Facebook Twitter

ბს-168-131-კ-05 5 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),

გ. ქაჯაია

დავის საგანი: სოციალური შეღავათის გავრცელება.

აღწერილობითი ნაწილი:

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ფინანსთა მინისტრის და სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის 2002წ. 1 მარტის ¹54/ნ-37-9 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცდა უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახთა მიერ 2002 წელს მოხმარებული ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურების წესი.

2003წ. 6 ოქტომბერს ზ. თ-მა სარჩელი აღძრა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: ფინანსთა სამინისტროსა და რუსთავის მერიის მიმართ და შემდეგი საფუძვლით მოითხოვა მოპასუხეების მიერ სს “რ....” სასარგებლოდ გადახდევინების დაკისრება:

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სარგებლობს სს “რ...” ბუნებრივი აირით. მის მიერ დახარჯულმა გაზის საფასურმა 2002წ. განმავლობაში შეადგინა 174 ლარი, ხოლო 2003წ. განმავლობაში _ 229 ლარი. მოსარჩელის მითითებით, თანახმად საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 5 მარტის ¹96 ბრძანებულების I პუნქტის “გ” ქვეპუნქტისა, მოსარჩელის ოჯახის მიერ 2002წ. განმავლობაში დახარჯული აირის საფასური უნდა გადაეხადა ფინანსთა სამინისტროს, ხოლო 2003წ. ბიუჯეტის შესახებ კანონის მე-14 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საფასური უნდა გადაეხადა რუსთავის მერიას, მაგრამ არც ფინანსთა სამინისტრომ და არც რუსთავის მერიამ აღნიშნული თანხები (174 და 229 ლარი) სს “რ....” ანგარიშზე არ გადარიცხეს.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა ზ. თ-ის შუამდგომლობა და საქმეში მესამე პირად ჩაება სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო.

ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 2004წ. 21 იანვრის გადაწყვეტილებით ზ. თ-ის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დაევალა, ფინანსთა სამინისტროსათვის წარედგინა საგადასახადო დავალება მოსარჩელის მიერ 2002 წელს გახარჯული ბუნებრივი აირის ღირებულების _ 173,84 ლარის შესახებ. აღნიშნული თანხა ფინანსთა სამინისტროს უნდა ჩაერიცხა სს “რ...” ანგარიშზე.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. თ-მა, ფინანსთა სამინისტრომ და ენერგეტიკის სამინისტრომ.

იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება შეეხოს სს “რ....” ინტერესებს, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2004წ. 2 ივნისის განჩინებით იგი საქმეში ჩააბა მესამე პირად. სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. თ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ფინანსთა და ენერგეტიკის სამინისტროების სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა სრულად. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი შემდეგი მოტივით არ დაკმაყოფილდა:

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სსკ-ის 393-ე მუხლის “ა”, “გ” და 394-ე მუხლის “ე” პუნქტების მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, გადაწყვეტილება იურიდიულად საკმაოდ არ იყო დასაბუთებული.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია სსკ-ის 248-ე მუხლის დებულებები და მხარეს მიაკუთვნა ის, რაც მას არ უთხოვია. გარდა ამისა, სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დაავალა ქმედების განხორციელება მაშინ, როდესაც იგი საქმეში წარმოადგენს მესამე პირს და არა მოპასუხეს.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ფინანსთა მინისტრისა და სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის 2002წ. 1 მარტის ¹54/ნ-37-9 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცდა უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახთა მიერ 2002 წელს მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურების წესი. აღნიშნული წესის მიხედვით, უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახთა მიერ 2002წ. განმავლობაში მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის ასანაზღაურებლად სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საგადასახადო დავალებების საფუძველზე ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური თანხებს გადარიცხავდა ბუნებრივი აირის გამანაწილებელი კომპანიების ანგარიშზე. ამავე წესით განისაზღვრა, რომ შეღავათის უფლების მქონე პირებმა შეღავათის უფლების დამადასტურებელი საბუთი, რომელსაც გასცემენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოები და სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ადგილობრივი განყოფილებები, პირადობის და საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარადგინონ ენერგო და ბუნებრივი აირის გამანაწილებელ კომპანიებში. “წესების” შესაბამისად, ზემოაღნიშნული ცნობების წარუდგენლობის შემთხვევაში, პრეტენზიები ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით სარგებლობაში შეღავათების გავრცელების თაობაზე აღარ დაიშვებოდა.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ზ. თ-ის სახელზე შეღავათის უფლების დამადასტურებელი საბუთი შესაბამისი ორგანოს მიერ არ გაცემულა. შესაბამისად, აირის გამანაწილებელ კომპანიაში აღნიშნული საბუთი ზ. თ-ს არ წარუდგენია, რითაც დაირღვა უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახთა მიერ 2002წ. განმავლობაში მოხმარებული ელეტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურების წესით დადგენილი დებულებები.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ რუსთავის მერია 2003წ. განმავლობაში მოხმარებული ბუნებრივი აირის რუსთავის მერიისათვის დაკისრების შესახებ სს “რ....” სასარგებლოდ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს, მაგრამ იმის გამო, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა მისი სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სსკ-ის 85-ე მუხლიდან გამომდინარე, ზ. თ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. თ-მა და შემდეგი საფუძვლით მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება:

კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მინისტრების ერთობლივ 2002წ. 1 მარტის ¹54/ნ-37-9 ბრძანებაზე, რომლის საფუძველზე განისაზღვრა სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული სახსრების ხარჯზე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიმღები მოსახლეობის კატეგორიები. 2002წ. 5 მარტს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ იქნა ¹96 ბრძანებულება, რომლითაც განისაზღვრა ელექტროსისტემის სუბსიდირებისათვის 2002წ. სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული სახსრების ხარჯზე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ანაზღაურების წესი. პრეზიდენტის ბრძანებულება უფრო მეტი იურიდიული ძალის მქონეა, ვიდრე მინისტრების მიერ ხელმოწერილი ნებისმიერი ბრძანება. კასატორმა მიუთითა, რომ მისთვის შემთხვევით გახდა ცნობილი პრეზიდენტის ბრძანებულების შესახებ, ხოლო მინისტრების მიერ ხელმოწერილი ბრძანების არსებობის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ რაიონული სასამართლოს მთავარ სხდომაზე, 2004წ. 21 იანვარს, რომელიც წარმოადგინეს მოპასუხე მხარეებმა.

ზ. თ-მა განმარტა, რომ 2002წ. ბოლოს სს “რ....” თანამშრომლები, მოხმარებული გაზის საფასურის გადაუხდელობის გამო, დაემუქრნენ მას გაზის მიწოდების შეწყვეტის თაობაზე. მოსარჩელემ ამასთან დაკავშირებით მიმართა სახელმწიფო მინისტრს, ფინანსთა მინისტრს და რუსთავის მერიას, მაგრამ ისინი არასწორ პასუხს იძლეოდნენ, გაზის საფასურის გადახდის საკითხი კი ღიად რჩებოდა. კასატორის აზრით, როგორც რაიონულმა, ისე საოლქო სასამართლომ სწორად ვერ გამოიყენეს სსკ-ის 85-ე მუხლის მოთხოვნები. ასევე დაამატა, რომ თანახმაა სასამართლომ შეცვალოს მის მიერ სასარჩელო განცხადებაში ჩამოთვლილი მოპასუხე მხარეები. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 248-ე მუხლი, ვინაიდან ამ შემთხვევაში უნდა გამოეყენებინა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც არ გაუქმდება ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 იანვრის გადაწყვეტილება. კასატორმა სასამართლოების მიერ სასარჩელო მოთხოვნის განხილვის გაჭიანურების გამო ასევე მოითხოვა გაზრდილი დავალიანების, მატერიალური და მორალური ზიანის სახით 300 ლარის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლოში კასატორმა ზ. თ-მა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა 2002 წლიდან დღემდე მის მიერ მოხმარებული გაზის საფასურის გადახდილად ჩათვლა.

მოწინააღმდეგე მხარის, ქ. რუსთავის მერიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ კასატორი ზ. თ-ი აკმაყოფილებდა საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. ¹96 ბრძანებულების პირობებს, ამიტომ იგი შეყვანილ იქნა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სიაში, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე ფინანსთა და სათბობ-ენერგეტიკის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით მოამზადა რუსთავის მერიამ და გადასცა შესაბამის უწყებებსა და სს “რ....” და სხვა ვალდებულება რუსთავის მერიას არ ეკისრებოდა. სს “რ....” წარმომადგენელმაც დაადასტურა, რომ მერიის მიერ გადაცემულ შეღავათის უფლების მქონე პირთა სიაში მართლაც იყო შეყვანილი კასატორი, მაგრამ შეღავათი მასზე ვერ გავრცელდა ფინანსთა სამინისტროსა და სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროების მიერ დაუფინანსებლობის გამო. ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმაც აღიარა, რომ კასატორზე ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტის ¹96 ბრძანებულებით გათვალისწინებული შეღავათი 2002 წელს მოხმარებულ გაზის საფასურზე, მაგრამ ამ სოციალური შეღავათის დაუფინანსებლობა გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ არ მიაწოდა სათანადო ინფორმაცია მოხმარებული გაზის ოდენობასა და საფასურზე. თავის მხრივ, სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელმაც დაადასტურა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ¹96 ბრძანებულების თანახმად, კასატორს ეკუთვნის მხოლოდ ერთიწ. _ 2002წ. განმავლობაში მოხმარებული გაზის საფასურზე შეღავათის გავრცელება, მაგრამ დავა გამოიწვია სს “რ...” მიერ ზემოაღნიშნული ინფორმაციის მიუწოდებლობამ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. თ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. შესაბამისად, ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

“საქართველოს ენერგოსისტემის სუბსიდირებისათვის 2002წ. სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული სახსრების ხარჯზე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიმღები მოსახლეობის კატეგორიების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 5 მარტის ¹96 ბრძანებულებით დადგინდა, რომ 2002წ. განმავლობაში უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახთა მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ღირებულების ანაზღაურება მოხდებოდა საქართველოს ენერგოსისტემის სუბსიდირებისათვის გათვალისწინებული სახსრებით. ბრძანებულების პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის მიხედვით, აღნიშნული შეღავათი ვრცელდებოდა სხვა სახელმწიფო ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების მონაწილეებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილეებზეც. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1998წ. 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ ზ. თ-ი მონაწილეობდა 1990-91 წლებში სამაჩაბლოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის ბრძოლაში. ამდენად, კასატორი ზ. თ-ი არის საქართველოს პრეზიდენტის ¹96 ბრძანებულების პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტში მითითებული პირი, რომელზეც ვრცელდება ბრძანებულებით გათვალისწინებული შეღავათი 2002წ. განმავლობაში მოხმარებული გაზის საფასურის სახელმწიფოს სუბსიდირებით ანაზღაურების შესახებ. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ასევე ფინანსთა და სათბობ-ენერგეტიკის მინისტრების 2002წ. 1 მარტის ერთობლივი ¹54/ნ-37-9 ბრძანების საფუძველზე, რუსთავის მერიის მიერ შედგენილი, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სია, რომელზეც უნდა გავრცელებულიყო ¹96 ბრძანებულებით დადგენილი შეღავათი და ამ სიაში მითითებულია რუსთავის მე-19 მ/რ-ის, მე-11 კორპუსის ¹35 ბინაში მცხოვრები ზ. თ-ი. საკასაციო საჩივრის განხილვის დროს მოწინააღმდეგე მხარეთა და მესამე პირთა წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ზ. თ-ზე ნამდვილად ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. ¹96 ბრძანებულებით გათვალისწინებული სოციალური შეღავათი, 2002 წელს მოხმარებული გაზის საფასურის სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურებაზე. წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა განმარტებების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზ. თ-ის მოთხოვნა საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. ¹96 ბრძანებულებით დადგენილი სოციალური შეღავათის გავრცელების შესახებ საფუძვლიანია და მას გადახდილად უნდა ჩაეთვალოს 2002 წელს გახარჯული ბუნებრივი გაზის საფასური, რომელიც “რ....” ცნობის მიხედვით, შეადგენს 173 ლარს და 84 თეთრს, ამიტომ, საკასაციო პალატის აზრით, საკასაციო საჩივარი და სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება ზ. თ-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და 2002 წელს მოხმარებული გაზის საფასურის გადახდილად ჩათვლის შესახებ.

რაც შეეხება 2003-2004 წლებში მოხმარებული გაზის საფასურის ანაზღაურებაზე კასატორის მოთხოვნას, ამ ნაწილში საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რადგან “საქართველოს 2003წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის მე-14 მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი არ გულისხმობს უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და გაზის საფასურის ანაზღაურებაზე დახმარებას, ამიტომ აღნიშნული ნორმა კასატორ ზ. თ-ზე არ ვრცელდება, საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. ¹96 ბრძანებულებაში ნათლად არის მითითებული, რომ უმწეო ოჯახების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ღირებულების სუბსიდირების ვალდებულებას სახელმწიფო იღებდა მხოლოდ ერთიწ., 2002წ. განმავლობაში და აღნიშნული შეღავათი მომდევნო წლებში გათვალისწინებული არ იყო, რის გამოც 2003-2004 წლებში მოხმარებული გაზის საფასურის გადახდილად ცნობის ნაწილში ზ. თ-ის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და სწორედ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის აზრით, 2003-2004 წლებში მოხმარებული გაზის დავალიანების გადახდილად ჩათვლაზე უარის თქმის ნაწილში თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება კანონიერია, უცვლელად უნდა დარჩეს და ამ ნაწილში ზ. თ-ის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 410-411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ზ. თ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ზ. თ-ის სარჩელი და გადახდილად ჩაეთვალოს 2002 წელს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური 173 ლარი და 84 თეთრი;

3. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება ზ. თ-ის დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. კასატორი გათავისუფლდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.