3კ-1417-02 6 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სს “მ.-ს” მიმართ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება. 2002წ. 14 ნოემბრის მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ განაცხადა შუამდგომლობა სს “ა.-ს” დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მოპასუხის მხარეზე მესამე პირად საქმეში ჩაბმის შესახებ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ 2002წ. 14 ნოემბრის საოქმო განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ განსახილველ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას არ შეუძლია რაიმე გავლენა მოახდინოს სს “ა.-ს” უფლებებსა და მოვალეობებზე. სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სსკ-ს 89-ე მუხლი.
ამ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა 2002წ. 14 ნოემბრის განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ს 89-ე მუხლი და უნდა გამოეყენებინა ამავე კოდექსის 90-ე მუხლი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ 2002წ. 27 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიიჩნია დაუშვებლად და დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გადაუგზავნა უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 90-ე მუხლის თანახმად მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე შეიძლება ჩაბმულ იქნეს საქმეში ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, რისთვისაც იგი მიმართავს სასამართლოს მოტივირებული განცხადებით. მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით სასამართლო გამოიტანს განჩინებას მესამე პირის საქმეში მონაწილეობისათვის ან ასეთ ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ.
აღნიშნულ ნორმაში არ არის მითითებული თუ რა შეიძლება იყოს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირის საქმეში ჩაბმის საფუძველი. ასეთი საფუძველი გათვალისწინებულია სსკ-ს 89-ე მუხლში. კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად მესამე პირის საქმეში ჩაბმის საფუძველი არის ზეგავლენა, რომელიც შეიძლება მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებამ ამ პირის უფლებებსა და მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ.
ამდენად, სასამართლომ მესამე პირად ჩაბმის საკითხის გადაწყვეტის დროს უნდა გაითვალისწინოს არსებობს თუ არა მესამე პირის საქმეში ჩაბმის 89-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი. აქედან გამომდინარე საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ს 89-ე მუხლი.
არასწორია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მესამე პირის საქმეში ჩაბმა არ გულისხმობს, რომ გადაწყვეტილება რაიმე ნაწილში უნდა ეხებოდეს მესამე პირს ან გავლენას ახდენდეს მასზე. არასწორია ასევე კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მესამე პირის სამართლებრივი ინსტიტუტის დანიშნულებაა საქმის განხილვის პროცესში რომელიმე მხარისათვის რაიმე ფაქტის დადასტურება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მესამე პირი ეს ისეთი პირია, რომელიც შემოდის მხარეთა შორის უკვე დაწყებულ პროცესში თავისი საკუთარი უფლებების და ინტერესების დასაცავად. ხოლო ფაქტების დადასტურების პროცესი რეგულირდება სსკ-ს სხვა ნორმებით და არა 90-ე მუხლით. სსკ-ს 140-ე მუხლის საფუძველზე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადასტურების მიზნით მხარეს შეუძლია მოითხოვოს სს “ა.-ს” მოწმედ დაკითხვა.
ამდენად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის განჩინებას საფუძვლად არ უდევს საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სააქციო საზოგადოება “მ.-ს” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 14 ნოემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.