საქმე # 330100123006732977
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1208აპ-23 ქ. თბილისი
შ–ო დ., 1208აპ-23 28 თებერვალი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. შ–სს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ–ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. შ–სს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ბ–ამ. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას შემსუბუქების კუთხით, შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ცდილობს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მარტის განაჩენით დ. შ–ს, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2020 წლის 27 აგვისტოს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2020 წლის 18 აგვისტოს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და დ. შ–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით განსაზღვრული ძირითადი და დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. შ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.
დ. შ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2022 წლის 30 ნოემბრიდან.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. შ–მ ჩაიდინა: ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის; ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის; ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით.
დ. შ–სს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 ივნისის განაჩენით დ. შ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. აღნიშნულის შემდეგ, 2022 წლის 7 ნოემბერს, დილის საათებში, დ. შ–მ ქ. თ–ში, ......., N.. კორპუსის მიმდებარედ არსებულ ინდმეწარმე „ფ. ჯ–ს“ კუთვნილ მაღაზიაში უკანონოდ შეაღწია და სალარო აპარატიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 145 (ას ორმოცდახუთი) ლარის ოდენობის თანხას.
ü თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 ივნისის განაჩენით დ. შ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. აღნიშნულის შემდეგ, 2020 წლის 27 აგვისტოს, ღამის საათებში, დ. შ–მ უკანონოდ შეაღწია ქ. თ–ში, .......... ქუჩის N..-ში მდებარე დ. ხ–ს კუთვნილ მინიმარკეტში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა თანხასა და სხვადასხვა დასახელების პროდუქციას, რის შედეგადაც, დაზარალებულს მიადგა 1 400 (ათას ოთხასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ü თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 ივნისის განაჩენით დ. შ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. აღნიშნულის შემდეგ, 2020 წლის 22 ივლისს, დღის საათებში, დ. შ–მ უკანონოდ შეაღწია ქ. თ–ში, ბ–ს ქუჩის, ბინა N..-ში ნ. თ–ს კუთვნილ ბინაში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მის კუთვნილ თანხას – 620 (ექვსას ოც) ლარს.
ü თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 ივნისის განაჩენით დ. შ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. აღნიშნულის შემდეგ, 2020 წლის 18 აგვისტოს, ღამის საათებში, დ. შ–მ უკანონოდ შეაღწია ქ. თ–ში, ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა N..-ში მდებარე დ. ხ–ს კუთვნილ მინიმარკეტში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა თანხას, რის შედეგადაც, დაზარალებულს მიადგა 800 (რვაასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. შ–ს ადვოკატმა, ი. ბ–ამ. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, სასჯელის შემსუბუქების კუთხით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და მოითხოვს სასჯელის შემსუბუქებას. საკასაციო სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ დ. შ–ს სასჯელი განსაზღვრული აქვს საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და იგი სამართლიანია. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის შეფარდებისას, მისი პახუსისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებთან ერთად (ჩადენილი დანაშაულების აღიარება და მონანიება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების უდავოდ ცნობა, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეწყობა), ასევე გაითვალისწინა: მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათი, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, დამდგარი შედეგი (მსჯავრდებულმა ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული, განზრახ მძიმე კატეგორიის დანაშაულის ოთხი დამოუკიდებელი ეპიზოდი; ზიანი ანაზღაურებული არ არის; დანაშაულები ჩადენილია პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში) და ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და სიმძიმეს. ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენის ცვლილებისა და მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქების საფუძველი.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. შ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი