქმდა თ. მ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, თ. მ–ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირს, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 20 (ოცი) წლით ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 15 (თხუთმეტი) წლით: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
2.2. ვ. ბ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 28 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 28 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 29 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 29 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 10 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. ბ–ის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 ივნისის განაჩენით ვ. ბ–ს მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 ივნისის განაჩენით ვ. ბ–ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 ივნისის განაჩენით ვ. ბ–ს მიმართ დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული ჯარიმის მოუხდელი ნაწილი, ჯარიმა 2.500 (ორი ათას ხუთასი) ლარი და, საბოლოოდ, ვ. ბ–ის, განაჩენთა და დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 2.500 (ორი ათას ხუთასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ვ. ბ–ის სასჯელის მოხდა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2022 წლის 10 მაისიდან.
გაუქმდა ვ. ბ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ვ. ბ–ის, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირს, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 20 (ოცი) წლით: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 15 (თხუთმეტი) წლით: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:
3.1. თ. მ–სმა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და უკანონო გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგით:
ü 2022 წლის 15 აპრილს, დღის საათებში, ქ. თ–ში, ...........ის გამზირის, დ–ს დასახლება მე-.. ,,..“ კორპუსის, მე-.. სართული, ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თ. მ–სმა, 300 ლარის სანაცვლოდ, გ. ნ–იზე უკანონოდ გაასაღა მის მიერ მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება – „ჰეროინი“, წონით 0,0869 გრამი, რაც ამოიღეს გ. ნ–სგან.
ü 2022 წლის 19 აპრილს, დღის საათებში, ქ. თ–ში, ...........ის გამზირის, დ–ს დასახლება მე-.. ,,..“ კორპუსის, მე-.. სართული, ბინა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თ. მ–სმა, 300 ლარის სანაცვლოდ, გ. ნ–იზე უკანონოდ გაასაღა მის მიერ მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება – „ჰეროინი“, წონით 0,188 გრამი, რაც ამოიღეს გ. ნ–იისგან.
3.2. ვ. ბ–მა ჩაიდინა: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა არაერთგზის და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული (ორი ეპიზოდი); ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა არაერთგზის. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:
ü თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ნოემბრის განაჩენით ვ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2022 წლის 28 აპრილს, დღის საათებში, ქ. თ–ი, კ–ს ქუჩის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ვ. ბ–იმა, 200 ლარის სანაცვლოდ, გ. ნ–ზე უკანონოდ გაასაღა მის მიერ მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება – „მეთადონი (ფუძე)“ რაოდენობით – 0,031 გრამი, რაც ამოიღეს გ. ნ–სგან.
ü 2022 წლის 29 აპრილს, ქ. თ–ში, გ–ს ქუჩაზე, N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ვ. ბ–იმა, 200 ლარის სანაცვლოდ, გ. ნ–იზე უკანონოდ გაასაღა მის მიერ მანამდე უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება – „მეთადონი (ფუძე)“, რაოდენობით – 0,0375 გრამი, რაც ამოიღეს გ. ნ–ისგან.
ü 2022 წლის 10 მაისს, დღის საათებში, ქ. თ–ში, ...........ის გამზირის, დ–ს დასახლება მე-.. ,,..“ კორპუსის კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ვ. ბ–ი უკანონოდ ინახავდა მის მიერვე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, საერთო წონით – 0,00506 გრამს, რაც ამოიღეს მისი პირადი ჩხრეკისას.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
ü მსჯავრდებულ თ. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ჩ–მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და თ. მ–ს გამართლება ბრალდების ყველა ეპიზოდში.
ü მსჯავრდებულ ვ. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ლ–მ, სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულის გამართლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და კასატორს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
9. საკასაციო სასამართლო მსჯავრდებულ თ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ–ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ არ ეთანხმება, ვინაიდან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი სრულად აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომლის საპირისპირო მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობიდან. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მსჯავრდებულ თ. მ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 15 აპრილის ეპიზოდი), სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 15 აპრილის ეპიზოდი), სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 19 აპრილის ეპიზოდი), სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 19 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის შესახებ, რაც დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: გ. ნ–ს, ა. ნ–ს, ლ. გ–სა და სხვათა ჩვენებებით, გ. ნ–ს განცხადებებით, ფულადი თანხის გადაცემის 2022 წლის 15 აპრილის ოქმით, გ. ნ–თან ჩატარებული 2022 წლის 15 აპრილის ამოღების ოქმით, ფულადი თანხის გადაცემის 2022 წლის 19 აპრილის ოქმით, გ. ნ–თან ჩატარებული ამოღების 2022 წლის 19 აპრილის ოქმით, ფულადი თანხის გადაცემის 2022 წლის 28 აპრილის ოქმით, გ. ნ–თან ჩატარებული 2022 წლის 28 აპრილის ამოღების ოქმით, ფულადი თანხის გადაცემის 2022 წლის 29 აპრილის ოქმით, გ. ნ–თან ჩატარებული 2022 წლის 29 აპრილის ამოღების ოქმით, თ. მ–სის პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმებით, თ. მ–ს საცხოვრებელი ბინის 2022 წლის 10 მაისის ჩხრეკის ოქმით, ვ. ბ–ს დაკავების ოქმით, ვ. ბ–ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის 2022 წლის 10 მაისის ოქმით, ვ. ბ–ს ნარკოლოგიური ექსპერტიზის 2022 წლის 10 მაისის დასკვნით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით, თ. მ–სგან ნიმუშების აღების ოქმებით, ფონოსკოპიური ექსპერტიზის 2022 წლის 3 ივნისის N... დასკვნით, ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის 2022 წლის 14 ივნისის N... დასკვნით, ფარული ვიდეო-ჩანაწერებითა და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ქიმიური ექსპერტიზის N........, N.......... დასკვნებითა და მისი გამცემი ექსპერტის ნ. ო–ს ჩვენებით, ქიმიური ექსპერტიზის N........... დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის ი. თ–ს ჩვენებით, ქიმიური ექსპერტიზის N........... დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის მ. ი–ს ჩვენებით, ქიმიური ექსპერტიზის N.............დასკვნით, ბიოლოგიური ექსპერტიზის 2022 წლის 23 აგვისტოს დასკვნითა და მისი გამცემი ექსპერტის ნ. ნ–ს ჩვენებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
10. უსაფუძვლოა კასატორის მტკიცება მოწმე გ. ნ–ს ჩვენების არასანდოობისა და არადამაჯერებლობის შესახებ, რომ იგი ცრუობს და სასამართლოს ატყუებს. დაცვის მხარის განმარტებით, მოწმე არის აგენტ პროვოკატორი, ხოლო თ. მ–სი დანაშაულის პროვოკაციის მსხვერპლი. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ მოსაზრებებს, ვინაიდან იგი არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.
11. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ გ. ნ–ს ჩვენება თანმიმდევრულია, დამაჯერებელია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, სრულად შეესაბამება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის, მოწმეების – ა. ნ–სა და ლ. გ–ს ჩვენებებს, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ აუდიო-ვიდეოჩანაწერებსა და ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებებს, რის გამოც არ არსებობს მის მიმართ უნდობლობის საფუძველი. გ. ნ–ს ჩვენების შეფასების შედეგად, არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მის სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმის ჩვენების სანდოობის შეფასებისას, არ შეიძლება მის წარსულზე აპელირება, მხოლოდ იმ კონტექსტით, რომ მოწმე უეჭველად ცრუობს, ვინაიდან იგი წარსულში ნასამართლევია. აღნიშნული გარემოება იმთავითვე არ მიუთითებს ფაქტზე, რომ მოწმე ცრუობს და მისი ჩვენება, არასანდოა. გ. ნ–მ საქმის არსებითი განხილვისას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს, როგორც მსჯავრდებულების თ. მ–სა და ვ. ბ–ს მიერ მისთვის ნარკოტიკული საშუალების შეთავაზების, ისე სამართალდამცავ ორგანოებთან მისი თანამშრომლობის, საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში 2022 წლის 15 და იმავე წლის 19 აპრილს თ. მ–სგან, ასევე – 2022 წლის 28 და 29 აპრილს ვ. ბ–სგან ნარკოტიკული საშუალებების შეძენისა და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის პროცედურების შესახებ. მოწმემ დაადასტურა ის გარემოება, რომ, როგორც თ. მ–მ, ასევე ვ. ბ–მ რომლებსაც ამ ფაქტებამდე იცნობდა, თავად შესთავაზეს ნარკოტიკის შეძენა თანხის სანაცვლოდ, ხოლო მან ამ ფაქტის შესახებ შეატყობინა პოლიციას და ნებაყოფლობით გამოთქვა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი, მათი დანაშაულებრივი ქმედების – ნარკოტიკების გასაღების – გამოვლენის მიზნით. სამართალდამცავებთან თანამშრომლობის ფარგლებში, იგი აღიჭურვა ფარული აუდიო-ვიდეო ჩამწერი მოწყობილობით და თ. მ–სა და ვ. ბ–სგან საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში, ნარკოტიკული საშუალებები ორჯერ, 2022 წლის 15 და 19 აპრილს 300-300 ლარად შეიძინა თ. მ–სგან, ხოლო ვ. ბ–სგანაც ორჯერ – 2022 წლის 28 და 29 აპრილს 200-200 ლარად შეიძინა. თითოეულ შემთხვევაში, შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები დაუყოვნებლივ გადასცა გამომძიებელს, რაც დაილუქა კანონით დადგენილი წესით, შედგა შესაბამისი ოქმები და დადასტურდა ხელმოწერებით.
12. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეზე აღიარა სპეციალური საგამოძიებო მეთოდების საჭიროება, განსაკუთრებით ნარკოტიკულ დანაშაულსა და კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში. ამგვარი ღონისძიებების, მათ შორის, ფარული აგენტებისა თუ საკონტროლო შესყიდვების, გამოყენება per se არ არღვევს უფლებას სამართლიან სასამართლოზე. გარკვეული წინაპირობებით, სახელმწიფო ორგანოებს შეუძლიათ, მიმართონ განსაკუთრებულ საგამოძიებო მოქმედებებს ისე, რომ აღნიშნული არ გულისხმობდეს ან იწვევდეს დანაშაულის წაქეზებასა თუ პროვოცირებას (იხ: Veselov and Others v. Russia, №23200/10, 24009/07 და 556/10, 02.10.2012, §89; Lüdi v. Switzerland, №12433/86, 15.06.1992).
13. ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ფარული აგენტის გამოყენება საგამოძიებო პროცესში თავისთავად არ ხელყოფს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში დადგენილ გარანტიას (სამართლიანი სასამართლოს უფლება). მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა როლი ჰქონდა ფარულ თანამშრომელს. საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა/კონფიდენტებმა არ უნდა განახორციელონ პირებზე იმგვარი გავლენა, რომ შემდგომი პასუხისმგებლობის მიზნით, წააქეზონ მათ მიერ დანაშაულის ჩადენა. კონვენცია ირღვევა, როდესაც აგენტები უბიძგებენ პირს დანაშაულის ჩადენისკენ და სახეზე არ არის არგუმენტი, რომ მოცემული დანაშაული მათი მონაწილეობის გარეშეც იქნებოდა ჩადენილი (იხ. Malininas v. Lithuania, №10071/04, 01.07.2008). ფარულ თანამშრომელთა მონაწილეობა სისხლის სამართლის პროცესში უნდა განხორციელდეს მხოლოდ პასიურად და მათ არ უნდა ჰქონდეთ როლი ბრალდებულთა განზრახვის ფორმირების პროცესში (იხ. Ramanauskas v. Lithuania, №74420/01, 5.02.2008). თუ ფარული აგენტი აქტიურად არის ჩართული და არსებითად უღვივებს პირს დანაშაულის ჩადენის სურვილს, სახეზეა დანაშაულის პროვოკაცია; ხოლო როცა მიმდინარე/დაწყებული დანაშაულებრივი ქმედების ფარგლებში ხდება ფარული თანამშრომლის ჩართვა, ეს ითვლება პასიურ მოქმედებად და, შესაბამისად, მისი ქმედება არ არის მაპროვოცირებელი.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება მსჯავრდებულ თ. მ–ს წაქეზება და პროვოცირება დანაშაულის ჩასადენად, კერძოდ: საქმის მასალებით დგინდება, რომ განსახილველ შემთხვევაში, სამართალდამცავ ორგანოებს ხელი არ შეუწყვიათ დანაშაულის ჩადენისას და ისინი მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულის პასიური გამოძიებითა და ამ გამოძიების პროცესში მტკიცებულებების მოძიებით შემოიფარგლებოდნენ, ვინაიდან დასტურდება, რომ არსებობდა ობიექტური ეჭვი და არა ზოგადი ინფორმაცია დანაშაულში პირის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ. საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა გ. ნ–ი ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში ჩართეს და აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები აწარმოეს მას შემდეგ, რაც მან ნებაყოფლობით მიმართა სამართალდამცავ ორგანოს თანამშრომლობის შესახებ, ასევე მან მოწმის სახით დაკითხვისას ნებაყოფლობით გამოთქვა გამოძიებასთან თანამშრომლობისა და მისთვის ნარკოტიკული საშუალებების შემთავაზებელი/მიმწოდებელი პირების – თ. მ–სა და ვ. ბ–ს მხილების სურვილი. მოწმეთა, პოლიციის მუშაკების ჩვენებებით, აგრეთვე, გ. ნ–ს თ. მ–სთან და ვ. ბ–ითან შეხვედრებისა და საუბრების ამსახველი ჩანაწერებით დგინდება, რომ თითოეულ შემთხვევაში, თ. მ–ი და ვ. ბ–ი წინასწარ იყვნენ განწყობილები დანაშაულის ჩასადენად, ხოლო ფარული საგამოძიებო მოქმედებების პროცესში არცერთ შემთხვევაში მსჯავრდებულებს არ უთქვამთ უარი გ. ნ–სთვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემაზე. გ. ნ–ს მსჯავრდებულებზე რაიმე სახის ფიზიკური ან ფსიქოლოგიურ ზეწოლა ან/და იძულება, რასაც შესაძლოა არსებითი გავლენა მოეხდინა მსჯავრდებულთა განზრახვის ფორმირების პროცესზე, არ მოუხდენია და საქმის მასალებით მსგავსი რამ არ დასტურდება.
15. ამასთან, საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარებულია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევების გარეშე; დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა სამართალდამცველთა დაინტერესება მტკიცებულებათა ხელოვნურად შექმნის გზით რომელიმე მსჯავრდებულის დასასჯელად და რაც გასაჩივრებული განაჩენის კანონიერებისა და დასაბუთებულობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი გახდებოდა.
16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ თ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი