საქმე # 330100122005749732
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1206აპ-23 ქ. თბილისი
ჩ–ე ლ., 1206აპ-23 26 თებერვალი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ჩ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ს–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. ჩ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ემზარ საბანაძემ. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ლ. ჩ–ს უდანაშაულოდ ცნობას მის მიმართ შერაცხილ ბრალდებებში იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უსაფუძვლო. გარდა ამისა, დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ დაარღვია მათთვის მიცემული პირობა და მსჯავრდებულთან არ გააფორმა საპროცესო შეთანხმება.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით (ნ. ფ–ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’, ,,დ’’ პუნქტებით (ლ. ქ–ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ პუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’, ,,დ’’ პუნქტებით (გ. ბ–ს ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ერთმა სასჯელმა შთანთქა სხვა თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. ჩ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.
საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“, მე-4 ნაწილის „ა“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა წინა განაჩენით (2014 წლის 20 სექტემბრის) განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით და საბოლოოდ, ლ. ჩ–ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.
გაუქმდა ლ. ჩ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
ლ. ჩ–ს სასჯელი აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 10 მარტიდან.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ჩ–ს ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ (ოთხი ეპიზოდი).
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგით:
ü 2022 წლის 2 მარტს, ღამის საათებში, ქ. თ–ში, ფ–ს ქუჩის N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევმა ლ. ჩ–მ, უკანონოდ შეაღწია ნინო ფიჩხაიას კუთვნილ „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანაში (სახელმწიფო ნომრით: .....) და ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ავტომანქანის კვების ელემენტებს, რის შედეგადაც, დაზარალებულს მიადგა 2200 (ორიათას ორასი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ü საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევი ლ– ჩ–სე, 2022 წლის 9 მარტს, ქ. თ–ში, მ–ში, გ–ს ქუჩის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ლ. ქ–ს კუთვნილი ავტომანქანიდან – „ტოიოტა პრიუსი“ (სახელმწიფო ნომრით – ..........), მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 28 ცალ ჰიბრიდის სისტემის ელემენტს, რის შედეგადაც, დაზარალებულს მიადგა 1960 (ათას ცხრაას სამოცი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ü 2022 წლის 9 მარტს, ქ. თ–ში, მ–ს მე-..მ/რ-ის, მე-.. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული გ. ბ–ს კუთვნილი ავტომანქანიდან – „ტოიოტა“ (სახელმწიფო ნომრით .....), საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევი ლ– ჩ–ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 28 ცალ ჰიბრიდის სისტემის ელემენტს, რის შედეგადაც, დაზარალებულს მიადგა 1960 (ათას ცხრაას სამოცი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ü 2022 წლის 10 მარტს, ღამის საათებში, თ–ში, მ–ს გამზირის N..-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევმა ლ. ჩ–მ, უკანონოდ შეაღწია დ. ტ–ს კუთვნილ „ტ–ს“ მარკის ავტომანქანაში (სახელმწიფო ნომრით: .........) და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ავტომანქანის კვების ელემენტებს, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა 2200 (ორიათას ორასი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. ჩ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. ს–მ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მსჯავრდებულმა სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაულები, მტკიცებულებები გახადა უდავოდ და აანაზღაურა ზიანი, მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით და სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულის გამართლების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ ლ. ჩ–ს ბრალეულობა მის მიმართ მსჯავრად შერაცხულ ქმედებებში, გარდა მისი აღიარებისა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულების: დ. ტ–ს, ნ. ფ–ს, ლ. ქ–ისა და გ. ბ–ს გამოკითხვის ოქმებით; მოწმეების: შ. ფ–ს, ა. ბ–ს, ნ. ღ–ს გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით; ბრალდებულის დაკავების ოქმით; ამოღების ოქმებით; ოდოროლოგიური ექსპერტიზის 2022 წლის 16 მარტის დასკვნით; დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის 2022 წლის 21 მარტის N... დასკვნით; სასაქონლო ექსპერტიზის 2022 წლის 15 მარტის N... დასკვნით; სასაქონლო ექსპერტიზის 2022 წლის 7 აპრილის N....... დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
9. რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, პროკურორი უფლებამოსილია ბრალდებულთან დადოს საპროცესო შეთანხმება და სასამართლოში წარადგინოს შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. ამდენად, საპროცესო შეთანხმება პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებაა და მხარეებს შორის ამგვარი პროცესუალური გარიგების დადების/არდადების მიზანშეწონილობაზე მსჯელობა ცდება სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ლ. ჩ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ს–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი