Facebook Twitter

საქმე # 160100123006734501

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1187აპ-23 ქ. თბილისი

ბ. ფ. 1187აპ-23 25 მარტი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 სექტემბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

1.1. ფ. ბ–ს – დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

1.2. ფ. ბ–ს – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალი ედებოდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:

2.1. ფ. ბ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2022 წლის 27 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. მ–ში, ს–ს ქუჩა N..-ში მდებარე ბ– ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ფ. ბ–მა, ბრალდებულის ძმის ფ. ბ–ს მეუღლეზე უარყოფით კონტექსტში საუბრის გამო, გაშლილი ხელის სახის არეში დარტყმით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის ნ. ა–სას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთან, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც, ნ. ა–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ასევე 2022 წლის 4 დეკემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ.მ–ში, ს–ს ქუჩა N..-ში მდებარე ბ–ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ფ. ბ–სმა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერ შეურაცხყოფაზე პროტესტის გამო, რადგან თვლის, რომ ქალი არ უნდა ეპასუხებოდეს ქმარს, გაშლილი ხელის სახის არეში დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის ნ. ა–ს მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთან იმავე მოტივით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თუ არ წავიდოდა სახლიდან, რის გამოც, ნ. ა–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ასევე, ფ. ბ–ი, 2022 წლის 27 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით დროის შუალედში, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას დაზარალებულს. აღნიშნული ფიზიკური ძალადობების, მუქარის და სისტემატური დამცირების შედეგად ნ. ა–ამ თავის ჩამოხრჩობის გზით სცადა თვითმკვლელობა.

2.2. ფ. ბ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.2.1. 2022 წლის 6 ნოემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. მ–ში, ს–ს ქუჩა N..-ში, მდებარე ბ–ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ფ. ბ–სმა, ბრალდებულის ძმის – ფ. ბ–სისთვის დაძახებაზე საყვედურის გამო, გაშლილი ხელის სახის არეში დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა ნ. ა–ს მიმართ, რომელთანაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2.2.2. 2022 წლის 6 ნოემბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ. მ–ში, ს–ს ქუჩა N..-ში, მდებარე ბ–ებს ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ფ. ბ–ი, ძალადობის შესახებ პოლიციისათვის თქმის შემთხვევაში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ. ა–ს, რომელთანაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რის შედეგადაც დაზარალებულებს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 თებერვლის განაჩენით:

3.1. ფ. ბ–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

3.2. ფ. ბ–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

3.3. ფ. ბ–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

3.4. გამართლებულ - ფ. ბ–სა და ფ. ბ–ს განემარტათ, რომ უფლება აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა და მოითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმება ფ. ბ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის სამართლიანი, კანონიერი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა; ასევე, ფ. ბ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სამართლიანი, კანონიერი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 სექტემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი სახიაშვილი ითხოვს ფ. ბ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის სამართლიანი, კანონიერი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრას; ასევე, ფ. ბ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სამართლიანი, კანონიერი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ფ. ბ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის სამართლიანი, კანონიერი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრას; ასევე, ფ. ბ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სამართლიანი, კანონიერი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრას.

9. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ფ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო, ფ. ბ–სის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გამართლება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ნ. ა–მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის – ფ. ბ–ს (მეუღლე) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო ფ. ბ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემისას კი უარყო ფ. ბ–ს მხრიდან მის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ფაქტები, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ ფ. ბ–სა და ფ. ბ–ს მიერ მათთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას.

11.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით ისარგებლა ასევე გამართლებულების დედამ – კ. ბ–ამმ და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. ფ. ბ–მა და ფ. ბ–მა უარჰყვეს მათ მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით (შეტყობინება N........, 2022 წლის 5 დეკემბრის ვიზუალური დათვალიერების ოქმი და 2022 წლის 5 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ ადასტურებენ ფ. ბ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო, ფ. ბ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულების სასარგებლოდ.

12. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობასა და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“ (Volodina v. Russia, no.41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად, და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე.

13. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ “ყოველთვის, როდესაც საეჭვოა ოჯახში ძალადობის ან ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები, საჭიროა დაუყოვნებლივი რეაგირება და შემდგომი განსაკუთრებული გულმოდგინება ხელისუფლების მხრიდან, რათა გაუმკლავდნენ ძალადობის სპეციფიკურ ხასიათს ეროვნული საქმის წარმოების პროცესში (Tkhelidze v. Georgia, no. 33056/17, par. 48, ECtHR, 8/07/2021; იხ. ასევე: Kurt v. Austria [GC], no. 62903/15, paras. 165-66, 1/06/2021; Volodina v. Russia, no. 41261/17, par. 92, 9/07/2019).

13.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით (მათ შორის, საქართველოს სსსკ-ის 581-ე მუხლით) გათვალისწინებული მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მონაწილეობის მნიშვნელობასა და მათ როლზე აღნიშნული კატეგორიის საქმეთა წარმოებაში.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).

15. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

16. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 6 სექტემბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე