Facebook Twitter

საქმე N 010142223701264813

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №25აგ-23 8 თებერვალი, 2024 წელი

ზ. ნ., 25აგ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. ზ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 4 სექტემბრის განაჩენით ნ. მ. (ნ. ზ.), – დაბადებული ... წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2007 წლის 26 თებერვლიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 4 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით ნ.მ-ს (ნ. ზ.ს) „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე გაუნახევრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ნოემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა – 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2007 წლის 26 თებერვლიდან და იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 25 იანვარს.

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 16 ნოემბრის წერილის თანახმად, სახელისა და გვარის შეცვლის შესახებ 2014 წლის 9 ივლისის აქტის შესაბამისად, ნ. მ-მ (პირადი №...) მიიღო სახელი და გვარი – ნ. ზ..

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენით:

5.1. ნ. ზ-ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

5.2. ნ. ზ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2017 წლის 29 დეკემბრიდან.

6. სასამართლომ დაადგინა, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის ნასამართლევმა ნ. ზ-მ 2017 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, ... მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიზნით, ჯ. ა-ს სახესა და სხეულის სხვადასხვა არეში დაარტყა მკვრივი საგანი, რის შედეგადაც ჯემალ ამოევმა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ზ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ჭ-სა და მსჯავრდებულ ნ. ზ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად.

9. 2023 წლის 25 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ნ. ზ-მა, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა და მისი ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის ნაცვლად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედი რედაქცია) 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება, ვინაიდან მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-118 მუხლებში 2022 წლის 24 მაისს განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, ამ დანაშაულებისათვის პასუხისმგებლობა მძიმდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე მუხლებით გათვალისწინებული მკვლელობის გამო, რაც მას არ ჩაუდენია, ხოლო, მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის ჩადენის დროს იგი ითვლებოდა ნასამართლობის არმქონედ და წინა განაჩენს არ უნდა მოეხდინა გავლენა მის მასჯავრდებაზე, რასაც ცხადყოფს წარმოდგენილი პროკურორის დადგენილება.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 აგვისტოს განჩინებით ნ. ზ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ. ზ-მა, რომელიც ითხოვს, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მისი განაჩენის გადასინჯვას და მისი ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედი რედაქცია) 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და 2023 წლის 1 აგვისტოს განჩინებით მართებულად ცნო დაუშვებლად ნ. ზ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, რამეთუ, ერთი მხრივ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულს უკვე განემარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების (რომელიც იმავე ფორმულირებით ჩამოყალიბდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედი რედაქციის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,რ“ ქვეპუნქტში) კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს, პირს ჩადენილი აქვს დასრულებული მკვლელობა თუ მკვლელობის მცდელობა, მთავარია, ქმედებაში იკვეთებოდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ინკრიმინირებული დანაშაული და არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას, რომ დამნაშავის ქმედება მიმართული იყოს ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების – განზრახ მკვლელობის ჩასადენად (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეტა პალატის 2021 წლის 18 იანვრის №42აგ-20 განჩინება, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4, 6), ხოლო სადავოდ გამხდარ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლობის გაქარწყლების ვადასთან დაკავშირებით, იმავე განჩინებით მიეთითა, რომ მსჯავრდებულ ნ. ზ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე, გაუნახევრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით შეფარდებული სასჯელი და იგი 2013 წლის 25 იანვარს გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, რისი გათვალისწინებითაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ ნ. ზ-ს ნასამართლობა გაუქარწყლდებოდა სასჯელის ფაქტობრივი მოხდიდან – 2013 წლის 25 იანვრიდან – 8 წლის გასვლის შემდეგ და, შესაბამისად, ახალი დანაშაულის ჩადენის დროს – 2017 წლის 4 ნოემბერს – იგი ითვლებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევად. მეორე მხრივ, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის მიხედვით, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის წერილები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ, ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც შესაძლებელია, საფუძვლად დაედოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვას.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. ზ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ნ. ზ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ ნ. ზ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი