საქმე # 120100123007312785
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1344აპ-23 ქ. თბილისი
ბ. ს. №1344აპ-23 21 მარტი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. ჭ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ს. ბ–ს, - დაბადებული 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ს. ბ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 23 აპრილის ახალციხის რაიონული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი, ალკოჰოლით მთვრალი ს. ბ–ე, 2023 წლის 8 აპრილს, ღამის საათებში, ბ–ს რაიონის სოფელ ს–ში, მ. ბ–ს საცხოვრებელ სახლში, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, დედას – ნ. ლ–ე-ბ–ს და მამას – მ. ბ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და „გოლფის“ მოდელის ავტომობილის (ს/ნ ........) დაწვით, რის შედეგადაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 8 აგვისტოს განაჩენით:
3.1. ს. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 3 წელი;
3.2. ს. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2023 წლის 8 აპრილიდან 2023 წლის 18 მაისის ჩათვლით;
3.3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 8 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამუნა მურჯიკნელმა სასჯელის გამკაცრების კუთხით და მოითხოვა ს. ბ–სათვის კანონიერი და უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 8 აგვისტოს განაჩენში შევიდა ცვლილება:
5.1. ს. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5.2. ს. ბ–ს სასჯელის ვადა აეთვალა განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავებიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2023 წლის 8 აპრილიდან 2023 წლის 18 მაისის ჩათვლით.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – დ. ჭ–მ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, ს. ბ–ს უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას;
6.1.დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
6.2. 2024 წლის 23 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მსჯავრდებულ ს. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. ჭ–მ. განცხადების თანახმად, მსჯავრდებულთან კონსულტაციის შემდეგ დაცვის მხარემ დააზუსტა საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვს ს. ბ–სათვის სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შეფარდებას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ს. ბ–ს საქართველოს სსკ-ს 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში გარდა მსჯავრდებულ ს. ბ–სის აღიარებისა წარმოდგენილია მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (დაზარალებულების - ნ. ლ–ე-ბ–ს და მ. ბ–ს, მოწმეების - გ. გ–ს და თ. ე–ს გამოკითხვის ოქმები, დანაშაულის შესახებ შეტყობინება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, შემაკავებელი ორდერები, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 აპრილის განაჩენი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვა მტკიცებულებები), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ს. ბ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.
10. რაც შეეხება ს. ბ–ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას დანიშნული სასჯელის შემსუბუქების შესახებ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა.
11. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
11.1. გასაჩივრებულ განაჩენში სასამართლომ ერთი მხრივ გაითვალისწინა რომ ს. ბ–მ აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, უდავოდ ცნო სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, მეორე მხრივ კი დანაშაულის ხასიათი, დანაშაულის ჩადენის ხერხი, ვითარება, მოტივი, ს. ბ–ს ინდივიდუალური მახასიათებლები, მათ შორის ის გარემოება, რომ ს. ბ–ე 2020 წლის 23 აპრილის განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის დედის – ნ. ლ–ე-ბ–ს მიმართ და სასჯელის მიზნების (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) გათვალისწინებით განუსაზღვრა სასჯელი – თავისუფლების აღკვეთის სახით.
12. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი დამნაშავის შეგუებას, ამისათვის შესაბამისი პირობების შექმნის გზით, როგორც საპატიმრო დაწესებულებაში, ასევე, არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებისას, თავისუფლებაში ყოფნის პირობებში; ახალი დანაშულის თავიდან აცილება კი ხორციელდება სპეციალური და ზოგადი პრევენციის ფარგლებში, სადაც სპეციალური პრევენცია მიმართულია რეციდივის წინააღმდეგ, რათა დამნაშავეს მოესპოს ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა ან მოხდეს მათი მინიმალიზება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
12.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ს. ბ–ისათვის 2020 წლის 23 აპრილის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა (6 თვით თავისუფლების აღკვეთა) ვერ უზრუნველჰყო ვერც რესოციალიზაციის და ვერც სპეციალური პრევენციის მიზნის მიღწევა. მსჯავრდებულმა მსჯავრად შერაცხული დანაშაული ჩაიდინა კვლავ ოჯახის წევრების, დედის – ნ. ლ–ე-ბ–სა და მამის – მ. ბ–ს მიმართ. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, ასევე - 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეცვალოს, როგორც დანიშნული სასჯელის სახე, ასევე - დანიშნული სასჯელის მოხდის ფორმა სრულად ან ნაწილობრივ ( მათ შორის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე).
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
14. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
15. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – დ. ჭ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე