Facebook Twitter

3კ-1334-02 20 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: სამიდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაუქმებაზე საქმის წარმოებით შეწყვეტა.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 1 ივნისს გ. ჭ-ლსა და ი. ს-ს შორის გაფორმდა სამიდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ი. ს-მა ივალდებულა, რომ არჩენდა გ. ჭ-ლს სიცოცხლის ბოლომდე.

2001წ. ივნისში გ. ჭ-ლმა სარჩელი შეიტანა სასამართლოში ი. ს-ის მიმართ სამიდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე არ არსულებდა ნაკისრ ვადებებებს. ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 16 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა მხარეებს შორის 2001წ. 1 ივლისს დადებული სამიღდეშიო ხელშეკრულება.

საჯარო რეესტრს დაევალა სათანადო ცვლილებების შეტანა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ს-მა.

2000წ. 17 თებერალს გარდაიცვალა გ. ჭ-ლი. გარდაცვლილის ქალიშვილმა ა. ჭ-მა იშუამდგომლოა სააპელაციო პალატის წინაშე პროცესში უფლებამონაცვლედ დაშვების თაობაზე.

ი. ს-მა მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ სამიდღეშიო რჩენის ურთიერთობა არ ითვალისწინებდა უფლებამონაცვლეობას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ. გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმის წარმოება შეწყდა. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. ჭ-ლმა სააპელაციო პალატის 2000წ. 19 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმე კერძო საჩივართან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, კერძო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატის 2002წ. 11 სექტემბრის განჩინებით შეწყვეტილი იქნა არამარტო სააპელაციო ინსტანციაში საქმის წარმოება, არამედ გაუქმდა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებაც.

სააპელაციო პალატას საერთოდ არ განუხილავს ა. ჭ-ლის შუამდგომლობა აწ გარდაცვლილი გ. ჭ-ლის უფლებამონაცლეს პროცესში დაშვების თაობაზე.

სსკ-ს 272-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ საქმის ერთ-ერთ მხარეთდ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დაუშვებელია უფლებამონაცლეობა.

სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა კანონით მითითებული ნორმა, რომელიც ითვალისწინებს განხილვის პროცესში მყოფი საქმის შეწყვეტას და არა მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას.

სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები მითითებულია სსკ-ს 385-ე მუხლში მითითებული საფუძვლებით მხარის გარდაცვალების გამო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას კანონი არ ითვალისწინებს.

თუ სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ჩათვალა ა. ჭ-ლის საპროცესო უფლებამონაცვლეობა სსკ-ს 272-ე და 274-ე მუხლების ანალოგიით უნდა მიეღო განჩინება სააპელაციო წესით საქმის წარმოებით შეწყვეტის თაობაზე.

როგორც წესი საპროცესო უფლებამონაცლეობა ეფუძნება უფლებამონაცვლეობას მატერიალურ სამართალში გარდაცვლილი მხარის მემკვიდრეს შეუძლია დაიკავოს პროცესიდან გასული მამკვიდრებელის ადგილი, რადგან სკ-ს 198-ე მუხლის თანახმად მოთხოვნები ანუ უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. ა. ჭ-ლი არის მოსარჩელე გ. ჭ-ლის ქალიშვილი და მისი ქონების კანონისმიერი მემკვიდრე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა ის ხელშეკრულება, რომლითაც გ. ჭ-ლის უძრავი ქონება, კერძოდ საცხოვრებელი ბინა გადადიოდა ი. ს-ის საკუთრებაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე ა. ჭ-ლს, როგორც გარდაცვლილი მოსარჩელის შვილის და კანონისმიერ მემკვიდრეს უფლება ქონდა დაეკავებინა მისი საპროცესო ადგილი, იმ შემთხვევაში თუ სააპელაციო საქმის წარმოება არ იქნებოდა შეწყვეტილი.

არ შეიძლება გაზიარებული იქნეს სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა ატარებდა პირად ხასიათს. დავა ეხებოდა სამიდღეშიო რჩენის ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო ამ ხელშეკრულების შეწყვეტას და გადაცემული უძრავი ქონების დაბრუნებას. რაიონულმა სასამართლომ სწორედ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა და არა სარჩოს მიცემის ვალდებულების.

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას აწ გარდაცვლილი გ. ჭ-ლის წარმომადგენლობის რწმუნებით ახორციელებდა ა. ჭ-ლი სკ-ს 721-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თუ მინდობილობა წყდება მარწმუნებლის გარდაცვალების გამო რწმუნებულების შეწყვეტისას რწმუნებული ვალდებულია გააგრძელოს დავალებული მოქმედების შესრულება, თუ დაყოვნება გარდაცვლილის მემკვიდრეებს შეუქმნის ზიანის მიყენების საფრთხეს. სახელშეკრულებო ურთიერთობა ჩაითვლება გაგრძელებულად.

სააპელაციო პალატის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოებით შეწყვეტის შედეგად დარღვეული იქნა სამოქალაქო საპროცესო და მატერიალურ სამართლის ნორმები.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. ჭ-ლის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს,

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 სექტემბრის განჩინება და საქმე ა. ჭ-ლის საპროცესო უფლებამონაცლედ ჩაბმის საკითხის განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.