საქმე # 330100121004479999
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №876აპ-23 ქ. თბილისი
შ. ბ. 876აპ-23 1 მარტი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 5 ივლისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის მარი მეშველიანისა და მსჯავრდებულ ბ. შ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების მ. ჩ–სა და გ. მ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: ბ. შ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. შ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2021 წლის 9 თებერვალს, დაახლოებით, 21:00 საათზე, ქ. თ–ში, ..ას გამზირის მე-.. კვარტლის, კორპუს №..-ის ბინა №..-ში, თ. ხ–სას შელაპარაკება მოუვიდა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლესთან – ბ. შ–სთან. საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით წარმოშობილი ოჯახური კონფლიქტის დროს, ამ უკანასკნელმა, არასრულწლოვანი შვილების – ა. და ა. შ–ების თანდასწრებით, სცემა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – თ. ხ–ს, კერძოდ, თავის, ტანისა და ხელების არეში მრავალჯერადად დაარტყა მუშტები და ხის ნაჭერი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 მარტის განაჩენით:
3.1. ბ. შ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 395 საათი, რაც, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა 2021 წლის 10 თებერვლიდან 2021 წლის 12 თებერვლის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 380 საათი;
3.2. საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, ბ. შ–ს დამატებითი სასჯელის სახით 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები, კერძოდ, იარაღის დამზადების, შეძენის და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ვადა უნდა აეთვალოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან;
3.3. მსჯავრდებულ ბ. შ–ს მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვან აღსრულებაზე კონტროლი დაევალა სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
4.1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა მარი მეშველიანმა მოითხოვა ცვლილება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 მარტის განაჩენში და, მსჯავრდებულ ბ. შ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა;
4.2. მსჯავრდებულ ბ. შ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მ. ჩ-მ და გ. მ–მ მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 მარტის განაჩენის გაუქმება და ბ. შ–ს გამართლება.
4.3. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინეს მსჯავრდებულ ბ. შ–სს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა მ. ჩ-მ და გ. მ–მა და მოითხოვეს არ დაკმაყოფილდეს თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის მარი მეშველიანის სააპელაციო საჩივარი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 5 ივლისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 5 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
6.1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორი მარი მეშველიანი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 5 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანას ბ. შ–ს სასჯელის დამძიმების კუთხით და მისთვის მკაცრი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას;
6.2. მსჯავრდებულ ბ. შ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატები გ. მ–სი და მ. ჩ. ითხოვენ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 5 ივლისის განაჩენის გაუქმებას და ბ. შ–ს გამართლებას;
6.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინეს მსჯავრდებულ ბ. შ–სს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა გ. მ–მა და მ. ჩ–მა, რომლებიც ითხოვენ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას; დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 5 ივლისის განაჩენის გაუქმებას და ბ. შ–ს უდანაშაულოდ ცნობას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ბ. შ–ს მიმართ შეფარდებული სასჯელის დამძიმებას, ხოლო დაცვის მხარე ითხოვს ბ. შ–ს გამართლებას და უდანაშაულოდ ცნობას.
9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებისა და დაცვის მხარის პოზიციას, რომ ერთი მხრივ, არ დასტურდება ბ. შ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა (დაცვის მხარის პოზიცია), მეორე მხრივ კი, ბ. შ–ს მიმართ შეფარდებული სასჯელი შეუსაბამოდ მსუბუქია მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან მიმართებით. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართეს იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივრებშია ჩამოყალიბებული; სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ბ. შ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა; გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდებისა და დაცვის მხარის ყველა ძირითად მტკიცებულებასა და არგუმენტზე.
10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის, მოწმეთა: მ. ს–ს, ბ. ჯ–ს, ზ. ჩ–ს, ი. ა–ს, კ. კ–ს, ბ. კ–ს, ე. ჯ–ს, ე. გ–ს, ბ. თ–ს, ნ. მ–ს ჩვენებები, N... და N... შეტყობინებები, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პაციენტის N... სამედიცინო ბარათი, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 12 მარტის სამედიცინო ექსპერტიზის N.... დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები), გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ბ. შ–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხილი დანაშაულის ჩადენა.
11. კასატორი ბრალდების მხარის მოთხოვნასთან დაკავშირებით – მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
12. სასამართლო, ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახით ითვალისწინებს – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
13. „თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ზოგადად, სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს მის უკიდურეს შემთხვევაში გამოყენებაზე ორიენტირებული. ..... თუ პასუხისმგებლობის სხვა ზომები/სახეები ობიექტურად საკმარისია კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნების მისაღწევად, კანონი უნდა უბიძგებდეს სამართალშემფარდებელს, სწორედ არასაპატიმრო ალტერნატივების გამოყენებისკენ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-96). პატიმრობის ultima racio ხასიათიდან გამომდინარე სასჯელის სახით პატიმრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული, როდესაც ეს ობიექტურად აუცილებელია ქმედების სიმძიმის, გამოწვევადი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც, თუ არა საზოგადოებისგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა.
14. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და მის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
16. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის მარი მეშველიანისა და მსჯავრდებულ ბ. შ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების მ. ჩ–სა და გ. მ–ს საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე