Facebook Twitter

¹3კ-1338-02 20 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სარჩელის განუხილველად დატოვება.

აღწერილობითი ნაწილი:

რ. ფ-ემ წყალტუბოს რაიონის სოფ. ....... მდებარე საცხოვრებელი სახლი 1999წ. 6 აპრილს გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით გაასხვისა ზ. გ-ეზე.

2001წ. 25 აპრილს ზ. გ-ემ იმავე სოფელში შეიძინა რ. ფ-ისგან 4500 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

2001წ. ივლისში ლ. ფ-ემ სარჩელი შეიტანა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოში რ. ფ-ის და ზ. გ-ის მიმართ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ იმ საფუძვლით, რომ რ. ფ-ემ 1991 წელს მის კუთვნილ სახლზე უკანონოდ მიიღო სამემკვიდრეო მოწმობა 2001წ. ნოემბერში და რომ იგი არ იყო უფლებამოსილი, მოეხდინა ამ სახლისა და მიწის ნაკვეთის გასხვისება.

ზ. გ-ემ აღიარებითი სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში რ. ფ-ის მიმართ საცხოვრებელი სახლის და მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერად ცნობის თაობაზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 17 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. აღიარებულ იქნა ზ. გ-ესა და რ. ფ-ეს შორის 2001წ. 25 აპრილს გაფორმებული მიწის ნაკვეთის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების კანონიერება და ზ. გ-ის საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე.

2002წ. 1 აპრილს ლ. ფ-ემ განცხადება შეიტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2002წ. 17 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ. იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ მისი მონაწილეობის გარეშე განიხილა სხვა სასამართლოს წარმოებაში არსებული დავა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 25 აპრილის განჩინებით ლ. ფ-ეს უარი ეთქვა გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება ლ. ფ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 სექტემბრის განჩინებით ლ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 25 აპრილის განჩინება, ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 17 იანვრის გადაწყვეტილება და ზ. გ-ის აღიარებით სარჩელი სსკ-ს 275-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად დარჩა განუხილველი.

ზ. გ-ემ აღნიშნულ განჩინებაზე შეიტანა კერძო საჩივარი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 23 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, კერძო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ წყალტუბოს რაიონული სასამართლოს წარმოებაშია საქმე ლ. ფ-ის სარჩელის გამო რ. ფ-ის და ზ. გ-ის მიმართ მემკვიდრეობის უფლების მოწმობის, სახლის და მიწის ნაკვეთის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ.

აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე ზ. გ-ემ სადავო ხელშეკრულების კანონიერად აღიარება მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანილი სარჩელით. სსკ-ს 275-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავის ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ იმავე ან სხვა სასამართლოს წარმოებაში არის საქმე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძველით.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ წყალტუბოს რაიონულ სასამართლოში დავა არ მიმდინარეობს იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, რამეთუ აღნიშნულ დავაში რ. ფ-ე და ზ. გ-ე არიან ლ. ფ-ის მოპასუხეები.

მოცემულ შემთხვევაში ლ. ფ-ის სარჩელი და ზ. გ-ის აღიარებითი სარჩელი ეხება ერთსა და იმავე დავის საგანს. მხარეთა იურიდიული ინტერესები ორივე შემთხვევაში არის ქონებაზე საკუთრების უფლების კანონიერების დადგენა.

ამდენად, სასამართლოების წარმოებაშია ორი სამოქალაქო საქმე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით რაც წარმოადგენდა ზ. გ-ის აღიარებითი სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველს.

სასამართლომ დაარღვია ნივთობრივი განსჯადობის წესიც, სსკ-ს მე-18 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სარჩელი თუ დავა ეხება უძრავ ნივთზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში, ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით. სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს წყალტუბოს რაიონის სოფ.M......-ში, ხოლო აღიარებითი სარჩელი შეტანილ იქნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

სსკ-ს 180-ე მუხლის თანახმად აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა – არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

ზ. გ-ის სარჩელი არ აკმაყოფილებს კანონის მითითებული ნორმით გათვალისწინებულ პირობებს.

აღიარებითი სარჩელი აღძრულია მოსაჩვენებლად, არა იმ პირის მიმართ ვისთანაც დავა წარმოეშვა ზ. გ-ეს, არამედ გამყიდველ რ. ფ-ის მიმართ. ამ უკანასკნელს. არასოდეს არ განუცხადებია პრეტენზია ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით.

თუ წყალტუბოს სასამართლო არ დააკმაყოფილებს ლ. ფ-ის სარჩელს, ნასყიდობის ხელშეკრულება ჩაითვლება ნამდვილად. ასეთ პირობებში ზ. გ-ეს არ შეიძლებოდა ჰქონებოდა ამ დოკუმენტის ნამდვილობის აღიარების იურიდიული ინტერესი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.