საქმე # 210100122006067676
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№923აპ-23 ქ. თბილისი
ს–ი ზ., 923აპ-23 8 თებერვალი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ს–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატების – ა. კ–სა და ბ. ჯ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ზ. ს–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატებმა – ა. კ–მ და ბ. ჯ–მ, რომლებიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვენ ზ. ს–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მსჯავრდებასა და მისთვის მინიმალური სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიენიჭა, რადგან ზ. ს–ს ქმედებაში გამოკვეთილია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ; საქმეზე მოწმის სახით დაკითხული გიორგი ენგელსის განმარტებით, შემთხვევის დღეს ზ. ს–მა, რომელსაც ახასიათებს პათოლოგიური სიმთვრალე, გონების თავისებური დაბინდვითა და არაადეკვატური ქცევით, მიირთვა ალკოჰოლი გ. კ–თან, დ. ჭ–სა და ზ. ს–თან ერთად; მოწმე გ. კ–ი გამოძიების დროს, ერთსა და იმავე დღეს, ორჯერ გამოიკითხა, აქედან – პირველი გამოკითხვისას განმარტა, რომ მსჯავრდებული და დაზარალებული ერთმანეთს არ დაპირისპირებიან, ხოლო მეორე გამოკითხვისას დაადასტურა, რომ ზ. ს–სა და ზ. ს–ს მოუხდათ ჩხუბი და დანაშაულის ჩადენის დროს, მსჯავრდებული მოქმედებდა განზრახ; ანალოგიურად, გამოძიების დროს, ერთსა და იმავე დღეს, ორჯერ გამოიკითხა მოწმე დ. ჭ–ც, რომელმაც, პირველი გამოკითხვისას აღნიშნა, რომ დაზარალებულსა და მსჯავრდებულს კონფლიქტი არ მოსვლიათ და არ იცის ზ. ს–ი განზრახ დაეჯახა ზ. ს–ს თუ შემთხვევით, ხოლო მეორე გამოკითხვისას მიუთითა, რომ ზ. ს–ი და ზ. ს–ი შელაპარაკდნენ და მსჯავრდებული განზრახ დაეჯახა გარდაცვლილს, რაც ერთობლივად შეფასებისას მიუთითებს მოწმეების არაგულწრფელობასა და სამართალდამცავების შესაძლო ზეწოლის შედეგად მიღებულ ჩვენებეზე.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ. ს–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად დაედო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, არაერთგზის, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. 2022 წლის 21 აპრილს, ღამის საათებში, ქალაქ ს–ში, ლ–ს ქუჩის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის
მე-2 ნაწილით ნასამართლევ ზ. ს–სა (ტ–ს) და ზ. ს–ს მოუვიდათ კონფლიქტი (შელაპარაკება), რის გამოც, ზ. ს–ი ჩაჯდა თავისი დის, ნ. ტ–ს კუთვნილ „ფორდ ფოკუსის“ მარკის ავტომანქანაში (სახელმწიფო ნომრით: N.........) და განზრახ დააჯახა ქვეით ზ. ს–ს. ზ. ს–ს ქმედების შედეგად, ზ. ს–მ მიიღო სიცოცხლისთვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები, ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმა – ქალა სარქველის და ქალა ფუძის ძვლების მრავლობითი მოტეხილობით, რის შედეგადაც, 2022 წლის 28 აპრილს გარდაიცვალა.
3. ზ. ს–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-8 ნაწილით (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).
4. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 იანვრის განაჩენით ზ. ს–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-8 ნაწილით (2022 წლის 20 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ზ. ს–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატებმა – ა. კ–მ და ბ. ჯ–მ, რომლებიც ითხოვდნენ ზ. ს–ს ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილზე გადაკვალიფიცირებასა და მისთვის მინიმალური სასჯელის შეფარდებას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით და, ამავდროულად, მასში ნათლად და მკაფიოდ არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ დადგინდა ზ. ს–ს მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რომლებზეც ამომწურავად იმსჯელა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
10. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ კასატორების მოტივაცია წინააღმდეგობრივია, რამეთუ, ერთი მხრივ, მათი მტკიცებით, ზ. ს–ს პათოლოგიური სიმთვრალისათვის დამახასიათებელი, გონების თავისებური დაბინდვისა და არაადეკვატური ქცევის გამო, არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და ეხელმძღვანელა მისთვის, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოება და ზ. ს–ს უდანაშაულოდ ცნობის საფუძველია, ხოლო, მეორე მხრივ, მათივე მითითებით, მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილია დანაშაულის – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ – შემადგენლობა, რაც წარდგენილი ბრალდების გადაკვალიფიცირებისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით ზ. ს–ს მსჯავრდების წინაპირობაა.
11. კასატორების მითითებასთან დაკავშირებით, რომ, თითქოსდა, ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენის დროს, ზ. ს–ი პათოლოგიური სიმთვრალის გამო, ვერ აცნობიერებდა თავის ქცევას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაზე, რომელიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია და რომლითაც ცალსახად დგინდება, რომ ზ. ს–ს ბრალადშერაცხილი ქმედების ჩადენის დროს, რაიმე ფსიქიკური აშლილობა არ აღენიშნებოდა, შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა), რისი გათვალისწინებითაც, დაცვის მხარის ზემოაღნიშნულ მტკიცებას არ აქვს ფაქტობრივი გამართლება. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი მიმდინარეობდა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, დაცვის მხარეს ჰქონდა ბრალდების მხარესთან თანასწორი შესაძლებლობა, თავად ეზრუნა სასამართლოსათვის წარსადგენი მტკიცებულებების მოცულობაზე და თავად ჩაეტარებინა სასურველი ალტერნატიული საექსპერტო კვლევა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში და არ ყოფილიყო საპროცესო მოწინააღმდეგის იმედად (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება №970აპ-21 საქმეზე, პუნქტი 8).
12. ფაქტის შემსწრე მოწმეების – დ. ჭ–სა და გ. კ–ს – ჩვენებების სამართალდამცავების შესაძლო ზეწოლის შედეგად მიღებასა და მათ სანდოობასთან დაკავშირებით კასატორების მიერ გამოთქმულ ეჭვებთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ, რისი გათვალისწინებითაც, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად შეაფასეს დ. ჭ–სა და გ. კ–ს სასამართლოსთვის მიცემული თანმიმდევრული და დამაჯერებელი განმარტებები, რომლებიც, საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებით, სრულად თანხვდენილია როგორც ერთმანეთთან, ასევე – შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერის შინაარსთან, რომელსაც, ამ სამხილის ობიექტური ბუნებიდან გამომდინარე, მტკიცებულებების შეფასების დროს, უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი აქვს.
13. ყურადსაღებია, რომ მხარეები არ დავობენ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ზ. ს–მა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიიღო 2022 წლის 21 აპრილს ზ. ს–ს ავტომანქანით შეჯახების შედეგად. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ზ. ს–ს სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმა – ქალა სარქველისა და ქალა ფუძის ძვლების მრავლობითი მოტეხილობით, დიფუზური სისხლჩაქცევებით ქალას ღრუში (მაგარი გარსის ქვეშ), თავის ტვინის რბილ გარსებში, პარკუჭებსა და ტვინის ნივთიერებაში, თავის ტვინის შემდგომი მკვეთრი შეშუპებით, დარბილებით და ნეკროზით. სამედიცინო დოკუმენტაციისა და გვამის გამოკვლევის შედეგად, ზ. ს–ს აღენიშნებოდა: ქალა სარქველის (ორმხრივ კეფის, მარჯვნივ თხემის, სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, მარჯვნივ საფეთქლის) და ორმხრივი ქალა ფუძის (კეფის, საფეთქლის, სოლისებური) ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, დიფუზური სუბდურული, სუბარაქნოიდული, ინტრაცერებრული და ინტრავენტრიკულური სისხლჩაქცევები, მუქი მოწითალო, ოდნავ მოჟანგისფერო, ელფერის დიფუზური, ალაგ წყვეტილი სისხლჩაქცევა თავის რბილი საფარის შიგნითა ზედაპირზე შუბლთხემ-საფეთქლის არეში, მარჯვნივ და მარჯვენა საფეთქლის კუნთში, ფილტვების კეროვანი დაჟეჟილობა, მარჯვენა საჯდომის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა, მარჯვენა დიდი წვივის ძვლის მედიალური გოჯის დახურული მოტეხილობა, ნაჭდევები ალაგ, ირგვლივ სისხლნაჟღენთებით, ორივე ქვედა კიდურზე, მუხლების წვივებისა და მარცხენა კოჭ-წვივის არეებში, განვითარებული რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედების შედეგად და ცოცხალ პირთა ექსპერტიზისას, ერთობლივად მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხს, რაც მიზეზობრივად დაკავშირებულია დამდგარ შედეგთან – სიკვდილთან და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დანაშაულის ჩადენის თარიღს.
14. ზ. ს–ს ქმედებაში გამოკვეთილია თუ არა განზრახი დანაშაულის შემადგენლობა, კასატორების მიერ დავის საგნად ქცეული ამ საკითხის გამოსარკვევად, საკასაციო სასამართლო უპირველესად ყურადღებას მიაქცევს შემთხვევის ამსახველ ვიდეოჩანაწერს, რომლის შინაარსი ცხადყოფს შემთხვევამდე ზ. ს–სა და ზ. ს–ს შორის კამათის, ხოლო მიწურულს – მწვავე დაპირისპირების არსებობას, რომლის განემუხტვას ცდილობდნენ – დ. ჭ–ი და გ. კ–ი. ჩანაწერის 02:43:34 საათზე გ. კ–ი ზ. ს–ს სვავს ავტომანქანის საჭესთან და უხურავს კარს, ხოლო საპირისპირო მხრიდან, მანქანის კარს აღებს დ. ჭ–ი და ესაუბრება მსჯავრდებულს. ამავდროულად ჩანაწერში ჩანს ზ. ს–ი, რომელიც მანქანიდან მოშორებით დგას მარტო. ჩანაწერის 02:44:48 საათზე ზ. ს–ი ძრავს ავტომანქანას, რომელსაც წინა, მარჯვენა კარი რჩება ღია, მცირე მანძილს გადის უკუსვლით, გვერდს უვლის მის პირდაპირ მდგარ გ. კ–ს და მიემართება ზ. ს–ს მიმართულებით, წამიერად ჩერდება მის გვერდით, ზ. ს–ი რამდენიმე ნაბიჯით იხევს უკან, ხოლო მსჯავრდებული მისკენ იღებს საჭეს, აგრძელებს სვლას და ავტომანქანის მარცხენა გვერდით ეჯახება. ზ. ს–ი ეცემა, ხოლო ზ. ს–ი ავტომანქანის ჯერ წინა, მარცხენა, ხოლო შემდეგ – უკანა, მარცხენა საბურავით გადაუვლის მას და ტოვებს შემთხვევის ადგილს.
15. ზ. ს–ს განზრახვის დასადგენად, ასევე მნიშვნელოვანია დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება – მსხვერპლისათვის ავტომანქანის მიზანმიმართულად დაჯახება; დამნაშავის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება – შეჯახების შემდეგ გარდაცვლილის სხეულზე ავტომანქანის როგორც წინა, ასევე – უკანა საბურავებით გადავლა; დანაშაულის ჩადენამდე მსჯავრდებულისა და გარდაცვლილის ურთიერთდამოკიდებულება – მათ შორის მომხდარი დაპირისპირება; ზ. ს–სის დანაშაულის შემდგომი ქცევა, როდესაც, მიუხედავად იმისა, რომ შეჯახების შემდეგ მის ავტომანქანას ყვირილით დაედევნა დ. ჭ–ი, სწრაფად დატოვა შემთხვევის ადგილი და შეეცადა, დანაშაულის კვალის დაფარვას –ავტომანქანის გადამალვას, რისი ერთობლივად შეფასებისას, როდესაც ეჭვგარეშე დადგენილია, რომ ავტომანქანით შეჯახება იყო დანაშაულის ხერხი, მიზანმიმართული მსხვერპლის განზრახ დაზიანებისაკენ, ზ. ს–ს ქმედება ვერაფრით შეფასდება, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ. ს–ს მსჯავრდება კანონიერია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა.
17. ამდენად, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ზ. ს–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატების – ა. კ–სა და ბ. ჯ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი