Facebook Twitter

საქმე N 820100122006625482

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №1001აპ-23 ქ. თბილისი

მ. მ, 1001აპ-23 5 თებერვალი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. დ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 მარტის განაჩენით მ. მ., – დაბადებული 19... წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

გაუქმდა მსჯავრდებულ მ. მ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო (პატიმრობის უზრუნველყოფით) და ყადაღა უნდა მოეხსნას მ. მ-ს მიმართ გირაოს უზრუნველსაყოფად მ. ა-ს და რ. ა-ს სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ 10 000 (ათი ათასი) ლარის ღირებულების უძრავი ქონების წილს.

მ. მ-ს აღსასრულებლად მიქცევის შემთხვევაში, სასჯელის მოხდილ ვადად უნდა ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2022 წლის 12 დეკემბრიდან 2023 წლის 30 იანვრის ჩათვლით.

2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. მ-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა არაერთგზის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული გამოიხატა შემდეგით:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), ნასამართლევმა მ. მ-მ, 2022 წლის 3 დეკემბერს, დაახლოებით 11:33 საათზე, სატელეფონო კომუნიკაციისას არაერთგზის, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ქ.... მდებარე საოჯახო ტიპის სასტუმრო „...“ შენობაში მყოფ ოჯახის წევრს, მეუღლეს – ი. მ-ს, რომელმაც მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, რამაზ შანიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მ. მ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის დამძიმება და პირობითი მსჯავრის ნაცვლად, თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში სრულად მოსახდელად განსაზღვრა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივლისის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 მარტის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

მ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

მსჯავრდებულ მ. მ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო (პატიმრობის უზრუნველყოფით) – გაუქმებულია და ყადაღა უნდა მოეხსნას მ. მ-ს მიმართ გირაოს უზრუნველსაყოფად, მ. ა-სა და რ. ა-ს სახელზე, რიცხული უძრავი ქონების 10000 (ათი ათასი) ლარის ღირებულების წილს.

მ. მ-ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2022 წლის 12 დეკემბრიდან 2023 წლის 30 იანვრის ჩათვლით პერიოდი.

მ. მ-ს სასჯელი უნდა აეთვალოს დაკავების მომენტიდან და დაკავებისთანავე შესახლებულ იქნეს სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.

5. მ. მ. მსჯავრდებულის სახით დაკავებულ იქნა 2023 წლის 26 ივლისს.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. დ-მ. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას სასჯელის გამკაცრების ნაწილში, შემდეგ მოტივებზე მითითებით: დაცვის მხარეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 მარტის განაჩენი მიაჩნია კანონიერად დასაბუთებულად და სამართლიანად; სააპელაციო პალატამ მტკიცებულებები არ შეაფასა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, ხოლო მსჯავრდებულს შეუფარდა ზედმეტად მკაცრი და უსამართლო სასჯელი; არ დგინდება დაზარალებულის მიერ მუქარის შედეგად საფუძვლიანი შიშის განცდის ფაქტი; ამასთან, მ. მ-ს მუქარა არ იყო რეალური, რადგან მას რომ მუქარის განხორციელების განზრახვა ჰქონოდა, ხელს არაფერი უშლიდა მის აღსასრულებლად.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ 2024 წლის 29 იანვრის განჩინებით აღმოიფხვრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივლისის განაჩენში დაშვებული ტექნიკური უზუსტობა, კერძოდ, განაჩენის სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში მ. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციად „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების“ ნაცვლად, მიეთითა: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები“.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა მსჯავრდებულ მ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. დ-ს საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ მ მ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, მ. მ-ს აღიარების გარდა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ი. მ-ს ჩვენებით, მოწმეების: ნ. მ-ს, ნ. გ-ს, ვ. ბ-ს, ი. შ-ს, მ. მ-ს გამოკითხვის ოქმებით, მ. მ-ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, მ. მ-ს მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერითა და შემაკავებელი ორდერის ოქმით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 აგვისტოს განაჩენით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენითა და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებებით.

3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულატიურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი – საფუძვლიანი შიშის გაჩენა – მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იქნეს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ – სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც.

4. განსახილველ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით, მუქარის რეალურობისა და მის შედეგად, დაზარალებულის მიერ საფუძვლიანი შიშის განცდის ფაქტი დადასტურებულია, როგორც ობიექტური, ისე – სუბიექტური კრიტერიუმებით.

5. დაზარალებულ ი. მ-ს ჩვენებით დგინდება, რომ ბრალდებულ მ. მ. მისი მეუღლეა. მ., მასზე მუდმივად ძალადობდა, რის გამოც, იგი გაასამართლეს და სასჯელს იხდიდა ოთხი წელი. 2022 წლის 17 ნოემბერს, მ. მ-ს ბიძაშვილმა დაურეკა ი. მ-ს და აცნობა მ-ს ციხიდან გათავისუფლების შესახებ, ასევე უთხრა, რომ ფრთხილად ყოფილიყო და მ. მ-სგან მოსალოდნელი ძალადობისაგან თავი დაეცვა. გაფრთხილების შემდეგ, დაზარალებული შეშინდა. 2022 წლის 3 დეკემბერს, .... მდებარე საოჯახო ტიპის სასტუმრო „---“ შენობაში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით 11:33 საათზე, ი. მ-ს ტელეფონზე დაურეკა მ. მ-მ და შეხვედრა მოსთხოვა, მაგრამ მას არ სურდა შეხვედრა და მასთან საუბარი. ამიტომ უარი უთხრა. ასევე აუხსნა, რომ მასთან ოფიციალურად განქორწინებას აპირებდა, რის გამოც, მ. მ. გაბრაზდა, არ აძლევდა საუბრის საშუალებას, უყვიროდა, აგინებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. შემდეგ დაემუქრა, რომ თუ არ შეხვდებოდა, მოკლავდა და ცოცხალს არ დატოვებდა. დაზარალებულმა განმარტა, რომ ეშინია მ. მ-ს, სწორედ ამიტომ მისმა მუქარამ შეაშინა, ანერვიულდა, დაიწყო ტირილი და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულ ი. მ-ს ჩვენებას სრულად შეესაბამება და ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებებია დადასტურებული მოწმეების – ნ. მ-ს, ნ. გ-ს, ვ. ბ-ს, ი. შ-სა და მ. მ-ს გამოკითხვის ოქმებში, ასევე მ. მ-ს მიმართ გამოცემულ შემაკავებელ ორდერსა და შემაკავებელი ორდერის ოქმში, რომლებიც მხარეთა მიერ ცნობილია უდავო მტკიცებულებებად. სასამართლოში მ. მ-მ დამუქრების ფაქტი თავდაპირველად უარყო, მაგრამ შემდეგ, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაადასტურა და განმარტა, რომ 2022 წლის 3 დეკემბერს, სატელეფონო საუბრისას, როდესაც ი. მ-მ შეხვედრაზე უარი უთხრა, გაბრაზდა და ამის გამო დაემუქრა. თუმცა მისი მუქარა რეალური არ იყო. ძალადობის გამო მან ერთხელ სასჯელი უკვე მოიხადა და შეგნებული აქვს, რომ ძალადობის ან მუქარის გამო მკაცრად დაისჯება. ჩადენილს ინანიებს და ითხოვს პატიებას. მუქარის შედეგად, დაზარალებულის მიერ საფუძვლიანი შიშის განცდაზე, დამატებით ასევე მეტყველებს ის გარემოებაც, რომ მ. მ წარსულში გასამართლებულია (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენი) ი. მ-ზე სისტემატური ფიზიკური ძალადობისათვის. ამრიგად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება როგორც მუქარის, ისე – მის შედეგად, დაზარალებულის მიერ საფუძვლიანი შიშის განცდის ფაქტი.

6. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ მ. მ-ს მუქარის განხორციელების განზრახვა არ გააჩნდა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დამნაშავის მიზანს, კერძოდ, ჰქონდა თუ არა მსჯავრდებულს გამიზნული მუქარის რეალიზაცია, კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს.

7. ამასთან, საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მსჯავრდებულ მ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. დ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქების ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას, მსჯავრდებულ მ. მ-ს მიმართ შეფარდებული პირობითი მსჯავრის გაუქმების შესახებ, კერძოდ:

9. წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ მ. მ. გასამართლებულია ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 აგვისტოს განაჩენით, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული ჰქონდა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

10. ზემოაღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენით, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 28 ივლისის განჩინებით დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

11. №... პენიტენციური დაწესებულების მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ მ. მ-ს 2022 წლის 12 აპრილის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 75 დღით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს უფროსის წერილით ირკვევა, რომ მ. მ. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2022 წლის 18 ნოემბერს. მ. მ-მ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებიდან სულ მოკლე ხანში, 2022 წლის 3 დეკემბერს, კვლავ ჩაიდინა ახალი დანაშაული. დადგენილია ისიც, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის, მას ნასამართლობა არც გაქარწყლებული და არც მოხსნილი არ ჰქონდა.

12. შესაბამისად, წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის დროს, მ. მ. იყო ნასამართლევი (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენი), მათ შორის – განზრახ მძიმე დანაშაულისთვისაც – საქართველოს სსკ-ის 111, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს 4-დან – 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია, დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის.

14. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ მ. მ. წარსულში ნასამართლევია განზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილი არ იყო მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, ჩაეთვალა პირობითად.

15. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მ. მ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის ზომას – 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთას, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას სასჯელის ზომის ნაწილში, შემდეგი არგუმენტებით:

16. სააპელაციო პალატა მსჯავრდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას აპელირებს მ. მ-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებაზე, კერძოდ, დანაშაულის ჩადენაზე ოჯახის წევრის მიმართ და მოიხმობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესს, რომლის მიხედვით – დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ..., არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. სააპელაციო პალატა აგრეთვე აპელირებს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისად: „ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის დანაწესებისა და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილი სანქციის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო მ. მ. 6 (ექვსი) თვით უმძიმებს სასჯელს და უფარდებს თავისუფლების აღკვეთას – 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი.

18. მოცემულ შემთხვევაში მ. მ-ს ბრალად შერაცხილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა (არაერთგზის) და ,,დ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად, ოჯახის წევრის მიმართ დანაშაული განსაზღვრულია ბრალად წარდგენილი სსკ-ის კერძო ნაწილის მუხლის მე-2 ნაწილით, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანი, რის გამოც, დამატებით დამამძიმებელ გარემოებად ვერ მიიჩნევა. ამდენად, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი სასჯელის განსაზღვრის წესი, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული, რის გამოც მ. მ-ს უნდა მიესაჯოს – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა – პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელის ზომის შესაბამისად (პირობით მსჯავრად ჩათვლის გარეშე), ვინაიდან სააპელაციო პალატის მიერ სასჯელის ზომის დამძიმებას, საფუძვლად დაედო მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. დ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. მ. მ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.

4. მ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს მსჯავრდებულის სახით დაკავების დღიდან – 2023 წლის 26 ივლისიდან. მასვე, სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს ბრალდებულის სახით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2022 წლის 12 დეკემბრიდან 2023 წლის 30 იანვრის ჩათვლით.

5. მსჯავრდებულ მ. მ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო (პატიმრობის უზრუნველყოფით) გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ყადაღა მოეხსნას მ. მ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით – 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად, ... (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №....) მდებარე, მ. ა-სა (პ/ნ ...) და რ. ა-ს (პ/ნ ...) სახელზე, საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების 10000 (ათი ათასი) ლარის ღირებულების წილს.

6. ნივთმტკიცებები: ი. მ-სგან ამოღებული მობილური ტელეფონი და სიმბარათი, ასევე – მ. მ-ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონი და სიმბარათი, რომლებიც ინახება ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს; ი. მ-ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ ცალ დისკზე, ასევე – მ. მ-ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ერთ ცალ დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი