Facebook Twitter

საქმე # 330100122006518971

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1316აპ-23 ქ. თბილისი

მ. ნ. 1316აპ-23 14 მარტი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გულნარა ოქრუაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: ნ. მ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

2020 წლის 5 ნოემბერს, დაახლოებით 11:20 საათზე, ქ. თ–ში, .........ს მიმდებარედ, ნ. მ–მა ყოფილ მეუღლეს, ი. ბ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ორჯერ დაარტყა ხელი სახეში, რა დროსაც ი. ბ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 ივნისის განაჩენით:

3.1. ნ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

3.2. გამართლებულ ნ. მ–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გულნარა ოქრუაშვილმა და მოითხოვა ნ. მ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მისთვის კანონიერი და სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელის დანიშვნა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გულნარა ოქრუაშვილმა მოითხოვა ნ. მ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის კანონიერი და სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელის დანიშვნა.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ნ. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და შესაბამისი კანონიერი და სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელის დანიშვნას.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

10. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ნ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გამართლება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ ნ. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას და ითვალისწინებს, მხარეთა შორის არსებულ კონფლიქტურ ურთიერთობას, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებულ წინააღმდეგობებს და მიუთითებს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება ნ. მ–სის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა.

12. სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულ ი. ბ–სა (დაზარალებულმა მიუთითა, რომ ნ. მ–მა ყვირილის დროს მას ორჯერ დაარტყა სახეში გაშლილი ხელი, იგრძნო საშინელი ტკივილი, ფაქტიურად გაუსაძლისი, სახეზე ჰქონდა დაზიანება ჩალურჯების სახით) და მისი დის, მოწმე მ. ბ–სის ჩვენებას (მოწმემ თავდაპირველად აღნიშნა, რომ ნ. მ–ს ი. ბ–სთვის ხელი რამდენჯერმე არ დაურტყამს, ერთხელ დაარტყა სახეში, ხოლო განმეორებით დასმულ შეკითხვაზე დაადასტურა, რომ ნ. მ–მა ერთი სილა დაარტყა ი. ბ–სს, რაღაც დროის გასვლის შემდეგ კი, მეორედ გაარტყა ხელი სახეში), რომელიც ეწინააღმდეგება კონფლიქტის უშუალო თვითმხილველი მოწმის ლ. კ–მს ჩვენებას. ლ. კ–მმ დაზარალებულისა და მისი დისაგან განსხვავებულად აღწერა შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები. მოწმემ არ დაადასტურა ნ. მ–ს მიერ როგორც მისთვის, ასევე ი. ბ–სათვის ხელის დარტყმის ფაქტი. მოწმემ მიუთითა, რომ ი. ბ–ი და მ. ბ–ი, ნ. მ–სთან შეხვედრას იღებდნენ ტელეფონის ვიდეოკამერით, რაც ამ უკანასკნელს არ ესიამოვნა, მოუწოდებდა გაეთიშათ კამერები, წასულიყვნენ და ბავშვებს თავად ჩაუყვანდა. ნ. მ–მა ერთხელ აუქნია ხელი ი. ბ–სს - „ვიდეოს ნუ მიღებო“, მაგრამ ნ–ს აქნეული ხელი მოხვდა და ეტკინა თუ არა, ი. ბ–ს, მისთვის უცნობია, რადგან ნ. მ–სკენ იყო შებრუნებული და არ დაუნახავს.

13. სასამართლო ითვალისწინებს გამართლებულ ნ. მ–ს ჩვენებას, რომელიც თანხვდენილია კონფლიქტის უშუალო თვითმხილველი მოწმის, ლ. კ–ს ჩვენებასთან. ნ. მ–მა განმარტა, რომ 2020 წლის ნოემბერში, წინა დღეს დაურეკა ი. ბ–მა და უთხრა, რომ მივიდოდა და წაიყვანდა ბავშვებს, რაზეც უარი უთხრა და განუმარტა, რომ თვითონ არ მისულიყო მის სახლთან, მისულიყო ვინმე სანდო ადამიანი, ვისაც ბავშვებს ანდობდა, და გაატანდა. ცოტა ხანში, მოკლეტექსტური შეტყობინება მისწერა ი–ს დამ - მ. ბ–მა, რომელსაც უპასუხა, რომ ი–ი არ მისულიყო და მას გაატანდა ბავშვებს. მ-მ განუცხადა თანხმობა და შეთანხმდნენ, რომ დილით მივიდოდა ბავშვების წასაყვანად. მეორე დილით დაურეკა ი. ბ–მა და უთხრა, რომ ადიოდა მასთან და ბავშვები გაემზადებინა წასაყვანად, რაზეც უპასუხა, რომ ბავშვებს დალოდებოდა ეზოში, მათ წასაყვანად კი, ასულიყო მისი და, რაზეც ი–მ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ცოტა ხანში, კარზე გაისმა გაბმული ზარი და ბრახუნი. თვითონ ბავშვებს აცმევდა და ხმაურზე კარი დედამ - ქ. ტ–სმ გააღო. ესმოდა მათი ხმა, რომ მისული იყვნენ ბავშვების წასაყვანად და დროზე გაეყვანათ ბავშვები. ქ-ს ი–ი ეუბნებოდა, რომ მას ჰქონდა იქ მისვლის უფლება და ვერავინ აუკრძალავდა. ამის გამო, მათ შორის მოხდა შელაპარაკება. შემდეგ, თავადაც მივიდა კართან და ნახა, რომ მ. და ი–ი ტელეფონებით უღებდნენ ვიდეოს, რაზეც გაღიზიანდა და მოუწოდა, რომ შეეწყვიტათ გადაღება მისი ნების საწინააღმდეგოდ, ვინაიდან მამა ჰყავდა ახალი გარდაცვლილი და იყო მგლოვიარე. ამაზე რეაქცია არ ჰქონიათ, იდგნენ იქვე, ვინაიდან ლიფტიდან მათ კარამდე არის ერთი ნაბიჯი და აგრძელებდნენ კამერებით გადაღებას. მათ ეუბნებოდა, რომ დაეტოვებინათ იქაურობა, ჩასულიყვნენ ქვემოთ და ჩაუყვანდნენ ბავშვებს. ისინი კი, ისევ აგრძელებდნენ დამცინავ საუბარს. ლ. კ–მ ეუბნებოდა - „როგორ არ გრცხვენია, მამას როგორ არ ატან ბავშვებსო“. მ. ხმას არ იღებდა. ი–ი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მას და მის დედას, აგინებდა გარდაცვლილი მამის მისამართით და ცდილობდა მათ გამოწვევას. ამის შემდეგ, ი–ს ხელი აუქნია ტელეფონის გაწევის მიზნით, თუმცა ისევ უღებდნენ და აქნეული ხელი ი–ს მოხვდა თუ არა, არ იცის. ამ დროს, ხმაურზე გამოვიდა მეზობელი ნ. გ., რომელიც მოუწოდებდა მათ წასულიყვნენ იქიდან, თუმცა ისევ აგრძელებდნენ შეურაცხყოფას. რამდენჯერმე შევიდა სახლში, დარეკა 112-ში და დახმარებისთვის გამოიძახა პოლიცია. მისი, ქ. ტ–ს და მეზობლის დაჟინებული მოთხოვნით, როგორც იქნა ისინი ლიფტით ჩავიდნენ ქვემოთ. მალევე მივიდა საპატრულო პოლიცია და ორივენი წაიყვანეს გამოსაკითხად სამმართველოში. როგორც შემდეგ გაიგო, საპატრულო პოლიცია გამოძახებული ჰყავდა ი–საც.

14. ნ. მ–ს მიერ ი. ბ–ს მიმართ ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტი არ დაადასტურეს ასევე ნ. მ–ს დედამ – ქ. ტ–მ და მეზობლმა ნ. გ-მ, რომლებმაც მიუთითეს, რომ მათი შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს ნ. მ–სს ხელი არ დაურტყამს ი. ბ–სისათვის და მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ პატრულ-ინსპექტორი კ. ხ–ი და გამომძიებელი რ. ღ–ა არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი და მომხდარის შესახებ გადმოცემით იციან დაზარალებულისაგან. შესაბამისად, მათი ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ი. ბ–ს მიერ 2020 წლის 5 ნოემბერს 112-ში განხორციელებული სატელეფონო შეტყობინების აუდიოჩანაწერი (ი. ბ–ი აცხადებს, რომ მისულია შვილების სანახავად, არ ანახებენ შვილებს, ძალადობენ მასზე და მის შვილებზე, ხოლო მას შემდეგ, რაც ოპერატორი უკავშირდება ი. ბ–ს და ეკითხება, თუ ვინ ძალადობს მასზე, ი. ბ–ი პასუხობს, რომ მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობს ყოფილი მეუღლე და ეუბნება (ციტატა ჩანაწერიდან): „პატრულიც მოსულია, თვითონ იმან გამოიძახა, ჰოდა შეესწრნენ აქ, ნახეს, რომ შვილებს არ ანახებს, ეუბნებიან ჩვენ ვერაფერს გიზამთო... დედას უნდა განახებს, უნდა არ განახებსო...“.) ზოგადი ხასიათისაა, მითითებულია მხოლოდ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე და არ შეიცავს ინფორმაციას ფიზიკური ძალადობის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შესახებ. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეში ასევე წარმოდგენილია 2020 წლის 5 ნოემბერს „112“-ში განხორციელებული შეტყობინებების აუდიოჩანაწერი, სადაც ნ. მ–სი ქ.თ-ში, .......... მე-.. მიკრორაიონი, კორპუსი №.., ბინა №..-ში ითხოვს ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის დახმარებას (იხ.: ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი ტ.1, ს.ფ. 78-83).

17. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არ არის წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი, რომელზეც მიუთითებენ როგორც დაზარალებული, ასევე შემთხვევის ადგილზე მყოფი პირები, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას შეეფასებინა შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

18. შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა ნ. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).

20. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

21. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

23. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გულნარა ოქრუაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე