საქმე # 330100123007544142
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№55აპ-24 ქ. თბილისი
ვ-ე ე, 55აპ-24 19 მარტი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - ნიკოლოზ დგებუაძის
ადვოკატ - ზ. ნ--ს
მსჯავრდებულ - ე. ვ--ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა მსჯავრდებულ ე. ვ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ნ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განაჩენზე და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ალიკა დვალაშვილის შუამდგომლობა - საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 სექტემბრის განაჩენით:
1.1. ე. ვ-ე, - დაბადებული --- წლის 12 მაისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ე. ვ--ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 აგვისტოს განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე სრულად დაემატა ამავე განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 5000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე. ვ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2023 წლის 25 სექტემბრიდან.
1.3. ,,ამნისტიის შესახებ“ 2022 წლის 12 აპრილის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ე. ვ-ეს დანიშნული ძირითადი სასჯელი - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა 105 დღით.
1.4. გაუქმდა ე. ვ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 6 ივნისიის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 1000 ლარი.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ვ-ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2023 წლის 17 მაისს, დაახლოებით 15:42 საათზე, ე. ვ-ე მობილური ტელეფონის ნომრით ---------, დაუკავშირდა ქ.თ-ი, გ-ს ქუჩის №--, ბინა №--ში მყოფ მ. ა-–ს, მობილური ტელეფონის ნომერზე ---- და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ გამოწვავდა საცხოვრებელ სახლში, რის შედეგადაც მ. ა–ს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განაჩენით:
3.1. მსჯავრდებულ ე. ვ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ც-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ე. ვ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - მსჯავრდებულ ე. ვ--ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ნ–მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით. კასატორმა საჩივარში აღნიშნა, რომ გარდა იმისა, რომ მსჯავრდებულმა ე. ვ-ემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, საქმეში წარმოდგენილია ასევე დაზარალებულ მ. ა-ის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა იმის თაობაზე, რომ იგი თანახმაა მსჯავრდებულს გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება.
5. 2024 წლის 4 მარტს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა პროკურატურამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ასევე ის გარემოება, რომ ითანამშრომლა გამოძიებასთან და საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულსა და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ალიკა დვალაშვილს შორის წერილობით გააფორმა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.
6. 2024 წლის 4 მარტს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ალიკა დვალაშვილმა მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასსა და მსჯავრდებულ ე. ვ-ეს შორის 2024 წლის 4 მარტს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ და იშუამდგომლა, რომ ე. ვ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ:
6.1. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
6.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
6.3. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელის ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 4 წლით, 6 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთიდან - 2 წელი და 6 თვე, რაც სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე კვლავ ჩაეთვლება პირობით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე კი მიემატოს წინა განაჩენით მოუხდელი დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 5000 ლარი. საბოლოოდ, დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს ნაწილობრივ და განაჩენთა ერთობლიობით ე. ვ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვროს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს 1 წელი, ხოლო პირობითად ჩაეთვალოს 2 წელი და 6 თვე. სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 წელი და 6 თვე. მასვე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდოს ჯარიმა - 5000 ლარი.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ე. ვ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ნ-ს საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი და დაინიშნა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირა პროცესში მონაწილე პროკურორმა ნიკოლოზ დგებუაძემ.
9. სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა ე. ვ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ნ-მა ასევე მხარი დაუჭირეს საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას; ამასთან, საკასაციო საჩივართან მიმართებით ადვოკატმა დააზუსტა მოთხოვნა და იშუამდგომლა, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, არ იქნეს განხილული საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. ვ-ის მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განაჩენი უნდა შეიცვალოს: სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ალიკა დვალაშვილსა და მსჯავრდებულ ე. ვ-ეს შორის შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით და დამტკიცდეს სასამართლოს მიერ. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება.
3. საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე ამოწმებს, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება, არსებობს თუ არა ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და არის თუ არა კანონიერი და სამართლიანი შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი. ამავე მუხლის მე-61 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს, ან დაადგენს, რომ პროკურორის შუამდგომლობა ამ თავის სხვა მოთხოვნათა დარღვევით არის წარმოდგენილი, იგი საქმეს პროკურორს უბრუნებს.
4. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ე. ვ-ის მიმართ არ ყოფილა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა ან რაიმე უკანონო დაპირება; მსჯავრდებულის განმარტებით, მას ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო ადვოკატისაგან ეფექტური დახმარება. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების, ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე. საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და მსჯავრდებული აღიარებს ბრალს, სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის - ნასამართლობის - სამართლებრივ შედეგებს; სრულად აცნობიერებს დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც ბრალი ედება, სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც იგი აღიარებს, მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ ე. ვ-ე სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, სრულად აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. საკასაციო სასამართლო დარწმუნდა, რომ მსჯავრდებულ ე. ვ-ისათვის ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; ასევე ისიც, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან. მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, საპროცესო შეთანხმებაში ასახულია მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა. ე. ვ-ე და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს. ე. ვ-ე ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.
5. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: დაზარალებულ მ. ა-ის გამოკითხვის ოქმით, ე. ვ-ის გამოკითხვის ოქმით, მობილური ტელეფონიდან აუდიოჩანაწერის გამოთხოვისა და დათვალიერების ოქმით, ნიმუშის აღების ოქმით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ფონოსკოპიური ექსპერტიზის №--- დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით დადასტურებულია ე. ვ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.
6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნებს, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელის მეშვეობით საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული მიზნების მიღწევის შესაძლებლობას, მსჯავრდებულის პიროვნებას, მის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, მოტივსა და მოვალეობათა დარღვევის ზომას. სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც, არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
7. ამდენად, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ალიკა დვალაშვილის შუამდგომლობა მსჯავრდებულ ე. ვ-ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
8. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს კასატორის - მსჯავრდებულ ე. ვ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ნ-ს მიერ სასამართლო სხდომაზე საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისა და საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ე. ვ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ნ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს განხილული კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.
2. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ალიკა დვალაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
4. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ალიკა დვალაშვილსა და მსჯავრდებულ ე. ვ-ის შორის.
5. ე. ვ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 11 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.
7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 4 (ოთხი) წლით, 6 (ექვსი) თვითა და 17 (ჩვიდმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთიდან - 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე, რაც სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, კვლავ ჩაეთვლება პირობით.
8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე დაემატოს წინა განაჩენით მოუხდელი დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 5000 (ხუთიათასი) ლარი.
9. საბოლოოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე. ვ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 (ორი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობითად, 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა - 5000 (ხუთიათასი) ლარი.
10. ე. ვ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2023 წლის 25 სექტემბრიდან.
11. საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლისა და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
12. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ე. ვ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 6 ივნისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმებულია და გირაოს გადამხდელ პირს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 1000 (ათასი) ლარი.
13. ნივთიერი მტკიცებულება - მ. ა-ის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი აუდიოჩანაწერი, 1 ცალ კომპიუტერულ დისკზე და ხმის ნიმუში 1 ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
14. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი