3კ-1419-02 20 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისში, ..... კორპუსებს შორის მდებარე ნაგებობა, (რომელშიც ადრე განთავსებული იყო ლიფტების სადისპეჩერო) ქ. თბილისის ქონების მართვის სამინისტრომ გაიტანა საპრივატიზაციოდ კონკურსის წესით. საკონკურსო კომისიის 2001წ. 19 ივნისის გადაწყვეტილებით კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა რ. ხ-ე, რომელიც 2001წ. 12 სექტემბერს საჯარო რეესტრში აღირიცხა მესაკუთრედ.
რ. ხ-ის მიერ პრივატიზებული ნაგებობა დაკავებული ჰქონდა ლ. მ-ეს. Aამ უკანასკნელმა უარი განაცხადა ნეგებობის გამოთავისუფლებაზე. 2001წ. დეკემბერში რ. ხ-ემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში ლ. მ-ის მიმართ მის მიერ პრივატიზებული ნაგებობიდან ლ. მ-ის გამოსახლების შესახებ.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 15 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეს არ გააჩნდა მოსარჩელის კუთვნილი ფართის ფლობის კანონიერი საფუძველი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. მ-ემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ლ. მ-ის სააპელაციო საჩივარი მისი გამოუცხადებლობის გამო და უცვლელად იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება.
ლ. მ-ემ სააპელაციო პალატის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიტანა საჩივარი იმ საფუძვლით, რომ საქმის განხილვა არ უნდა მომხდარიყო მის დაუსწრებლად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ოქტომბრის განჩინებით ლ. მ-ის საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე არ იქნა დაშვებული გასაჩივრების ვადის გასვლის გამო.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ. მ-ემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, კერძო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ოქტომბრის განჩინება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 76-ე მუხლის შესაბამისად მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან, აცნობონ სასამართლოს თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. იგივე შედეგი დგება მისამართის არასწორად მითითების შემთხვევაშიც.
სააპელაციო სასამართლოსათვის ცნობილი, ლ. მ-ის უკანასკნელი მისამართი იყო სააპელაციო საჩივარზე მითითებული მისამართი: თბილისი, ....., 2002წ. 8 ივლისს ლ. მ-ეს ამ მისამართზე გაეგზავნა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი, რომელიც 2002წ. 25 ივლისს დაუბრუნდა საფოსტო განყოფილებას წარწერით, რომ მისამართი არ იყო სწორი.
ის ფაქტი, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული მისამართი არასწორია, თვით ლ. მ-ემაც დაადასტურა სასამართლო სხდომაზე.
ლ. მ-ეს საჩივარში დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე აღნიშნული აქვს სხვა მისამართი.
მხარისათვის გადაწყვეტილების გაგზავნის შემთხვევაში სსკ-ს 369-ე და 397-ე მუხლების შესაბამისად ვრცელდება ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესი, რის გამო გადაწყვეტილება ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს საფოსტო გზავნილზე ყველაზე გვიან განთავსებულ შტამპზე მითითებულ რიცხვში 2002წ. 29 ივლისს. შესაბამისად კანონით დადგენილი სარჩელის შეტანის ათდღიანი ვადა ამოიწურა 2002წ. 8 აგვისტოს, საჩივარი კი შეტანილი იყო 2002წ. 15 აგვისტოს.
სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა იმის თაობაზე, რომ სსკ-ს 237-ე მუხლის თანახმად საჩივარი იყო დაუშვებელი.
პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მისამართის არასწორად მითითების გამო პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მის რწმუნებულს. სააპელაციო საჩივარში არ არის მითითებული, რომ იგი შეტანილია რწმუნებულის მიერ. მასზე არ არის დართული მინდობილობა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე მესამე პირისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდებაბ