Facebook Twitter

საქმე N 190100121004942042

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1052აპ-23 ქ. თბილისი

ტ–ი ს., 1052აპ-23 28 თებერვალი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. შ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ნ–ას, მსჯავრდებულ ა. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. მ–ს, მსჯავრდებულ ს. ტ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ძ–სა და ასევე, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ა. შ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ნ–ამ, მსჯავრდებულ ა. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. მ–მ, მსჯავრდებულ ს. ტ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ძ–მ და ასევე, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ.

ü მსჯავრდებულ ა. შ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ნ–მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო უარს იტყვის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, მსჯავრდებულის მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი, შემდეგი ძირითადი არგუმენტებით: გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, არცერთი მტკიცებულებით დასტურდება ა. შ–ს მიერ „ქურდული სამყაროს“ ცხოვრების წესის პატივისცემა და, მით უმეტეს, მისი პროპაგანდა. შესაბამისად, მსჯავრდებულის ქმედებით არ იკვეთება „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერა, რამაც შექმნა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირი და არსებითი საფრთხე.

ü მსჯავრდებულ ა. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. მ–მა, საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგი ძირითადი მოტივებით: გასაჩივრებული განაჩენი აშკარად უკანონოა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მოწმეთა ჩვენებები და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები; ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან ისინი მოპოვებულია კანონის არსებითი დარღვევით, რის გამოც, წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებას; ამასთან, არცერთი მტკიცებულებით დასტურდება ა. მ–ს მხრიდან „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერა, რამაც შექმნა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირი და არსებითი საფრთხე.

ü მსჯავრდებულ ს. ტ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ძ–მ, საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგი ძირითადი საფუძვლებით: გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მივიდა მცდარ დასკვნამდე; ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ს. ტ–ს კავშირს „ქურდული სამყაროს“ რომელიმე წევრთან; გარდა ამისა, არ დგინდება, თუ კონკრეტულად რომელი „კანონიერი ქურდის“ – ანდა „ქურდული სამყაროს“ რომელი წესის მიმართ გამოხატავდა, მსჯავრდებული პატივისცემას და რით ვლინდება „ქურდული სამყაროსადმი“ პატივისცემის გამოხატვა; ასევე არ წარმოდგენილა რაიმე მტკიცებულება, რომელიც ს. ტ–ს მიერ რომელიმე პირზე ფიზიკური ძალადობისა და თანხის გამოძალვის ფაქტს დაადასტურებდა.

ü რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორი თინათინ სტურუა საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ს. ტ–სის, თ. ტ–ს, მ. ჭ–ს, ა. მ–ს, თ. ჭ–სა და ა. შ–ს დამნაშავეებად ცნობას ბრალდების შესახებ დადგენილებების კვალიფიკაციის თანახმად, და მათთვის მკაცრი სასჯელების შეფარდებას, შემდეგი საფუძვლებით: ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, განსაკუთრებით, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული ფარული ჩანაწერებით, რომელთაც პროკურორი ვრცლად და დეტალურად მიმოიხილავს, სახელმწიფო ბრალმდებელს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს მათ მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები.

2. მსჯავრდებულების: ა. მ–სისა და ს. ტ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატები საკასაციო საჩივრის შესაგებლებით მოითხოვენ პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ვინაიდან იგი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

3.1. ს. ტ–სს ბრალად ედება „ქურდული სამყაროს“ წევრობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგით:

ს. ტ–სი აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში, კავშირი აქვს ქურდული სამყაროს წევრებთან გ. ვ–სთან, ა. შ–სთან, თ. ჭ–სთან, მ. ჭ–თან, საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდებთან და ამ სამყაროსთან დაკავშირებულ სხვა პირებთან. 2021 წლის იანვრიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში, ქ. რ–სა და ქ. თ–ში, მათ შორის, „ქურდული სამყაროს“ სიმბოლოებით მოხატულ თავის კუთვნილ სარდაფში, მდებარე ქ. რ–ში, ..........ის ქუჩის N..-ის, მე.. სადარბაზოს -.. სართულზე, თვითონ უწევდა ორგანიზებას „ქურდული შეკრებების“ მოწყობას და მონაწილეობდა ქურდულ შეკრებებსა და ქურდულ გარჩევებში, რომლებიც შეეხებოდა პირის ქმედების შეფასებას, დავის გადაწყვეტას, სტატუსის შეცვლას და ქურდული სამყაროს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხების განხილვა – გადაწყვეტას, დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისაკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტისა და საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდების სახელის გამოყენებით თავისთვის და ამ პირებისათვის ცდილობდა მიეღო ფინანსური სარგებელი და მოეპოვებინა უპირატესობა, ძალაუფლება და გავლენა. მის სახელს იყენებდნენ და საკითხების გადასაწყვეტად მას მიმართავდნენ ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული სხვა პირები, მათ შორის:

ს. ტ–სი თ. ტ–სთან ერთად იღებდა მონაწილეობას ქურდულ გარჩევაში, სადაც განიხილებოდა საკითხი არასრულწლოვან, 16 წლის გ. გ–ს შესაძლო ცემის ფაქტი, კერძოდ, გ. გ–ს ჰქონდა „პრეტენზიები“ გ. ი–ს მიმართ, რომელიც დაიბარეს ს. ტ–ს სარდაფში, სადაც შეაფასეს მისი ქმედება, გაამტყუნეს „ქურდული წესების“ თანახმად და იძალადეს მასზე.

ს. ტ–ი გამოხატავს მზადყოფნას ქურდული სამყაროს საქმიანობაში მონაწილეობისათვის, კერძოდ, განაცხადა, რომ 5 % უნდა „წამოიღოს“ .......... დან“. როგორც საუბრიდან ირკვევა, ვინმე „დ–ა“ აშენებს წისქვილს და ს. ტ–სი აპირებს 5% თავისთვის „წამოიღოს“, ხოლო 5% ე.წ. „კანონიერი ქურდებისათვის“.

ს. ტ–ს საქმის კურსში აყენებენ, რომ ჩ. ი–ს აქვს ნარკოტიკების რეალიზაციით ნაშოვნი ფული, ხოლო იგი აღნიშნულ პირებს ნებას რთავს, ისე იმოქმედონ როგორც საჭიროდ ჩათვლიან.

ს. ტ–მა კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, იძალადა ლ. ქ–ზე, იმის გამო, რომ დიდი ხანია, მისთვის და მისი „ქურდი ძმისთვის“ ფულადი თანხა არ მიუტანია და მოსთხოვა 2021 წლის 15 აპრილამდე 5000 ლარის მიტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით.

ს. ტ–ი, თ. ტ–ი, ა. შ–სი, თ. ჭ–ი და გამოძიებით დაუდგენელი სხვა პირები, მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევაში“, რომელიც შედგა ს. და თ. ტ–ების ქურდული სიმბოლოებით მოხატულ სარდაფში, სადაც ს. ტ–მა შეაფასა თ. ჭ–სის ქმედება, რომელმაც მის მეგობარს და ოჯახის წევრს – ვინმე „ბ–ს“ ხელი არ ჩამოართვა მანქანასთან დაკავშირებული დავის გამო. საუბრისას თ. ჭ–მა განმარტა, რომ ხელს არ ჩამოართმევდა ამ პირს. ს. ტ–მა კი უთხრა, რომ „ქურდულს“ შეურაცხყოფას აყენებდა და მათ გარეშე თუ გადადგამდა ნაბიჯს, ქურდულად ექნებოდა მასთან შეკითხვები. ს. ტ–სი დაიმუქრა ყველას დახოცვით და თქვა, რომ არ იცნობენ ფხიზელ ტ–ს, ხოლო თ. ჭ–მა უპასუხა, რომ თუ „ქურდ“ ს. ტ–ს აქვს „მისაღები“ მისგან, მიიღოს. შემდეგ ს. ტ–ი შეეკითხა ა. შ–ს, როგორც მომავალი ქურდი, როგორ შეაფასებდა თ. ჭ–ს ქმედებას. ა. შ–სმა მხარი დაუჭირა თ. ჭ–ს, რის გამოც, ს. ტ–სი აგინებს მათ, როგორც გაქცეულებს და იმუქრება, რომ ააფეთქებს.

ს. ტ–სა და გ. ვ–ს შორის ქურდული გარჩევა შედგა გ. ვ–ს ავტომანქანაში, გარჩევის დროს ს. ტ–სს ურეკავენ ტელეფონზე და აწვდიან ინფორმაციას ქ. რ–ში „ქურდული გარჩევის“ შესახებ. ს. ტ–ი ეუბნება, რომ „თემა“ გააჩერონ და მივლენ, რის შემდეგაც განიხილავენ გ. ვ–ს ბიძაშვილის მიმართ ძალადობის საკითხს, რის გამოც, გ. ვ–ს „პრეტენზიები“ აქვს ს. ტ–ს მიმართ.

ს. ტ–სი, ბ. ხ–ი და გ. ვ–ი მონაწილეობას იღებდნენ ქ. რ–ში მომხდარ ქურდულ გარჩევაში, რომელშიც ვინმე „ბ–ს“ და „რ–ს“ ერთმანეთთან პრეტენზიები ჰქონდათ. ბ. ხ–ი ეუბნება გ. ვ–ს და ს. ტ–ს, რომ ისინი არიან მომავალი ქურდები, რაზეც გ. ვ–სი ბრაზდება, ამეორებინებს აღნიშნულ წინადადებას, რის შემდეგაც ბ. ხ–ი ეუბნება მათ, რომ არიან ცხოვრებით ქურდები და ქურდი ბიჭები.

ს. ტ–ს, როგორც ქურდული სამყაროს წევრს, დავის გადასაწყვეტად მიმართა გ. ბ–სმა, რის გამოც ს. ტ–ს სარდაფში შედგა ქურდული გარჩევა. ამ უკანასკნელმა „ქურდული სამყაროს“ წესების თანახმად, გაამტყუნა თ. ჭ–ი და გ. ბ–ს დაჰპირდა, რომ მოაწყობდა „ქურდულ გარჩევას“, რომელშიც როგორც თავად უნდოდა, ისე „მიაღებინებდა“ თ. ჭ–ს, სთავაზობდა ვარიანტებსაც, თუ სურვილი ჰქონდა, მას დაარტყმევინებდა ხელს, თუ არადა – თვითონ დაარტყამდა.

3.2. ს. ტ–ს ბრალად ასევე ედება გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:

2021 წლის 7 აპრილს, საღამოს საათებში, ქ. რ–ში, ..........ის ქუჩის N..-ის, მე.. სადარბაზოს -.. სართულზე, „ქურდული სამყაროს“ სიმბოლოებით მოხატულ ს. ტ–ს კუთვნილ სარდაფში, ქურდული სამყაროს წევრმა, ს. ტ–მა, კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, იმის გამო, რომ დიდი ხანია, მისთვის და მისი „ქურდი ძმისთვის“ ფულადი თანხა არ მიუტანია, იძალადა ლ. ქ–ზე და მოსთხოვა 2021 წლის 15 აპრილამდე 5000 ლარის მიტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით.

3.3. თ. ჭ–ს ბრალად ედება „ქურდული სამყაროს“ წევრობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:

თ. ჭ–ი აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში, კავშირი აქვს ქურდული სამყაროს წევრებთან გ. ვ–სთან, ა. შ–სთან, მ. ჭ–სთან, ს. ტ–სთან და ამ სამყაროსთან დაკავშირებულ სხვა პირებთან. 2021 წლის იანვრიდან, 2021 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში, ქ. რ–ში, მათ შორის, „ქურდული სამყაროს“ სიმბოლოებით მოხატულ ს–ო და თ. ტ–სების კუთვნილ სარდაფში, მდებარე ქ. რ–ში, .........ის ქუჩის N..-ში, მე.. სადარბაზოს -.. სართულზე, მონაწილეობდა ქურდულ შეკრებებსა და ქურდულ გარჩევებში, რომელიც შეეხებოდა პირის ქმედების შეფასებას, დავის გადაწყვეტას, სტატუსის შეცვლას და ქურდული სამყაროს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხების განხილვასა და გადაწყვეტას, დანაშაულის ჩადენით, საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ცდილობდა მოეპოვებინა უპირატესობა, ძალაუფლება და გავლენა. პრეტენზიას უყენებდა „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებულ პირებს იმის შესახებ, რომ მათი ქმედებები არ შეესაბამებოდა „ქურდულ სამყაროში“ დამკვიდრებულ წესებსა და შეხედულებებს, ამ პრეტენზიის შესაფასებლად და გადასაწყვეტად თავადაც უწევდა ორგანიზებას ქურდულ შეკრებებს, რომლებშიც ძალადობით ცდილობდა „ქურდული სამყაროს“ „გავლენიანი“ წევრებისათვის დაემტკიცებინა თავისი უპირატესობა, გაემყარებინა სტატუსი ამ სამყაროში და გაებათილებინა მის მიმართ არსებული პრეტენზია ერთ-ერთი ქურდული შეკრების დროს საკნიდან გაქცევასთან დაკავშირებით, რაც ასევე „ქურდული სამყაროს“ წესებისა და შეხედულებების თანახმად, არ იყო სწორი ქმედება, მათ შორის:

თ. ჭ–ი, ს. ტ–ი, თ. ტ–სი, ა. შ–ი და გამოძიებით დაუდგენელი სხვა პირები, მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევაში“, რომელიც შედგა ს. და თ. ტ–ების ქურდული სიმბოლოებით მოხატულ სარდაფში. იქ ს. ტ–მა შეაფასა თ. ჭ–ს ქმედება, რომელმაც მის მეგობარს და ოჯახის წევრს – ვინმე „ბ–ს“ ხელი არ ჩამოართვა მანქანასთან დაკავშირებული დავის გამო. თ. ჭ–მა განმარტა, რომ ხელს არ ჩამოართმევდა ამ პირს, რის გამოც ს. ტ–მა უთხრა, რომ „ქურდულს“ შეურაცხყოფას აყენებდა და მათ გარეშე თუ გადადგამდა ნაბიჯს, ქურდულად ექნებოდა მასთან შეკითხვები. ს. ტ–ი დაიმუქრა ყველას დახოცვით, რომ არ იცნობენ ფხიზელ ტ–ს, ხოლო თ. ჭ–მა უპასუხა, რომ თუ „ქურდ“ ს. ტ–ს აქვს „მისაღები“ მისგან, მიიღოს. აღნიშნულის შემდეგ ს. ტ–სი შეეკითხა ა. შ–ს, როგორც მომავალი ქურდი, როგორ შეაფასებს თ. ჭ–სის ქმედებას. ა. შ–მა მხარი დაუჭირა თ. ჭ–ს, რის გამოც, ს. ტ–მა აგინა მათ, როგორც გაქცეულებს და დაიმუქრა აფეთქებით.

თ. ჭ–ი მონაწილეობას იღებდა ქურდულ შეკრებასა და ქურდულ გარჩევაში, რომელიც გაიმართა თორნიკე და ს. ტ–ს კუთვნილ სარდაფში. შეკრების დროს განიხილებოდა ა. მ–სის – „წ–ს“ – „კაი ბიჭობის“ საკითხი და მისი ქმედების შეფასება. დგინდება, რომ „წ–ა“ პენიტენციური დაწესებულება დატოვა შეწყალებით, რაც „ქურდული წესების“ თანახმად, „კაი ბიჭმა“ არ უნდა გააკეთოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მას პრეტენზია წაუყენა თ. ჭ–მა, ასევე შესთავაზა ემუშავა, რაზეც „წ–მ“ პასუხი არ გასცა. თ. ჭ–ი ეუბნება, რომ ამის გამო იგი არ არის „კაი ბიჭი“. „წ–ა“ აცხადებს, რომ მისი შეწყალების საკითხი იცოდნენ „ქურდებმა“ და მათი თანხმობით მოაწერა ხელი მშობლების მიერ დაწერილ შეწყალების მოთხოვნას. გარჩევის დროს თ. ჭ–მა იძალადა ა. მ–ზე, ხოლო ა. შ–მა წამოუყენა პრეტენზია მისთვის მისაცემ თანხასთან დაკავშირებით, შემდეგ კი შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხს ისევ დაუბრუნდებიან განსახილველად.

თ. ტ–მა თ. ჭ–ს სურვილით ორგანიზება გაუწია „ქურდული გარჩევის მოწყობას“, სადაც ისევ უნდა განეხილათ ა. მ–სის „კაი ბიჭობის“ საკითხი. თ. ტ–ს ინიციატივით, ზემოაღნიშნულ სარდაფში ჩავიდა ა. მ–ი, იგივე „წ–ა“, სადაც ისევ განიხილეს ზემოაღნიშნული საკითხი. „წ–ა“ ცდილობს, არ დათმოს „კაი ბიჭის“ სტატუსი, თავს იცავს და კითხვაზე, რომ არის თუ არა „კაი ბიჭი“, მაინც პასუხობს რომ „კაი ბიჭია“, ამბობს რომ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა „კანონიერი ქურდები“.

ქურდული სამყაროს წევრმა, თ. ჭ–მა და ქურდული სამყაროს მხარდამჭერმა ა. შ–მა, ჯგუფურად, გავლენისა და უპირატესობის მოპოვების მიზნით, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენეს ამავე სამყაროს მხარდამჭერს, გ. ბ–ს, რის შემდეგაც თ. ჭ–ი, ა. შ–სთან, თ. ჭ–სთან, ს. მ–სთან, ლ. ტ–სთან ერთად მონაწილეობას იღებდა ქურდულ გარჩევაში, რომელიც ასევე გაიმართა ს–ო და თ. ტ–ების კუთვნილ ზემოაღნიშნულ სარდაფში. „გარჩევის“ დროს განიხილებოდა ა. შ–სა და თ. ჭ–სის მიერ გ. ბ–სზე ძალადობის საკითხი, რის შესახებაც, ს. მ–ამ და ლ. ტ–მ საქმის კურსში ჩააყენეს საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. „კანონიერი ქურდები“.

ქურდული სამყაროს წევრებმა, მ. ჭ–მა და თ. ჭ–მა გამოიყენეს თავიანთი კრიმინალური ავტორიტეტი და რ. ჯ–სს უთხრეს, რომ ...........ის გზაზე მას არ უნდა აეყვანა მგზავრები, ვინაიდან აღნიშნულ გზაზე თავად ამუშავებდნენ მძღოლს და ამით ჰქონდათ შემოსავალი. საუბრისას ეუბნებოდნენ, რომ ქურდულად ცხოვრობდნენ, თ. ჭ–მა უთხრა, რომ 7 ლარის გამო იხდიდა სასჯელს და, შესაბამისად, ყველაფერზე იყო წამსვლელი. ხოლო მ. ჭ–მა უთხრა, რომ თუ სადმე ნახავდა ...........ის მიმართულებით გავლილ რომელიმე მინივენს, გააჩერებდნენ მისი ბიჭები და დალეწავდნენ მანქანას, გადაასხამდა ბენზინს მძღოლს და დაწვავდა. ასევე მოსთხოვა 300 ლარის მიტანა, ვინაიდან სწორედ მისი მუშაობის გამო ვერ მიუტანა მძღოლმა სარგებელი. რ. ჯ–მა იცოდა მ. ჭ–სა და მისი ძმის, თ. ჭ–ს ქურდულ სამყაროსთან კავშირის შესახებ, შეეშინდა მისი მუქარის, ზეწოლის და იძულებული გახდა შეეჩერებინა მუშაობა, რის გამოც, რამდენიმე თვე იყო უმუშევარი. შესაბამისად, რ. ჯ–მა თავის თავზე განიცადა მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, მიადგა მორალური და ქონებრივი ზიანი.

თ. და მ. ჭ–ებმა იძალადეს ზ. ხ–ზე და დაეუფლნენ მის მფლობელობაში არსებულ „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანას, მასში მოთავსებული მობილური ტელეფონით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ძმებს მოგვიანებით დაუკავშირდა ა. ზ–ი, იგივე „კ–ი“. როგორც საუბრებიდან ირკვევა, ძმებმა აღნიშნული პირიც სცემეს. ს–ო და თ. ტ–სების სარდაფში მყოფი პირები, თორნიკე და მ. ჭ–ებს აფრთხილებენ, რომ ფრთხილად ყოფილიყვნენ, რადგან ზ. ხ–ი და ა. ზ–ი მათი ცემის გამო შურს იძიებდნენ.

3.4. თ. ჭ–ს ბრალად ასევე ედება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:

2021 წლის აპრილის დასაწყისში, ქ. რუსთავში, ქურდული სამყაროს წევრმა, თ. ჭ–მა და ქურდული სამყაროს მხარდამჭერმა ა. შ–სმა, ჯგუფურად, გავლენისა და უპირატესობის მოპოვების მიზნით, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენეს ამავე სამყაროს მხარდამჭერს, გ. ბ–ს. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ. ბ–ი მკურნალობდა სტაციონარულად, 01.04.2021 წლიდან 03.04.2021 წლამდე დიაგნოზით: თავის ტვინის შერყევა, ცხვირის ძვლების მოტეხილობა, დაჟეჟილი ჭრილობები სახისა და თავის მიდამოში, რაც მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება სამედიცინო დოკუმენტში მითითებულ თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

3.5. მ. ჭ–ს ბრალად ედება „ქურდული სამყაროს“ წევრობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:

მ. ჭ–ი აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში, კავშირი აქვს ქურდული სამყაროს წევრებთან გ. ვ–სთან, ა. შ–სთან, თ. ჭ–სთან, ს. ტ–სთან და ამ სამყაროსთან დაკავშირებულ სხვა პირებთან. 2021 წლის იანვრიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში, ქ. რ–ში, მათ შორის „ქურდული სამყაროს“ სიმბოლოებით მოხატულ ს–ო და თ. ტ–ების კუთვნილ სარდაფში, მდებარე ქ. რ–ში, ..........ის ქუჩის N..-ის, მე.. სადარბაზოს -.. სართულზე, მონაწილეობდა ქურდულ შეკრებებსა და ქურდულ გარჩევებში, რომელიც შეეხებოდა პირის ქმედების შეფასებას, დავის გადაწყვეტას, სტატუსის შეცვლას და ქურდული სამყაროს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხების განხილვასა და გადაწყვეტას, დანაშაულის ჩადენით, საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით ცდილობდა, მიეღო ფინანსური სარგებელი და მოეპოვებინა უპირატესობა, ძალაუფლება და გავლენა. მათ შორის:

ქურდული სამყაროს წევრებმა, მ. ჭ–მა და თ. ჭ–მა გამოიყენეს თავიანთი კრიმინალური ავტორიტეტი და რ. ჯ–ს უთხრეს, რომ ლაგოდეხი-რუსთავის გზაზე მას არ უნდა აეყვანა მგზავრები, ვინაიდან აღნიშნულ გზაზე თავად ამუშავებდნენ მძღოლს და ამით ჰქონდათ შემოსავალი. საუბრისას უთხრეს, რომ ქურდულად ცხოვრობდნენ. თ. ჭ–ს თქმით 7 ლარის გამო იხდიდა სასჯელს და, შესაბამისად, ყველაფერზე იყო წამსვლელი. მ. ჭ–მ უთხრა, რომ თუ სადმე ნახავდა ........ის მიმართულებით გავლილ რომელიმე მინივენს, გააჩერებდნენ მისი ბიჭები და დალეწავდნენ მანქანას, გადაასხამდა ბენზინს მძღოლს და დაწვავდა, ასევე მოსთხოვა მისთვის 300 ლარის მიტანა, ვინაიდან სწორედ მისი მუშაობის გამო ვერ მიუტანა მძღოლმა სარგებელი. რ. ჯ–სმა იცოდა მ. ჭ–სისა და მისი ძმის, თ. ჭ–ს ქურდულ სამყაროსთან კავშირის შესახებ, შეეშინდა მისი მუქარის, ზეწოლის და იძულებული გახდა შეეჩერებინა მუშაობა, რის გამოც, რამდენიმე თვის განმავლობაში იყო უმუშევარი. შესაბამისად, რ. ჯ–მა საკუთარ თავზე განიცადა მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, მიადგა მორალური და ქონებრივი ზიანი.

თორნიკე და მ. ჭ–ებმა იძალადეს ზ. ხ–ზე და დაეუფლნენ მის მფლობელობაში არსებულ „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანას, მასში მოთავსებული მობილური ტელეფონით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ძმებს მოგვიანებით დაუკავშირდა ა. ზ–ი, იგივე „კ–ი“. როგორც საუბრებიდან ირკვევა ძმებმა აღნიშნული პირიც სცემეს. ს. და თ. ტ–სების სარდაფში მყოფი პირები, თ. და მ. ჭ–ებს აფრთხილებენ, რომ ფრთხილად იყვნენ, რადგან ზ. ხ–სი და ა. ზ–ი მათი ცემის გამო შურს იძიებდნენ.

2021 წლის იანვრიდან მაისამდე დროის პერიოდში, შ. შ–ს ქურდული სამყაროს წევრი - მ. ჭ–ი, ქურდული სამყაროს მხარდამჭერის, ა. შ–სის მეშვეობით უკავშირდებოდა და კატეგორიულად სთხოვდა ს. ქ–სსთვის მისაცემი ვალი – 2500 ლარი მიეცა მისთვის. მათ ფსიქოლოგიური ზეწოლით, სიტყვიერი შეურაცხყოფით, მუქარითა და კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით შეძლეს და შ. შ–სს თანხის ნაწილი – 500 ლარი ჩაარიცხვინეს მ. ჭ–ის დედის, მანანა შანშაშვილის ანგარიშზე, ხოლო 2000 ლარი გამოართვეს ხელზე. პარალელურად, ს. ქ–ს ძმას, ტ. ქ–ს უთხრეს, რომ აღნიშნული ვალი მ. ჭ–მა გადაიბარა. ა. შ–სა და მ. ჭ–ს ქმედების შედეგად, საკუთარ თავზე თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება განიცადა შ. შ–სმა, ვინაიდან იძულებული გახდა ნებისმიერი გზით ეშოვა და მ. ჭ–სათვის გადაეცა ს. ქ–სთვის გადასაცემი თანხა, ხოლო ს. ქ–მ განიცადა ქონებრივი ზიანი, ვინაიდან ფულადი თანხა დაიტოვეს მ. ჭ–მა და ა. შ–მა.

3.6. ა. მ–სს ბრალად ედება „ქურდული სამყაროს“ წევრობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:

ა. მ–ი აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში, კავშირი აქვს ქურდული სამყაროს წევრებთან თ. ჭ–სთან, მ. ჭ–სთან, ს. ტ–სთან და ამ სამყაროსთან დაკავშირებულ სხვა პირებთან. 2021 წლის იანვრიდან, 2021 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში, ქალაქ რ–ში, მათ შორის, „ქურდული სამყაროს“ სიმბოლოებით მოხატულ, ს. და თ. ტ–ების კუთვნილ სარდაფში, მდებარე ქ. რ–ში, ..........ის ქუჩის N..-ის, მე.. სადარბაზოს -.. სართულზე, მონაწილეობდა ქურდულ შეკრებებსა და ქურდულ გარჩევებში, რომელიც შეეხებოდა პირის ქმედების შეფასებას, დავის გადაწყვეტას, სტატუსის შეცვლას და ქურდული სამყაროს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხების განხილვასა და გადაწყვეტას, დანაშაულის ჩადენით, საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ცდილობდა მოეპოვებინა უპირატესობა, ძალაუფლება და გავლენა, ცდილობდა „ქურდული სამყაროს“ „გავლენიანი“ წევრებისათვის დაემტკიცებინა თავისი უპირატესობა, გაემყარებინა მისი სტატუსი ამ სამყაროში და გაებათილებინა მის მიმართ არსებული პრეტენზია ციხიდან შეწყალებით გამოსვლის შესახებ, რაც „ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად არ იყო სწორი საქციელი, ცდილობდა აღნიშნული აეხსნა იმით, რომ შეწყალებით გამოსვლასთან დაკავშირებით ნებართვა ჰქონდა აღებული ციხეში მყოფი ქურდული სამყაროს წევრებისგან, კერძოდ:

ა. მ–სი მონაწილეობას იღებდა ქურდულ შეკრებასა და ქურდულ გარჩევაში, რომელიც გაიმართა თ–ე და ს. ტ–ების კუთვნილ სარდაფში. შეკრების დროს განიხილებოდა მისი „კაიბიჭობის“ საკითხი და მისივე ქმედების შეფასება. დგინდება, რომ ა. მ–სმა – „წ–მ“ პენიტენციური დაწესებულება დატოვა შეწყალებით, რაც „ქურდული წესების“ თანახმად „კაი ბიჭმა“ არ უნდა გააკეთოს. აღნიშნულთან დაკავშირებით მას პრეტენზია წაუყენა თ. ჭ–სმა, ასევე შესთავაზა ემუშავა, რაზეც „წ–ა“ პასუხი არ გასცა. თ. ჭ–მა უთხრა, რომ აღნიშნულის გამო, იგი არ არის „კაი ბიჭი“, ხოლო „წ–ა“ თქვა, რომ მისი შეწყალების საკითხი იცოდნენ „ქურდებმა“ და მათი თანხმობით მოაწერა ხელი მშობლების მიერ დაწერილ შეწყალების მოთხოვნას. გარჩევის დროს თ. ჭ–მა იძალადა ა. მ–სზე, ხოლო ა. შ–მა წამოუყენა პრეტენზია მისთვის მისაცემ თანხასთან დაკავშირებით, შემდეგ კი შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხს ისევ დაუბრუნდებოდნენ განსახილველად.

თ. ტ–მა თ. ჭ–ს სურვილით, ორგანიზება გაუწია „ქურდული გარჩევის მოწყობას“, სადაც ისევ უნდა განეხილათ ა. მ–ს „კაი ბიჭობის“ საკითხი. თ. ტ–ს ინიციატივით ზემოაღნიშნულ სარდაფში ჩადის ა. მ–სი, იგივე „წ–ა“ და ისევ განიხილება ზემოაღნიშნული საკითხი. „წ–ა“ ცდილობს, არ დათმოს „კაი ბიჭის“ სტატუსი, თავს იცავს და კითხვებზე, რომ არის თუ არა „კაი ბიჭი“ მაინც პასუხობს რომ „კაი ბიჭია“, ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა „კანონიერი ქურდები“.

ა. მ–სი მონაწილეობას იღებდა ქურდულ გარჩევაში, რომელიც შეეხებოდა მის მიმართ ლ. გ–ს მხრიდან არსებულ ტელეფონთან დაკავშირებულ პრეტენზიას. როგორც საუბრიდან ჩანს, „წ–ა“ ტელეფონი წაართვა ლ. გ–ას ნათესავს, რის გამოც იხდიდა კიდეც სასჯელს. მათ შორის შედგა სატელეფონო საუბარი, რა დროსაც ლ. გ–ს „წ–ა“ უთხრა, რომ 9 საათზე ენახა, რაზეც მან უპასუხა, რომ იყო კომენდანტი საათი, ხოლო წ–ა უთხრა, რომ ესაუბრებოდა სისტემის და არა – „ქურდული“ ტერმინებით. ქურდული გარჩევის დროს ლ. ვ–ე ეკითხება თ. ტ–ს, თუ როგორ იცნობს ა. მ–ს, როგორც „კაი ბიჭს და ქუჩის ბიჭს“?, ეუბნება, რომ პასუხი გასცეს ქურდულად, თ. ტ–სი კი პასუხობს, რომ იცნობს, როგორც „კაი ბიჭს“. შემდეგ ეკითხება „წ–ას“, რომელი ქურდები იცნობენ მას, „წ–ა“ პასუხობს, რომ ქურდები არ იცნობენ, არ შეხვედრია მათ, თუმცა ჩამოუთვლის რამდენიმე პირს და ეუბნება, რომ სისტემიდან იცნობენ. ლ. ვ–ე ეუბნება, რომ მათ დღეიდან მხოლოდ „ქურდული“ აკავშირებთ. ლ. ვ–ე ეკითხება „წ–ს“, თუ როგორ იცნობს მას, რაზეც იგი პასუხობს, რომ იცნობს, როგორც „ქურდს“. მ. ფ–ეე აცხადებს, რომ არიან ცხოვრებით ქურდები, ერთმანეთს გვერდით უნდა დაუდგნენ და, ქურდულის გარდა, ერთმანეთთან უნდა აკავშირებდეთ „ძმაკაცურიც“.

3.7. თ. ტ–სს ბრალად ედება „ქურდული სამყაროს“ წევრობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:

თ. ტ–სი აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში, კავშირი აქვს ქურდული სამყაროს წევრებთან გ. ვ–სთან, ა. შ–სთან, თ. ჭ–სთან, მ. ჭ–სთან, ს. ტ–სთან და ამ სამყაროსთან დაკავშირებულ სხვა პირებთან. 2021 წლის იანვრიდან, 2021 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში, ქ. რ–ში, მათ შორის, „ქურდული სამყაროს“ სიმბოლოებით მოხატულ მის კუთვნილ სარდაფში, მდებარე ქ. რ–ში, ..........ის ქუჩის N..-ის, მე.. სადარბაზოს -.. სართულზე, თავად უწევდა ორგანიზებას ქურდული შეკრებების მოწყობას და მონაწილეობდა ქურდულ შეკრებებსა და ქურდულ გარჩევებში, რომლებიც შეეხებოდა პირის ქმედების შეფასებას, დავის გადაწყვეტას, სტატუსის შეცვლას და ქურდული სამყაროს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხების განხილვასა და გადაწყვეტას, დანაშაულის ჩადენით, საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით ცდილობდა მოეპოვებინა უპირატესობა, ძალაუფლება და გავლენა, მათ შორის:

თ. ტ–სი, ს. ტ–სთან ერთად იღებდა მონაწილეობას ქურდულ გარჩევაში, სადაც განიხილებოდა საკითხი არასრულწლოვან, 16 წლის გ. გ–სის შესაძლო ცემის ფაქტზე. კერძოდ, გ. გ–სს ჰქონდა „პრეტენზიები“ გ. ი–სს მიმართ, რომელიც დაიბარეს ს. ტ–სის სარდაფში, სადაც შეაფასეს მისი ქმედება, გაამტყუნეს „ქურდული წესების“ თანახმად და იძალადეს მასზე.

თ. ტ–სი, ს. ტ–სი, ა. შ–სი, თ. ჭ–სი და გამოძიებით დაუდგენელი სხვა პირები, მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევაში“, რომელიც შედგა ს. და თ. ტ–ების ქურდული სიმბოლოებით მოხატულ სარდაფში, სადაც ს. ტ–სმა შეაფასა თ. ჭ–ს ქმედება, რომელმაც მის მეგობარს და ოჯახის წევრს ვინმე „ბ–ს“, ხელი არ ჩამოართვა მანქანასთან დაკავშირებული დავის გამო. თ. ჭ–სმა განმარტა, რომ მას ხელს არ ჩამოართმევდა, რის გამოც ს. ტ–სმა უთხრა, რომ ქურდულს შეურაცხყოფას აყენებს და მათ გარეშე თუ გადადგამდა ნაბიჯს, ქურდულად ექნებოდა მასთან შეკითხვები. ს. ტ–მა დაიმუქრა ყველას დახოცვით და თქვა, რომ არ იცნობენ ფხიზელ ტ–ს, ხოლო თ. ჭ–სი უპასუხა, რომ თუ „ქურდ“ ს. ტ–ს აქვს „მისაღები“ მისგან, მიიღოს. აღნიშნულის შემდეგ ს. ტ–სი ეკითხება ა. შ–სს, როგორც მომავალი ქურდი, როგორ შეაფასებს თ. ჭ–ს ქმედებას, ა. შ–სმა მხარი დაუჭირა თ. ჭ–სს, რის გამოც, ს. ტ–ი აგინებს მათ, როგორც გაქცეულებს და იმუქრება, რომ ააფეთქებს.

თ. ტ–ი მონაწილეობას იღებდა ქურდულ შეკრებასა და ქურდულ გარჩევაში, რომელიც გაიმართა მისი და მისი ძმის, ს. ტ–ს, კუთვნილ სარდაფში. შეკრების დროს განიხილებოდა ა. მ–ს – „წ–ას“ „კაიბიჭობის“ საკითხი და მისი ქმედების შეფასება. დგინდება, რომ „წ–ა“ პენიტენციური დაწესებულება დატოვა შეწყალებით, რაც, „ქურდული წესების“ თანახმად, „კაი ბიჭმა“ არ უნდა გააკეთოს. აღნიშნულთან დაკავშირებით მას პრეტენზია წაუყენა თ. ჭ–მა, ასევე შესთავაზა ემუშავა, რაზეც „წ–ა“ პასუხი არ გასცა. თ. ჭ–ი ეუბნება, რომ აღნიშნულის გამო იგი არ არის „კაი ბიჭი“, ხოლო „წ–ა“ თქვა, რომ მისი შეწყალების საკითხი იცოდნენ „ქურდებმა“ და მათი თანხმობით მოაწერა ხელი მშობლების მიერ დაწერილ შეწყალების მოთხოვნას. გარჩევის დროს თ. ჭ–მა იძალადა ა. მ–ზე, ხოლო ა. შ–სმა წამოუყენა პრეტენზია მისთვის მისაცემ თანხასთან დაკავშირებით, შემდეგ კი შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხს ისევ დაუბრუნდებიან განსახილველად.

თ. ტ–მა, თ. ჭ–ს სურვილით, ორგანიზება გაუწია „ქურდული გარჩევის მოწყობას“, სადაც ისევ უნდა განეხილათ ა. მ–სის „კაი ბიჭობის“ საკითხი. თ. ტ–ს ინიციატივით, ზემოაღნიშნულ სარდაფში ჩადის ა. მ–ი, იგივე „წ–ა“ და ისევ განიხილება ზემოაღნიშნული საკითხი, „წ–ა“ ცდილობს, არ დათმოს „კაი ბიჭის“ სტატუსი, თავს იცავს და კითხვებზე, რომ არის თუ არა „კაი ბიჭი“ მაინც პასუხობს რომ „კაი ბიჭია“, ამბობს რომ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა „კანონიერი ქურდები“.

თ. ტ–ი მონაწილეობას იღებდა ქურდულ გარჩევაში, რომელიც შეეხებოდა ა. მ–სის - „წ–ას“ მიმართ ლ. გ–ას მხრიდან არსებულ, ტელეფონთან დაკავშირებულ პრეტენზიას. როგორც საუბრიდან ირკვევა, „წ–ა“ ტელეფონი წაართვა ლ. გ–ას ნათესავს, რის გამოც იხდიდა კიდეც სასჯელს. მათ შორის შედგა სატელეფონო საუბარი, სადაც ლ. გ–ას „წ–ა“ უთხრა, რომ 9 საათზე ენახა, რაზეც მან უთხრა, რომ იყო კომენდანტი, წ–ა უპასუხა, რომ ესაუბრებოდა სისტემის და არა „ქურდული“ ტერმინებით. ქურდული გარჩევის დროს ლ. ვ–ეე ეკითხება თ. ტ–ს, თუ როგორ იცნობს ა. მ–სს, როგორც „კაი ბიჭს და ქუჩის ბიჭს“? და ეუბნება, რომ პასუხი გასცეს ქურდულად. თ. ტ–სი პასუხობს, რომ იცნობს, როგორც „კაი ბიჭს“. შემდეგ ეკითხება „წ–ას“, რომელი ქურდები იცნობენ მას. წ–ა პასუხობს, რომ ქურდები არ იცნობენ, არ შეხვედრია მათ, თუმცა ჩამოუთვლის რამდენიმე პირს და ეუბნება, რომ სისტემიდან იცნობენ. ლ. ვ–ე ეუბნება, რომ მათ დღეიდან მხოლოდ „ქურდული“ აკავშირებთ. ლ. ვ–ე ეკითხება „წ–ას“ თუ როგორ იცნობს მას, რაზეც იგი პასუხობს, რომ იცნობს როგორც „ქურდს“. მ. ფ–ე ამბობს, რომ არიან ცხოვრებით ქურდები, ერთმანეთს გვერდით უნდა დაუდგნენ და ქურდულის გარდა ერთმანეთთან უნდა აკავშირებდეთ „ძმაკაცურიც“.

თ. ტ–სი, ა. შ–სთან, თ. ჭ–სთან, ს. მ–ასთან და ლ. ტ–სთან ერთად მონაწილეობას იღებდა ქურდულ გარჩევაში, რომელიც ასევე გაიმართა ს–ო და თ. ტ–ების კუთვნილ ზემოაღნიშნულ სარდაფში. „გარჩევის“ დროს განიხილებოდა ა. შ–სისა და თ. ჭ–ს მიერ გ. ბ–ს მიმართ ძალადობის საკითხი, რის შესახებაც ს. მ–ამ და ლ. ტ–მ საქმის კურსში ჩააყენეს საზღვარგარეთ მყოფი, ე.წ. „კანონიერი ქურდები“.

3.8. ა. შ–ს ბრალად ედება „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ და რომელიც აქტიური ქმედებით ხელს უწყობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებას, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:

ა. შ–სისთვის ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ, კავშირი აქვს ქურდული სამყარ„ქურდული სამყაროს“ ოს წევრებთან: თ. ჭ–სთან, მ. ჭ–სთან, ს. ტ–სთან, თ. ტ–სთან და ამ სამყაროსთან დაკავშირებულ სხვა პირებთან. 2021 წლის იანვრიდან, 2021 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში, ქ. რ–ში ა. შ–ი ახორციელებდა აქტიურ ქმედებებს, რითაც ხელს უწყობდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობას. მათ შორის მონაწილეობას იღებდა ქურდულ გარჩევებში, „ქურდული სამყაროს წევრებს“ აწვდიდა ინფორმაციას კონკრეტული პირების შესახებ, რომლებიც არ მოიქცნენ „ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად, კერძოდ:

ა. შ–სი, ს. ტ–სი, თ. ტ–სი, თ. ჭ–სი და გამოძიებით დაუდგენელი სხვა პირები, მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევაში“, რომელიც შედგა ს–ო და თ. ტ–ების ქურდული სიმბოლოებით მოხატულ სარდაფში, სადაც ს. ტ–მა შეაფასა თ. ჭ–ის ქმედება, რომელმაც მის მეგობარს და ოჯახის წევრს - ვინმე „ბ–ს“ ხელი არ ჩამოართვა მანქანასთან დაკავშირებული დავის გამო. თ. ჭ–მა განმარტა, რომ ამ პირს ხელს არ ჩამოართმევდა, რის გამოც ს. ტ–მა უთხრა, რომ ქურდულს შეურაცხყოფას აყენებდა და მათ გარეშე თუ გადადგამდა ნაბიჯს, ქურდულად ექნებოდა მასთან შეკითხვები. ს. ტ–ი დაიმუქრა ყველას დახოცვით და რომ არ იცნობენ ფხიზელ ტ–ს, ხოლო თ. ჭ–ი პასუხობს, რომ თუ „ქურდ“ ს. ტ–სს აქვს „მისაღები“ მისგან, მიიღოს. აღნიშნულის შემდეგ ს. ტ–ი ეკითხება ა. შ–ს, როგორც მომავალი ქურდი, როგორ შეაფასებდა თ. ჭ–ს ქმედებას. ა. შ–მა მხარი დაუჭირა თ. ჭ–ს, რის გამოც ს. ტ–სი აგინებს მათ, როგორც გაქცეულებს და იმუქრება აფეთქებით.

ა. შ–სი მონაწილეობას იღებდა ქურდულ შეკრებასა და ქურდულ გარჩევაში, რომელიც გაიმართა თორნიკე და ს. ტ–სის კუთვნილ სარდაფში. შეკრების დროს განიხილებოდა ა. მ–ს – „წ–ას“ – „კაი ბიჭობის“ საკითხი და მისი ქმედების შეფასება. დგინდება, რომ „წ–ა“ პენიტენციური დაწესებულება დატოვა შეწყალებით, რაც „ქურდული წესების“ თანახმად, „კაი ბიჭმა“ არ უნდა გააკეთოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მას პრეტენზია წაუყენა თ. ჭ–სმა, ასევე შესთავაზა ემუშავა, რაზეც „წ–ა“ პასუხი არ გასცა. თ. ჭ–ი ეუბნება, რომ, აღნიშნულის გამო, იგი არ არის „კაი ბიჭი“, ხოლო „წ–ა“ თქვა, რომ მისი შეწყალების საკითხი იცოდნენ „ქურდებმა“ და მათი თანხმობით მოაწერა ხელი მშობლების მიერ დაწერილ შეწყალების მოთხოვნას. გარჩევის დროს თ. ჭ–მა იძალადა ა. მ–ზე, ხოლო ა. შ–მა წამოუყენა პრეტენზია მისთვის მისაცემ თანხასთან დაკავშირებით, შემდეგ კი შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხს ისევ დაუბრუნდებიან განსახილველად.

ქურდული სამყაროს წევრმა, თ. ჭ–მა და ქურდული სამყაროს მხარდამჭერმა ა. შ–მა, ჯგუფურად, გავლენისა და უპირატესობის მოპოვების მიზნით, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენეს ამავე სამყაროს მხარდამჭერს, გ. ბ–ს, რის შემდეგადაც ა. შ–სი, თ. ტ–სთან, თ. ჭ–სთან, ს. მ–სა და ლ. ტ–სთან ერთად მონაწილეობას იღებდა ქურდულ გარჩევაში, რომელიც ასევე გაიმართა ს–ო და თ. ტ–სების კუთვნილ ზემოაღნიშნულ სარდაფში. „გარჩევის“ დროს განიხილებოდა ა. შ–სა და თ. ჭ–ს მიერ გ. ბ–ზე ძალადობის საკითხი, რის შესახებაც ს. მ–ამ და ლ. ტ–მ საქმის კურსში ჩააყენეს საზღვარგარეთ მყოფი, ე.წ. „კანონიერი ქურდები“.

2021 წლის იანვრიდან, მაისამდე დროის პერიოდში, შ. შ–ს ქურდული სამყაროს წევრი მ. ჭ–ი, ქურდული სამყაროს მხარდამჭერის, ა. შ–სის მეშვეობით უკავშირდებოდა და კატეგორიულად სთხოვდა ს. ქ–სთვის მისაცემი ვალი, 2500 ლარი მიეცა მისთვის. მათ ფსიქოლოგიური ზეწოლით, სიტყვიერი შეურაცხყოფით, მუქარით და კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით შეძლეს და შ. შ–ს თანხის ნაწილი – 500 ლარი ჩაარიცხვინეს მ. ჭ–ს დედის, მ. შ–ს ანგარიშზე, ხოლო 2000 ლარი გამოართვეს ხელზე. პარალელურად, ს. ქ–ს ძმას, ტ. ქ–ს უთხრეს, რომ აღნიშნული ვალი მ. ჭ–სმა გადაიბარა. ა. შ–სა და მ. ჭ–ს ქმედების შედეგად საკუთარ თავზე თავის ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება განიცადა შ. შ–სმა, ვინაიდან იძულებული გახდა ნებისმიერი გზით ეშოვა და მისთვის გადაეცა ს. ქ–სთვის გადასაცემი თანხა, ხოლო ს. ქ–მ განიცადა ქონებრივი ზიანი, ვინაიდან ფულადი თანხა დაიტოვეს მ. ჭ–მა და ა. შ–მა.

3.9. ა. შ–ს ბრალად ასევე დაედო ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:

2021 წლის აპრილის დასაწყისში, ქ. რ–ში, ქურდული სამყაროს წევრმა, თ. ჭ–მა და ქურდული სამყაროს მხარდამჭერმა ა. შ–სმა, ჯგუფურად, გავლენისა და უპირატესობის მოპოვების მიზნით, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენეს ამავე სამყაროს მხარდამჭერს, გ. ბ–ს. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ. ბ–ი მკურნალობდა სტაციონარულად, 01.04.2021 წლიდან 03.04.2021 წლამდე, დიაგნოზით თავის ტვინის შერყევა, ცხვირის ძვლების მოტეხილობა, დაჟეჟილი ჭრილობები სახისა და თავის მიდამოში, რაც მიყენებულია მკვრივ ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება სამედიცინო დოკუმენტში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 აპრილის განაჩენით:

4.1. თ. ტ–სი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

გაუქმდა თ. ტ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.

თ. ტ–ს განემარტა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

4.2. ა. შ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

გაუქმდა ა. შ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.

ა. შ–ს განემარტა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

4.3. ს. ტ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ს. ტ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223​3-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ს. ტ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223​3-ე პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

ს. ტ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 8 ივლისიდან.

გაუქმდა ს. ტ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

4.4. თ. ჭ–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

თ. ჭ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223​3-ე პირველ ნაწილზე.

თ. ჭ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223​3-ე პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა – რუსთავის საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 12 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 1000 ლარი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. ჭ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით და ჯარიმა – 1000 (ათასი) ლარი.

თ. ჭ–ს თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 25 ივლისიდან.

გაუქმდა თ. ჭ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

4.5. მ. ჭ–ს, – დაბადებულის 19.. წელს, – მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

მ. ჭ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს დაემატა წინა – რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით და ჯარიმა – 2000 (ორი ათასი) ლარი.

მ. ჭ–ს თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 8 ივლისიდან.

გაუქმდა მ. ჭ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.

4.6. ა. მ–ს, – დაბადებული 19..წელს, – მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223​3-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ა. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223​3-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენით შეფარდებულ პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვით და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 3 (სამი) თვით.

ა. მ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2021 წლის 8 ივლისიდან.

გაუქმდა ა. მ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება –პატიმრობა.

5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

ü რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ს. ტ–სის, თ. ტ–სის, თ. ჭ–ს, მ. ჭ–ს, ა. შ–სა და ა. მ–ს დამნაშავედ ცნობა, ბრალდების შესახებ დადგენილებების კვალიფიკაციის მიხედვით და მათთვის მკაცრი სასჯელების შეფარდება.

ü მსჯავრდებულ ს. ტ–ს ინტერესებს დამცველმა, ადვოკატმა კ. შ–მა, მსჯავრდებულების: მ. ჭ–სა და თ. ჭ–ს ინტერესებს დამცველმა, ადვოკატმა ლ. გ–მა და მსჯავრდებულ ა. მ–ს ინტერესებს დამცველმა, ადვოკატმა რ. მ–მა სააპელაციო საჩივრებით მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, მსჯავრდებულების მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განაჩენით: რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას სააპელაციო საჩივარი ა. შ–ს ბრალდების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულების: ს. ტ–სის ადვოკატის კ. შ–ს, მ. ჭ–სა და თ. ჭ–ს ადვოკატის ლ. გ–ს და ა. მ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის, რ. მ–სის, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის, 2022 წლის 5 აპრილის განაჩენში ა. შ–სის მიმართ შევიდა ცვლილება და გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამოტანილ იქნა ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი, კერძოდ:

ა. შ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ა. შ–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის პირველ ნაწილზე.

ა. შ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223​3-ე პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

ა. შ–ს სასჯელის მოხდა აეთვალა ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების დღიდან – 2023 წლის 26 ივნისიდან და დაკავებულ იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში.

ა. შ–ს სასჯელის მოხდის ვადად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2021 წლის 8 ივლისიდან 2022 წლის 5 აპრილის ჩათვლით.

ცნობად იქნა მიღებული, რომ ა. შ–სის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმებულია.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 აპრილის განაჩენი ს. ტ–ს, თ. ტ–ს, თ. ჭ–ს, მ. ჭ–სა და ა. მ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. დაცვისა და ბრალდების მხარეები ვერ უთითებენ ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და კასატორებს არ მიუთითებიათ გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ა. შ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ნ–ას, მსჯავრდებულ ა. მ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. მ–სა და მსჯავრდებულ ს. ტ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ძ–ს მოსაზრებებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ს. ტ–ი, ა. მ–ი და ა. შ–ი ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223​3-ე პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებები მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ პროცესში რაიმე სახის არსებითი დარღვევა, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა სისხლის სამართლის საქმის შედეგზე, გამოკვეთილი არ არის. ამასთან, დაცვის მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც საეჭვოდ გახდიდა ბრალდების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა უტყუარობას და დაადასტურებდა მსჯავრდებულების: ა. შ–ს, ა. მ–სა და ს. ტ–ს უდანაშაულობას მათ მიმართ შერაცხილ ბრალდებებში. ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების კანონისმიერი საფუძველი.

11. საკასაციო სასამართლო აგრეთვე არ იზიარებს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ს. ტ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, თ. ტ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, მ. ჭ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, ა. მ–სის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით, თ. ჭ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ა. შ–სის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავეებად ცნობის შესახებ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ ასევე სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, რის საფუძველზეც, ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება: ა. შ–ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2233-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან ამავე მუხლის პირველ ნაწილზე, ს. ტ–ის, თ. ჭ–ისა და ა. მ–ის ქმედებების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილიდან სსკ-ის 223​3-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მ. ჭ–ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილიდან სსკ-ის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ, აგრეთვე: ა. შ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, თ. ჭ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ს. ტ–სის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და თ. ტ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარეების მოსაზრებებს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, ამასთან, დეტალურად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება (როგორც გამართლების, ისე კვალიფიკაციის შეცვლის, ასევე სასჯელებთან მიმართებით), რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარებულია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევების გარეშე; დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე ისეთი მტკიცებულება, რომელიც გასაჩივრებული განაჩენის კანონიერებისა და დასაბუთებულობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი გახდებოდა. შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა მხარეთა იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

13. რაც შეეხება მსჯავრდებულ ა. შ–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ნ–ას მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების შესახებ, მითითებული კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად: „მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებულ ამნისტიას აღასრულებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური“.

14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).

15. ამავე დროს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. შ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ნ–ას, მსჯავრდებულ ა. მ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. მ–ს, მსჯავრდებულ ს. ტ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ძ–სა და ასევე, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი