გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1234-02 13 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს სარჩელით მიმართა ე. გ-მა მოპასუხეების წინააღმდეგ და მოითხოვა 1999წ. 8 იანვრის და 3 თებერვლის სახელშეკრულებო ვალდებულების ბათილად ცნობა. სარჩელის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მომავალი ქონება და ხელშეკრულების თითოეული მხარე კისრულობს ვალდებულებას მთელი თავისი მომავალი ქონება გადაინაწილონ ერთმანეთს შორის, რაც მოსარჩელის მოსაზრებით სკ-ს 230-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულების ბათილობის საფუძველია.
მოპასუხეებმა ლ. ფ-მ და გ. ჩ-მა სარჩელი ცნეს, ხოლო მ. და ა. ჭ-ებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ხელშეკრულების თანახმად მოსარჩელეს უნდა მოეგვარებინა “ტ-ს” პრივატიზებასთან დაკავშირებული საკითხები და ამის შესახებ შეეტყობინებინა მათთვის, რაც მან არ შეასრულა.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ სადავო ხელშეკრულების არცერთი მხარე არ კისრულობს მთელი თავისი მომავალი ქონების ან მისი ნაწილის გასხვისებას, არამედ სახელშეკრულებო ვალდებულებით მხარეები კისრულობდნენ, რომ ერთობლივად მიეღოთ მონაწილეობა სახაზინო მაღაზია “ტ-ს” პრივატიზებაში, რის შესახებაც მათ შორის გაფორმდა ხელშეკრულება სკ-ს 327-ე მუხლის პირობების დაცვით, ხოლო სახელშეკრულებო ვალდებულება ამავე კოდექსის 931-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ არცერთი ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა სკ-ს 320-ე მუხლის შესაბამისად ვინმეზე მომავალი ქონების გადაცემას.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. გ-ის სარჩელს 1999წ. 8 იანვრის ხელშეკრულების და ამავეწ. 3 თებერვლის ხელშეკრულების პრივატიზაციის შემთხვევაში წილების განაწილების შესახებ სახელშეკრულებო ვალდებულების ბათილად ცნობის შესახებ ეთქვა უარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე მისი გამოუცხადებლობის გამო. შესაბამისად უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
მოსარჩელემ შეიტანა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. სააპელაციო პალატამ საჩივარი დასაშვებად ცნო და დანიშნა საქმის ზეპირი განხილვა 2002წ. 8 აგვისტოს 16 საათზე. მხარეები სხდომაზე მოწვეული იყვნენ სსკ-ს 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
2002წ. 8 აგვისტოს სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა საჩივრის ავტორი, რის გამოც სააპელაციო პალატამ გამოიტანა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, უცვლელად დარჩა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სსკ-ს 372-ე და 242-ე მუხლები.
ეს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. გ-მა, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ იგი უკანონო და დაუსაბუთებელია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივრის ფარგლებში განიხილა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 229-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ამავე კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეს, რომელმაც შემოიტანა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის განახლების შესახებ, მაგრამ არ გამოცხადებულა დანიშნულ დროს, სასამართლო გამოიტანს მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საქმის განხილვაში უზრუნველყოფილია ორივე მხარის აქტიური მონაწილეობა. მხარეებს მინიჭებული აქვთ შესაბამისი საპროცესო უფლებები. საპროცესო უფლებების გამოუყენებლობას შეიძლება მოჰყვეს არახელსაყრელი შედეგი იმ მხარისათვის, რომელმაც ეს უფლებები არ გამოიყენა.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ სააპელაციო პალატის 2002წ. 6 ივნისის სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც სასამართლომ მოსარჩელის წინააღმდეგ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელემ. სასამართლომ საჩივარი დასაშვებად ცნო და დანიშნა სხდომა, რის შესახებაც გაეგზავნა შეტყობინება მოსარჩელეს 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, მაგრამ მოსარჩელე ისევ არ გამოცხადდა და სასამართლომ გამოიტანა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ საპროცესო სამართლის ნორმათა დაცვით გამოიტანა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს:
რაც შეეხება კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება ესაა გამოუცხადებელი მხარის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომელიც ემყარება მხოლოდ გამოუცხადებლობას და არა საქმის მასალებს. კასატორი კი გამოუცხადებლობის მიზეზებზე არ მიუთითებს.
სსკ-ს 234-ე მუხლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილების შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს 249-ე მუხლის მოთხოვნებს სამოტივაციო ნაწილის ჩამოყალიბების გარეშე.
საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სსკ-ის 234-ე მუხლის შესაბამისად არის შედგენილი და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 8 აგვისტოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.