საქმე # 330100122005540308
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №851აპ-23 ქ. თბილისი
ხ. ბ. 851აპ-23 25 იანვარი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულების – ბ. ხ–სა და კ. ხ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – შ. ხ–სა და მსჯავრდებულ მ. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – კ. წ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:
1.1. ბ. ხ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა:
1.1.1 თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით;
1.1.2. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ე.ი. უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.
1.2. კ. ხ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა:
1.2.1. თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით;
1.2.2. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ე.ი. უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.
1.3. მ. ქ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა:
1.3.1. თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით;
1.3.2. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ე.ი. უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით ბ. ხ–ს, კ. ხ–სა და მ. ქ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. მ. ქ–სმა, კ. ხ–მ და ბ. ხ–მ სხვა პირებთან ერთად შექმნეს დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანს მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლება წარმოადგენდა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2014 წლის 12 თებერვალს მ. ქ–მა (კ. ხ–ს მეუღლემ) დააფუძნა შპს „............. კლუბი“ (საიდენტიფიკაციო N.........), რომლის საქმიანობის ძირითად სფეროს შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე ფინანსური აქტივებით (სავალუტო წყვილებით, აქციებით, საბირჟო ინდექსებითა და სხვა ფასიანი ქაღალდებით) ვაჭრობა წარმოადგენდა. ამავე პერიოდში, 2014 წლის 9 დეკემბერს კ. და ბ. ხ–ებმა საკუთარი მამის ო. ხ–ს სახელით დააფუძნეს შპს „..........ი“ (ს/კ - ...........) და კომპანიის საქმიანობის სფეროდ განსაზღვრეს საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე „........“ ვაჭრობა საკუთარი და საინვესტიციო თანხებით. ორივე კომპანიის საქმიანობას ფაქტობრივად წარმართავდნენ მ. ქ–ი, კ. და ბ. ხ–ები.
2.2. მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სოციალურ ქსელებსა და მედიაში განათავსეს სარეკლამო განცხადებები საკუთარი კომპანიების საქმიანობის შესახებ, სადაც მითითებული იყო, რომ კომპანია უზრუნველყოფდა ფ....ზე ვაჭრობას საუკეთესო პირობებით.
2.3. მ. ქ–სმა, ბ. ხ–ამ და კ. ხ–სმ თ–ში, რ–ში, ქ–ში, ბ–სა და მ–ში გახსნეს შპს „........... კლუბის“ ფილიალები, რომელთა ხელმძღვანელები დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მითითებით ხვდებოდნენ და არწმუნებდნენ მოქალაქეებს, რომ შპს „........... კლუბი“ წარმოადგენდა შუამავალ კომპანიას ტ–სა და საერთაშორისო .........ებს შორის, „.......“ პლატფორმით საერთაშორისო ბირჟაზე ვაჭრობით კი, შეძლებდნენ ფინანსური სარგებლის მიღებას, ამავდროულად, სთავაზობდნენ მოქალაქეებს ონლაინ ვაჭრობის დაწყებამდე საკუთარი წარმომადგენლების დახმარებას ონლაინ სავაჭრო პლატფორმა „ფ–ზე“ პირადი კაბინეტის შექმნაში და სავაჭრო ოპერაციების წარმატებით განხორციელებაში.
2.4. ისინი ყველა შეხვედრაზე მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ თავად წარმოადგენდნენ შუამავალ რგოლს და მათ წინაშე ანგარიშვალდებული, ლიკვიდურობის მომწოდებელი და მათი კონტრაგენტი იქნებოდა უცხოური პარტნიორი კომპანიები – ......... ბანკი „..........“ და ბრიტანული ფირმა „.........“. მათივე განმარტებით, მოქალაქეთა მიერ კომპანიების საბანკო ანგარიშებზე შეტანილი ფულადი თანხები გადაირიცხებოდა ზემოაღნიშნული უცხოური კომპანიების ანგარიშებზე და ტრეიდერის ნებართვის გარეშე, თანხებთან წვდომა არავის ექნებოდა. რეალურად კი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ხსენებულ საერთაშორისო კომპანიებთან რაიმე სახის ურთიერთობა არ გააჩნდათ, შესაბამისად, მოქალაქეთა წინაშე ანგარიშვალდებულება ხსენებულ კომპანიებს არ ეკისრებოდა და მათ მიერ შეტანილი ფულადი თანხის განკარგვა სრულად ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ.
2.5. 2018 წლის სექტემბერში კი პლატფორმა, სადაც დაზარალებულები ახორციელებდნენ ვაჭრობას და შესაბამისად, ასახული იყო მათი ვაჭრობის ისტორია, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სრულად გააუქმეს.
2.6. საქმიანობის წარმოების პროცესში, კერძოდ, 2014-2018 წლებში ტრეიდერების მიერ სავაჭროდ შეტანილმა თანხამ შეადგინა 27 533 986 ლარი, უკან დაბრუნებულმა თანხამ 14 803 552 ლარი, ხოლო მათ შორის არსებულ სხვაობას 12 730 434 ლარს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ.
2.7. მ. ქ–მა, ბ. ხ–მ და კ. ხ–მ სხვა პირებთან ერთად ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიღებული უკანონო ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემისა და მისი წარმოშობის დაფარვის მიზნით, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხები სესხისა და საწესდებო კაპიტალში შენატანის სახით გადარიცხეს მათთან დაახლოებული პირების მიერ მათივე მითითების შესაბამისად დარეგისტრირებულ შპს ,,.........ს“, შპს ,,...... ს–ს“, შპს ,,ნ–ს“, შპს ,,............ის“, შპს ,,.............. კლუბის”, შპს ,,მ–ს“ და შპს „..........ის“ ანგარიშებზე, ხოლო დივიდენდისა და ხელფასის სახით გასცეს ფულადი თანხები ზემოაღნიშნულ კომპანიებში დასაქმებულ პირებზე. ზემოაღნიშნული ქმედებით, მ. ქ–მა, ბ. ხ–მ და კ. ხ–მ სხვა პირებთან ერთად შენიღბეს თანხების უკანონო წარმოშობა, დანაშაულებრივად დაუფლებულ თანხებს მისცეს კანონიერი სახე და აღნიშნული ქმედებით მიიღეს 3 545 143 ლარის, 442 909,74 აშშ დოლარის და 27 370 ევროს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონებრივი შემოსავალი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 ივლისის განაჩენით:
3.1. ბ. ხ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.1. ბ. ხ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
3.1.2. ბ. ხ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2021 წლის 27 ნოემბრიდან;
3.2. კ. ხ–ს ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;
3.2.1. კ. ხ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
3.2.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
3.2.3. სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან - 2021 წლის 27 ნოემბრიდან;
3.3. მ. ქ–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;
3.3.1. მ. ქ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – ჯარიმა 10 000 ლარი;
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:
4.1. პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ მოითხოვა ბ. ხ–ს, კ. ხ–სა და მ. ქ–ს საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობა; ასევე, მ. ქ–სათვის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება;
4.2. მსჯავრდებულების – ბ. და კ. ხ–ების ადვოკატებმა – შ. ხ––მ და ი. ლ–მ, ასევე მსჯავრდებულ მ. ქ–ს ადვოკატმა კ. წ–მა, მოითხოვეს მსჯავრდებულების სრულად გამართლება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 ივნისის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 ივლისის განაჩენში:
5.1. ბ. ხ–ა ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
5.1.1. საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
5.1.2. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
5.1.3. საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ბ. ხ–ს განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
5.1.4. ბ. ხ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2021 წლის 27 ნოემბრიდან;
5.2. კ. ხ–ს ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
5.2.1. საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
5.2.2. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
5.2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და კ. ხ–ს განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
5.2.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
5.2.5. კ. ხ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2021 წლის 27 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 31 ოქტომბრიდან 2019 წლის 2 ნოემბრის ჩათვლით;
5.3. მ. ქ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
5.3.1. საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
5.3.2. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;
5.3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მ. ქ–სს განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით;
5.3.4. მ. ქ–ი დაუყოვნებლივ იქნა დაკავებული სხდომის დარბაზშივე და სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, კერძოდ, მსჯავრდებულების: ბ. ხ–სა და კ. ხ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი – შ. ხ–ე და მსჯავრდებულ მ. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი – კ. წ–მი ითხოვენ მსჯავრდებულების უდანაშაულოდ ცნობას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვს ბ. ხ–ს, კ. ხ–სა და მ. ქ–ს გამართლებას.
9. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა: ჩაიდინეს თუ არა მსჯავრდებულებმა მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის განსაზღვრული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, რაც არ გულისხმობს მტკიცებულებათა მხოლოდ რაოდენობრივ მახასიათებელს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №400აპ-21). შესაბამისად, საკითხი იმის შესახებ, თუ რა სახის და რა რაოდენობის მამხილებელი მტკიცებულების ერთობლიობაა საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, წყდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინეს, რომ სს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, საჯარო რეესტრის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერებით დასტურდება, რომ შპს ,,........... კლუბი“ (ს/ნ ..........) საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 2014 წლის 12 თებერვალს, რომლის დირექტორი და დამფუძნებელია მ. ქ–სი, 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით. საწარმოს საქმიანობას წარმოადგენდა საბროკერო, სავაჭრო პლატფორმის საშუალებით გარიგებების დადების უზრუნველყოფა ტრეიდერებისათვის. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებებით (მაგალითად: ა. ხ–ს, დ. ბ–ს, მ. გ–ს, ა. გ–ს ჩვენებებით), ასევე დგინდება, რომ შპს ,,.............. კლუბის’’ დირექტორი იყო ბ. ხ–ა, ხოლო სტრატეგიული განვითარების მიმართულებით კომპანიას ხელმძღვანელობდა – კ. ხ–ს.
12. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას ბ. ხ–ს, კ. ხ–სა და მ. ქ–ს უდანაშაულობისა და იმის შესახებ, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მათ მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა.
13. კასატორ კ. წ–ს პოზიციასთან დაკავშირებით, რომ მ. ქ–ს მიერ კომპანიის დაფუძნება ატარებდა ფორმალურ ხასიათს, საკასაციო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ითვალისწინებს, მათ შორის:
13.1. წესდების/პარტნიორთა შეთანხმების მე-2 მუხლს (საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორია მ. ქ–ი) და მე-4 მუხლს, რომლის თანახმად, საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება აქვს დირექტორს; საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ენიჭება მ. ქ–ს; დირექტორის ხელმძღვანელობის უფლება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღების უფლებას; დირექტორი უფლებამოსილია მინდობილობის გარეშე დამოუკიდებლად იმოქმედოს საზოგადოების სახელით და წარმოადგინოს საზოგადოება მესამე პირებთან ურთიერთობაში (ტ. N5; ს.ფ. 62-70);
13.2. შპს ,,.......... კლუბის“ სახელით მ. ქ–ს 2016 წლის 21 დეკემბრის განცხადებას (იგი მიმართავს .......... ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ო. ნ–ს და აცნობებს, რომ საერთო კრებაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შპს ,,........... კლუბის“ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად (დირექტორად) ნაცვლად პ. ს–ს დაინიშნა: შპს ,,........... კლუბის“ დამფუძნებელი პარტნიორი – მ. ქ–ი; ასევე შპს ,,............ კლუბი“ უარს ამბობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საბროკერო საქმიანობის ლიცენზიაზე და აღნიშნული ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებაზე (განცხადება ხელმოწერილია მ. ქ–სის მიერ; ტ. N19; ს.ფ. 8)); შპს ,,.............. კლუბის“ სახელით მ. ქ–ს 2015 წლის 27 მაისის სალიცენზიო განაცხადთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის წარდგენის შესახებ განცხადებას (ტ.N19; ს.ფ. 42); შპს ,,........... კლუბის“ 100%-იანი წილის მფლობელ მ. ქ–ს ნოტარიულად დამოწმებულ გადაწყვეტილებას (ტ. N19; ს.ფ. 43); 2015 წლის 22 მაისის სალიცენზიო განაცხადის ხარვეზის შევსების შესახებ ,,............. კლუბის“ დირექტორ მ. ქ–ს განცხადებას და თანდართულ ფინანსურ ანგარიშგებას (ტ. N19; ს.ფ. 60-61) და ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას.
14. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისათვის ................ ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის დეპარტამენტის უფროსის ს. ს–ს მიერ გაგზავნილ წერილს, რომელიც საფუძვლად დაედო განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას და რომლის თანახმად:
14.1. 2018 წლის 12 მარტს ........... ბანკში საბროკერო საქმიანობის ლიცენზიის მიღების მიზნით წარდგენილი იქნა შპს ,,.......... კლუბის“ სალიცენზიო განაცხადი. წერილის თანახმად, აღნიშნული კომპანია ეწევა ისეთი სავაჭრო პლატფორმის ორგანიზებას, რომელზეც ივაჭრება უცხოური ვალუტის წყვილები, ფასიანი ქაღალდების ფასიდან ნაწარმოები ფინანსური ინსტრუმენტები, ინდექსის მაჩვენებლები, სასაქონლო კონტრაქტების ფასზე მობმული ინსტრუმენტები და კრიპტოვალუტებზე წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტები. აღსანიშნავია, რომ მსგავსი საქმიანობა არ განიხილებოდა ლიცენზირებად საქმიანობად 2018 წლის 11 იანვარს ,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებამდე. ცვლილების მიხედვით, ზემოაღნიშნული საქმიანობა დაექვემდებარება ....... ბანკის მიერ რეგულირებას და პირებს, რომლებიც აღნიშნული საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი, მიეცათ ვადა 2018 წლის 11 აპრილამდე, რათა გაეთვალისწინებინათ კანონში განხორციელებული ცვლილებები და საქმიანობის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, უზრუნველეყოთ შესაბამისი ლიცენზიის მოპოვება.
14.2. წერილში, ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სალიცენზიო დოკუმენტაციის შესწავლისა და ლიცენზიის მაძიებელთან გასაუბრებისას ცნობილი გახდა, რომ კომპანია კლიენტების სახსრებს იყენებს ინსაიდერული (დაკავშირებული მხარეების სესხები) სესხების გასაცემად, ისე რომ კლიენტებს არ აწვდის ამის შესახებ ინფორმაციას; აღნიშნული კომპანია კლიენტებთან კომუნიკაციისას აფიქსირებს, რომ იგი იქნება მხოლოდ შუამავალი, რომლის დახმარებითაც კლიენტები პლატფორმის მეშვეობით ივაჭრებენ ბირჟაზე. რეალურად, ეს კომპანია უმეტეს შემთხვევაში თავად არის კლიენტის კონკრეტული გარიგების კონტრაგენტი, რაც გულისხმობს იმას, რომ კლიენტის წაგებული თანხა წარმოადგენს კომპანიის მოგებას და პირიქით. აღნიშნული ინფორმაცია არ არის ცნობილი კლიენტებისათვის და არც კომპანიის ვებ-გვერდზეა გამჟღავნებული. ამასთან, კლიენტებთან დადებული ხელშეკრულებების უმრავლესობა არის ბუნდოვანი, ან შეცდომაში შემყვანი.
14.3. კომპანიის საქმიანობის ზემოთ აღწერილ სქემაში იკვეთება დანაშაულის ნიშნები, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, კომპანიას სავარაუდოდ განზრახ შეჰყავს შეცდომაში კლიენტები საკუთარი სარგებლის მიღების მიზნით. ამ პრაქტიკის შედეგად კი იქმნება მაღალი რისკი, რომ კომპანიამ ვერ დააბრუნოს კლიენტისგან მოზიდული სახსრები; შესაძლოა სახეზე იყოს კომპანიის მიერ მომხმარებლის თანხების მითვისების, ან გაფლანგვის შესაძლო დანაშაულის ნიშნები.
15. მოწმე ს. ს–მ სასამართლო სხდომაზე ასევე დადასტურა, რომ 2018 წლის მარტში შპს ,,............. კლუბს“ ე. ბ-მ ლიცენზიის გაცემაზე უარი უთხრა, ვინაიდან ანგარიშზე საკმარისი თანხა არ იყო განთავსებული. ამასთან, საბროკერო თანხების გამიჯვნა უნდა მომხდარიყო კლიენტის თანხებისგან, აღნიშნულ კომპანიაში კი, კლიენტის თანხები სესხად გაიცემოდა, რომელსაც კომპანია თავისი მიზნებისთვის იყენებდა. მოწმემ განმარტა, რომ საბროკერო საქმიანობაში მკაცრადაა აკრძალული კლიენტის თანხების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება. ამასთან, თანხების გამიჯვნა სავალდებულო იყო, როგორც ე. ბ-ს პრეზიდენტის 2018 წლის 5 ივლისის N..-ე ბრძანების ამოქმედებიდან, ასევე 2018 წლამდეც.
16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ექსპერტ ი. კ–ს ჩვენებას, რომლის თანახმად, საბანკო ამონაწერებითა და კომპანიის ბუღალტერიის შესწავლით დაადგინა, რომ შპს ,,........... კლუბმა“ ს–ში გახსნილი ანგარიშებიდან .......ი ბანკი „..........-ში“ გახსნილ თავისსავე ანგარიშზე გადაიტანა, 2014 წლის 31 ივლისიდან 2017 წლის 3 აპრილამდე პერიოდში, – 1 174 900 აშშ დოლარი და 90 000 ევრო, რამაც ლარში შეადგინა 2 877 535 ლარი, საიდანაც 2015 წლის 27 იანვრიდან 2017 წლის 11 ივლისამდე, უკან დაბრუნდა – ჩამოირიცხა, ნაწილი – 784 389 აშშ დოლარი და 57 609 ევრო, რამაც ლარში შეადგინა 2 000 686 ლარი. სხვაობამ ლარში შეადგინა – 876 852 ლარი, რომელიც არ დაბრუნებულა. ბუღალტერიაში აღნიშნული თანხა ჩამოიწერა შემდეგი შინაარსით: მომსახურების საკომისიო, საკომისიო როლოვერი, ბინარული საკომისიო, მოგება/ზარალი (12:20:40). მოწმემ დაადასტურა, რომ ქართული საბანკო ანგარიშის, ანუ რ. ბ-ში გახსნილი ანგარიშების მიხედვით, ამ შემთხვევაში მოხდა თანხის გადატანა თავისსავე ანგარიშზე (12:22:26). რაც შეეხება „........-ს“ (საბანკო ამონაწერის მიხედვით ორი ანგარიშია: ,,......... “ და ,,...........’’) 2015 წლის 16 დეკემბრიდან 2018 წლის 30 აგვისტომდე პერიოდში გადარიცხულია 104 500 აშშ დოლარი, ექვივალენტი 253 516 ლარი (შინაარსით: ............, დეპოზიტი კლიენტის ნდობის ანგარიშზე). აღნიშნული თანხები უკან არ დაბრუნებულა (12:23:03); დანიშნულების მნიშვნელობასთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ მას ხელშეკრულებები არ წარედგინა, ჰქონდა მხოლოდ საბანკო ამონაწერები და ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა (12:23:40). ამასთან, კომპანიის საქმიანობის განსასაზღვრად შეისწავლეს დოკუმენტები, თუმცა არ შეუძლია იმის თქმა შპს ,,........ კლუბს“ გაჰყავდა თუ არა ტრეიდერები საერთაშორისო ბაზარზე (12:25:25); ტრეიდერების შენატანების გარდა მას სხვა მნიშვნელოვანი შემოსავალი არ ჰქონდა და სწორედ ტრეიდერების მიერ გადახდილი ფულით გასცემდა სესხებს და აწესებდა შპს-ებს (12:25:59).
17. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ტრეიდერები სრულად იყვნენ ინფორმირებული კომპანიის საქმიანობის შესახებ და ვაჭრობის შედეგად განცდილი ზიანი ვერ ჩაითვლება მსჯავრდებულების დანაშაულად. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ტრეიდერები შეცდომაში იქნენ შეყვანილნი იმ ტიპის ინფორმაციაში (მათ შორის, წაგების რისკების დაზღვევის ნაწილში), რომელიც მნიშვნელოვანწილად განაპირობებდა მათ არჩევანს და გადაწყვეტილებას. კერძოდ, დაზარალებულები მიუთითებენ, რომ კომპანიის წარმომადგენლები არწმუნებდნენ, რომ კავშირი ჰქონდათ საერთაშორისო სავაჭრო ბირჟაზე არსებულ კომპანიებთან, სწორედ ამ ინფორმაციის გამო ენდნენ კომპანიას და თვლიდნენ, რომ მათი წაგების რისკები იყო დაზღვეული და შეძლებდნენ ფინანსური სარგებლის მიღებას (იხ. მაგალითად, დაზარალებულების: დ. ა–ს, ნ. დ–ს და ზ. ა–ს ჩვენებები), ამასთან, დაზარალებულებისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიის შემოსავალს წარმოადგენდა ტრეიდერების მოგებიდან პროცენტი (მათ შორის, დაზარალებულმა მ. ბ–მა განმარტა, რომ კომპანიაში უთხრეს, რომ ....... კლუბი იყო შუამავალი კომპანია მათსა და ......... ბანკი „.........-ს“ შორის, რომელსაც საერთაშორისო ბირჟაზე გაჰყავდა ტრეიდერები. კომპანიას მისი მოგებიდან უნდა აეღო პროცენტი), ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შპს ,,............ კლუბი“ უმეტეს შემთხვევაში თავად იყო კლიენტის გარიგების კონტრაგენტი, რაც გულისხმობდა იმას, რომ კლიენტის წაგებული თანხა წარმოადგენდა კომპანიის მოგებას და პირიქით.
18. საკასაციო სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, ვერ გაიზიარებს დაცვის მხარე კასატორების პრეტენზიას, რომ მოცემულ საქმეში შეუძლებელია კონკრეტულ პირზე მიყენებული ზიანის დადგენა (კომპანიის გაკოტრების შემდეგ, ექსპერტიზის დასკვნისა და სავაჭრო პლატფორმიდან ამონაწერის წარდგენის გარეშე; აღნიშნულის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალისტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზით და ლიკვიდურობის მომწოდებლისაგან გამოთხოვილი ინფორმაციით, რაც საქმეში არ მოიძებნება). სასამართლო, ერთი მხრივ, ითვალისწინებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისათვის საქართველოს ე. ბ-ს ფასიანი ქაღალდების ბაზრის დეპარტამენტის უფროსის ს. ს–ს ჩვენებას, რომ საბროკერო საქმიანობაში მკაცრადაა აკრძალული კლიენტის თანხების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება. ამასთან, თანხების გამიჯვნა სავალდებულო იყო, ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს დაზარალებულების ჩვენებებს, რომლებითაც დგინდება, რომ მათ სცადეს, თუმცა ვერ შეძლეს თავიანთ ანგარიშებზე (ბალანსზე) არსებული თანხების, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, გატანა (მათ შორის, ს. ლ–მა განმარტა, რომ თანხის გატანა, რომ მოინდომა ვერ შეძლო, უთხრეს სხვადასხვა მიზეზები, ბოლოს გაკოტრდნენ. მას არაფერი წაუგია. ანგარიშზე 3 300 აშშ დოლარამდე ჰქონდა, როდესაც დაიხურა; ი. მ–მ განმარტა, რომ თანხის გატანა, რომ მოითხოვა უთხრეს, რომ მომდევნო თვეს შეძლებდა ორი თვის მოგების გატანას. ეჭვი შეეპარა და ს. ხ–ს შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ ინვესტორებს ელოდნენ და სექტემბერში შეძლებდნენ მისთვის თანხის მიცემას. შემდეგ პლატფორმა დაიხურა; მ. ბ–მა განმარტა, რომ როდესაც თავისი თანხის გატანა მოითხოვა, ვერ მოახერხა. ბალანსზე ჰქონდა 9 900 აშშ დოლარი; გ. ტ–მ განმარტა, რომ მან თანხის გამოტანა სცადა, თუმცა ვერ შეძლო; ნ. ჯ–მ განმარტა, რომ პლატფორმაზე არსებული 3 175 აშშ დოლარის გატანა ვერ მოახერხა. კომპანიაში უთხრეს, რომ ტექნიკური პრობლემა იყო, რომელსაც მალევე აღმოფხვრიდნენ), ასევე 2018 წლის 20 აგვისტოს სანოტარო აქტს (2018 წლის 20 აგვისტოს სანოტარო აქტით დგინდება, რომ ნ. დ., როგორც კრედიტორი და ბ. ხ–ა, როგორც შპს „.... კლუბის“ წარმომადგენელი (ტექსტში მოხსენიებული, როგორც ,,მოვალე“), შეთანხმდნენ, რომ: კრედიტორმა 2018 წლის აგვისტოში მოვალის ტერმინალზე ვაჭრობის შედეგად გაზარდა ინვესტირებული სავაჭრო კაპიტალი 41 910 აშშ დოლარამდე. 2018 წლის 12 აგვისტოს კრედიტორმა შეწყვიტა სავაჭრო ოპერაციის განხორციელება და გააკეთა კაპიტალის გატანის დავალება, რომლის გადახდის ვალდებულებაც კრედიტორის მიმართ მოვალეს ჰქონდა და რასაც აღიარებს ამ ხელშეკრულებით; მოვალის მიერ შესასრულებელი ვალდებულების (ვალი) ოდენობა შეადგენს 41 910 აშშ დოლარს, რაც ხელშეკრულების დადების დღისთვის საქართველოს ე. ბ-ს მიერ დადგენილი კურსით, შეადგენდა – 108039,79 ლარს (ტ. N3; ს.ფ. 131-133)); ტრეიდერთა კრების 2018 წლის 29 ივნისის ოქმს (ოქმით (ტ. N3; ს.ფ. 89-90 ), რომელიც ხელმოწერილია , მათ შორის, ბ. ხ–ს (შპს „........... კლუბის“ სახელით კომპანიის დირექტორის) მიერ, დასტურდება, რომ კომპანიის დირექტორმა ბ. ხ–მ აიღო ვალდებულება, 2018 წლის 14 ივლისამდე დააკმაყოფილოს კრებაში მონაწილე ტრეიდერთა ფინანსური მოთხოვნები; ამასთან, 2018 წლის 29 ივნისის მდგომარეობით, ,,კრების მონაწილე 7 ტრეიდერიდან, 6 ტრეიდერის სავაჭრო ბალანსი, ე.. პლატფორმის შესაბამისად, განისაზღვრა შემდეგნაირად: მ.მ–ე – 7743 აშშ დოლარი, ბ. ჯ–ე – 1445 აშშ დოლარი; გ. ჩ–ე –2286 აშშ დოლარი; კ. ნ–ი – 9760 აშშ დოლარი; გ. ტ– – 5800 აშშ დოლარი; ქ. ქ–ე – 3735 აშშ დოლარი”) და სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს.
18.1. შპს „............. კლუბის“ მომსახურების ზოგადი წესებისა და პირობების 7.5.3. პუნქტის თანახმად, ,,კლიენტი შეძლებს იმ თანხის გატანას, რაც ხელმისაწვდომია მის ანგარიშზე მარჟინალური მოთხოვნების შესრულებისა და შესაბამის საფასურებისა და საკომისიოების გამოქვითვის შედეგად. გასატანი თანხის გადარიცხვა კლიენტის მიერ მითითებულ ანგარიშზე განხორციელდება კლიენტის მიერ ამ მუხლის მოთხოვნათა შესაბამისი თანხის გატანის ფორმის T...-ისათვის წარდგენიდან არაუგვიანეს 3 საბანკო დღისა“.
19. დაცვის მხარე კასატორების პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ ქვედა ინსტანციიის სასამართლოებმა მსჯავრდებულების მიერ თაღლითურად დაუფლებულ თანხაში ჩათვალეს, მათ შორის, ბიუჯეტში გადასახადის სახით ჩარიცხული თანხაც, საკასაციო სასამართლო, ითვალისწინებს, რომ კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე, საქართველოს კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულების შესრულება უნდა უზრუნველყოს საკუთარი (და არა ტრეიდერების კუთვნილი) თანხებიდან, მით უფრო, რომ კომპანიას ევალებოდა საბროკერო თანხების გამიჯვნა კლიენტის თანხებისგან, რადგან საბროკერო საქმიანობაში მკაცრადაა აკრძალული კლიენტის თანხების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება (იხ. საქართველოს ე. ბ-ს ფასიანი ქაღალდების ბაზრის დეპარტამენტის უფროსის - ს. ს–ს - ჩვენება). ამასთან, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ აღნიშნული ვალდებულების შესრულება კომპანიამ უზრუნველყო გადახდის დღისთვის კომპანიის კუთვნილი სახსრებიდან.
20. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ არსებით სასამართლო სხდომაზე არ დაკითხა დაზარალებულად ცნობილი ყველა პირი და სასამართლო სხდომაზე მხოლოდ გამოიკვლია მათი დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებები, სასამართლო, ერთი მხრივ, ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილს, ასევე ამავე მუხლის მე-11 ნაწილს (დასაბუთებული ვარაუდი არის საქართველოს სსსკ-ით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის გათვალისწინებული მტკიცებითი სტანდარტი), იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულებს ბრალი არ აქვთ წარდგენილი ეპიზოდებად (ცალკეული დაზარალებულის მიხედვით) – ბრალდების მხარე მ. ქ–ს, კ. ხ–სა და ბ. ხ–ს ედავება დაფუძნებული კომპანიის საშუალებით მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლებაში, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, ფინანსური დოკუმენტებით, მოწმეთა ჩვენებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მიყენებული ზიანის ოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს სსკ-ით დიდი ოდენობის დადგენისათვის განსაზღვრულ 10 000 ლარს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 27 სექტემბრის №310აპ-23 განჩინება).
21. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ დაზარალებულებისათვის ზიანის ანაზღაურება და მათი მხრიდან პრეტენზიის არარსებობა, წარმოადგენს პასუხისმგებლობის/სასჯელის შემამსუბუქებელ გარემოებას და მხედველობაში მიიღება სასჯელის განსაზღვრისას, მაგრამ ვერ გახდება პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი.
22. გარდა ამისა, კასატორ – მსჯავრდებულების: ბ. ხ–სა და კ. ხ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – შ. ხ–ს პოზიციის თანახმად: სასამართლოებმა გამამტყუნებელი განაჩენი დააფუძნეს მოწმეთა ჩვენებებზე და ყოველგვარი სპეციალური ცოდნის გარეშე, საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების გვერდის ავლით დაადგინეს, რომ მსჯავრდებულები მოქალაქეებს ატყუებდნენ, რომ კომპანია არ წარმოადგენდა შუამავალ კომპანიას საერთაშორისო ლიკვიდურობის მომწოდებელთან („........,“ „....“) და არანაირი კავშირი შპს „......... კლუბს“ საერთაშორისო ლიკვიდურობის მომწოდებელთან არ ჰქონია, რაც დაცვის მხარის შეფასებით არასწორია; იმავდროულად, გასაჩივრებულ განაჩენში ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მითითებულია, რომ შპს „........... კლუბს“ რ. ბ-ში გახსნილი ანგარიშიდან „..........-ში“ გახსნილ ანგარიშზე 2014-2017 წლებში გადარიცხული ჰქონდა თანხები, რაც დაცვის მხარის შეფასებით ადასტურებს საერთაშორისო პარტნიორობას.
22.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ექსპერტ ი. კ–ს ჩვენებას, რომ მას არ შეუძლია იმის თქმა შპს ,,........... კლუბს“ გაჰყავდა თუ არა ტრეიდერები საერთაშორისო ბაზარზე (12:25:25). მისთვის არ წარუდგენიათ ხელშეკრულებები და ჰქონდა მხოლოდ საბანკო ამონაწერები და ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა (12:23:40). გარდა ამისა, ექსპერტმა დაადასტურა, რომ შპს ,,.......... კლუბმა“ ს–ში გახსნილი ანგარიშებიდან შ–ლ ბანკ „..........-ში“ გახსნილ თავისსავე ანგარიშზე გადაიტანა, 2014 წლის 31 ივლისიდან 2017 წლის 3 აპრილამდე პერიოდში, კონკრეტული რაოდენობის თანხა დოლარსა და ევროში, საიდანაც ნაწილი 2015 წლის 27 იანვრიდან 2017 წლის 11 ივლისამდე, უკან დაბრუნდა – ჩამოირიცხა. ასევე ტრეიდერების შენატანების გარდა მას სხვა მნიშვნელოვანი შემოსავალი არ ჰქონდა და სწორედ ტრეიდერების მიერ გადახდილი ფულით გასცემდა სესხებს და აწესებდა შპს-ებს (12:25:59).
22.2. საქართველოს ე. ბ-ს ფასიანი ქაღალდების ბაზრის დეპარტამენტის უფროსის ს. ს–ს ჩვენების თანახმად, კომპანია უმეტეს შემთხვევაში თავად იყო კლიენტის კონკრეტული გარიგების კონტრაგენტი, რაც გულისხმობს იმას, რომ კლიენტის წაგებული თანხა წარმოადგენს კომპანიის მოგებას და პირიქით. მოწმემ დაადასტურა, რომ ლიცენზიის გაცემის საკითხის კვლევისას გამოითხოვეს დოკუმენტები. კომპანიას არ წარუდგენია საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობასთან დაკავშირებული რაიმე დოკუმენტი ან ხელშეკრულება, რომელიც კომპანიას აძლევდა რაიმე გარანტიას იმისთვის, რომ მომხმარებლები გაეყვანა საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ან რაიმე ასეთ პლატფორმაზე სავაჭროდ (12:15:27). ,,ის, რომ დასტურდებოდეს, რომ მას რომელიმე რესპექტაბელურ ორგანიზაციასთან ჰქონდა კონტრაქტი, ასეთი დასტური, ჩვენ არ მიგვიღია“ (12:16:16). ამასთან, როგორც წესი რა ტიპის ბიზნეს საქმიანობას ეწევა ბროკერი (მაგ: A ბუქის თუ B ბუქის საქმიანობას), როგორც წესი ან საიტზე ამჟღავნებენ და შესაბამისად, მათ საიტზე უნდა იყოს ხელმისაწვდომი ასეთი ინფორმაცია ან უშუალოდ კლიენტებთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში უთითებენ მკაფიოდ, რომ მისი გარიგების მხარე არის ბროკერი და ა.შ. მსგავსი ინფორმაცია ვერ იქნა მოძიებული, შესაბამისად, გაჩნდა ეჭვი, რომ კლიენტები არ იყვნენ ინფორმირებულები. ბროკერის ტვირთია დაგარწმუნოს, რომ მან ნამდვილად ყველა კლიენტი ჩააყენა საქმის კურსში (12:49:52). მოწმემ დაადასტურა, რომ 2018 წელს ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, საბროკერო საქმიანობას დაემატა ახალი მიმართულება ფ.... საქმიანობის წარმოება, რისთვისაც აუცილებელი იყო ლიცენზიის აღება. 2018 წლამდე ფ.... საქმიანობა იყო არარეგულირებადი საქმიანობა, თუმცა ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონის 231-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, .....ს საქმიანობის განხორციელების უფლება არ ჰქონდა ........... ბანკის მიერ რეგულირებად ფინანსურ ინსტიტუტს, ანუ თუ ლიცენზირებული იყო საბროკერო საქმიანობისათვის, მას არ ჰქონდა ფ.... საქმიანობის უფლება. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, ,,საბროკერო კომპანიებმა არ უნდა განახორციელონ საქმიანობა, რომელიც ამ კანონის 23-ე მუხლით არ არის გათვალისწინებული“, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან 2018 წლის 11 იანვრამდე ფ.... საქმიანობა არ იყო გათვალისწინებული, საბროკერო კომპანიას არ ჰქონდა აღნიშნული საქმიანობის განხორციელების უფლება (12:53:19).
23. იმავდროულად, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების, წარმოდგენის და შუამდგომლობის დაყენების უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 განჩინება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 განჩინება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 განჩინება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56). სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია – საკასაციო საჩივარში არ მიუთითებია კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ კონკრეტული დაზარალებულები ახორციელებდნენ სწორედ საერთაშორისო ბირჟაზე ვაჭრობას, არ არის წარმოდგენილი არც ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ მ. ქ–მა, ბ. ხ–მ და კ. ხ–მ ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები.
25. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის – მოწმეთა (მათ შორის, მოწმეების ი. კ–ს, გ. დ–ს) ჩვენების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერების, საბუღალტრო აღრიცხვის და საბანკო ანგარიშების ამონაწერების გათვალისწინებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთახმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბ. ხ–ს, კ. ხ–სა და მ. ქ–ს მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში.
27. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს ,,ვ–ს’’ 2022 წლის 31 მარტის ექსპერტის N.... დასკვნასთან დაკავშირებით (1. 2. 3. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის და ექსპერტიზის წარმოების პროცესში ჩატარებული კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური გამოკვლევის მონაცემებიდან გამომდინარე ბრალდებულ კ. ხ–ს დაუდგინდა დიაგნოზი: გულის ქრონიკული იშემიური დაავადება (I25), მიოკარდიუმის გადატანილი ძველი ინფარქტი (I25.2), არასტაბილური სტენოკარდია (I20.0), არტერიული პიპერტენზია II სტადია (JNC VII) (I10), გულის უკმარისობა II ფუნ. კლ. (NYHA) (I50.9). ქრონიკული ბრონქიტი, დაუზუსტებელი (J42), სიმსუქნე დაუზუსტებელი I ხ. (E66.9), შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, დაუზუსტებელი გართულებებით (E11.8). ცხიმოვანი ჰეპატოზი (K 76.0) კალკულოზური ქოლეცისტიტი (K80.0). სომატოფორმული ავტონომიური (ვეგეტატიური) დისფუნქცია (F45.3). ჩაძინებისა და ძილის უწყვეტობის დარღვევა (უძილობა) (G47.0). ხერხემლის ოსტეოქონდროზი (დაუზუსტებელი) (M42.9); გულის ქრონიკული იშემიური დაავადების, არტერიული ჰიპერტენზიის, სიმსუქნისა და შაქრიანი დიაბეტის თანაარსებობის, პათოლოგიური პროცესების ხასიათის და უარყოფითი დინამიკის მხედველობაში მიღებით, კ. ხ–ს ქრონიკული და მდგომარეობის კრიტიკულად დამძიმების მაღალი რისკის მქონე მძიმე ავადმყოფია სრული გამოჯანმრთელების პერსპექტივის გარეშე. ესაჭიროება მაღალკვალიფიციური მულტიპროფილური კარდიოლოგი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, ჰეპატოლოგი, თერაპევტი) საექიმო მეთვალყურეობა და შესაბამისი დროული ადექვატური სამედიცინო დახმარება; ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის, არსებულ დაავადებათა ხასიათის, მიმდინარეობის უარყოფითი დინამიკის და ჩასატარებელი სამკურნალო/დიაგნოსტიკური ღონისძიებების მხედველობაში მიღებით, კ. ხ–ს იზოლაციაში ყოფნა (პენიტენციური დაწესებულება) ნეგატიურად იმოქმედებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე) საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ:
27.1. საქართველოს სსსკ-ის 283-ე მუხლის 12-ლი ნაწილის თანახმად, იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განაჩენით, თუ მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე. ამ შემთხვევაში განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხის განხილვისას სასამართლომ, ამ მუხლში მითითებულ სხვა საკითხებთან ერთად, პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოს პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული/შესაძლებელი მკურნალობა, დაავადების მიმდინარეობა, აგრეთვე მსჯავრდებულის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებამდე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზანშეწონილობა. ამასთან, აღნიშნული საკითხის განხილვისას სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონაწილეობა სავალდებულოა (საქართველოს სსსკ-ის 283-ე მუხლის 13 ნაწილი)
27.2. ამდენად, საქართველოს სსსკ-ის 283-ე მუხლის 12-ლი ნაწილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე განაჩენის აღსრულების გადავადებას ითვალისწინებს მხოლოდ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონაწილეობის შემთხვევაში, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
27.3. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ აღნიშნულის მიუხედავად, კასატორ დაცვის მხარეს კვლავაც აქვს უფლება საქართველოს სსსკ-ის 283-ე და 284-ე მუხლების შესაბამისად, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მოითხოვოს განაჩენის აღსრულების გადავადება.
27.4. საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები სასჯელის სახედ ითვალისწინებენ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს არც პირობითი მსჯავრის და არც საქართველოს სსკ-ის 54-ე ან 55-ე მუხლების გამოყენების შესაძლებლობა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კ. ხ–ს განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციით განსაზღვრული ერთადერთი სახის სასჯელი მინიმალურთან მიახლოვებული ხანგრძლივობით.
28. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
29. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
30. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
32. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულების – ბ. ხ–სა და კ. ხ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – შ. ხ–სა და მსჯავრდებულ მ. ქ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის – კ. წ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. თევზაძე