გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1356-02 14 თებერვალი 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 28 აგვისტოს ი. გ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ს/ს “.. ..ის” მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: ს/ს “.. ..” ი. გ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 25137 ლარი მატერიალური ზიანისა და 56501 ლარი _ მიუღებელი შემოსავლისათვის. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს/ს “.. ..-მა”.
თბილისის საოლქო სასამართლომ 2002წ. 8 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო წესით გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დარღვევის გამო სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად. პალატამ მიუთითა, რომ სსკ-ს 369-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
აღნიშნულ განჩინებაზე ს/ს “.. ..-მა” შეიტანა კერძო საჩივარი და მიუთითა, რომ რაიონული სასამართლოს მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილება არ გამოცხადებულა. ამასთან, 2002წ. 10 მაისის სხდომის ოქმში არ არის დაფიქსირებული, გამოცხადდა გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 30 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორმა ვერ წარმოადგინა დასაბუთებული პრეტენზია, მისი არგუმენტები დამყარებულია მხოლოდ მოსაზრებაზე და ის სათანადო მტკიცებულებებით დადასტურებული არ არის.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ სსკ-ს 369-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მოპასუხეს გაშვებული ჰქონდა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა.
სსკ-ს 369-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
სსკ-ს 288-ე მუხლის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად სასამართლო სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს ცნობები გადაწყვეტილებისა და განჩინების გამოცხადების შესახებ.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პალატა თვლის, რომ სასამართლო სხდომის ოქმში აღნიშნული უნდა იყოს რა გამოცხადდა სხდომაზე _ სასამართლოს მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილება თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. რაიონული სასამართლოს სხდომის ოქმში დაფიქსირებულია გადაწყვეტილების გამოცხადების შესახებ, მაგრამ მასში დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადების თაობაზე აღნიშნული არ არის. ამდენად, საოლქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი ესწრებოდა დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას და სასამართლოს მიერ გამოცხადდა დასაბუთებული გადაწყვეტილება, სასამართლო სხდომის ოქმის მიხედვით საფუძველი არა აქვს. სხდომის ოქმით და საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ 2002წ. 10 მაისს სასამართლომ გამოაცხადა დასაბუთებული გადაწყვეტილება.
აღნიშნულის გამო, საკასაციო პალატის აზრით, საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განჩინება უნდა გაუქმდეს. Pპალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს მიჩნეული და მიღებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს ,,.. ..-ის” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 ოქტომბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.