Facebook Twitter

საქმე N 080100120003565099

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№902აპ-23 ქ. თბილისი

ფ. ზ., 902აპ-23 26 თებერვალი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან უზნაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ქეთევან უზნაძემ, რომელიც ითხოვს, ზ. ფ-სა და მ. ს-ს დამნაშავეებად ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, მ. ს-სთვის სასჯელის დაუნიშნავად, ხოლო ზ. ფ-სთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნით, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გამამართლებელი განაჩენი არ ემყარება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, დაუსაბუთებელია და არ პასუხობს საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ ... მდებარე შპს „...“ ოფისიდან ამოღებულია წებოვანი ლენტის ფრაგმენტები, მოწითალო ლაქების ანაწმენდები, ორი ე.წ. ,,ხამუთი“ და ქალის შარფი, რომლებზეც აღმოჩნდა ადამიანის სისხლი; დაზარალებულ ნ. ნ.-ს ჩვენებით დგინდება, რომ 2020 წლის 19 იანვარს, ოფისში ყოფნისას თავს დაესხა სამი პირი, მათ შორის – მ. ს. და ზ. ფ., რომლებმაც წააქციეს და სხეულსა და თავზე უმოწყალოდ ურტყამდნენ ფეხებს, ამავდროულად, მ. ს.მ თავში ჩაარტყა ბლაგვი საგანი, რომელიც იარაღს მიამსგავსა. მოგვიანებით შუბლიდან მართლაც ამოუღეს საფანტი, რაც დადგენილია სამედიცინო და ბალისტიკური ექსპერტიზების დასკვნებით, რისი გათვალისწინებითაც, დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლი ეკუთვნის დაზარალებულ ნ. ნ-ს; ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმებით დასტურდება, რომ დაზარალებულმა მისთვის წარდგენილ ფოტოსურათებზე უყოყმანოდ ამოიცნო მ. ს. და ზ. ფ., რომლებიც სასამართლოში ჩვენების მიცემისას ასევე ამხილა დანაშაულის ჩადენაში; ზ. ფ.ს ჩხრეკის ოქმითა და მოწმეების სახით დაკითხული გამომძიებლების – ო. ხ-სა და გ. ა-სა ჩვენებებით დგინდება, რომ ზ. ფ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ,,Louis Vuitton-ის” წარწერიანი საფულე, რომელშიც მოთავსებული იყო ნ. ნ-სა და მისი ოჯახის წევრების პირადი ნივთები, მათ შორის – ფოტოსურათები, პლასტიკური ბარათები, პირადობის მოწმობა, ხოლო მ. ს.ს პირადი ჩხრეკის ოქმითა და მოწმეების სახით დაკითხული გამომძიებლების – ლ. შ-სა და გ. ნ-ს ჩვენებებით დასტურდება, რომ მ. ს-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ნ. ნ-ს კუთვნილი ოქროსფერი ძეწკვი, ჯვრით, რომლებიც ამოიცნო დაზარალებულმა. ამავდროულად, დადგენილია, რომ ზემოხსენებულ საფულეზე არსებული სისხლისა და ზ. ფ--ს გასაღების ასხმაზე აღმოჩენილი ბიოლოგიური მასალა იდენტურია, ხოლო მ. ს-ს ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ მოშავო კაპიუშონიანი მაისურსა და ზ. ფ-ს სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ გრძელსახელოიან მაისურზე აღმოჩენილია დაზარალებულის სისხლი, რაც მიუთითებს ზ. ფ-სა და მ. ს-ს შემთხვევის ადგილზე ყოფნასა და დაზარალებულის ნივთების გატაცების ფაქტზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელია, რამეთუ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ეჭვისგამომრიცხველი მტკიცებულებების ერთობლიობით, სარწმუნოდ დგინდება ზ. ფ-სა და მ. ს-ს ბრალეულობა.

2. გამართლებულ მ. ს-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. დ., საკასაციო შესაგებლით ითხოვს, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან უზნაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და ქუთაიის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

3. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, ზ. ფ–სა, – დაბადებულს ... წლის 6 სექტემბერს, – და მ. ს-ს, – დაბადებულს ... წლის 27 მარტს, – ბრალად დაედოთ: ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგით:

3.1. 2020 წლის 19 იანვარს, დაახლოებით, 14:20 საათზე, .... მდებარე შპს „...“ ოფისში, ზ. ფ., მ. ს. და ა. უ. (რომლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა ფსიქიკური დაავადების გამო შეურაცხადობის საფუძვლით), ჯგუფურად, თავს დაესხნენ ნ. ნ-ს, რომელსაც თავში ჩაარტყეს ბლაგვი საგანი, სხეულის სხვადასხვა არეებში მიაყენეს ჯანმრთელობის დაზიანებები, წებოვანი ლენტით შეუკრეს ხელ-ფეხი და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლნენ დაზარალებულის 1500 ევროს, ჩანთას და ოქროს სამკაულებს, რის შედეგადაც ნ. ნ-ს მიადგა – 12525 ლარის – დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

4. ზ. ფ-სა და მ. ს.ს წარედგინათ ბრალდებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით.

5. ქქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით ზ. ფს და მ. ს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნენ უდანშაულოებად და გამართლდნენ.

6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ქეთევან უზნაძემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ზ. ფ-სა და მ. ს-ს დამნაშავეებად ცნობას მათთვის ბრალადშერაცხილი ქმედებების ჩადენისათვის.

7. №…. გარდაცვალების მოწმობის მიხედვით, მ. ს., – დაბადებული ... წლის 27 მარტს, – ... წლის 1 სექტემბერს გარდაიცვალა.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან უზნაძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის გამამართლებელი განაჩენი გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რამეთუ დაზარალებულ ნ. ნ-ს ჩვენება და მისი მონაწილეობით ჩატარებული ამოცნობის ოქმები ვერ განიხილებოდა, როგორც ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სამხილები და ვერ შექმნიდნენ მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ხოლო სხვა სამხილები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდნენ ზ. ფ-სა და მ. ს-ს ბრალეულობას, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა, რასაც საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:

3. დაზარალებულ ნ. ნ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2020 წლის 19 იანვარს იმყოფებოდა ... არსებულ ,,...“ ოფისში, სადაც თავს დაესხა სამი შუა ხნის მამაკაცი, მათ შორის – ზ. ფ. და მ. ს., რომლებსაც არ ეკეთათ ნიღბები და მათი სახეები კარგად დაინახა. მ. ს-მ თავში ჩაარტყა შავი, ბლაგვი საგანი, სავარაუდოდ, იარაღი. ეგონა, დენმა დაარტყა, მაგრამ გონება არ დაუკარგავს. მოგვიანებით, თავიდან ამოუღეს საფანტისმაგვარი საგანი. თავდამსხმელები გამეტებით სცემდნენ, რის გამოც, წაიქცა. ფეხები წებოვანი ლენტით შეუკრეს. წაქცეულს, სქელძირიანი ფეხსაცმელებს ურტყამდნენ, რის გამოც, ღონე გამოელია და წინააღმდეგობას ვეღარ სწევდა, არ ეგონა, თუ გადარჩებოდა. იყო სულ სისხლიანი და შველას ითხოვდა, მაგრამ ოფისის კარი იყო დაკეტილი და მისი ხმა არავის ესმოდა. მ. ს-მ ყელიდან ჩამოჰგლიჯა ძეწკვი, ხოლო ზ. ფ-მ წაიღო ჩანთა. თავდამსხმელებმა გასტაცეს ჩანთა, 1500 ევროთი, მისი და მისი ქალიშვილის ოქროს ნივთები და წავიდნენ. მოგვიანებით, ჩატარებული ამოცნობის დროს, ამოიცნო სამივე თავდამსხმელი, მათ შორის იყვნენ – ზ. ფ. და მ. ს.. თავდასხმის შედეგად მიადგა, სულ, დაახლოებით, 12000 ლარის ზიანი. გამოძიების დროს წარუდგინეს და ამოიცნო შემთხვევის დროს გატაცებული მისი ორი ჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო მისი და მისი ოჯახის წევრების პირადი ნივთები და ასევე – ოქროს ძეწკვი, ჯვრით, რომელსაც დაზიანებული ჰქონდა შესაკრავი.

4. 2020 წლის 19 იანვრის ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმებით დგინდება, რომ დაზარალებულმა ნ. ნ-მ, ერთი მხრივ, მისთვის წარდგენილ ოთხ ფოტოსურათს შორის ამოიცნო მ. ს., რომელიც 2020 წლის 19 იანვარს, თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა შპს „...“ ოფისში, სცემა მას, შუბლში ჩაარტყა პისტოლეტი, რომლიდანაც ესროლა და შებოჭა წებოვანი ლენტით, ხოლო, მეორე მხრივ, ასევე წარდგენილ ოთხ ფოტოსურათს შორის, ამოიცნო ზ. ფ, რომელიც 2020 წლის 19 იანვარს, თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა შპს „...“ ოფისში, სცემა და გასტაცა ხელჩანთა და საფულე.

5. სააპელაციო სასამართლოს მტკიცების საპირისპიროდ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულ ნ. ნ-ს ჩვენება, გარდა მისივე მონაწილეობით ჩატარებული ამოცნობის ოქმებისა, ასევე – დასტურდება: სამედიცინო და ბალისტიკური ექსპერტიზების დასკვნებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ზ. ფ-სა და მ. ს-ს სახლებში ჩატარებული ჩხრეკების ოქმებითა და ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით, რომლებსაც საკასაციო სასამართლო ქვემოთ მიმოიხილავს:

6. დაზარალებულ ნ. ნ-ს განმარტებები შემთხვევის დროს, ზ. ფ-სა და მ. ს-ს თავდასხმისას, მასზე ფიზიკური ძალადობის, მათ შორის – მ. ს-ს მიერ იარაღისმაგვარი საგნით თავზე მიყენებულ ჭრილობასთან დაკავშირებით, სრულად არის თანხვდენილი სამედიცინო და ბალისტიკური ექსპერტიზების დასკვნებსა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის შინაარსთან, კერძოდ:

7. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ ნ. ნ-მ ,,ევექსის“ ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალს მიმართა შემთხვევის დღეს – 2020 წლის 19 იანვარს, უჩიოდა თავის ტკივილსა და გულისრევის შეგრძნებას. მარცხნივ, წარბის არეში აღენიშნებოდა, დაახლოებით, 3,5-0,5 სმ ზომის, ოდნავ სისხლმდენი ჭრილობა, არასწორი კიდეებით და 0,25 მმ დიამეტრის ორი ზერელე, ოვალური ჭრილობა, არასწორი კიდეებით; ცხვირის ღრუში – სისხლის კოლტები; თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევით, თხემის არეში მარჯვნივ, კანქვეშ აღმოაჩნდა უცხო სხეული (სავარაუდო ლითონის); შუბლის არეში ჭრილობა გამოირეცხა, კიდეები დამუშავდა და დაედო კვანძოვანი ნაკერები; თხემის არეში ჭრილობა გაფართოვდა და ამოიღეს 0,3 მმ დიამეტრის კანქვეშა უცხო სხეული – ლითონის თეთრი ბურთულა; მიღებულ დაზიანებებთან დაკავშირებით, დაზარალებულს დაესვა დიაგნოზი: ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, ნახეთქი ჭრილობა შუბლის არეში, მარცხნივ, ცეცხლნასროლი ჭრილობები თხემის არეში, მარცხნივ. დაზიანებები ცეცხლნასროლი ჭრილობების სახით განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (ჭურვების), ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები – რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად. დაზიანება თავის ტვინის შერყევის სახით, იზოლირებულად აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო დაზიანებები ჭრილობების სახით, იზოლირებულად აღებული – სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

8. ამავდროულად, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ნ. ნ-ს შუბლიდან ამოღებულია: 4,5 მმ კალიბრიანი, პნევმატური იარაღიდან (შაშხანები და პისტოლეტები) გასროლისათვის განკუთვნილი, ქარხნული წესით დამზადებული, სატყორცნი ჭურვი, რომელიც არ წარმოადგენს ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალის გასაწყობად გამოსაყენებელ საკუთვნოს.

9. 2020 წლის 19 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილია – ... განთავსებული „....“ საბერძნეთის ოფისი, რომლის შესასვლელი კარის შიდა და გარე სახელურებზე, იატაკის მთელ გაყოლებასა და მეტლახზე, ყველგან, აღინიშნებოდა დიდი რაოდენობით მოწითალო სისხლისმაგვარი ლაქები და აღმოჩენილია წებოვანი ლენტის ფრაგმენტები, თმისმაგვარი ღერებით, ქალის შარფი, მოწითალო სისხლისმაგვარი ლაქებით და 2 პლასტმასის ე.წ ,,ხამუთი’’.

10. ასევე საყურადღებოა მოწმე ბ. ჭ-ს ჩვენება, რომლითაც ირკვევა, რომ მდინარე რიონის პირას იპოვნა შავი, ტყავის საფულე, რომელსაც წინა მხარეს აქვს სიმბოლო – ,,MK“, ხოლო წრეზე აქვს წარწერა ,,Michael Kors“, მასში მოთავსებული საბუთებით და წარადგინა პოლიციაში, რომლის დათვალიერებისას საფულეში აღმოჩნდა ნ. ნ-ს სახელზე გაცემული ID-ბარათი და მართვის მოწმობა, ბ. ყ-ს სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ,,თიბისი ბანკის”, ,,პე ეს პე-ს”, ,,ვითიბი ბანკის“, ,,ლიბერთი ბანკის“, ,,საქართველოს ბანკის“ პლასტიკური ბარათები და ასევე – რამდენიმე ფურცელზე პასტით შესრულებული პერსონალური ჩანაწერები, რომლებიც, მოგვიანებით, 2020 წლის 23 იანვარს, ამოიცნო დაზარალებულმა ნ. ნ.--მ და მიუთითა, რომ საფულე და მასში მოთავსებული ნივთები არის მისი საკუთრება, ID-ბარათი, მართვის მოწმობა და პლასტიკური ბარათები ეკუთვნის პირადად მას, ხოლო ბ. ყ., რომელსაც ეკუთვნის საფულეში მოთავსებული პირადობის მოწმობა, არის მისი ოჯახის წევრი.

11. რაც შეეხება დაზარალებულ ნ. ნ-ს მტკიცებას, რომ შემთხვევის დღეს მას თავს დაესხნენ სწორედ ზ. ფ. და მ. ს. და ძალადობის გამოყენებით გასტაცეს ნივთები, გარდა დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმებისა, ასევე ცალსახად დასტურდება თავად ზ. ფ-სა და მ. ს.ს სახლების ჩხრეკის ოქმებითა და ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით, კერძოდ:

12. 2020 წლის 19 იანვარს ... №.... არსებულ, მ. ს-ს საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია: შავი ნაჭრის ქურთუკი, შავი ნაჭრის კაპიუშონიანი ქურთუკი, ,,Reebok-ის’’ წარწერით, მონაცრისფრო, კუბოკრული ნაჭრის თბილი კაშნე და ერთი წყვილი შავი სპორტული ფეხსაცმელი.

13. 2020 წლის 19 იანვარს ... №... არსებულ, ზ. ფ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია: ჯინსის შარვალი, შავი გრძელსახელოიანი მაისური მუქი ლაქებით, ასევე – მამაკაცის ერთი წყვილი, შავი ფეხსაცმელი.

14. და ბოლოს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ, ერთი მხრივ, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ: ანაწმენდებზე, ე.წ. ,,ხამუთზე“, ქალის შარფზე, წებოვან ლენტზე, ასევე – დაზარალებულ ნ. ნ-ს ტანსაცმელზე, ხოლო, მეორე მხრივ, მ. ს-ს სახლის ჩხრეკისას ამოღებულ მაისურსა და ზ. ფ-ს სახლის ჩხრეკისას ამოღებულ მაისურზე არსებული მოწითალო ლაქები – არის ადამიანის სისხლი, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს, იდენტურია ერთმანეთისა და შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ წებოვან ლენტსა და ამავე ლენტზე მიკრულ თმებზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილისა.

15. საყურადღებოა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ ზ. ფ-სა და მ. ს-ს წარდგენილ ბრალდებებში გამართლებას საფუძვლად დაედო სასამართლოს მიერ რამდენიმე ფაქტობრივი გარემოების გამოკვეთა, რომლებიც, თითქოსდა, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს მათ ბრალეულობას, რასაც საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება და აღნიშნავს:

16. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაპყრო დაზარალებულ ნ. ნ-ს ჩვენებას, რომლის მიხედვით, თავდამსხმელებმა გასტაცეს ერთი შავი ხელჩანთა და ერთი შავი საფულე, თუმცა, ამავდროულად, დაზარალებულმა დაადასტურა გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, დამნაშავეებმა თან წაიღეს პატარა ზომის, კუბოკრული საფულე და საშუალო ზომის შავი, ლაქის ხელჩანთა, წარწერით „Roberto Cavali“, მაშინ როდესაც საგამოძიებო მოქმედებისას ამოიცნო ბ. ჭ-საგან ამოღებული შავი საფულე წარწერით „Michael kors“, რაც იმის გათვალისწინებით, რომ გამოძიების მსვლელობისას, როგორც ბ. ჭ-ს მიერ სამართალდამცავებისათვის წარდგენილ შავ საფულეში, ასევე – მოგვიანებით ამოღებულ კუბოკრულ საფულეში აღმოჩენილია დაზარალებულ ნ. ნ-სა და მისი ოჯახის წევრების პირადი ნივთები, მათ შორის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ფოტოსურათები, პირადი ჩანაწერები და სახელობითი პლასტიკური ბარათები, მხოლოდ ის უმნიშვნელო გარემოება, რომ დაზარალებულმა გამოძიების დროს არასწორად მიუთითა საფულის ბრენდი, ვერ გახდის საეჭვოს ამოღებული ნივთების დაზარალებულისადმი კუთვნილების ფაქტს და ვერ დაუკარგავს სანდოობას ნ. ნ-ს თანმიმდევრულ და დამაჯერებელ ჩვენებას.

17. სააპელაციო სასამართლომ ბიოლოგიურ (გენეტიკურ, სეროლოგიურ) დასკვნასთან მიმართებით აღნიშნა, რომ დასკვნის ირგვლივ დაკითხული ექსპერტის, ეკატერინე სხირტლაძის განმარტებით, მ. ს-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულ მაისურსა და ზ. ფ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულ მაისურზე არსებული სისხლი ეკუთვნის მდედრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს, რომლის ვინაობა საექსპერტო კვლევის დროს იყო უცნობი, ხოლო საქმის მასალებით დადგენილია, რომ გამოძიების დროს, დაზარალებულ ნ. ნ-საგან ბიოლოგიური მასალის ნიმუში, ექსპერტიზაზე მისი შემდგომი წარდგენის მიზნით, არ აღებულა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, გაუგებარია, ვინ არის მდედრობითი სქესის პირი, ვისი ბიოლოგიური მასალაც აღმოჩნდა ზ. ფ-სა და მ. ს-ს ტანსაცმელზე და, ამდენად, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნა არ მიიჩნია მათი ბრალის დამადატურებელ მტკიცებულებად.

18. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული დასკვნის საპირისპიროდ, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალებში მართლაც არ მოიპოვება დაზარალებულ ნ. ნ-საგან ბიოლოგიური მასალის ნიმუშის აღების ოქმი, სააპელაციო სასამართლოს ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩენოდა ის ფაქტი, რომ ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით, რომელსაც ამ სამხილის ობიექტური ბუნებიდან გამომდინარე, სამხილების შეფასების დროს, უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი აქვს, სარწმუნოდ დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ: დაზარალებულის შარფზე, ანაწმენდებზე, ე.წ. ,,ხამუთსა“ და წებოვან ლენტზე, რომლითაც თავდამსხმელებმა შებოჭეს ნ. ნ., ასევე – ტანსაცმელზე, რომელიც დაზარალებულს ეცვა შემთხვევის დროს აღმოჩენილი სისხლი ეჭვგარეშე ეკუთვნის სწორედ დაზარალებულ ნ. ნ-ს და იდენტურია მ. ს-ს სახლის ჩხრეკისას ამოღებულ მაისურსა და ზ. ფ-ს სახლის ჩხრეკისას ამოღებულ მაისურზე არსებული სისხლის კვალისა. ამდენად, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით, სარწმუნოდ დგინდება, რომ დაზარალებულის სისხლის კვალი აღმოჩენილია როგორც – შემთხვევის ადგილზე, იმ ტანსაცმელზე, რომელიც ნ. ნ.--ს ეცვა თავდასხმის დროს და იმ ნივთებზე, რომლებიც თავდამსხმელებმა გამოიყენეს მისი წინააღმდეგობის დასათრგუნად, ასევე – ზ. ფ-ს სახლის ჩხრეკისას ამოღებულ მაისურსა და მ. ს.ს სახლის ჩხრეკისას ამოღებულ მაისურზე, რაც დაზარალებულ ნ. ნ.--ს ჩვენებისა და ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმების კვალდაკვალ, ცხადყოფს დანაშაულის ჩადენის დროს შემთხვევის ადგილზე ზ. ფ-სა და მ. ს-ს ყოფნასა და ნივთების გატაცების მიზნით დაზარალებულზე თავდასხმის ფაქტს.

19. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები – დაზარალებულ ნ. ნ-სა და მოწმე ბ. ჭ-ს ჩვენებები, ამოცნობის ოქმები, სამედიცინო და ბალისტიკური ექსპერტიზების დასკვნები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ზ. ფ-სა და მ. ს-ს ბინის ჩხრეკის ოქმები და ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნა – ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას ზ. ფ-სა და მ. ს-ს მიმართ გონივრულ ეჭვს მიღმა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

20. აქვე აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ მ. ს-სა და ზ. ფ-ს მამხილებელ მტკიცებულებებად არ განიხილა მ. ს-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ოქროსფერი ძეწკვი და ჯვარი, რადგან მიიჩნია, რომ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი ნივთმტკიცების შესაძლო გამოცვლის თაობაზე; ისევე, როგორც – ზ. ფ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,Louis Vuitton-ის” წარწერიანი საფულე (მასში მოთავსებული – ხუთი 50-ევროიანი კუპიურით, პირადი ჩანაწერებით, დაზარალებულის ქალიშვილის, ანა რობაქიძის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობითა და ქალის ორი ფერადი ფოტოსურათით, დაზარალებულისა და მისი ქალიშვილის გამოსახულებით), რადგან ჩათვალა, რომ დარღვეული იყო ნივთიერი მტკიცებულების ამოღების, დალუქვისა და დაცვის პირობები, რაზეც საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო საეჭვოდ არ მიიჩნევს, ამოღებული ნივთების – ოქროსფერი ძეწკვისა და ჯვრის, ისევე, როგორც – ,,Louis Vuitton-ის” წარწერიანი საფულის დაზარალებულ ნ. ნ-სადმი კუთვნილებას, რადგან ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით სარწმუნოდ გამორკვეულია, რომ ოქროსფერ ძეწკვსა და ჯვარზე გამოვლენილია დაზარალებულის ბიოლოგიური მასალა, ხოლო ,,Louis Vuitton-ის” წარწერიან საფულეზე, რომელშიც, ამავდროულად, მოთავსებული იყო დაზარალებულისა და მისი ოჯახის წევრების პირადი ნივთები, აღმოჩენილია ნ. ნ-ს სისხლის კვალი, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვით, უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ სადავოდ გამხდარი ნივთები – ოქროსფერ ძეწკვი, ჯვრით და ხოლო ,,Louis Vuitton-ის” წარწერიანი საფულე –ამოღებულია სწორედ ზ. ფ-სა და მ. ს-ს პირადი ჩხრეკების შედეგად და, შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულებების დალუქვასთან დაკავშირებით გამოკვეთილი ბუნდოვანებები და უზუსტობები, რომლებიც ვერ გაქარწყლდა საქმის სასამართლო განხილვის დროს, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა In dubio pro reo – პრინციპის საფუძველზე, მართებულად გადაწყვიტეს ზ. ფ-სა და მ. ს-ს სასარგებლოდ.

21. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი სხვა სამხილები, რომლებზეც დაწვრილებით იმსჯელა სასამართლომ გადაწყვეტილების მოტივაციისას, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ზ. ფ-სა და მ. ს-ს ბრალეულობას.

22. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მსჯავრი უნდა დაედოთ ზ. ფ-სა და მ. ს-ს ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით – რვიდან თორმეტ წლამდე.

23. №.. გარდაცვალების მოწმობით დადგენილია, რომ მ. ს. .. წლის 1 სექტემბერს გარდაიცვალა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის ბრალდებული გარდაცვლილია, სასამართლო ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დაუნიშნავად, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ ზ. ფ--ს სასჯელის სამართლიანობაზე.

24. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

25. სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებების, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლებისა და მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ. ფ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის უნდა მიესაჯოს – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.

26. ამდენად, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან უზნაძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის გამამართლებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 308–ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან უზნაძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის გამამართლებელი განაჩენი;

3. მ. ს. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის დაუნიშნავად;

3. ზ. ფ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯოს – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

4. მსჯავრდებულ ზ. ფ-ს სასჯელის მოხდა აეთვალოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო – 2020 წლის 19 იანვრიდან 2020 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით;

5. ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: წებოვანი ლენტი, 4 ანაწმენდი, 2 ე.წ ,,ხამუთი“, ანაწმენდის 6 ნიმუში, ხელის 4 კვალი, ასევე – ამოღებული ტყვიის ფრაგმენტი, ზ. ფ-სა და მ. ს-ს ნერწყვისა და ხელის ნიმუშები, განადგურდეს;

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: შარფი და მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს დაზარალებულ ნ. ნ-ს;

· საქმეზე ამოღებული ოქროსფერი ჯვარი ყელსაბამთან ერთად, ქალის საფულე, მასში მოთავსებული თანხითა და ნივთებით, ასევე – ნ. ნ-ს ტანსაცმელი და ბ. ჭ-ს მიერ წარმოდგენილი საფულე, დაუბრუნდეს ნ. ნ-ს. ცნობად იქნეს მიღებული, რომ დოკუმენტები დაბრუნებული აქვს დაზარალებულს;

· მ. ს-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული: გასაშლელი დანა, ფულადი თანხა, სათვალე, საათი და ბეჭედი, ასევე – მ. ს-ს სახლის ჩხრეკისას ამოღებული: პალტო, ქურთუკი, ნაჭრის ყელსახვევი, ფეხსაცმელი, დაუბრუნდეს უფლებამოსილ პირს;

· ზ. ფ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული: მაჯის საათი, მობილური ტელეფონი, შავი საფულე, მასში მოთავსებული ნივთებით და გასაღებების ასხმა, ასევე – ზ. ფ-ს სახლის ჩხრეკისას ამოღებული: ჯინსის შარვალი, მაისური, ფეხსაცმელი, დაუბრუნდეს ზ. ფ-ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

· ა. უ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული: 50-ლარიანი კუპიურა, 2- ლარიანი მონეტა, შავი მობილური ტელეფონი, მაჯის საათი, ე.წ ,,კალიცო“, ტყავის საფულე, დოკუმენტებით, ასევე – ა. უ-ს სახლის ჩხრეკისას ამოღებული: ქურთუკი, შარვალი და ა---------– უ----–---საგან ამოღებული სვიტერი, დაუბრუნდეს ა. უ-ს ან კანონიერ წარმომადგენელს;

· CD დისკი, რომელზეც ჩაწერილია შემთხვევის ადგილის ფოტოები, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

6. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი