საქმე N 110100121005228072
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1162აპ-23 ქ. თბილისი
მ–ე ნ., 1162აპ-23 27 თებერვალი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების: მ. მ–სა და ზ. კ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ნ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა: მ. მ–მ და ზ. კ–მ. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგ გარემოებათა გამო: დაზარალებულთა ჩვენებები არ არის სარწმუნო და ერთმანეთთან თანხვდენილი, რადგან მათ განსხვავებული ინფორმაცია გადმოსცეს წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოში; მიუხედავად ამისა, სასამართლომ მაინც სარწმუნოდ მიიჩნია მათი ჩვენებები და უგულებელყო დაცვის მხარის არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა: ფ. ს–ს, ლ. ბ–ს, გ. კ–ს ჩვენებები, ასევე თვითონ ნ. მ–ს ჩვენებაც; დაცვის მხარის პოზიციას ადასტურებს მოწმე თ. ქ–ს ჩვენებაც. ამასთან, დაზარალებულებს მართლაც რომ გასჩენოდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მაშინ ისინი მომხდარიდან უმალვე მიმართავდნენ სამართალდამცავ ორგანოებს.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ. მ–ს ბრალად ედება სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:
ნ. მ–ე და მისი მეუღლე – გ. კ–ე ცხოვრობენ თ–ს რაიონის სოფელ ნ–ში, სადაც 2014 წლამდე მათთან ერთად ასევე ცხოვრობდა და ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა გ. კ–ს და – ს. კ–ე. 2021 წლის 26 მარტს, თ–ს რაიონის სოფელ ნ–ში, ს. კ–სა და გ. კ–ს საერთო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, ნ. მ–ე სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ს. კ–ს და, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნებს – მ. კ–ს და ა. კ–ს, რის შედეგადაც, მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 მარტის განაჩენით ნ. მ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ნ. მ–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 550 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ü ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზვიად ჩხიკვაძემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ნ. მ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
ü მსჯავრდებულ ნ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა: მ. მ–მ და ზ. კ–მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განაჩენით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო კასატორების საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ნ. მ–სის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ არ ეთანხმება, ვინაიდან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მსჯავრდებულ ნ. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ, რაც დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულების: ს. კ–ს, მ. კ–სა და ა. კ–ს ჩვენებებით, მოწმეების: თ. ქ–ს, თ. გ–სა და სხვათა ჩვენებებით, 2021 წლის 4 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
9. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულატიურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე – მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი – საფუძვლიანი შიშის გაჩენა – მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ – სხვა, ობიექტური კრიტერიუმებიც.
10. საკასაციო სასამართლო იზარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ დაზარალებულ ს. კ–სა და არასრუწლოვანი დაზარალებულების: მ. და ა. კ–ების ჩვენებები სრულად თანხვდენილია ერთმანეთს, მათ შორის არსებითი სხვაობა არ იკვეთება, რის გამოც, მათი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია. დაზარალებულებმა დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერეს ნ. მ–ს მიერ 2021 წლის 26 მარტს მათ მიმართ სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანების დამუქრების ფაქტი, რის შედეგადაც, მათ დაადასტურეს, რომ აღნიშნული მუქარა აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულთა ჩვენებები სრულად თანხვდენილია ფაქტის უშუალო შემსწრე და თვითმხილველი მოწმის – თ. ქ–ს ჩვენებასთანაც, რომლითაც ასევე დასტურდება, რომ ნ. მ–ე ფორჩხით ხელში გაეკიდა იმ მანქანას, რომელშიც თვითონ და დაზარალებულები ისხდნენ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადეს შიში, ბავშვები ტიროდნენ, ს–მ კი ისინი ძლივს დააწყნარა. რაც შეეხება დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებს, ფ. ს–ს ჩვენებით ირკვევა, რომ არ არის ფაქტის უშუალო შემსწრე პირი, ისევე როგორც მოწმე ლ. ბ–ე. ფ. ს–ე გ. კ–ს სახლთან მივიდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაზარალებულთა მანქანამ უკვე ჩაიარა, ხოლო ლ. ბ–ე ნ. მ–ზე გვიან მივიდა სახლის ჭიშკართან. მოწმე გ. კ–ე მსჯავრდებულ ნ. მ–ს მეუღლეა, რომელსაც მწვავე კონფლიქტი და დაპირისპირება აქვს თავის დასთან, დაზარალებულ – ს. კ–სთან, რის გამოც მისი ჩვენება არ არის სარწმუნო და დამაჯერებელი, იგი სრულად ეწინააღმდეგება დაზარალებულთა და მოწმე თ. ქ–ს ჩვენებებს. ამასთან, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დაასაბუთეს, თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს.
11. ამდენად, დაზარალებულ ს. კ–სა და არასრულწლოვანი დაზარალებულების: მ. და ა. კ–ების, მოწმე თ. ქ–ის – ჩვენებებით, რომელთა ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია, დადასტურებულია, რომ ნ. მ–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დაზარალებულებს, რის შედეგადაც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ნ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების: მ. მ–სა და ზ. კ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი