Facebook Twitter

საქმე # 210100121004885630

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1438აპ-23 ქ. თბილისი

მ. ნ. 1438აპ-23 15 მარტი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურორის მოადგილე იოსებ გულოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: ნ. მ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

2021 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 04:30 საათზე, ს–ს რაიონის, ქ. წ–ში, ..........ის ქუჩის №..-ში მდებარე, ა. შ–ს საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ალკოჰოლით მთვრალმა ნ. მ–მა, სახეში ხელის რამდენიმე დარტყმით, ფიზიკურად იძალადა გერის - ა. შ–ს მიმართ, რომელმაც აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 სექტემბრის განაჩენით:

3.1. ნ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

3.2. გამართლებულ ნ. მ–ს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

4. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა ცუცქირიძემ და მოითხოვა ნ. მ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მისთვის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისი სამართლიანი სასჯელის დანიშვნა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. სიღნაღის რაიონული პროკურორის მოადგილე იოსებ გულოშვილი ითხოვს ნ. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მისთვის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისი სამართლიანი სასჯელის დანიშვნას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ნ. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ა. შ–მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ ნ. მ–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისთვის უნდა დასტურდებოდეს, რომ დამნაშავის ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.

12. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ფარგლებში, დაზარალებულისა და თვითმხილველი მოწმის ჩვენებების არარსებობის პირობებში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ნ. მ–ს ქმედებით დაზარალებულისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ფიზიკური ტკივილის მიყენება.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა მიერ უდავოდ იქნა ცნობილი მოწმეთა: ა. შ–სა და ა.შ–ს გამოკითხვის ოქმები. თუმცა, ისინი არ არიან შემთხვევის (2021 წლის 19 ივნისის ძალადობის) თვითმხილველნი, არ შესწრებიან ფიზიკური ძალადობის ფაქტს. ა. შ–მმ 2021 წლის 20 ივნისის გამოკითხვის ოქმში მიუთითა, რომ დედა ა. შ–ს, მისი ძმა ა. შ–ო და თავად ცხოვრობენ გარდაცვლილი ბებიის მ-ს სახლში, სადაც ასევე ცხოვრობს პაპა, ნ. მ–ი. მოწმის განმარტებით, როდესაც პაპა არის ნასვამი სიტყვიერად ეჩხუბება ა. შ–ს, მაგრამ მისი თანდასწრებით ხელით ანუ ფიზიკურად არასოდეს შეხებია. მათი ჩხუბის მიზეზი მისთვის უცნობია. დაახლოებით ორი კვირის წინ სიტყვიერად ეჩხუბა დედას პაპა, მაგრამ ფიზიკურად არ შეხებია. თუ რა მოხდა 2021 წლის 19 ივნისს ღამის საათებში არ იცის, იმ დროს ეძინა (იხ.: ტ.1, ს.ფ. 48-50). ანალოგიურ გარემოებებზე მიუთითა ა. შ–მ 2021 წლის 20 ივნისის გამოკითხვის ოქმში. ამასთან, მოწმემ განმარტა, რომ 2021 წლის 19 ივნისს, ღამის საათებში ეძინა და დედას(ა. შ–ს) თუ ეჩხუბა პაპა(ნ. მ–სი) არ იცის. პაპას დედისთვის მისი თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია (იხ.: ტ.1, ს.ფ. 39-41).

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ თ. მ–ი (უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი) არ არის შემთხვევის თვითმხილველი, მისთვის ა. შ–ს მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის შესახებ ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაზარალებულისგან, შესაბამისად, მისი ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნ. მ–ს ბრალდების დასამტკიცებლად საქმეში წარმოდგენილია N... შემაკავებელი ორდერი, რომელიც ხელმოწერილია როგორც დაზარალებულ ა. შ–ს, ასევე ნ. მ–ს მიერ და ცნობილია უდავოდ, თუმცა შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმში ნ. მ–ს მიერ ა. შ–ს მიმართ ჩადენილი შესაძლო ძალადობის შესახებ მითითებულია მხოლოდ ზოგადად (2021 წლის 19 ივნისს ნ. მ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გერს, ა. შ–სს) და მასში არაფერია ნათქვამი დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდაზე (იხ. ტ.1, ს.ფ. 112-122).

16. სასამართლო სამედიციინო ექსპერტიზის N.......... დასკვნით საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო ბარათის N... მიხედვით, მოქ. ა. შ–ს სხეულზე დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა (იხ. ტ.1, ს.ფ. 53-56). ანალოგიური მითითებაა შემაკავებელი ორდერის ოქმშიც ( იხ. ტ.1, ს.ფ. 115).

17. 2021 წლის 19 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი შეიცავს მხოლოდ დაზარალებულის გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციას(იხ. ტ.1, ს.ფ. 27-32). შესაბამისად, დაზარალებულის ჩვენებისგან დამოუკიდებლად (იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე) ცალკე აღებული, აღნიშნული ოქმი არ წარმოადგენს ნ. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელ (პირდაპირ ან/და გარემოებით) დამოუკიდებელ მტკიცებულებას (სასამართლო ითალისწინებს რომ მოცემულ შემთხვევაში შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი არ შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რომელიც დაზარალებულისგან მიწოდებული ინფორმაციის გარდა დაადასტურებდა განსახილველი დანაშაულის ჩადენას).

18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ როგორც სააპელაციო სასამართლოს განაჩენში, ასევე ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარში ნ. მ–ს ბრალდების სამტკიცებლად მითითებულია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე, რომელიც სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის.

19. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობასა და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“ (Volodina v. Russia, no.41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად, და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე.

20. ამდენად, წარმოადგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დასტურდება ნ. მ–ს მიერ ჩადენილი ქმედებით დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენება. შესაბამისად, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა ნ. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

21. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ “ყოველთვის, როდესაც საეჭვოა ოჯახში ძალადობის ან ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები, საჭიროა დაუყოვნებლივი რეაგირება და შემდგომი განსაკუთრებული გულმოდგინება ხელისუფლების მხრიდან, რათა გაუმკლავდნენ ძალადობის სპეციფიკურ ხასიათს ეროვნული საქმის წარმოების პროცესში (Tkhelidze v. Georgia, no. 33056/17, par. 48, ECtHR, 8/07/2021; იხ. ასევე: Kurt v. Austria [GC], no. 62903/15, paras. 165-66, 1/06/2021; Volodina v. Russia, no. 41261/17, par. 92, 9/07/2019).

21.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით (მათ შორის, საქართველოს სსსკ-ის 581-ე მუხლით) გათვალისწინებული მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მონაწილეობის მნიშვნელობასა და მათ როლზე აღნიშნული კატეგორიის საქმეთა წარმოებაში.

22. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).

23. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

24. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

26. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურორის მოადგილე იოსებ გულოშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე