გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1441-02 7 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს “ბ.”-ს გენერალურმა დირექტორმა ვ. ბ-მა სარჩელი აღძრა შპს “ნ-ს” წინააღმდეგ და მოითხოვა მაღაზია “ო-ის” შენობაში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების თანხის _ 16186 ლარის დაკისრება, იმ მოტივით, რომ 2000წ. 8 იანვარს შპს “ბ.ბ.ვ.”-სა და შპს “ნ.”-ს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შპს “ბ.” ასრულებდა სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას შპს “ნ.”-სთან შეთანხმებით. ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს “ბ-მ” შეასრულა თავისი ნაკისრი ვალდებულება, რომლის დამთავრებისთანავე მოხდა ჩატარებული საქმიანობის განფასება, მაგრამ მოპასუხე მხარემ არ მოისურვა აქტზე ხელის მოწერა. მიუხედავად ამისა შპს “ბ.” გააგრძელა მუშაობა და იხდიდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ქირას. 2001წ. 15 ივლისს შპს “ნ.”-ს დირექტორმა მ. დ-მ მოსარჩელე არ შეუშვა მაღაზიაში და განუცხადა, რომ ხელშეკრულება იჯარის შესახებ მისი მხრიდან შეწყვეტილი იყო.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 27 მაისის გადაწყვეტილებით შპს “ბ.”-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: 1. მხარეებს შორის, წინასწარი შეთანხმება სარემონტო სამუშოების შესახებ არ ყოფილა. 2. მათ არ დაუდგენიათ გეგმა და ფასები.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ბ.”-ს დირექტორმა ვ. ბ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება, იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ საქმეზე სრულად არ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, არ გამოიძახა და არ დაკითხა მოწმეები, რომლებიც დაადასტურებდნენ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩატარების შესახებ მხარეთა შორის შეთანხმების არსებობას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 3 ოქტომბრის განჩინებით სსკ-ს 76-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის (ბაჟის გადაუხდელობა) შეუვსებლობის გამო, დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო პალატის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “ბ.”-ს დირექტორმა. იგი საჩივარში მიუთითებს, რომ მას არ ჩაბარებია საოლქო სასამართლოს 2002წ. 26 ივლისის განჩინება, რომლითაც დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საჩივრის ავტორმა კერძო საჩივართან ერთად წარადგინა სააპელაციო საჩივარზე არასრულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 100 ლარის _ ქვითარი და ითხოვს: 1. სსკ-ს 48-ე მუხლის საფუძველზე, დარჩენილი თანხის გადახდის გადადებას საქმის განხილვამდე, 2. ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის აღდგენას, 3. გასაჩივრებილი განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ იგი არის მეორე ჯგუფის ინვალიდი, რაც კანონით სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, კერძო საჩივარს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 76-ე მუხლის თანახმად მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსთვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საოლქო სასამართლოს მიერ 2002წ. 26 ივლისის განჩინება აპელანტს გაეგზავნა საქმეში არსებულ მისამართზე, მაგრამ იგი საფოსტო განყოფილებიდან სასამართლოს უკან დაუბრუნდა. გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებული იყო, რომ ადრესატი აღნიშნულ მისამართზე აღარ ცხოვრობს.
კერძო საჩივრის განხილვისას გამოირკვა, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, სსკ-ს 76-ე მუხლი. აღნიშნული ნორმა ადგენს მხარეებისა და მათი წარმომადგენლების მიერ საქმის განხილვის პერიოდში მისამართის შეცვლის შემთხვევაში მათ ვალდებულებებს და უწყების გაგზავნის წესს. მოცემულ შემთხვევაში გამოირკვა, რომ შპს “ბ.-ს” იურიდიული მისამართი არ შეუცვლია, იგი დროებით არ ფუნქციონირებს. სასამართლო სსკ-ს 70-ე მუხლის თანახმად ვალდებული იყო გზავნილი გაეგზავნა როგორც შპს-თვის, ისე მისი წარმომადგენლებისთვის – ვ. ბ-ისა და მ. ნ-სათვის.
აღნიშნული გარემოების გამო კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის გადასაწვეტად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “ბ.-ს” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემადგენელ პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.