¹3კ-1412-02 20 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: ერთდროული დახმარების და მიუღებელი ხელფასის.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. ჩ-ი მსახურობდა ისანი-სამგორის რაიონში მუნიციპალურ პოლიციაში.
2000წ. დეკემბრიდან ა. ჩ-ი პენსიონერია.
პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით ა. ჩ-ს საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 17 მარტის ¹139 დადგენილების შესაბამისად ეკუთვნოდა ერთდროული დახმარების სახით 10 თვის ხელფასი, რაც არ ყოფილა გაცემული. ჩ-ს ასევე არ აქვს მიღებული 2000წ. აგვისტოს თვის ხელფასი.
2001წ. მაისში ა. ჩ-მა სარჩელი შეიტანა სასამართლოში ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობის მიმართ ერთდროული დახმარების და მიუღებელი ხელფასის გადახდევინების შესახებ.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს დაეკისრა ერთდროული დახმარება 10 თვის ხელფასის ოდენობით – 469 ლარი და 20 თეთრი, შინაგან საქმეთა კადრების რეზერვში ყოფნის 4 თვის პერიოდის და 2000წ. აგვისტოს ხელფასი 379 ლარი და 11 თეთრი.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 29 აპრილის გამოიტანა განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ. კერძოდ, არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 3% ოდენობით. აპელანტს ხარვეზების გამოსასწორებლად განესაზღვრა ვადა 2002წ. 24 მაისამდე.
სააპელაციო პალატის 2002წ. 27 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მიერ დაშვებულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ისანი-სამგორის რაიონულმა გამგეობამ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, კერძო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული გამგეობის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემის თაობაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მართველობის ორგანო ან დაწესებულება. მოცემულ დავაში ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობა წარმოადგენს მმრთველობის ადგილობრივ ორგანოს, ადმინისტრაციული ხელისუფლების ორგანოს, ე.ი ადმინისტრაციულ ორგანოს.
კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა დავა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაზე თანხების გადახდის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წესით განსჯადია და განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწამოების წესით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დავის განხილვა უნდა მომხდარიყო ადმინისტრაციული საპროცესო ნორმების მიხედვით. გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლებზე დაყრდნობით.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა, კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
“საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლით განისაზღვრა საოლქო სასამართლოს კოლეგიები და პალატები მათი შედგენის წესი, მოსამართლის სხვა კოლეგიის ან პალატის მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობა, ამ წესის დარღვევით სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის არაგანსჯადი საქმის განხილვა შესაბამისად იწვევს საქმის განმხილველ სასამართლოს არაკანონიერ შემადგენლობას, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 მაისის განჩინება და საქმე ისანი-სამგორის რაიონული გამგეობის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.