საქმე N 120100122005503479
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№969აპ-23 ქ. თბილისი
ჭ–ე ნ., 969აპ-23 19 თებერვალი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივლისის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, გელა მაღრაძემ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ნ. ჭ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ა. ჭ–მ და მოწმე ვ. ჭ–მ სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები, საქმეში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, მათ შორის – დაზარალებულის შეტყობინებით, მოწმე შ. გ–ს გამოკითხვის ოქმითა და მოწმეების სახით დაკითხული – ა. ჩ–ს, გ. ბ–ს, გ. ჯ–ს, გ. ყ–ს, ნ. გ–ს, დ. ბ–სა და რ. გ–ს ჩვენებებით, დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიები ექსპერიმენტის ოქმით, შემაკავებელი ორდერის ოქმითა და ალკოტესტით შემოწმების ოქმით – გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მისი ბრალეულობა.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ. ჭ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად დაედო სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. 2022 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 13:30 საათზე, ქ. ბ–ში, ........ის ქუჩის №..-ის მიმდებარედ, მთვრალი ნ. ჭ–ე, თავის ძმას, ა. ჭ–ს, საყოფაცხოვრებო საკითხზე ურთიერთშელაპარაკებისას, სახრახნისის დემონსტრირებით დაემუქრა მოკვლით, რის გამოც, ა. ჭ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ნ. ჭ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.
4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 მაისის განაჩენით ნ. ჭ–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
6. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, გელა მაღრაძემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ნ. ჭ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ივლისის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადგინდა, რომ ნ. ჭ–ს ქმედებაში გამოკვეთილია მისთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის შემადგენლობა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ობიექტური შეფასებიდან, კერძოდ: დაზარალებულმა ა. ჭ–მ და მოწმე ვ. ჭ–მ სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები თავიანთი ახლო ნატესავის – ნ. ჭ–ს წინააღმდეგ და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულისა და მოწმის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვებისას მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ხოლო სხვა მტკიცებულებებიდან, რომელზეც აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში: ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად გამოცემულ შემაკავებელ ორდერში მითითებულია, რომ ნ. ჭ–მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თავის ძმას – ა. ჭ–ს; მოწმეების სახით დაკითხული – ა. ჩ–ს, გ. ბ–ს, გ. ჯ–ს, გ. ყ–ს, ნ. გ–ს, დ. ბ–სა და რ. გ–ს ჩვენებების ნაწილი, ნ. ჭ–სთვის ბრალადშერაცხილ ქმედებასთან მიმართებით არის ირიბი, ხოლო ნაწილი – არაფრისმთქმელი და, შესაბამისად, ვერ დაედება საფუძვლად ნ. ჭ–ს მსჯავრდებას; მოწმე შ. გ–ს გამოკითხვისა და პოლიციისათვის დანაშაულის შესახებ შეტყობინების ოქმი კი, ვერ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისია იმ დანაშაულის შემადგენლობის გონივრულ ეჭვს მიღმა დასამტკიცებლად, რომელიც ბრალად ჰქონდა წარდგენილი ნ. ჭ–ს.
11. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
12. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი