Facebook Twitter

საქმე # 330100121005224581

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1081აპ-23 ქ. თბილისი

გ. უ.1081აპ-23 27 მარტი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 5 ივნისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურა ბაიდოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით უ. გ–ს, - დაბადებულს .... წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 2861-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით უ. გ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2021 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით 04:05 საათზე, უ. გ–მა გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, უკანონოდ შეაღწია ქ. თ–ში, .......ის დასახლება, მე-.. ქუჩა №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ ი. უ–ს კუთვნილ ავტომობილში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ი. უ–სის კუთვნილ ფულად თანხას 100 აშშ დოლარს და 50 ლარს, მრავალფუნქციურ დასაკეც დანას, ასევე „....... ბანკის“ და „........ ბანკის“ პლასტიკურ ბარათებს, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა 510 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;

2.2. 2021 წლის 6 სექტემბერს, ღამის საათებში, უ. გ–მა უკანონოდ შეაღწია ქ. თ–ში ........ის დასახლების ტერიტორიაზე გაჩერებულ მ. ტ–ს კუთვნილ ავტომობილში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ. ტ–სის კუთვნილ ფულად თანხას 5 აშშ დოლარს და 60 ლარს, ხელის დასაკეც დანას, „Iphone“-ის ფირმის მობილურ ტელეფონს და „........ ბანკის“ პლასტიკურ ბარათს, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა 420 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;

2.3. 2021 წლის 29 აგვისტოს, 02:00 საათიდან, 06:00 საათამდე დროის პერიოდში, უ. გ–მა, მის მიერ ფარულად მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული, მ. ტ–სის კუთვნილი „........ ბანკის“ პლასტიკური ბარათების უნებართვო გამოყენებით, განახორციელა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, რისი მეშვეობითაც ქ. თ–ში მდებარე რამდენიმე სავაჭრო ობიექტში შეიძინა სხვადასხვა სახის პროდუქცია, რითაც დაზარალებულს მიადგა ჯამში 480 ლარის და 59 თეთრის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;

2.4. 2021 წლის 6 სექტემბერს, 04:00 საათიდან 06:00 საათამდე დროის პერიოდში უ. გ–მა მის მიერ ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული, ი. უ–სის კუთვნილი „.......... ბანკის“ და „......... ბანკის“ პლასტიკური ბარათის უნებართვო გამოყენებით განახორციელა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, რისი მეშვეობითაც ქ. თ–ში მდებარე რამდენიმე სავაჭრო ობიექტში შეიძინა სხვადასხვა სახის პროდუქცია, რითაც დაზარალებულს მიადგა ჯამში 1075 ლარის და 02 თეთრის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 დეკემბრის განაჩენით:

3.1. უ. გ–სი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.2. უ. გ–სი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.3. უ. გ–ი საქართველოს სსკ-ის 2861-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ი. უ–ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.4. უ. გ–ი საქართველოს სსკ-ის 2861-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (მ. ტ–ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.5. უ. გ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნოდარ სამხარაძემ, რომელმაც მოითხოვა უ. გ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 2861-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 5 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზურა ბაიდოშვილმა რომელიც ითხოვს უ. გ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 2861-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და მისთვის სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.

6.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია გამართლებულ უ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ. რ–ს შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 5 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე - სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no.36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2), no. 12686/03, §§37, 41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ითხოვს უ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 2861-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დამნაშავედ ცნობას და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც უ. გ–ს წარდგენილ ბრალდებებში სრულად გამართლება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

10. მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს 2021 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით 04:05 საათზე, ქ. თ–ში, ..........ს დასახლება, მე-5 ქუჩა №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ი. უ–ს კუთვნილი ავტომობილიდან, ი. უ–ს კუთვნილი ფულადი თანხის 100 აშშ დოლარის და 50 ლარის, მრავალფუნქციური დასაკეცი დანის, ასევე „......... ბანკის“ და „......... ბანკის“ პლასტიკური ბარათების ქურდობის ფაქტი, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა 510 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი; ასევე – 2021 წლის 6 სექტემბერს, ღამის საათებში, ქ. თ–ში .........ის დასახლების ტერიტორიაზე გაჩერებული მ. ტ–ს კუთვნილი ავტომობილიდან მ. ტ–სის კუთვნილი ფულადი თანხის 5 აშშ დოლარის და 60 ლარის, ხელის დასაკეცი დანის, „Iphone“-ის ფირმის მობილური ტელეფონის და „......... ბანკის“ პლასტიკური ბარათის ქურდობის ფაქტი, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა 420 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი. მხარეთა შორის დავის საგანია მოცემული ქურდობის ფაქტები ჩაიდინა თუ არა უ. გ–მა.

11. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი უ. გ–ის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობისათვის ქურდობის იმ ეპიზოდებში, რომლებშიც იგი გამართლდა, ვინაიდან ბრალდების ამ ნაწილში საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მის მიერ მითითებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას, მათ შორის - მოწმეთა ჩვენებები არ შეიცავს ინფორმაციას, რომ ქურდობის ის ეპიზოდები, რომლებშიც უ. გ–ი გამართლდა, მან ჩაიდინა.

11.1. სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულ ი. უ–ს განმარტებას, რომ ქურდობის ფაქტი დაფიქსირებული იყო მის სახლზე დამონტაჟებული გარე სათვალთვალო კამერების მიერ, რომლის ჩანაწერებიც გადასცა სამართალდამცავ ორგანოებს. ვიდეოჩანაწერში ასახული პირები ვერ დაიმახსოვრა. მის მანქანაში რომელი პირიც შევიდა, მისი სიმაღლე და გარეგნობა არ ახსოვს.

11.1.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ი. უ–საგან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერზე არ ჩატარებულა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა (იხ.: დადგენილება ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ (ტ.1, ს.ფ.272-273));

11.2. დაზარალებულმა მ. ტ–მა - სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდა მხოლოდ მისი ავტომობილიდან დაუფლებული ნივთებისა და თანხის შესახებ.

11.2.1. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N........ დასკვნის თანახმად გამოკვლევაზე წარდგენილი კვალი (მ. ტ–ს ა/მანქანის დათვალიერების დროს, წინა მარჯვენა კარის მინიდან ამოღებული ხელის კვლები) პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია, თუმცა არ არის იდენტური უ. გ–ს სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე არსებული ხელის ანაბეჭდების ნიმუშების (ტ.1, ს.ფ. 260-267).

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა უ. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 2861-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) უ. გ–ს ბრალდებასთან მიმართებით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მოწმეთა: მ. ფ–ს, ნ. დ–ს, თ. ო–ს, გ. ბ–ს, ნ. ო–ს – ჩვენებები; ასევე, ქ. თ–ში, .........ის ქუჩის N..-ში მდებარე, სს „ფ–ს“ (ს–ი) 322-ე ფილიალის ვიდეოსამეთვალყურეო კამერების 2021 წლის 29 აგვისტოს 05:11 საათიდან 05:52 საათის პერიოდის; ქ. თ–ში, ..........ის ქუჩის №..-ში მდებარე, სს „..........ის“ კუთვნილი მაღაზიის სამეთვალყურეო კამერების 2021 წლის 29 აგვისტოს 04:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდის; ქ. თ–ში, ჯ–ს ქუჩის და მ–ს გამზირის კვეთასთან არსებული, შპს „........ის“ ვიდეოსამეთვალყურეო კამერების 2021 წლის 29 აგვისტოს 04:30 საათიდან 04:38 საათამდე პერიოდის; ქ. თ–ში, ჯ–ს ქუჩის №..-ში მდებარე, შპს „.......... ჯგუფის“ დ–ს ვიდეოსამეთვალყურეო კამერების 2021 წლის 6 სექტემბრის 02:50 საათიდან 03:29 საათამდე პერიოდის და ქ. თ–ში, .........ის ქუჩის №..-ში მდებარე, სს „ფ–ს“ (ს–ი) 228-ე ფილიალის ვიდეოსამეთვალყურეო კამერების 2021 წლის 6 სექტემბრის 04:10 საათიდან 04:18 საათამდე პერიოდის – ჩანაწერები, 2022 წლის 2 მარტის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N.... დასკვნა.

13.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმეთა: მ. ფ–ს (მოწმემ მიუთითა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობდა „.........ის“ სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების დათვალიერებაში, რომლის მიხედვითაც, მაღაზიაში ორი მამაკაცი, სავარაუდოდ „........... ბანკის“ მოპარული პლასტიკური ბარათებით ყიდულობდნენ „..........“ რძეს ან კეფირს. მოწმის განმარტებით, ამ ეტაპზე არ ახსოვს იმ მამაკაცთა გარეგნობა; არ ეცნობა ბრალდებულის სკამზე მჯდომი უ. გ–ი, ხოლო ის რომ ყოფილიყო ჩანაწერში, ალბათ დაამახსოვრდებოდა), ნ. დ–ს (მოწმის განმარტებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობა მიიღო „........ის“ სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების დათვალიერებაში, ჩანაწერის მიხედვით, მაღაზიაში ორი მამაკაცი „.......... ბანკის“ და „......... ბანკის“ პლასტიკური ბარათებით ყიდულობდნენ დიდი რაოდენობით სიგარეტს. რადგან სიგარეტს გასცემდა, როგორც ახსოვს, ერთ-ერთი მათგანის პირადობის მოწმობას ჩახედა და სრულწლოვანი იყო, თუმცა სახელი და გვარი არ დაუმახსოვრებია. ამ ეტაპზე არ ახსოვს ხსენებული მამაკაცების გარეგნობა, რადგან პირბადეები ეკეთათ; ასევე თვითონაც დაღლილი იყო და ვერ დაიმახსოვრა ისინი. მოწმის განმარტებით, არ ეცნობა ბრალდებულის სკამზე მჯდომი უ. გ–ი), თ. ო–ს (მოწმის განმარტებით, 2021 წლის 6 სექტემბერს მუშაობდა ქ. თ–ი, ვ–ში, ჯ–ს ქუჩაზე მდებარე ყავის „დ–ზე“ მოლარედ, რა დროსაც ღამის საათებში მასთან მივიდა ახალგაზრდა მამაკაცი. თავდაპირველად თანხის განაღდება სთხოვა პლასტიკური ბარათიდან, რაზეც უარი უთხრა და შესთავაზა ბანკომატით ესარგებლა. ამის შემდეგ ხსენებულმა მამაკაცმა პლასტიკური ბარათი რამდენჯერმე გაატარა და სხვადასხვა რამ იყიდა, როგორც ახსოვს სხვადასხვა ბარათები ჰქონდა. მოწმესთან ცოტა ხანში მივიდა მეგობარი გ. ბ–ე. ამ დროს ზემოხსენებული მამაკაცი ტაქსის გამოძახებას ცდილობდა ტელეფონის საშუალებით, ვერ იძახებდა და დახმარება სთხოვა, თუმცა ისიც ვერ დაეხმარა ტაქსის გამოძახებაში. ამიტომ მისმა მეგობარმა გ. ბ–მ შესთავაზა მას, რომ მანქანით გაიყვანდა, თუმცა წაიყვანა თუ არა, არ ახსოვს. მის მიერ აღნიშნული ახალგაზრდა მამაკაცი არის თუ არა ბრალდებულის სკამზე მჯდომი უ. გ–ი, ზუსტად არ ახსოვს, თუმცა გამოძიების ეტაპზე იგი მონაწილეობდა პირის ფოტოსურათით ამოცნობაში, რა დროსაც ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო უ. გ–ი. ასევე, მან მონაწილეობა მიიღო ვიდეოჩანაწერების დათვალიერებაში, რომლის მიხედვითაც ჩანდა ხსენებულ მამაკაცთან მისი საუბარი. მამაკაცს თავზე შავი კეპი ეფარა და შორტები ეცვა, სუსტი აღნაგობის იყო, საშუალო სიმაღლის, თხელი წვერი და მუქი ფერის თმა ჰქონდა), გ. ბ–ს (მოწმის განმარტებით, „დ–ზე“ მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი იქნებოდა დაახლოებით 17-18 წლის ბიჭი, რომელიც ცდილობდა ტაქსის გამოძახებას, შესთავაზა, რომ თავისუფლების მოედნისკენ გაიყვანდა, რაზეც იგი დასთანხმდა. ეს ახალგაზრდა ბიჭი არ ყოფილა ბრალდებულის სკამზე მყოფი უ. გ–ი. მას უ. გ–ი არასდროს უნახავს და არც ეცნობა; ხოლო ის ახალგაზრდა ბიჭი რომ ნახოს, რაღაცით გაიხსენებს, მას უფრო ბავშვური სახე ჰქონდა და მასზე დაბალი იყო), ნ. ო–ს (მოწმის განმარტებით, 2021 წლის 6 სექტემბერს მუშაობდა ქ. თ–ში, ლ–ს ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ს–ი“, მოლარე-კონსულტანტად. მან მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობა მიიღო მაღაზიის სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების დათვალიერებაში, რომელზეც ასახული იყო, რომ მაღაზიაში ორ ბიჭს გაუწია მომსახურება. აღნიშნულმა პირებმა იყიდეს გარკვეული პროდუქცია, შემდეგ კი იგი ერთ-ერთ მათგანს დაეხმარა ონლაინ ტაქსის გამოძახებაში. ისინი მაღაზიაში, დაახლოებით, 10-15 წუთის განმავლობაში გაჩერდნენ. არ ეცნობა ბრალდებულის სკამზე მჯდომი უ. გ–ი, თუმცა ჰგავს იმ პირს, რომელიც იმ დღეს მაღაზიაში იყო მისული) ჩვენებებით არ დასტურდება, რომ პირი, რომელმაც სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში გამოიყენა ი. უ–სა და მ. ტ–ს საბანკო ბარათები იყო უ. გ–სი.

13.2. სასამართლო ერთი მხრივ ითვალისწინებს, ბრალდების მხარის მიერ სავაჭრო ობიექტებიდან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებზე ჩატარებულ 2022 წლის 2 მარტის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N...... დასკვნას (რომლითაც დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დისკებზე არსებული, გამოძიებისთვის საინტერესო ვიდეოგრამებიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე და მათ ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზიდან ამოღებულ უ. გ–ს ძე გ–ს (პ/ნ ...........) ფოტოსურათზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება), ხოლო მეორე მხრივ ითვალისწინებს ასევე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ 2022 წლის 3 მაისის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნას (სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების ვიდეოკადრებზე მითითებული პიროვნება, რომელსაც აცვია მუქი ფერის მოკლე შარვალი ე.წ. ბრიჯები, მუქი ფერის სპორტული ფეხსაცმელი ღია ფერის ძირებით, ღია ფერის მოკლე წინდები, მუქი ფერის მაისური წინ თეთრი ფერის მსხვილი ზოლით და ერთი ჯიბით, ზოგიერთ ჩანაწერზე ახურავს კეპი და უკეთია პირბადე - იდენტიფიცირება, თუ რამდენად წარმოადგენს უ. გ–ს შეუძლებელია) და მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში სხვა პირდაპირი ან/და გარემოებითი (მათ შორის ნეიტრალური) მამხილებელი მტკიცებულების (მაგ: კომისიური ექსპერტიზის დასკვნა) არარსებობის პირობებში, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას 2022 წლის 2 მარტის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N........ დასკვნის საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნიოს უ. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 2861-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

14. სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა უ. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 2861-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

16. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

17. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

18. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 5 ივნისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურა ბაიდოშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე