¹3კ-1427-02 7 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ლ. შ-ის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 ოქტომბრის განჩინებაზე.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 მაისის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს “ს-ის” სარჩელი ლ. შ-ის მიმართ დავალიანების გადახდის შესახებ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების _ 3342,21 აშშ დოლარის და სახელმწიფო ბაჟის – 168 ლარის გადახდა. დავალიანების დაფარვის მიზნით საჯარო აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული მოპასუხის საცხოვრებელი ბინა წილობრივი მონაწილეობით 31/2860.
გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 აგვისტოს განჩინებით აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად მიეცა 10 დღიანი ვადა განჩინების ჩაბარებიდან. განჩინება ლ. შ-ს ჩაბარდა 2002წ. 5 სექტემბერს. 2002წ. 11 სექტემბერს აპელანტმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და განმარტა, რომ მან გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა თანხის მთლიან ნაწილში და შესაბამისად ითხოვა მისთვის ბაჟის 100 აშშ დოლარის ოდენობით შემცირება და გადასახდელი თანხის დაზუსტება.
სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 7 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ბაჟის გადაუხდელობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული.
ლ. შ-ი კერძო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 7 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას იმ მოტივით, რომ სასამართლომ ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადა არასწორად განუსაზღვრა, კერძოდ, განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაში მიუთითა, რომ კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის შევსების ვადა ჰქონდა 2002წ. 11 სექტემბრის ჩათვლით და ვინაიდან ამ ვადაში მხარემ ბაჟი არ გადაიხადა, საჩივარი განუხილველად დატოვა. ლ. შ-ი მიუთითებს, რომ მას ხარვეზის შევსების განჩინება ჩაბარდა 2002წ. 5 სექტემბერს, ხოლო 10 დღიანი ვადა იწურებოდა 2002წ. 15 სექტემბერს. ამასთან, პალატამ მის მიერ 2002წ. 11 სექტემბერს შეტანილ განცხადებაზე, რომლითაც ითხოვდა ბაჟის ოდენობის შემცირებას სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, არ იმსჯელა და არც პასუხი აცნობა.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, კერძო საჩივარს და თვლის, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს უნდა განესაზღვრა ბაჟის სახით გადასახდელი თანხა, ჯერ ერთი, სსკ-ს 365-ე მუხლის თანახმად აპელაციის ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. თუ ღირებულების მოცულობა ეჭვს იწვევს, სააპელაციო საჩივრის შემტანმა პირმა ეს ღირებულება სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს. ე.ი. მხარეს (აპელანტს) ევალება სააპელაციო საჩივარში მიუთითოს სააპელაციო საჩივრის ღირებულება და რა ნაწილში ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას. იგივე წესს ადგენს სკ-ს 368-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტიც. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საპროცესო ნორმებიდან გამომდინარე აპელანტს ევალება სააპელაციო საგნის ღირებულების დაზუსტება და მითითება და არა სასამართლოს. მეორე, აპელანტი ასაჩივრებდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლიანობას, ე.ი, მთლიან გადაწყვეტილებას და არა მის ნაწილს.
პალატა არ იზიარებს ასევე კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სასამართლომ მის მიერ აღნიშნულ საპროცესო ვადაზე ადრე დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველი, რადგან 10 დღიანი ვადა იწურებოდა 2002წ. 15 სექტემბერს განჩინება კი გამოიტანა 11 სექტემბერს, პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივარი 2002წ. 7 ოქტომბრის განჩინებით იქნა განუხილველად დატოვებული და არა 11 სექტემბერს.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი უსაფძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. შ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 7 ოქტომბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.