საქმე N 160100120003462014
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №935აპ-23 ქ. თბილისი
ც. ო., 935აპ-23 26 თებერვალი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ო. ც-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. დ-სა და მ-ს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივრები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ო. ც-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. დ-მ და მაერნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ.
ü მსჯავრდებულ ო. ც-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. დ. საკასაციო საჩივრით მოითხოვს ო. ც-ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ან განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულის გამართლებას ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ნაწილში, შემდეგ ძირითად არგუმენტებზე მითითებით: კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპი, ვინაიდან უკანონოდ განაცხადა უარი დაცვის მხარის მოწმეების – მ. ს-სა და ნ. ჯ-ს – დაკითხვაზე იმ მოტივით, რომ ბრალდების მხარემ უდავოდ გახადა ამ მოწმეთა გამოკითხვის ოქმები; ამასთან, ო. ც-ს წაერთვა სასამართლოსთვის ჩვენების მიცემისა და საბოლოო სიტყვით სარგებლობის უფლებები, ხოლო დაცვის მხარეს არ მიეცა გონივრული ვადა საქმის მასალების გასაცნობად, მტკიცებულებების გამოსაკვლევად, დასკვნითი სიტყვების მოსამზადებლად და პოზიციების შესათანხმებლად; ადვოკატს მიაჩნია, რომ ე.წ. ,,ოქროს მოწმე“ – დ. ბ. ცრუობს და დანაშაულის ჩადენას აბრალებს მსჯავრდებულს, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ იგი წარსულში ნასამართლევია თაღლითობისათვის, გამოძიებამ კი მისი ნასამართლობა დამალა; სინამდვილეში, აშკარაა, რომ ო. ც. არის დანაშაულის პროვოკაციის მსხვერპლი, მას ნარკოტიკს სთავაზობდა თვითონ დ. ბ., რომელიც თაღლითობაში დახელოვნების გარდა, ასევე ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებელია; საქმეზე წამოწყებული გენეტიკური ექსპერტიზა გამოძიებამ აღარ დაასრულა, ვინაიდან არ აწყობდათ იმის გამოაშკარავება, რომ ო. ც-ს გენეტიკური კვალი საკვლევ ობიექტზე არ აღმოჩნდებოდა, რადგან მას არანაირი ნარკოტიკული საშუალება დ. ბ-სათვის არ გადაუცია; გარდა ამისა, საჩივარში დაცვის მხარის მითითებით, თუკი საკასაციო სასამართლო მაინც დამნაშავედ მიიჩნევს ო. ც-ს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ ფაქტზე, რომ მის ქმედებაში ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი ცალსახად არ იკვეთება.
ü მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი მექვაბიძე საკასაციო საჩივრით მოითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ო. ც-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისთვის და მკაცრი, სამართლიანი, კანონიერი სასჯელის განსაზღვრას, შემდეგი ძირითადი საფუძვლებით: კასატორს გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების გასაღება, ჩადენილი არაერთგზის) წარდგენილ ბრალდებაში გამართლების ნაწილში მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად; საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენი, რომლის მიხედვით, ო. ც. გასამართლებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის; შესაბამისად, ახალი დანაშაულების ჩადენის დროს (2020 წლის 16 იანვარსა და 23 იანვარს), ასევე 2020 წლის 29 ოქტომბერს ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის დროს, იგი იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ; დადგენილია, ისიც, რომ კანონით განსაზღვრული წესით ო. ც. წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული არ იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობაც მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია; აღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლო განხილვის დროს ცალსახად დადასტურდა, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა ო. ც-მ კვლავ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებები, რაც ადასტურებს, რომ მან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა არაერთგზის.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ო. ც-მ ჩაიდინა: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 16 იანვრისა და იმავე წლის 23 იანვრის ეპიზოდები); ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი არაერთგზის და იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ და „დ” ქვეპუნქტებით (2020 წლის 16 იანვრისა და იმავე წლის 23 იანვრის ეპიზოდები).
ო. ც-ს მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგით:
ü თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენით ო. ც-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. ნასამართლობის გაქარწყლებამდე ო. ც-მ არაერთგზის უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, საერთო წონით – 0,2793 გრამი, რაც 2020 წლის 16 იანვარს, დაახლოებით 15:20 საათზე, ... მიმდებარე ტერიტორიაზე 150 ლარად უკანონოდ გაასაღა დ. ბ-ზე.
ü თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენით ო. ც-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. ნასამართლობის გაქარწყლებამდე ო. ც-მ არაერთგზის უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, საერთო წონით 0.098 გრამი, რაც 2020 წლის 23 იანვარს, დაახლოებით 17:55 საათზე, ... მიმდებარე ტერიტორიაზე, 200 ლარად, სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა დ. ბ-ზე.
3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით ო. ც, – დაბადებული ... წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 16 იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით (2020 წლის 23 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
ო. ც. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2020 წლის 23 იანვრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 7 (შვიდი) წლით, შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 23 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 16 იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2020 წლის 16 იანვრის ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელები და ო. ც-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი – თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ო. ც-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
ო. ც-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2020 წლის 30 იანვრიდან.
გაუქმდა ო. ც-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ო. ც-მ დანიშნული სასჯელი უნდა მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში – შპს „აკადემიკოს ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (ხონი, ქუტირი) გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც, მსჯავრდებულმა სასჯელის მოხდა უნდა გააგრძელოს საერთო წესით.
ო. ც-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 წლით: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო 15 წლით ჩამოერთვა: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
ნივთმტკიცებები: 2020 წლის 16 იანვარსა და 2020 წლის 23 იანვარს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, ნარკოტიკის შეფუთვიდან აღებული ანაწმენდები - უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით; 2020 წლის 16 იანვრის შეხვედრის ამსახველი ერთი ცალი დისკი, უნდა დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს მისი შენახვის ვადით; 2020 წლის 23 იანვრის შეხვედრის ამსახველი ერთი ცალი დისკი, უნდა დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს მისი შენახვის ვადით; ბოლნისის რაიონული სასამართლოდან გადაგზავნილი სხდომის ოქმის დისკი უნდა დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს მისი შენახვის ვადით; ო. ც-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ü მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ო. ც-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისი მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.
ü დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრებით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ო. ც-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა,
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივლისის განაჩენით მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულ ო. ც-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების: ზ. დ-სა და ვ. მ-ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
ო. ც. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 16 იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით (2020 წლის 23 იანვრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
ო. ც. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2020 წლის 16 იანვრის ეპიზოდი - 2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2020 წლის 23 იანვრის ეპიზოდი - 2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2020 წლის 23 იანვრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ო. ც-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით – დანაშაულთა ერთობლიობით) განსაზღვრული პირობითი მსჯავრი.
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, ო. ც. გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, ხოლო ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მასვე აღუდგა ამ განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).
ამასთან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წლით, 11(თერთმეტი) თვითა და 19 (ცხრამეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ო. ც-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლით.
ო. ც-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2020 წლის 30 იანვრიდან.
ო. ც-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმებულია.
6. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო. ც-მ ზემოთაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებები (2020 წლის 16 იანვრისა და 23 იანვრის ეპიზოდები) ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩაიდინა (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, ორი ეპიზოდი), რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებით და, შესაბამისად, თითოეულ ეპიზოდში, მას სასჯელი შეეფარდა არა ცალ-ცალკე, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს ჰქონდა განსაზღვრული, არამედ, მხოლოდ – უფრო მძიმე მუხლით – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორების საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად ედება გამამტყუნებელ განაჩენს, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება (როგორც მხარეების მიერ უშუალოდ გამოკვლეული, ასევე – გამოკვლევის გარეშე მიღებული) უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბრალდების მხარე ო. ც-ს ედავება, რომ 2020 წლის 16 იანვარსა და 2020 წლის 23 იანვარს მან არაერთგზის ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და უკანონო გასაღება, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული (ორი ეპიზოდი). ამდენად, საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს ბრალდების მხარის სამხილები და ბრალადშერაცხილ თითოეულ დანაშაულებრივ ეპიზოდთან მიმართებით გადაწყვიტოს, რამდენად ქმნის წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა ო. ც-ს მიმართ წარდგენილი კვალიფიკაციებით მსჯავრდების გონივრულ ეჭვს მიღმა საფუძველს. ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს შემდეგი მტკიცებულებები:
5. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ე. ბ-ს ჩვენების თანახმად, მუშაობს შსს მ-ს რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე. ამავე სამმართველოს გამომძიებელ დ. ბ-ს წარმოებაში ჰქონდა სს საქმე ო. ც-ს მიმართ; მოცემულ საქმეზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გამომძიებელ ლ. დ-სთან ერთად, ... კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარა ო. ც-ს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს შავი ფერის ,,ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი. მის მიერვე მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული იქნა ო. ც. მისი განმარტებით, ო. ც., როგორც პირადი ჩხრეკისას, ასევე ბრალდებულის სახით დაკავებისას უწევდა წინააღმდეგობას, იყო აგრესიული და ცდილობდა თვითდაზიანებების მიყენებას. მათ ო. ც-ს მიმართ გამოიყენეს პროპორციული ძალა მის შესაკავებლად და არ მისცეს საშუალება თავი დაეზიანებინა. ო. ც-ს პირადი ჩხრეკა და დაკავება მიმდინარეობდა შვიდის ნახევრიდან შვიდ საათამდე პერიოდში. ბრალდებულმა ჩხრეკისა და დაკავების ოქმზე ხელი არ მოაწერა, რის თაობაზეც მითითებულია ოქმებში. დაკავების შემდეგ ო. ც გადაყვანილ იქნა ჯერ ფ-ს პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ შესაბამის დაწესებულებაში ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. ო. ც. ნარკოლოგიურში გადაყვანის შემდეგ, ბიოლოგიური მასალის ჩაბარების დროს გახდა შეუძლოდ. ო. ც. მისივე თანხმობით, სამედიცინო დახმარების მიზნით მათივე ა/მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში, რა დროსაც მას დაუდგინდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა.
6. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ლ. დ-ს ჩვენების თანახმად, მუშაობს შსს მ-ს რაიონულ სამმართველოში გამომძიებლის თანამდებობაზე. 2020 წლის იანვარში, ... დასახლებაში, ... მიმდებარედ კორპუსებთან მონაწილეობა მიიღო ო. ც-ს პირად ჩხრეკაში, მასთან ერთად იყვნენ მ-ს რაიონული სამმართველოს გამომძიებლები: ვ. ქ. და ე. ბ. ო. ც-ს პირადი ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა. ადგილზე შედგა ჩხრეკის ოქმი, რომელზე ხელის მოწერაზეც ო. ც-მ უარი განაცხადა. პირადი ჩხრეკისას ო. ც. პოლიციის თანამშრომლებს უწევდა წინააღმდეგობას, იყო არაადეკვატური, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მათ. ო. ც. დაკავების შემდეგ გადაიყვანეს ფ-ს N-... განყოფილებაში. ო. ც-ს პირადი ჩხრეკა და დაკავება მოხდა მოსამართლის განჩინების საფუძველზე.
7. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე დ. ბ-ს ჩვენების თანახმად, მუშაობს შსს მ-ს რაიონულ სამმართველოში გამომძიებლის თანამდებობაზე. 2020 წლის 13 იანვარს მ-ს რაიონულ სამმართველოს განცხადებით მიმართა დ. ბ-მ, რომელმაც განაცხადა, რომ ფ-ში მცხოვრები ო. ც. არის ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორი და უკანონოდ ახდენს მის რეალიზაციას. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, განცხადებასთან დაკავშირებით მან გამოკითხა დ. ბ. სასამართლოსგან მიღებული იქნა განჩინება ფარული საგამოძიებო მოქმედებების, ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერის და სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერის შესახებ, რის შემდეგაც 2020 წლის 16 იანვარს მას დაუკავშირდა დ. ბ. და აცნობა, რომ მას დაურეკა ო. ც-მ, რომელმაც გარკვეული თანხის სანაცვლოდ შესთავაზა ნარკოტიკული საშუალების მასზე გასაღება. გამოიყო თანხა, რომელიც გადაეცა ბ-ს, რომლითაც მას ო. ც-სგან უნდა შეეძინა ნარკოტიკული საშუალება. დ. ბ. აღიჭურვა კამერით, რომელიც იყო ჩართული და შეხვდა ო. ც-ს, თვითონ მოშორებით იდგა და აკვირდებოდა მათ შეხვედრას. დ. რამდენიმე წუთში დაბრუნდა მასთან და წარმოუდგინა პოლიეთილენის ნაჭერში გახვეული ნივთიერება, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება. მან გამოკითხა დ. ბ. და აღნიშნული ნივთიერება ამოიღო, რომელიც დაილუქა კანონით დადგენილი წესით. დაინიშნა ქიმიური ექსპერტიზა, რომლის თანახმად, ო. ც-სგან შესყიდული ნივთიერება იყო ნარკოტიკული საშუალება. 2020 წლის 23 იანვარს ო. ც. კვლავ დაუკავშირდა დ. ბ-ს და უთხრა, რომ ფულის სანაცვლოდ ისევ მიჰყიდდა მას ნარკოტიკულ საშუალებას. დ. ბ. კვლავ აღჭურვეს კამერით და იგი ჩართული კამერით მივიდა ო. ც-სთან, თვითონ მოშორებით იდგა და აკვირდებოდა მათ შეხვედრას. დ. დაბრუნდა მასთან და აჩვენა ცელოფანში გახვეული ნივთიერება, რომელიც ხელში ჰქონდა. დ. ბ-მ უთხრა, რომ აღნიშნული ნივთიერება იყიდა ო. ც-სგან, თანხის სანაცვლოდ. ფაქტთან დაკავშირებით გამოიკითხა დ. ბ. და მისგან ამოიღო ნარკოტიკული საშუალება. ამოღებული ნივთიერება დაილუქა მ-ს რაიონული სამმართველოს ლუქით, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ამოღებული ნივთიერება იყო ნარკოტიკული საშუალება. მან მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებში და დაადასტურა მათი სისწორე.
8. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ვ. ქ-ს ჩვენების თანახმად, მუშაობს შსს მ-ს რაიონულ სამმართველოში გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ საქმეზე მ-ს რაიონული სამმართველოს გამომძიებელ ე. ბ-სთან ერთად მონაწილეობა მიიღო ო. ც-ს დაკავებაში, რომელიც განხორციელდა სასამართლოს განჩინების საფუძველზე. დაკავება მოხდა ... გზატკეცილზე, სამანქანო გზის მიმდებარედ, ო. ც-მ დაკავებისას გაუწიათ წინააღმდეგობა, იყო აგრესიული, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციის თანამშრომლებს. მისთვის უცნობი მიზეზით ბრალდებულმა ხელი არ მოაწერა დაკავების ოქმს. დაკავების შემდეგ იგი გადაიყვანეს ფ-ს განყოფილებაში.
9. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ქ. ჰ-ს ჩვენების თანახმად, ის მუშაობს შსს მ-ს რაიონულ სამმართველოში გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ საქმეზე 2020 წლის 30 იანვარს მ-ს რაიონული სამმართველოს გამომძიებელ დ. ბ-სთან ერთად მონაწილეობა მიიღო სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებულ ბრალდებულ ო. ც-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, რომელიც მდებარეობდა ... გზატკეცილზე. ჩხრეკისას რამე კანონსაწინააღმდეგო ამოღებული არ ყოფილა.
10. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე დ. ბ-ს ჩვენების თანახმად, მას ო. ც. 2019 წელს გააცნო მათმა საერთო ნაცნობმა ნიკამ, რომლის გვარი არ იცის. იმ დროისთვის იგი ჩართული იყო მეტადონის პროგრამაში, იცის, რომ ო. ც. არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი, ხოლო ნ. იმ დროისთვის მოიხმარდა თუ არა ნარკოტიკულ საშუალებებს არ იცის. ნ-ს იგი რამდენჯერმე გაჰყვა ო. ც-სთან, რომლისგანაც შეიძინეს ნარკოტიკული ნივთიერება. 2020 წლის 13 იანვარს დაურეკა ო ც-მ და შესთავაზა ნარკოტიკული საშუალების მისგან შეძენა, აღნიშნულ დროს საქმიანი ურთიერთობის გამო იმყოფებოდა მ-ში, რის გამოც, მივიდა მ-ს რაიონულ სამმართველოში და აღნიშნულის შესახებ დაწერა განცხადება. მისი განმარტებით, რ-ს გზატკეცილთან, ფ-ში, ო. ც-ს საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ 2020 წლის 16 იანვარს ო. ც-სგან 150 ლარად შეიძინა ორ წონაკად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, ხოლო 2020 წლის 23 იანვარს – 200 ლარად, რამდენი წონაკი იყო, არ ახსოვს. ნარკოტიკული საშუალებები პოლიეთილენის პარკში იყო შეფუთული. შესყიდვების დროს აღჭურვილი იყო ვიდეოკამერით, ო. ც-სგან შეძენილი ნივთიერებები ორივე შემთხვევაში მალევე გადასცა გამომძიებელს. კამერა და მისი ჩანაწერები გადასცა პოლიციას. მისგან ნარკოტიკული საშუალების ამოღების შემდეგ შედგა ოქმები, ნარკოტიკული საშუალებები კი დაილუქა. ოქმს გაეცნო, შენიშვნები არ ჰქონია, ოქმები დაადასტურა ხელმოწერით. ო. ც-სგან ნარკოტიკული საშუალების შესასყიდად განკუთვნილი თანხა პოლიციამ გადასცა, პირველად 150 ლარი, ხოლო მეორედ – 200 ლარი. ო. ც-სთან კომუნიკაცია ტელეფონით ჰქონდა, რომელიც მობილური ტელეფონის სხვადასხვა ნომრით სარგებლობდა. თვითონ ერთი ნომერი ჰქონდა, რომელიც იცოდა ო-მა და უკავშირდებოდა მას. მისი განმარტებით ეზიზღება ყველა ის ადამიანი, რომელიც ყიდის ნარკოტიკულ საშუალებას, რადგან ასეთმა ადამიანებმა გარკვეული დაღი დაასვეს მის ცხოვრებას და მზადაა, როდესაც გაიგებს ასეთ ინფორმაციას შეატყობინოს სამართალდამცავ ორგანოებს.
11. 2020 წლის 16 იანვრის ამოღების ოქმის თანახმად, შსს მ-ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ დ. ბ-ს მიერ, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მშვიდ წყნარ ვითარებაში, ბუნებრივი განათების პირობებში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დ. ბ-საგან ამოღებულ იქნა ყვითელი ფერის ცელოფანში გახვეული ორ წონაკად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 2020 წლის 16 იანვარს 150 ლარად შეიძინა ო. ც-სგან. ამოღებული ნივთიერება დაილუქა კანონით დადგენილი წესით.
12. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის 2020 წლის 17 იანვრის N... დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 2 ცალად დაფასოებული: 2 ცალ თერმულად დამუშავებული ყვითელი პოლიეთილენის ორმაგ ნაჭრებში მოთავსებული კუსტარული წესით მიღებული, მოყავისფრო ფერის ნივთიერებები, საერთო წონით 0,2793 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ 0,1657 გრამის ოდენობით. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა - ნ. ლ-მ და პ. წ-მ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა.
13. 2020 წლის 23 იანვრის ამოღების ოქმის თანახმად, შსს მ-ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ დ ბ-ს მიერ, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მშვიდ წყნარ ვითარებაში, ბუნებრივი განათების პირობებში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დ. ბ-საგან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ცელოფანში გახვეული ორ წონაკად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 2020 წლის 23 იანვარს 200 ლარად შეიძინა ო. ც-სგან. ამოღებული ნივთიერება დაილუქა კანონით დადგენილი წესით.
14. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის 2020 წლის 24 იანვრის N... დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ორ ცალად დაფასოებული მოწითალო ფერის პოლიეთილენის თავმომწვარ ნაჭრებში მუქი ყავისფერი პლასტიური ნივთიერება, საერთო წონით 0,33 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ 0,098 გრამს. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ნ. ო-მ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
15. ბრალდებულის დაკავების 2020 წლის 30 იანვრის ოქმის თანახმად, .... მდებარე კორპუსის ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა ო. ც. 2020 წლის 30 იანვრის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, კორპუსის ტერიტორიაზე, შსს მ-ს რაიონული სამმართველოს გამომძიებელ ე. ბ-ს მიერ გამომძიებელ ლ. დ-ს მონაწილეობით, ჩატარდა ო. ც-ს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი შარვლის წინა მარჯვენა ჯიბეში ნანახი და ამოღებული იქნა შავი ფერის ,,HUAVEI-ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც დაილუქა კანონით დადგენილი წესით. პირადი ჩხრეკისას ო. ც-მ პოლიციის თანამშრომლებს გაუწია წინააღმდეგობა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
16. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2020 წლის 30 იანვრის ოქმის თანახმად, შსს მ-ს რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა დ. ბ-მ დაათვალიერა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გადმოგზავნილი დისკები.
17. შპს ,,...“ წარმოებული სტაციონარული პაციენტის ბარათის N... თანახმად, ო. ც. 2020 წლის 30 იანვრიდან – 01.02.20 წ. მკურნალობდა მათ დაქვემდებარებულ დაწესებულებაში დიაგნოზით დაუზუსტებელი ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებებით მოწამვლა, რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში T43.9, სხვა და დაუზუსტებელი ნარკოტიკებით მოწამვლა T40.6, ტკივილი მუცლის არეში დაუზუსტებელი T10.4.
18. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის ...- დასკვნის თანახმად: 1. გამოკვლევაზე წარდგენილ ვიდეოგრამებს სახელწოდებით: „Rec1_0001.avi”, „Rec1_0002.avi”, „Rec1_0003.avi“, „Rec1_0001.avi“ და „Rec1_0002.avi“ არ აღენიშნებათ რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები. 2. გამოკვლევაზე წარდგენილ N1 პაკეტში არსებული ვიდეოგრამებიდან სახელწოდებით „Rec1_0001.avi” და „Rec1_0002.avi”, N2 პაკეტში ვიდეოგრამიდან სახელწოდებით: „Rec1_0001.avi“ ამოღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული პიროვნების გამოსახულებები, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. 3. გამოკვლევაზე წარდგენილ N2 პაკეტში არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით: „Rec1_0002.avi“, ამოღებულ ფოტოსურათზე დაფიქსირებული პიროვნების გამოსახულება, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის პირობითად ვარგისია. 4. გამოკვლევაზე წარდგენილი N2 პაკეტში არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით: „Rec1_0003.avi“ ამოღებულ ფოტოსურათზე დაფიქსირებული პიროვნების გამოსახულება, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის და მონაცემთა ბაზასთან შესადარებლად უვარგისია. 5. მონაცემთა ბაზაში რიცხულ ... წელს დაბადებული ო. ო. ც-ს ფოტოსურათზე და გამოკვლევაზე წარდგენილ N1 პაკეტში არსებული ვიდეოგრამებიდან სახელწოდებით „Rec1_0001.avi” და „Rec1_0002.avi”, N2 პაკეტში არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით: „Rec1_0001.avi“, დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება. 6. გამოკვლევაზე წარდგენილ ლაზერულ დისკზე, არსებულ ვიდეოგრამაზე სახელწოდებით: „Rec1_0002.avi“ დაწყებიდან 00:00:10 სთ-ზე და ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რიცხული ... წელს დაბადებული ო. ც-ს ფოტოსურათებზე, დაფიქსირებულია სავარაუდოდ ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულებები. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ვახტანგ ბურჯანაძემ დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
19. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 2 სექტემბრის N. დასკვნის თანახმად, ო. ც.-ს აღენიშნება სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერებების ერთდროული მოხმარებით და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებით გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობა (კოდი-19.71 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. ბრალად შერაცხილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს – 2020 წლის 16 იანვარს, დაახლოებით 15:20 საათზე და 2020 წლის 23 იანვარს, დაახლოებით 17:55 საათზე, იგი ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, ფსიქიკის დროებითი აშლილობით, ან ჭკუასუსტობით დაავადებული არ იყო, მას აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერებების ერთდროული მოხმარებით და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებით გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობა, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლსაწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). შემდგომში იზოლაციის პირობებში ო. ც-ს განუვითარდა და ამჟამადაც უგრძელდება ფსიქიკის დროებითი აშლილობა მწვავე და ტრანზიტორული ფსიქოზური აშლილობა რეაქტიული ფსიქოზის (დეპრესიულ-ჰალუცინაციური სინდრომი) სახით, (კოდი-F23-9, დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ამჟამად აღნიშნული დროებითი ფსიქიკური აშლილობის გამო ო. ც-ს არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. აღნიშნულ ფსიქიკურ აშლილობას არ ახასიათებს ქრონიკული მიმდინარეობა და ტრანზიტორულია. ო. ც. ამჟამად დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას სასჯელაღსრულების სისტემის პირობებში. ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ო. ც-ს არ აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისი მხრიდან არსებობს საკუთარი თავისა და სხვა პირთათვის ზიანის, მუქარისა და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობისა და ქცევის რისკის ხარისხის მიხედვით, ამჟამად ო. ც. წარმოადგენს სოციალურ საშიშროებას და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი ო. ც-მ უნდა მოიხადოს (არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარება) შესაბამისი სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში (რეკომენდებულია შპს „აკადემიკოს ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (ხონი - ქუტირი) არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაგრძელდეს საერთო წესით. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ექსპერტმა მ. დ-მადაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა.
20. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი 2 ცალი ლაზერული დისკი, რომელთა დათვალიერებისას ჩანს თუ, როგორ გადაუხადა თანხა დ. ბ-მ ო. ც-ს, თანხის აღების შემდეგ, როგორ გადასცა ო. ც-მ ორი შეკვრა პოლიეთილენის პარკში გახვეული შეფუთვა; მეორე შემთხვევაშიც ასევე ანალოგიურად ჩანს ო. ც-ს მიერ პოლიეთილენის ნაჭერში ნივთიერების შეფუთვის, დ. ბ-სათვის გადაცემის ფაქტი.
21. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები: სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე, ნ. გ., რომლის ჩვენების თანახმად, დგინდება, რომ არის ლევან სამხარაულის ექსპერტიზის სამმართველოს მთავარი ექსპერტი, ბიოლოგიის მაგისტრი, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან მას დაეწერა ორი დადგენილება, წარდგენილი იყო სავარაუდო ნარკოტიკული საშუალებები დაფასოებული პოლიეთილენის წონაკებში და დაევალა წონაკებიდან ანაწმენდების აღება შემდგომი გენეტიკური კვლევისთვის. მის პოლიეთილენის წონაკებიდან აიღო ანაწმენდები. კონკრეტულ ზედაპირზე არის თუ არა რაიმე ბიოლოგიური მასალა, ამის თქმის შესაძლებლობა ვიზუალური დათვალიერებით არ არის შესაძლებელი, ეს მხოლოდ გენეტიკური კვლევის ჩატარების შედეგად დგინდება და სწორედ ამიტომ არის აუცილებელი გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარება. დანიშნული იყო ქიმიური ექსპერტიზაც. მისი განმარტებით ზედაპირზე შეიძლება დარჩეს ან არ დარჩეს დნმ-ის კვალი.
22. სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაცვის მხარის მოწმის, ო. ც-ს ჩვენების თანახმად, არის ო. ც-ს მამა. 2020 წლის 30 იანვარს, ო. ც-ს დაკავებისას ის და მისი შვილი იმყოფებოდნენ ეზოში, კორპუსის ტერიტორიაზე, ო. ც-მ უთხრა მაღაზიაში წავალ სიგარეტს ვიყიდი და მოვალო, მან თანხმობა განაცხადა და სახლში ავიდა. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ, მეზობელმა დაურეკა და უთხრა, რომ მისი შვილი პოლიციამ აიყვანა და ეზოში ერთი ამბავი იყო, ,,არის ცემა-ტყეპა უბედურებაო’’. იმ წუთშივე გაიქცა სახლიდან, მაღაზიასთან იდგა შავი ჯიპი, ო. ც. გარეთ იდგა, ცხვირიდან სისხლი სდიოდა, პოლიციამ ახლოს არ მიუშვა. უთხრა - ,,წაბრძანდით თქვენ სახლში, უნდა დაგკითხოთო’’. შემდეგ მივიდა გამომძიებელი, დაკითხა მეზობლები. პოლიციელებს ჰკითხა - ,,რატომ მაშინ არ აიყვანეს მისი შვილი, როცა ერთად იდგნენ’’, უთხრეს, რომ ,,მაშინ სახეზე ვერ ვცნობდითო’’. ო. ც. პოლიციამ გადაიყვანა მეთორმეტე ოთახში, ის და მისი მეორე ვაჟიც გაჰყვნენ; ო. ც-ს ფანჯრიდან ხედავდა, შეატყო, რომ ვერ იყო კარგად. რამდენიმე წუთის მერე პოლიციელი გამოვიდა და უთხრა, რომ ,,თქვენი შვილი ცუდად არის, რა წამალი გადაყლაპაო’’. უპასუხა გადაყლაპვამდე რატომ მიუშვეს, რატომ ვერ ამოუღეს მანამდე თუ რამე ჰქონდა მის შვილს. 10-15 წუთის შემდეგ პოლიციამ სასწრაფო გამოიძახა და უგონო მდგომარეობაში მყოფი ო. ც. გადაიყვანეს „...“ საავადმყოფოში. აღნიშნულის შემდეგ პოლიციის თანამშრომლები გაჰყვნენ ვითომდა მისი საცხოვრებელი სახლში ჩხრეკის ჩასატარებლად. პოლიციელებს ჩხრეკა არ ჩაუტარებიათ, დასხდნენ მაგიდასთან და ოქმი შეავსეს, რაზედაც მათი მითითებისამებრ მოაწერა ხელი. მისივე განმარტებით, დ. ბ. რამდენიმეჯერ იყო მის ეზოში, რომლის წასვლის შემდეგაც აღმოაჩინა, რომ ა/მანქანიდან დაკარგული იყო სხვადასხვა დასახელების ნივთები. მისი შვილი ო. ც. არის უდანაშაულო და დღეს იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული დ. ბ-ს ბოროტი განზრახვის გამო.
23. მოწმე ნ. ჯ-ს გამოკითხვის ოქმის (უდავოდ ცნობილი) თანახმად, ო. ც. არის მისი მეზობელი, რომელთანაც კარგი ურთიერთობა აქვს. ო. ც-ს რამდენიმე წლის წინ გარკვეული დამოკიდებულება წარმოეშვა ნარკოტიკების მიმართ, რის გამოც მისი ოჯახი და ო.ც ძალიან წუხდა და მკურნალობდა, რათა თავი დაეღწია ნარკოდამოკიდებულებისაგან. რამდენიმე წლის წინ, ო.ს შეამჩნია ფსიქიკური აშლილობა, ჰქონდა სრულიად უმიზეზო პანიკური აღელვება, რაც ზოგჯერ გადაზრდილა ჰაერის უკმარისობაში. როგორც იცის, ხშირად აკითხავდა ნევროლოგს და ფსიქიატრს და გადიოდა მკურნალობის კურსს. მოწმემ ო-სგან იცის ვიღაც დ-ს შესახებ. იყო პერიოდი, როდესაც ეს პირი აწუხებდა ო-ს და ო. სულ ცდილობდა თავის დაღწევას. 2020 წლის იანვარში, ო-მა რამდენჯერმე დაუტოვა ტელეფონი და უთხრა, რომ თუ ვინმე დარეკავდა, ეპასუხა, რომ ნომერი ო-ს აღარ ეკუთვნოდა. განსაკუთრებით დაამახსოვრდა ვინმე დ., რომლის ტელეფონის ნომერია .... მიუხედავად განმარტებისა და საყვედურისა, რომ ტელეფონის ნომერი აღარ ეკუთვნოდა ო. ც-ს, მაინც არ წყდებოდა ზარები. ო. ც-მ მოწმეს აუხსნა რომ დ. ბ. აწუხებდა მას, რის გამოც ო-ს სურდა მისგან თავის დაღწევა და იძულებული იყო მოეტყუებინა ბ. იანვარში მოწმემ მის საცხოვრებელ სახლთან – (უბანში) შენიშნა თეთრი „ტოიოტა პრიუსის“ ავტომანქანა ნომრით .... ამ ავტომანქანით მყოფი პირი იგინებოდა ც-ს მისამართით. მოწმის კითხვაზე, თუ რა ხდებოდა, რაიმე პრობლემა ხომ არ იყო, ხელით ანიშნა გაიარეო.
24. მოწმე მ. ს-ს გამოკითხვის ოქმის (უდავოდ ცნობილი) თანახმად, ო. ც. არის მისი შვილი. 2017 წლიდან შვილს შეამჩნია, არაადეკვატური ქცევები; ღამე ეღვიძებოდა, უმიზეზოდ იწყებდა ტირილს, ესაუბრებოდა თავისთავს. ო. ც-ს ამგვარი მდგომარეობის გამო, მიმართეს სპეციალისტს, თუმცა პერიოდულად გართულებები მაინც იჩენდა თავს. მოწმის გამოკითხვის შინაარსის ანალიზის მიხედვით ირკვევა, რომ იგი იცნობს ვინმე დ. ბ-ს. ბ-მ რამდენჯერმე მიაკითხა ო. ც-ს ოჯახში და კითხულობდა მას. ო. მუდმივად გაურბოდა ბ-სთან შეხვედრას და ხშირად არც პასუხობდა ტელეფონზე, ან ატყუებდა მის ნამდვილ სამყოფელს. ერთხელ ბ-მ მიაკითხა ო ც-ს სახლში. ო-ს თხოვნით, მ. ს-მ განუმარტა ბ-ს, რომ ო. არ იყო სახლში. როდესაც ბ. უკან გაბრუნდა, კორიდორში დაჰყო რამდენიმე წუთს, თან ტელეფონით ანათებდა ლიფტის მიმდებარე ტერიტორიაზე. როდესაც ეს შუქი ჩაქრა, მ. ს. გავიდა და ნახა ძირს დაგდებული ინსულინის ახალი შპრიცი, რომელშიც აშკარად ჩანდა სისხლის კვალი და სისხლიანი ხელსახოცი. მაშინვე მიხვდა, რომ ამ პირმა მოიხმარა ნარკოტიკი. ამის თაობაზე მოუყვა ო-ს. ო. ც-მ დედას უთხრა, რომ ბ. არ იყო კარგი ადამიანი. მ. ს. მიხვდა, რომ ბ-ს სურდა ო. ც. დაეყოლებინა ნარკოტიკების მოხმარებაზე. ო. ც. ცდილობდა ბ-სთან არ ჰქონოდა ურთიერთობა, რაშიც თვითონაც ხელს უწყობდა.
25. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის – დაცვის მხარის – არგუმენტებს ო. ც-ს სრულად უდანაშაულობასთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სარწმუნოდ დგინდება, რომ ო. ც-მ 2020 წლის 16 იანვარს დ. ბ-ს გადასცა საერთო წონით – 0,2793 გრამი ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინი“, ხოლო იმავე წლის 23 იანვარს – 0.098 გრამი, ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს სასამართლოში წარმოდგენილი ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი სამხილების ერთობლიობიდან.
26. დაცვის მხარის პოზიცია, რომ მოწმე დ. ბ. დანაშაულის ჩადენას აბრალებს მსჯავრდებულს, რის გამოც, მისი ჩვენება არ არის სანდო და სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა, უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის თანახმადაც, მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებისას, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმის ჩვენების თანმიმდევრულობაზე, კატეგორიულობაზე, თანხვედრაზე სხვა მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან, ასევე ამოწმებს მოწმის მახსოვრობის უნარს, შეუძლია თუ არა აღიდგინოს არსებითი ფაქტები, რომელთა თვითმხილველიც გახდა. მოცემულ შემთხვევაში, მოწმე დ. ბ-მ საქმის არსებითი განხილვისას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს, როგორც მსჯავრდებულ ო. ც-ს მიერ მისთვის ნარკოტიკული საშუალების შეთავაზების, ისე სამართალდამცავ ორგანოებთან მისი თანამშრომლობის, საკონტროლო შესყიდვის გზით ო. ც-საგან ნარკოტიკული საშუალებების შეძენის და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის პროცედურების შესახებ. საკასაციო სასამართლოს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მსგავსად მიაჩნია, რომ მითითებული მოწმის ჩვენება სანდო, სარწმუნო და სრულად თანხვედრაშია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან: მოწმეთა ჩვენებებთან, ექსპერტიზის დასკვნებთან და ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებთან. ასევე, მოწმის ჩვენების სანდოობის შეფასებისას, არ შეიძლება მის წარსულზე აპელირება, მხოლოდ იმ კონტექსტით, რომ მოწმე უეჭველად ცრუობს, ვინაიდან იგი წარსულში ნასამართლევია. აღნიშნული გარემოება იმთავითვე არ მიუთითებს ფაქტზე, რომ მოწმე ცრუობს და მისი ჩვენება, არასანდოა.
27. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში აპელირებს დანაშაულის პროვოკაციაზეც, რასთან დაკავშირებითაც საკასაციო სასამართლო მიუთითებს შემდეგს: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეზე აღიარა სპეციალური საგამოძიებო მეთოდების საჭიროება, განსაკუთრებით ნარკოტიკულ დანაშაულსა და კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში. ამგვარი ღონისძიებების, მათ შორის, ფარული აგენტებისა თუ საკონტროლო შესყიდვების, გამოყენება per se არ არღვევს უფლებას სამართლიან სასამართლოზე. გარკვეული წინაპირობებით, სახელმწიფო ორგანოებს შეუძლიათ, მიმართონ განსაკუთრებულ საგამოძიებო მოქმედებებს ისე, რომ აღნიშნული არ გულისხმობდეს ან იწვევდეს დანაშაულის წაქეზებასა თუ პროვოცირებას (იხ: Veselov and Others v. Russia, №23200/10, 24009/07 და 556/10, 02.10.2012, §89; Lüdi v. Switzerland, №12433/86, 15.06.1992).
28. ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ფარული აგენტის გამოყენება საგამოძიებო პროცესში თავისთავად არ ხელყოფს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში დადგენილ გარანტიას (სამართლიანი სასამართლოს უფლება). მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა როლი ჰქონდა ფარულ თანამშრომელს. საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა/კონფიდენტებმა არ უნდა განახორციელონ პირებზე იმგვარი გავლენა, რომ შემდგომი პასუხისმგებლობის მიზნით, წააქეზონ მათ მიერ დანაშაულის ჩადენა. კონვენცია ირღვევა, როდესაც აგენტები უბიძგებენ პირს დანაშაულის ჩადენისკენ და სახეზე არ არის არგუმენტი, რომ მოცემული დანაშაული მათი მონაწილეობის გარეშეც იქნებოდა ჩადენილი (იხ. Malininas v. Lithuania, №10071/04, 01.07.2008). ფარულ თანამშრომელთა მონაწილეობა სისხლის სამართლის პროცესში უნდა განხორციელდეს მხოლოდ პასიურად და მათ არ უნდა ჰქონდეთ როლი ბრალდებულთა განზრახვის ფორმირების პროცესში (იხ. Ramanauskas v. Lithuania, №74420/01, 5.02.2008). თუ ფარული აგენტი აქტიურად არის ჩართული და არსებითად უღვივებს პირს დანაშაულის ჩადენის სურვილს, სახეზეა დანაშაულის პროვოკაცია; ხოლო როცა მიმდინარე/დაწყებული დანაშაულებრივი ქმედების ფარგლებში ხდება ფარული თანამშრომლის ჩართვა, ეს ითვლება პასიურ მოქმედებად და, შესაბამისად, მისი ქმედება არ არის მაპროვოცირებელი.
29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება მსჯავრდებულ ო. ც-ს წაქეზება და პროვოცირება დანაშაულის ჩასადენად, კერძოდ: საქმის მასალებით დგინდება, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ხელი არ შეუწყვიათ დანაშაულის ჩადენაში, ისინი მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულის პასიური გამოძიებით და ამ გამოძიების პროცესში მტკიცებულებების მოძიებით შემოიფარგლებოდნენ. დადგენილია, რომ არსებობდა ობიექტური ეჭვი და არა ზოგადი ინფორმაცია დანაშაულში პირის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ. საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა დ. ბ. ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში ჩართეს და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს მას შემდეგ, რაც მან ნებაყოფლობით მიმართა სამართალდამცავ ორგანოს თანამშრომლობის შესახებ, ნებაყოფლობით გამოთქვა გამოძიებასთან თანამშრომლობისა და ო. ც-ს მხილების სურვილი. გარდა ამისა, მოწმეთა ჩვენებებითა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით ირკვევა, რომ თითოეულ შემთხვევაში ო. ც. წინასწარ იყო განწყობილი დანაშაულის ჩასადენად, ხოლო ფარული საგამოძიებო მოქმედებების პროცესში არც ერთ შემთხვევაში მსჯავრდებულს არ უთქვამს უარი დ. ბ-სათვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემაზე. ო. ც-მ დ. ბ-ს ორჯერ – 2020 წლის 16 იანვარსა და 2020 წლის 23 იანვარს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება. მსჯავრდებული კი იჩენდა განსაკუთრებულ სიფრთხილეს დ. ბ-სთან შეხვედრის დათქმიდან და შეთანხმებულ ადგილზე მისვლიდან შეხვედრის დასრულებამდე. შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება დანაშაულის პროვოცირება, რომ დ. ბ. აქტიურად იყო ჩართული და არსებითად უღვივებდა მსჯავრდებულს დანაშაულის ჩადენის სურვილს.
30. დაცვის მხარის კიდევ ერთ მოსაზრება, რომ ო. ც-ს წაერთვა სასამართლოსათვის ჩვენების მიცემისა და საბოლოო სიტყვით სარგებლობის უფლება, უსაფუძვლოა. საკასაციო სასამართლო ამ ნაწილშიც იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა დაეკითხა ბრალდებული, თუმცა იმ ეტაპზე დაცვის მხარემ უარი განაცხადა, ამასთან საქმეში წარმოდგენილია - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 2 სექტემბრის N... დასკვნა, რომლის მიხედვით, დგინდებოდა, რომ ო. ც-ს არ შეეძლო ანგარიში გაეწია თავისათვის და ეხელმძღვანელა მისთვის, მიეცა სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიეღო საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში, დროებითი ფსიქიკური აშლილობის გამო. აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვებოდა. გარდა ამისა, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა დაიწყო 2021 წლის 9 მარტს და დაცვის მხარის შუამდგომლობისა და მოთხოვნის საფუძველზე, რომ მსჯავრდებულს სააპელაციო სასამართლოში მისი საქმის განხილვაში მონაწილეობა მიეღო და მასთან შეთანხმებული დაცვის პოზიციები, არაერთხელ გადაიდო საქმის განხილვა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე (შპს ,,აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის’’ დირექტორის მომართვების თანახმად, ირკვევა, რომ სტაციონარულ ფსიქიატრიულ მკურნალობაზე მყოფი პაციენტის – ო. ც-ს ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლო პროცესში მისი მონაწილეობა მიზანშეუწონელი იყო), ო. ც-ს პროცესზე დასწრება ვერ მოხერხდა 2021 წლის 8 ივნისამდე, ესე იგი, მანამდე, სანამ 2021 წლის 8 ივნისის ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის N... დასკვნით დადგინდა, რომ ო. ც-ს ფსიქიკური მდგომარეობა ჩატარებული მკურნალობის შედეგად გაუმჯობესდა, მისი იმჟამინდელი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ო. ც-ს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმები ამოწურული იყო და ის აღარ საჭიროებდა არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას შპს ,,აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში’’. შესაბამისად, ის 2021 წლის 8 ივნისს გაწერეს მითითებული დაწესებულებიდან და გადაიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელის საერთო წესით მოსახდელად (რაც დადასტურებულია ამავე დაწესებულების დირექტორის 2021 წლის 8 ივნისის მომართვით). სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ დაცვის მხარეს სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას არ მოუთხოვია მსჯავრდებულ ო. ც-ს დაკითხვა და სხვა რაიმე მტკიცებულების წარმოდგენა (გარდა მოწმეების – მ. ს-ს და ნ. ჯ-ს დაკითხვისა) და არ დაუყენებია შუამდგომლობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
31. ადვოკატი საკასაციო საჩივარში ასევე უთითებს, რომ გამოძიებამ არ ჩაატარა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, ხოლო სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს უსაფუძვლოდ შეუზღუდა დაცვის უფლება, ვინაიდან უარი თქვა დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვაზე, რასთან დაკავშირებითაც საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის საფუძველზე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე; მხარეს უფლება აქვს, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სწორედაც რომ მხარეთა კომპეტენციაა მტკიცებულებათა მოპოვება და წარმოდგენა. ვერავინ დაავალდებულებს მხარეს, მოიპოვოს და წარადგინოს ესა თუ ის მტკიცებულება.
32. რაც შეეხება მსჯავრდებულ ო. ც-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. დ-ს მითითებას, რომ სასამართლომ უკანონოდ განაცხადა უარი დაცვის მხარის მოწმეების – მ. ს-სა და ნ. ჯ-ს მოწმის სახით დაკითხვაზე, აღნიშნული განაპირობა იმ გარემოებამ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ მითითებულ მოწმეთა გამოკითხვის ოქმები მიიჩნია უდავო მტკიცებულებებად, რის გამოც, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებებად. თავის მხრივ, სააპელაციო პალატამ დეტალურად შეაფასა და დაწვრილებით იმსჯელა ამ მოწმეთა (მ. ს-სა და ნ. ჯ-ს) გამოკითხვის ოქმებში მიწოდებულ ინფორმაციაზე და ასევე განმარტა ის საფუძვლები, თუ რატომ არ გაიზიარა მათი ჩვენებები, კერძოდ: პალატამ აღნიშნა, რომ მოწმეების მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია არ დასტურდება სხვა მოწმეთა ჩვენებებით ან/და სხვა რაიმე უტყუარი მტკიცებულებით; ამასთან, მათივე ჩვენებებით დგინდება, რომ მოწმეებს უშუალო შეხება არ ჰქონდათ ამ კონკრეტულ დანაშაულებრივ ფაქტებთან, ისინი არ არიან რაიმე გარემოების/ფაქტის თვითმხილველი პირები. მოწმეები საქმესთან დაკავშირებით ძირითადად გადმოსცემენ მათთვის მსჯავრდებულ ო. ც-ს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და საკუთარ მოსაზრებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის შეფასებით, მათი ჩვენებები არ გამორიცხავს ო. ც-ს მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხილი ქმედებების ჩადენას და არ დგინდება რაიმე ისეთი გარემოება, რაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი გახდებოდა, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს. ამასთან, დაცვის მხარეს აღნიშნულ მოწმეთა მიერ გამოკითხვის ოქმებში მიწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, დამატებით რაიმე ახალი ინფორმაცია, ან გარემოებები სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განხილულ სისხლის სამართლის საქმეში მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პირობებში, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს სრული შესაძლებლობა ჰქონდათ, წარმოედგინათ თავიანთი მტკიცებულებები, მონაწილეობა მიეღოთ მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაში და ჯეროვნად დაეცვათ თავიანთი პოზიციები. დაცვის მხარე უზრუნველყოფილი იყო მტკიცებულებათა წარდგენისა და საქმის გარემოებებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირების შესაძლებლობით; ასევე მთელი სამართალწარმოების პროცესში საშუალება ჰქონდა ედავა მტკიცებულებების ავთენტურობაზე, დასაშვებობაზე და მონაწილეობა მიეღო მათ გამოკვლევაში, დაეკითხა მოწმეები; მოცემული საქმის წარმოებისას როგორც გამოძიებაში, ისე სასამართლოში დაცვის მხარისათვის სრულად იყო უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლით გარანტირებული – საქმის სამართლიანი განხილვის უფლება.
34. ამდენად, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საკასაციო სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ დროს – 2020 წლის 16 იანვარსა და იმავე წლის 23 იანვარს – ო. ც-ს მიერ დ. ბ-სათვის ნარკოტიკული საშუალებების გადაცემის ფაქტები, მაგრამ საკასაციო სასამართლოს პოზიცია განსხვავდება ბრალდების მხარის მიერ მსჯავრდებულის ქმედების – ნარკოტიკული საშუალებების გადაცემის – კვალიფიკაციასთან მიმართებით, რამეთუ ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნარკოტიკული საშუალებების დ. ბ-სათვის გადაცემით, ო. ც-მ, ანაზღაურების სანაცვლოდ, გაასაღა ისინი, ხოლო საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ნარკოტიკული საშუალებების გადაცემის დროს მსჯავრდებულს მათი რეალიზაციის მიზანი არ ჰქონია, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ქმედების სამართლებრივი შეფასების დროს.
35. იმისათვის, რათა დამნაშავემ პასუხი აგოს მხოლოდ იმ დანაშაულისათვის, რომელიც მან ჩაიდინა, საკასაციო სასამართლო ვალდებულია მსჯავრდებულის ქმედებას სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭოს, ხოლო იმის გამოსარკვევად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII – ნარკოტიკული დანაშაულის – თავით გათვალისწინებული, რომელი დანაშაულის შემადგენლობაა გამოკვეთილი ო. ც-ს ქმედებაში, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მათ საფუძველზე გადაწყვეტს მსჯავრად შესარაცხი ქმედების საკითხს.
36. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ ო. ც-ს ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის მსჯავრდებას საფუძვლად დაედო სასამართლოს მიერ ორი ფაქტობრივი გარემოების გამოკვეთა, რომლებიც, თითქოსდა, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაზე, კერძოდ, ერთი მხრივ, ო. ც-მ 2020 წლის 16 იანვარსა და იმავე წლის 23 იანვარს გამოართვა თანხები დ. ბ-ს და, ორივე ჯერზე, მოგვიანებით, გადასცა მას ნარკოტიკული საშუალებები, ხოლო, მეორე მხრივ, დ. -მ მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ ო. ც-სათვის გადახდილი თანხების სანაცვლოდ, მისგან ნარკოტიკულ საშუალებებს იძენდა.
37. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, დასკვნა იმის თაობაზე, რომ ო. ც-მ უკანონოდ მიასაღა ნარკოტიკული საშუალებები დ. ბ-ს, არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასებიდან, კერძოდ:
38. 2020 წლის 13 იანვრის განცხადების შინაარსით ირკვევა, რომ დ ბ-მ მიმართა სამართალდამცავ ორგანოს და აცნობა, რომ მისი ნაცნობი – ო. ც., მცხოვრები ... სხვადასხვა ადგილებში ახდენს ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციას და უთითებს მის სარგებლობაში არსებულ მობილური ტელეფონის ნომერს.
39. მოწმე დ. ბ-ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ 2020 წლის 13 იანვარს დაურეკა ო. ც--მ და შესთავაზა ნარკოტიკული საშუალების მისგან შეძენა. ამ დროს მოწმე იმყოფებოდა მ-ში, რის გამოც, მივიდა მ-ს რაიონულ სამმართველოში და აღნიშნულის შესახებ დაწერა განცხადება. მისი განმარტებით, რ-ს გზატკეცილთან, ფ-ში, ო. ც-ს საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ 2020 წლის 16 იანვარს ო. ც-სგან 150 ლარად შეიძინა ორ წონაკად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, ხოლო 2020 წლის 23 იანვარს – 200 ლარად, რამდენი წონაკი იყო არ ახსოვს. ნარკოტიკული საშუალებები პოლიეთილენის პარკში იყო შეფუთული. შესყიდვების დროს აღჭურვილი იყო ვიდეოკამერით, ო. ც-სგან შეძენილი ნივთიერებები, ორივე შემთხვევაში, მალევე გადასცა გამომძიებელს. კამერა და მისი ჩანაწერები გადასცა პოლიციას.
40. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ 2020 წლის 16 იანვარს, დ. ბ-მ ო. ც-ს გადასცა თანხა, ხოლო ო-მ, იმავე დღეს, მოგვიანებით გადასცა ორ წონაკად დაფასოებული ნივთიერება; 2020 წლის 23 იანვარს, დ. ბ-მ ო. ც-ს გადასცა თანხა, ხოლო იმავე დღეს, მოგვიანებით, ო. ც-მ გადასცა ორ წონაკად დაფასოებული ნივთიერება. საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ პირველ შემთხვევაში გადაცემული ნივთიერება წარმოადგენს საერთო წონით – 0,2793 გრამ, ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, ხოლო მეორე შემთხვევაში – 0.098 გრამ, ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“.
41. ამდენად, საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ო. ც-მ 2020 წლის 16 იანვარსა და იმავე წლის 23 იანვარს, დ. ბ-ს გამოართვა სხვადასხვა ოდენობის თანხა და, ყოველ ჯერზე, მოგვიანებით, გადასცა მას ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“.
42. იმის გამოსარკვევად, თუ რამდენად ქმნის ერთი პირის მიერ სხვა პირისათვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ფაქტი (ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მიზნების, ვითარებისა და იმ ურთიერთობების მხედველობაში მიღების გარეშე, რომელიც წინ უსწრებს ნარკოტიკების გადაცემას) ,,a priori“, მისი უკანონო გასაღების შემადგენლობას, სასამართლომ მოწმე დ. ბ-ს მიერ მიცემული განმარტებების კვალდაკვალ, საფუძვლიანად უნდა გამოიკვლიოს საქმეში წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალები, რომლებსაც, მათი ობიექტური ბუნებიდან გამომდინარე, მტკიცებულებების შეფასების დროს, უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი აქვთ და რომლებიც არსებითად მნიშვნელოვანია ო. ც-სა და დ. ბ-ს შორის ნარკოტიკული საშუალებების გადაცემამდე არსებული შეთანხმებისა და ნარკოტიკული საშუალებების გადაცემის პროცესში, მათ შორის არსებული კომუნიკაციის შინაარსის დასადგენად და, შესაბამისად, დავის საგნად ქცეული – ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციის – საკითხის გადასაწყვეტად.
43. მოწმე დ. ბ-ს მტკიცების საპირისპიროდ, რომლის მიხედვით, ო. ც. ნარკორეალიზატორია და თანხის სანაცვლოდ არაერთხელ მიასაღა მას ნარკოტიკული საშუალებები, ფარული საგამოძიებო მოქმედებების (ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერების) შედეგად მოპოვებული მასალების შინაარსი, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ცხადყოფს, რომ დ. ბ. ნარკოტიკულ საშუალებებს ო. ც-საგან კი არ ყიდულობდა, არამედ – თავადაც ნარკოდამოკიდებული მსჯავრდებული (დაკავების შემდეგ ჩატარებული ნარკოლოგიური კვლევის შედეგად, კლინიკურად იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ) ეხმარებოდა მას სხვა, გამოძიებით დაუდგენელი პირ(ებ)ისგან, ნარკოტიკული საშუალებების მოძიებასა და შეძენაში, კერძოდ:
44. 2020 წლის 16 იანვარს შეხვედრისას, პირველი ვიდეოჩანაწერის მიხედვით: ო. ც ეუბნება დ. ბ-ს: „... – რა იყო ბიჭო, ამის წინ რომ მითხარი, ცუდი იყოო?“, რაზეც დ. ბ. პასუხობს: „ – ბიჭო!“, ო. ც. ეუბნება: „ – მეორე დავითრიე ჩვენთვის და კაი ხარისხიანი წამალი იყო“. დ. ბ. პასუხობს: „მე არ გამიკეთებია ისა, იმიტომ რომ სამნი იყვნენ ისინი და ამ ნიკუშამ რომ გაიკეთა, არ ვარგა, არ ვარგაო“. ო. ც. ეუბნება: „ფული მომე, დამტოვე მე და აქ გადმოდი და მერე უკვე ჩემით მივალ აქამდე“, დ. ბ. პასუხობს: „მაცადე“, ო. ც.: „150 ლარი ხომ გაქვს?“, დ. ბ.: „კი“, ო. ც.: „ერთი ხუთი ლარი მომე, ტაქსის ფული, რომ წამოვყვე იქიდან, გაიგე? ან ორი ლარი, რა“, დ. ბ.: „სადაა აქ მაღაზია?“, ო. ც.: „წადი იქით, მაინც იქით უნდა წავიდეთ“, დ. ბ.: „არა კაცო, არ მინდა არსად წასვლა, ქალი ქუჩაში გადმოვაგდე...“, ო. ც.: „გადი ოდნავ და დაახურდავე და მობრუნდი და წაიყვანე ცოლი, გეუბნები რამეს, ბიჭო?“, დ. ბ.: „სადა, აქ გავიდე?“, ო. ც.: „ჰო, დაახურდავე, მიდი. „პროსტო“ მიმიყვანე მეთქი, დამტოვე, რომ შევიდე“, დ.. ბ.: „მოგცემ ტაქსის ფულს...“.
45. შემდეგ დ. ბ. შედის სუპერმარკეტში, მიდის „საქართველოს ბანკის ბანკომატთან“. ცოტა ხანში ბრუნდება ავტომობილთან და ფულს აძლევს ო. ც-ს. ო. ც. და დ. ბ. ავტომანქანაში აგრძელებენ საუბარს. შემდეგ ო. ც. მიჰყავს მის მიერ მითითებულ ადგილას, იგი გადმოდის ავტომანქანიდან, დ. ბ. კი ავტომობილით აგრძელებს გზა, შემდეგ ჩერდება და ელოდება შეთანხმებულ ადგილას. მომდევნო ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ დ. ბ. ზის ავტომანქანაში, რომელშიც ასევე ჯდება ო. ც.. ო. ც. ეუბნება დ. ბ.ს: „მოდი, მოაბრუნე მანქანა. მოტრიალდი აქ. დანა გააქვს მანქანაში?“, დ. ბ.: „არა. თვითონ? იყო?“. შემდეგ, დ. ბ. გადადის ავტომანქანიდან და ფეხით მიდის გზაზე.
46. შემდეგ ვიდეოჩანაწერში დ. ბ. და ო. ც. სხდებიან ავტომანქანაში და მიდიან გზაზე. ო. ც. დ. ბ-ს ეუბნება: „ – გაჩვენებ სუყველას, ცოტას დამიტოვებ“, დ. ბ.: „ჰო“, ო. ც.: „ – კარტა გააქვს ჯიბეში?“, დ. ბ.: „კი“, ო. ც.: „ – მიდი, მიდი, მიდი, „ვაბშე“, წამო ჩემთან, სახლში“, დ. ბ.: „ არა“, ო. ც.: „უცებ ავიდეთ“, დ. ბ. ახსენებს უცენზურო სიტყვას, ო. ც.: „ – ავირბინოთ უცებ რა, ძმობას გაფიცებ, წამო, რა მართლა“, დ. ბ.: „კაი რა“, ო. ც.: „– ძმობას გაფიცებ, მარტო ვერ, უცებ ავირბინოთ რა, წამო, კულტურულად გავიკეთოთ“, დ. ბ.: „არ მინდა ბიჭო, სად უნდა გავიკეთო? აქ ვერ გავაკეთებ ვერაფერს“, ო. ც.: „ხოდა წამო ერთი წუთით“, დ. ბ.: „მანახე!“, ო. ც.: „ავირბინოთ რა!“, დ. ბ.: „ბიჭო მანახე ფაქტი (იგინება)“, ო. ც.: „აჰა“. შემდეგ ო. ც. დ. ბ-ს ხელში აძლევს ორ პატარა პოლიეთილენის პარკში გახვეულ შეფუთვას, ე.წ. „ბაშს“. დ. ბ. ეკითხება: „– ეს რამდენიანია?“, ო. ც. პასუხობს: „ერთი ცალი უნდა მომცე. ცოტა გადმომიყარე მე. ასიანებია ორი“, დ. ბ.: „ეს ორი, ასიანია?“, ო. ც.: „ჰო“, დ. ბ.: „ეს მეტია, ეს ცოტაა, ბიჭო“, ო. ც.: „ჰო, რა ვქნა ახლა, იმიტომ რომ 150-ში ეგრე მომცა. აქედან გავხსნი, ძმაო და აქედან ცოტა მომეცი, რა. ქვებიდან გამოიღო ... (იყენებს უცენზურო სიტყვას), ეგ ორი“, დ. ბ.: „ბიჭო, ახლა რომ გავხსნა, ჰო?“, ო. ც.: „ჰო“, დ. ბ.: „აქედან რომ გავხსნა, აი ყ.ეობაა რა (იყენებს უცენზურო სიტყვებს), რა გინდა მე მოგცემ ..., მე კაცთან მივალ, ვანახებ და გადმომიყრის და მოგცემ. მეც არ გავიკეთებ ...“, ო. ც.: „ბიჭო, გავხსნათ და ერთად შევკრათ, რა პრობლემაა? რო მეუბნები ჯერ, ორი ასიანიაო, არ გახსოვს მაშინ ერთი ცალი რომ წაიღე? აი, ეგრეა ორი“, დ. ბ.: „ეს ორმოცდაათიანია, ეს ასიანია“, ო. ც.: „ბიჭო, რაც მომცა, ეგ არის!“, დ. ბ.: „ჰოდა მომისმინე, მივალ კაცთან თქო და რა გინდა ... (იყენებს უცენზურო სიტყვას)?“, ო. ც.: „ ... (იყენებს უცენზურო სიტყვას). „იმენნა“, აგურებიდან გამოიღო ტიპმა, თეთრი აგურებიდან“, დ. ბ.: „ბაზარი არაა, მე ... (იყენებს უცენზურო სიტყვას), ხომ გეუბნები, აი. მე მოგცემ მეთქი ... (იყენებს უცენზურო სიტყვას) შვილებს გეფიცები, მე რად მინდა მოტყუება?“, ო. ც.: „ბიჭო, მივდივარ დღეს და აღარ ვიქნები სახლში ... (იყენებს უცენზურო სიტყვას) “, დ. ბ.: „დღეს კი არა, მოვალ მეთქი ოც წუთში, ნახევარ საათში. ორთაჭალაში ჩავალ სადგურში და ამოვალ“, ო. ც.: „ბიჭო, მივდივარ, ბავშვი მყავს გამოსაყვანი, ძმობას გაფიცებ, ახლა ისე არ დამტოვო“, დ. ბ.: „ბიჭო აქედან არ მინდა ახლა გადმოყრა. ყ.ეობა ... (იყენებს უცენზურო სიტყვებს) გამოდის, გამოდის პრ..ობა (იყენებს უცენზურო სიტყვას) მერე“, ო. ც.: „კაი, ძმაო, მიდი მიდი“. ო. ც. გადადის ავტომანქანიდან.
47. 2020 წლის 23 იანვარს შეხვედრისას, დ. ბ-ს ავტომანქანაში ჯდება ო. ც. და საუბრობენ, ო. ც. ეუბნება დ. ბ-ს: „დათვლა რად უნდა, ბიჭო!“, დ. ბ.: „მოიცადე“, ო. ც.: „რად უნდა დათვლა!“, დ. ბ.: „ჰა, „კაროჩე“ 200-ია და ... “ აწვდის ფულს, მაგრამ ო. არ ართმევს და ეუბნება: „იყოს, გურეშ, გქონდეს“, დ. ბ.: „ეს ის არის და მომცემ და მერე 50 /?/ შენია“, ო. ც.: „რა 50 ლარი ბიჭო, ამას ... (უკანა სავარძლიდან იღებს ტელეფონს)“. შემდეგ საუბრობენ „ბიჭების დაჭერის“ თემაზე. შემდეგ დ.ბ. ეუბნება: „ჩქარა მეჩქარება, ... (იყენებს უცენზურო სიტყვას), ცოლი მყავს სამსახურიდან გამოსაყვანი“, ო. ც.: „მე და შენ რომ წავიდეთ?“, დ. ბ.: „სად? ვერ წამოვალ იქით, რა მინდა?“, ო. ც.: „აბა რა ვქნა?“, დ. ბ..---: „დაგტოვებ იქა“, ო. ც.: „კაი რა“, დ. ბ.: „არ მინდა ... (იყენებს უცენზურო სიტყვას) ვერ შემოვალ იქ მანქანით რა, ძმაო, არ მინდა რა. მივალთ და იქ დაგტოვებ, რა გინდა“, ო. ც.: „მაიცა“. შემდეგ ო. ც. გადადის ავტომანქანიდან, დ. ბ.ც გადადის და მიდის იქვე მდგომ მსუბუქ ავტომობილთან, რომელშიც ბიჭებთან ერთად ზის ო. ც.. ო. ც. დ. ბ-ს ართმევს ქაღალდის მოკეცილ კუპიურებს. შემდეგ ო. ც. და დ. ბ. საუბრობენ: დ. ბ.ეკითხება: „რამდენ ხანში მოხვალ, ჰა?“, ო. ც.: „წავიდეთ რა ჩვენ!“, დ. ბ.: „აუ ბიჭო კარგი რა! მითხარი სად მოხვალ და იქ გავჩერდები“. ო. ც. გადადის მანქანიდან და ორივენი იქვე გვერდით გადიან. ო. ც. ეუბნება: „წამო, წამო შენც!“, დ. ბ-.-: „აუ ბიჭო, რა იცი ეს ყ.ეობები (იყენებს უცენზურო სიტყვას), გოგო მელოდება სამსახურიდან მყავს გამოსაყვანი. რა გჭირს, ... (იყენებს უცენზურო სიტყვას), მიდი რა მეჩქარება. რაც მთხოვე ის გავაკეთე ყველაფერი...“, ო. ც.: „მოდი ერთი წამი, ბიჭო! რას მიჭედავ, შე ჩემა, რამეს გეუბნები ისეთს?“, დ. ბ.: „არ მინდა წასვლები და ყ.ეობები (იყენებს უცენზურო სიტყვებს), რა გინდა მითხარი!“, ო. ც.: „ჩემი დედა ვატირე, წამო, წავიდეთ შენი მანქანით“, დ. ბ.--: „ბიჭო, არ მინდა, სხვისი მანქანითა ვარ, ბიჭო, გოგოს მანქანით, როგორ ჩავიტანო მანქანა იქა, მითხარი ერთი!“, ო. ც.: „აბა იმ ყ.ეს (იყენებს უცენზურო სიტყვას) როგორ გამოვართვა მე?“, დ. ბ.: „არ მიდიხარ ეხლა მანქანით“, ო. ც.: „ხოდა, იმ ყ.ეს (იყენებს უცენზურო სიტყვას) როგორ გამოვართვა და როგორ გამოვიტანო ამდენ ხალხთან ერთად?“, დ. ბ.: „ეს ეხლა ვისი მანქანითა ხარ, ხო ხარ ვიღაცის მანქანით, ამითი ხო მიდიხარ უკან ისევე?“, ო. ც.: „ხო,მერე?“, დ. ბ.: „ვერ გავიგე, რად გინდა, მითხარი წადი და მოდი ამითი. ვიდგები მე აგერ“, ო. ც.: „ბიჭო, რომ წამომყვე შენ „ვაბშე“ მე?“, დ. ბ.: „სადა?“, ო. ც.: „წამომყევი და ავიდეთ“, დ. ბ.: „მე?“, ო. ც.: „ჰო“, დ. ბ.: „წამოდი მერე თუ გინდა“, ო. ც.: „პროსტა არ მინდა ეხლა, გაიგე? ბიჭო, იმას კიდე რო მეუბნები 50 ლარიო, სულ ყ.ეზე (იყენებს უცენზურო სიტყვას) მკიდია ეგ 50 ლარი“. შემდეგ დ. ბ. ჯდება ავტომანქანაში, ხოლო ო. ც. მეორე ავტომანქანაში. საათ ნახევრის შემდეგ, ო. ც. და დ.ბ. ისევ ხვდებიან ერთმანეთს, რა დროსაც ო. ც. აწვდის ნარკოტიკულ საშუალებას, სწრაფად ტრიალდება და ჩქარი ნაბიჯით მიდის შენობის კუთხისკენ.
48. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული 2020 წლის 16 იანვრისა და იმავე წლის 23 იანვრის აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით ცალსახად დასტურდება, რომ დ. ბ-ს მიერ გადაცემული თანხებით, ო. ც. ცდილობდა არა მხოლოდ მისთვის, არამედ – თავისთვისაც მოეძიებინა და შეეძინა ნარკოტიკული საშუალებები, დაუდგენელი პირ(ებ)ისგან, კერძოდ: პირველ ეპიზოდში, ო. ც. დ. ბ-ს სთხოვს ჯერ ტაქსის ფულს, მერე ადგილზე მიყვანას, შემდეგ სთავაზობს ნარკოტიკული საშუალების თავისთან სახლში ერთად მოხმარებას, შემდეგ კი დაჟინებით სთხოვს, რომ არ დატოვოს ისე და ცოტა მასაც დაუტოვოს და გადმოუყაროს პაკეტიდან. დ. ბ. ყველაფერზე უარით პასუხობს და მოითხოვს ნარკოტიკული საშუალების ჩვენებას. მას შემდეგ, რაც ო. ც. გადასცემს ორ პატარა პოლიეთილენის პარკში გახვეულ შეფუთვას, დ. ბ. საყვედურობს, რომ ერთი პაკეტი მეორეზე, ზომით უფრო დიდია, რაზეც ო. ც. პასუხობს, რომ აბა თვითონ რა უნდა ქნას, 150-ში მასე მისცეს, როგორც არის, რომ ეს ორი პაკეტი ქვებიდან, თეთრი აგურებიდან გამოიღო (საუბარია სხვა, დაუდგენელ პირზე). დ. ბ. უარს ეუბნება ნარკოტიკული საშუალების გადმოყრაზე, რასაც უხსნის იმით, რომ ეს პაკეტები სხვას უნდა მისცეს და მასთან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდება. ო. ც. კვლავ დაჟინებით სთხოვს, რომ დ. ბ-მ ისე არ დატოვოს და გადმოუყაროს ნაწილი. დ. ბ., ო. ც-ს ჰპირდება, რომ მას მერე გადმოუყრის, რაც სხვა პირს ანახებს ნარკოტიკულ საშუალებას. მეორე ეპიზოდში დ. ბ. ო. ც-ს აწვდის ფულს და ეუბნება, რომ 200 ლარია. ო. არ ართმევს, რის შემდეგაც დ. ეუბნება, რომ როცა ის მისცემს ნარკოტიკულ საშუალებას, 50 ლარი მისია. ო. ც. კი გაკვირვებული ეკითხება, რა 50 ლარზეა საუბარი და ისევ სთხოვს, რომ დ. ბ-ს ავტომანქანით ადგილზე ერთად მივიდნენ. დ. კატეგორიულ უარს ამბობს და სთავაზობს, რომ მის გარეშე წავიდეს, ხოლო ო. პასუხობს, რომ მის გარეშე რანაირად გამოართმევს იმას (აქაც საუბარია სხვა, დაუდგენელ პირზე) და როგორ გამოიტანს ამდენ ხალხთან ერთად. ამასთან, ო. ეუბნება, რომ ის 50 ლარი, რომელიც დ-მ შესთავაზა, საერთოდ არ აინტერესებს. ხაზგასასმელია, რომ გამოძიებამ არ გამოკვეთა რეალური მოტივი, თუ რატომ შუამავლობდა ო. ც. დ. ბ-ს ნარკოტიკული საშუალებების შეძენის პროცესში და, კონკრეტულად, რით გამოიხატებოდა მისი ინტერესი.
49. ამრიგად, მოწმე დ. ბ-ს მტკიცების საპირისპიროდ, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერების შინაარსის მხედველობაში მიღებით, ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ მისთვის იმთავითვე ცნობილი იყო, რომ ო. ც. ნარკოტიკების რეალიზატორი არ ყოფილა, არამედ – ეხმარებოდა მას ნარკოტიკული საშუალებების მისთვის ხელმისაწვდომი წყაროებიდან შეძენაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, ო. ც-ს მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღებაში დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ დ. ბ-ს თანხებით შეძენილი ნარკოტიკული საშუალებების მისთვის გადაცემით ო. ც-მ 2020 წლის 16 იანვრისა და იმავე წლის 23 იანვრის ეპიზოდებში ჩაიდინა – დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
50. საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული დასკვნა არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, რომელმაც უკვე არაერთხელ განმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალების გადაცემა ავტომატურად არ ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების გასაღებას და, რომ, ნარკოტიკული საშუალების ხელიდან ხელში გადაცემა არ გამორიცხავს – ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარებას (იხ.: mutatis mutandis საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 აპრილის განაჩენი საქმეზე №844აპ-22, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 8).
51. ამდენად, ვინაიდან უტყუარად არ დასტურდება ო. ც-ს მიერ ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღება, არამედ მის ქმედებაში გამოკვეთილია – ნარკოტიკული საშუალებების შეძენაში დახმარება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2020 წლის 16 იანვრისა და იმავე წლის 23 იანვრის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში ო. ც. ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 16 იანვრისა და იმავე წლის 23 იანვრის ეპიზოდები) წარდგენილი ბრალდებები, უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე (2020 წლის 16 იანვრისა და იმავე წლის 23 იანვრის ეპიზოდები), რომელთა ჩადენისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
52. ამასთან, ვინაიდან მსჯავრდებული ო. ც. უნდა გამართლდეს ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღების ნაწილში, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილება ასევე უნდა შევიდეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულისათვის ჩამორთმეული უფლებების ვადის შემსუბუქების კუთხით, კერძოდ, ო. ც-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება უნდა ჩამოერთვას – 5 წლით; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება უნდა ჩამოერთვას – 15 წლით, ხოლო საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები – 10 წლით.
53. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივლისის განაჩენს საკასაციო წესით ასაჩივრებს მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი – გიორგი მექვაბიძეც, რომელიც სადავოდ მიიჩნევს სასამართლოს გადაწყვეტილებას ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების – არაერთგზის ჩადენის ნაწილში (ორი ეპიზოდი) მსჯავრდებულის გამართლების კუთხით. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, რომ, ვინაიდან ო ც-ს, წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს – 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენით, მსჯავრი ედებოდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის, და არა – გასაღებისათვის, მას მსჯავრად ვერ შეერაცხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, ანუ ნარკოტიკული საშუალების გასაღება, ჩადენილი არაერთგზის. გარდა ამისა, ო. ც. ამ განაჩენით გამართლდა ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში.
54. აქვე საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ მსჯავრდებულ ო. ც-ს მიმართ წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ სასჯელზე კანონიერად გაავრცელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი, რომლის შესაბამისადაც მსჯავრდებული გაათავისუფლა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; ხოლო ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მასვე აღუდგა ამ განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა). რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტს (ორი ეპიზოდი), რომლისთვისაც ო. ც-ს ბოლო განაჩენით უნდა დაედოს მსჯავრი და რომელიც მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს 2020 წლის 16 და 23 იანვარს, ესე იგი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედების გავრცელების პერიოდში – 2020 წლის 11 დეკემბრამდე, აღნიშნულ დანაშაულზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით გათვალისწინებული შეღავათები ვერ გავრცელდება შემდეგ გარემოებათა გამო:
55. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი წარსულში ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. მართალია, მსჯავრდებული ო. ც. უნდა გამართლდეს ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდების ნაწილში და მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მაგრამ, იგი წარსულში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის გარდა, ასევე – ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XLIV თავით (დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ) გათვალისწინებულ დანაშაულს, რის გამოც მის მიმართ ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტით განსაზღვრული შეღავათი.
56. რაც შეეხება სასჯელს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
57. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას (როგორც ამჟამად მოქმედი, ისე – 2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და წარმოადგენს მძიმე კატეგორიის დანაშაულს. საკასაციო სასამართლომ შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი (დანაშაულთა სიმრავლე, რაც წარმოადგენს ჩადენილი ქმედების მახასიათებელ ისეთ გარემოებას, რომელიც მის საშიშროებას ზრდის, ახალი დანაშაულები ჩადენილია პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში) გარემოებებისა და ბრუნვაში უკანონოდ მოხვედრილი ნარკოტიკული საშუალების სახეობის (,,ჰეროინი“ შეტანილია ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხაში) მხედველობაში მიღებით, მიაჩნია, რომ ო. ც-ს ბრალდების თითოეულ ეპიზოდში უნდა მიესაჯოს – 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს – სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
58. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ო. ც-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. დ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივლისის განაჩენი უნდა შეიცვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლითა და 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ო. ც-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. დ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. შეიცვალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივლისის განაჩენი:
4. ო. ც. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 16 იანვრის ეპიზოდი, 2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით (2020 წლის 23 იანვრის ეპიზოდი, 2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში.
5. ო. ც. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა (2020 წლის 16 იანვრის ეპიზოდი, 2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით (2020 წლის 23 იანვრის ეპიზოდი, 2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში.
6. ო. ც-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 16 იანვრის ეპიზოდი, 2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე (2020 წლის 16 იანვრის ეპიზოდი, 2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
7. ო. ც-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 23 იანვრის ეპიზოდი, 2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე (2020 წლის 23 იანვრის ეპიზოდი, 2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), რომლის ჩადენისთვისაც იგი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის 23 იანვრის ეპიზოდი, 2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) განსაზღვრულმა სასჯელმა შთანთქას მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ო. ც-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.
9. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით – დანაშაულთა ერთობლიობით) განსაზღვრული პირობითი მსჯავრი.
10. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-5 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, ო. ც. გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, ხოლო ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მასვე აღუდგეს ამ განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებებისა).
11. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქას წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი – 1 (ერთი) წლით, 11 (თერთმეტი) თვითა და 19 (ცხრამეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ო. ც-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.
12. ო. ც-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან – 2020 წლის 30 იანვრიდან.
13. ო. ც-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმებულია.
14. ო. ც-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვას – 5 წლით, ხოლო: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები – 10 წლით. მასვე, 15 წლით ჩამოერთვას – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივლისის განაჩენი ნივთმტკიცებათა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
16. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე