Facebook Twitter

საქმე N 010100122005988049

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1413აპ-23 ქ. თბილისი

ს–ნ გ., 1413აპ-23 22 მარტი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 აგვისტოს განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 აგვისტოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა როყვამ. პროკურორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და გ. ს–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგი არგუმენტებით: ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი, რომელიც საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე და ასევე სხვა მტკიცებულებები, მათ შორის – გ. ს–ს მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი, რომელთა ერთობლიობითაც, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გამართლებულის ბრალეულობა; ასევე გასათვალისწინებელია ოჯახური ძალადობის საქმეთა სპეციფიკა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ს–ს ბრალად ედება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

გ. ს–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

ü 2022 წლის 20 ივნისს, ღამის საათებში, ქ. ბ–ში, ა–ს ქუჩის .... შესახვევის №.., №..-ში, დროებით საცხოვრებელ ბინაში, გ. ს–მა ხელის სახის არეში დარტყმით, იძალადა თავისი ოჯახის წევრზე, გ. ბ–ე, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რის შედეგადაც, მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ü 2022 წლის 20 ივნისს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, ანგისის ქუჩის ...... შესახვევის №.., ბინა №..-ში, დროებით საცხოვრებელ ბინაში, გ. ს–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს, გ. ბ–ს, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რის შედეგადაც, მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 19 მაისის განაჩენით გ. ს–ი, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

გაუქმდა გ. ს–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, პატიმრობის უზრუნველყოფით და დამატებითი ვალდებულებები. გირაოს შემტან პირს – თ. ც–ს კანონით დადგენილი წესით უნდა დაუბრუნდეს გ. ს–ს გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა – 6.000 (ექვსი ათასი) ლარი.

გამართლებულ გ. ს–ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა როყვამ. მან სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გ. ს–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 აგვისტოს განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 19 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას მოთხოვნას გ. ს–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივებს, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი იმ საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურდებოდა, რომ მან ჩაიდინა მითითებული დანაშაულები, კერძოდ:

9. საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად ყურადღებას გაამახვილებს სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტებზე, კერძოდ, კასატორი აპელირებს დაზარალებულ გ. ბ–ს გამოკითხვის ოქმზე, რაც დაზარალებულის ს–ი არ ყოფნის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს.

10. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს: მოწმეები – ბ. ნ–ე, ნ. შ–ე, თ. გ–ი და ჯ. შ–ე არ არიან გ. ს–ს მიერ გ. ბ–ს მიმართ ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის უშუალო შემსწრე და თვითმხილველი პირები, ისინი ინფორმაციას ფლობენ დაზარალებულისგან ან საგამოძიებო მოქმედებების შედეგად. შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბია, რის გამოც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 23 ივნისის N......... სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გ. ბ–ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას გარეგნულად სხეულზე, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა; დანაშაულის შესახებ დაზარალებულის შეტყობინება და გ. ს–ს მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი კი შეიცავს ზოგადი ხასიათის ძალზე მწირ ინფორმაციას, რაც არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს ძალადობისა და მუქარის ფაქტების დასადასტურებლად.

11. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ელი ნაწილის დანაწესის გათვალისწინებითა და გამოქვეყნებული ჩვენებებისათვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი სტანდარტების (იხ.: „ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ” (Schatschaschwili v. Germany [GC], no 9154/10, §§105-107, 113; ECHR 2015) მხედველობაში მიღებით, მხოლოდ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც გ. ს–ს ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, საქმის მასალებში არ მოიპოვება.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა როყვას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი