Facebook Twitter

საქმე # 330802224008825612

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№12I-24 ქ. თბილისი

ა. მ.12I-24 22 მარტი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მ. ა–ს (M.A.) ინტერესების დამცველი ადვოკატის – ზ. მ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 მარტის განჩინებაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ. ა–სს (M.A.) მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

1.1. თურქეთის რესპუბლიკის იზმირის 21-ე სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 9 მარტის განაჩენით მ. ა–ს (M.A.) ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,e” ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი ინფორმაციული სისტემების გამოყენებით) და იმავე კოდექსის 220-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მიზნით შექმნილი ორგანიზაციის წევრობა);

1.2. აღნიშნული განაჩენი 2016 წლის 27 ოქტომბერს შევიდა კანონიერ ძალაში;

1.3. თურქეთის რესპუბლიკის იზმირის 21-ე სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და მ. ა–სს (M.A.) საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 62 წლითა და 56 თვით;

1.4. თურქეთის რესპუბლიკის იზმირის რესპუბლიკის მთავარმა პროკურატურამ 2020 წლის 5 მარტს გასცა მ. ა–სს (M.A) დაკავების ბრძანება;

1.5. მ. ა–ს (M.A) თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება 2020 წლის 7 აგვისტოდან.

2. მ. ა–სს (M.A) მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2.1. 2023 წლის 6 დეკემბერს საქართველოს შსს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ა–ს (M.A);

2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 8 დეკემბრის განჩინებით მ. ა–სს (M.A) აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით;

2.3. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2024 წლის 7 იანვარს მიიღო მ. ა–სს (M.A) ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები;

2.4. მ. ა–ს (M.A) მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციურ დაწესებულებაში.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

მსჯავრდებულმა ბ. ქ-მ უკანონო ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით შექმნა ორგანიზებული ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც იერარქიულად მაღალ პოზიციას იკავებდა მ. ა–ს (M.A.). 2013 წლის 24 ივნისს, ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში, მ. ა–სმ (M.A.) და მისმა თანამზრახველმა შეაღწიეს ერთ-ერთ საბანკო დაწესებულებაში არსებულ 18-ი სხვადასხვა პირის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე, შესაბამის დამცავ კომპიუტერულ სისტემებში უკანონო შეღწევის გზით. აღნიშნულ სისტემაში უკანონოდ შეღწევის შემდგომ მ. ა–სმ (M.A.) და მისმა თანამზრახველმა დაზარალებულთა საბანკო ანგარიშებიდან განახორციელეს არაავტორიზებული E.. და ფულადი გადარიცხვები სხვა საბანკო დაწესებულებებში წინასწარ შექმნილ საბანკო ანგარიშებზე. ამასთან, მ. ა–ს (M.A.) და მისი თანამზრახველი აკონტროლებდნენ საბოლოო დანიშნულების საბანკო ანგარიშებიდან ფულადი თანხის განაღდების პროცესს. აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით, მ. ა–ს (M.A.) და მისი თანამზრახველი, ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ დაზარალებულთა კუთვნილ ფულად თანხებს.

4. 2024 წლის 4 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა – თემურ ცინდელიანმა და ითხოვა მ. ა–ს (M.A.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,e” ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი ინფორმაციული სისტემების გამოყენებით) და იმავე კოდექსის 220-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მიზნით შექმნილი ორგანიზაციის წევრობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის მოცემული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის იზმირის 21-ე სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 2015 წლის 9 მარტს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 მარტის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორის – თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ა–სს (M.A) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,e“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი ინფორმაციული სისტემების გამოყენებით) და იმავე კოდექსის 220-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მიზნით შექმნილი ორგანიზაციის წევრობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის მოცემული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის იზმირის 21-ე სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 2015 წლის 9 მარტს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მ. ა–ს (M.A) ადვოკატი – ზ. მ–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 მარტის განჩინების გაუქმებასა და მ. ა–ს (M.A.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო: საექსტრადიციო მასალები არის მწირი, კერძოდ, არ არის წარმოდგენილი სასამართლოს გადაწყვეტილება/განაჩენი, ხოლო თურქეთის რესპუბლიკამ გამოგზავნილ მასალებში შეგნებულად არ მიუთითა ზიანის ოდენობა, ვინაიდან სასჯელი ზიანთან მიმართებით არის არაპროპორციული.

7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა წარმოადგინა საქართველოს გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა მ. ა–სს (M.A) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 მარტის განჩინების უცვლელად დატოვება.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ა–ს (M.A.) 2023 წლის 6 ნოემბერს ექსტრადიციის მიზნით დააკავეს საქართველოს შსს თანამშრომლებმა. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

4. მ. ა–სს (M.A.) მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დასჯადია როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, კერძოდ:

4.1. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებით, რომლებითაც პირი მსჯავრდებულია. ამასთან, დაკმაყოფილებულია მინიმალური სასჯელის წესი.

4.2. მითითებული ქმედებების, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დაისჯებოდა საქართველოს სსკ-ის სულ მცირე 2861-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით.

5. ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სსკ-ით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. მოცემულ შემთხვევაში:

5.1. შუამდგომლობაში მითითებული დანაშაულებრივი ქმედებები საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 2861-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტს, რაც ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, განეკუთვნება დანაშულთა მძიმე კატეგორიას. საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა ათ წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. მ. ა–სს (M.A.) მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია 2015 წლის 9 მარტს, შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა გასული არ არის.

5.2. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთან დაკავშირებით განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით.

6. დანაშაულებრივი ქმედება, რომლისთვისაც მოითხოვება მ. ა–სს (M.A.) ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. მ. ა–ს (M.A.) მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპები.

7. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, ,,ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს საკუთარი მოქალაქის ექსტრადიციაზე. გარდა ამისა, ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ პირს მიცემული აქვს პოლიტიკური თავშესაფარი ან თუ იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია. მოცემულ შემთხვევაში:

7.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ მ. ა–ს (M.A.) არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, ხსენებული პირი არ ითვლება, აგრეთვე, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.

7.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მ. ა–სს (M.A.) უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებით განხილვაზე. შესაბამისად, იგი არ ითვლება თავშესაფრის მაძიებლად ს–ში.

8. სასამართლო ითვალისწინებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თ–ს რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევების პრევენციის კუთხით. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაცვის მხარე არ ეთანხმება ექსტრადიციას, თუმცა იმავდროულად, არ უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვის რეალურ საფრთხეზე.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no 36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).

11. გარდა ამისა, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ გარანტიები მომდინარეობს კონვენციის წევრი ქვეყნისგან, რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, მათ შორის – წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას (Zarmayev v. Belgium, no. 35/10, §113, ECtHR,27/02/2014; Gasayev v. Spain, no. 48514/06, ECtHR, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v. Slovakia, no. 21022/08, 51946/08, ECtHR, 14/09/2010) .

12. კასატორს არ წარმოუდგენია კონკრეტული მტკიცებულება, რაც მ. ა–ს (M.A.) მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა ან იქნებოდა „არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურამ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ მოიპოვა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

13. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით (საქმეში ბევრი კითხვის ნიშანი იყო, მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლო ზედაპირულად მიუდგა საქმეს და სასამართლომ არ მოითხოვა დამატებითი დოკუმენტაცია წარმოდგენა), სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორი არათუ არ ასაბუთებს თავის პოზიციას, არამედ არც კი უთითებს კონკრეტულად რომელი საკითხი/ასპექტი არ განიხილა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ.

14. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 95-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საჩივრის შეტანა შეიძლება სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

15. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ თურქეთის რესპუბლიკამ გამოგზავნილ მასალებში შეგნებულად არ მიუთითა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა, რადგან შეფარდებული სასჯელი, ზიანთან მიმართებით, არაპროპორციულია. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის განხილვისას საკასაციო სასამართლო არ იხილავს პირის ბრალეულობის საკითხს მისთვის შერაცხილი დანაშაულის ჩადენაში, არ ახდენს მიღებული განაჩენის გადასინჯვას მისი დასაბუთებულობის ან/და კანონიერების კუთხით და არ იხილავს შეფარდებული სასჯელის სამართლიანობას, არამედ ამოწმებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობას (მაგ.: იხ.: საქმე №2I-17, №2I-20, №402I-21, 9I-23).

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

17. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ,,ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ექსტრადიციის შესახებ თხოვნას თან უნდა ერთვოდეს, მათ შორის: დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გამამტყუნებელი სასამართლო გადაწყვეტილების და განაჩენის ორიგინალი ან დამოწმებული ასლი, ან თხოვნის გამგზავნი მხარის კანონით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად, გაცემული დაპატიმრების ორდერი ან იმავე ძალის მქონე სხვაგვარი ორდერი. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია თურქეთის რესპუბლიკის იზმირის მთავარი პროკურატურის დაკავების ორდერი (იხ. ტ. N2; ს.ფ. 197-198). იმავდროულად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია (მათ შორის, ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით დადგენილი ვალდებულებების შესრულების მიზნებისათვის) საქმის მასალებში წარმოდგენილი იქნეს სასამართლოს შესაბამისი დოკუმენტი (განაჩენი/განჩინება). მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მასალებით (ტ. N2; ს.ფ. 187-193) დგინდება, რომ მ. ა–ს (M.A.) მიმართ განაჩენი არ იყო გამოტანილი მისი მონაწილეობის გარეშე და იგი უზრუნველყოფილი იყო დაცვის მინიმალური უფლებებით (მ. ა–მ (M.A.) სასამართლო პროცესის დროს მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები არ აღიარა და განაჩანი გამოტანილი იქნა მისი ადვოკატის თანდასწრებით). ამასთანავე, აღნიშნულს სადავოდ არ ხდის არც კასატორი.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 მარტის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ა–ს (M.A.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,e“ ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი ინფორმაციული სისტემების გამოყენებით) და იმავე კოდექსის 220-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მიზნით შექმნილი ორგანიზაციის წევრობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის მოცემული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის იზმირის 21-ე სისხლის სამართლის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 2015 წლის 9 მარტს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მ. ა–ს (M.A) ინტერესების დამცველი ადვოკატის – ზ. მ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 4 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე