საქმე # 330100123007049900
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1272აპ-23 ქ. თბილისი
გ. ა. 1272აპ-23 19 მარტი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. პ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. გ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 344-ე მუხლის პირველი ნაწილით;
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. გ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2023 წლის 30 იანვრიდან 2023 წლის 17 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, ტ–ს მოქალაქე ა. გ–მა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწოფო საზღვარი და ს–დან შემოვიდა საქართველოში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 მაისის განაჩენით:
3.1. ა. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.2. მსჯავრდებულ ა. გ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2023 წლის 18 თებერვლის 02:57 საათიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. პ–მ და მოითხოვა ა. გ–სათვის სასჯელის სახედ და ზომად არასაპატიმრო სასჯელის – ჯარიმის 2000 ლარის განსაზღვრა.
4.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში, თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, კონტრტერორისტულ ცენტრში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორმა გიორგი ხაჩიძემ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. პ–მ და მოითხოვა ა. გ–ს მიმართ განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ, ჯარიმის – 2000 ლარის ან სასამართლოს შეხედულებით განსაზღვრული ოდენობით – გამოყენება.
6.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში, თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, კონტრტერორისტულ ცენტრში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვო პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ გიორგი ხაჩიძის შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, , no.36755/06, §31, ECtHR 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაცვის მხარემ გაასაჩივრა მხოლოდ სასჯელის ნაწილში. ამდენად, მხარეებს შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ა. გ–სმა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ა. გ–ს მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში მსჯავრდებულის აღიარებასთან ერთად წარმოდგენილი, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: ზ. თ–ს, ა. ც–ს გამოკითხვის ოქმებით, შსს საინფორმაციო გვერდის დათვალიერების ოქმით, ანალიტიკური დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინაციის სამმართველოს სასაზღვრო მონიტორინგის განყოფილების წერილით და სხვა მტკიცებულებებით), გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ა. გ–მა ჩაიდინა მსჯავრად შერაცხილი დანაშაული. სამართალწარმოების მიმდინარეობისას არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
10. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, სასჯელის შემსუბუქების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N 1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7). ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38), უნდა ეფუძნებოდეს საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2017 წლის 11 ივლისი, II-10).
11. მოცემულ შემთხვევაში კასატორი დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის განაჩენით ა. გ–სათვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, არასაპატიმრო სასჯელი – ჯარიმის გამოყენებას. მოთხოვნის დასაბუთებისთვის უთითებს ა. გ–ს აღიარებაზე, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობაზე, ასევე იმ გარემოებაზე, რომ ა. გ–ი არ არის ნასამართლევი, ჰყავს ოჯახი, მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.
12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების შესახებ და ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლების, დანაშაულის ხასიათისა და ქმედებაში გამოხატული მართლსაწინააღმდეგო ნების გათვალისწინებით ა. გ–ს განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ხანგრძლივობით, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს და მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
14. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
15. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
16. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. პ–ს საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე