საქმე # 330802224008792644
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№11I-24 ქ. თბილისი
მ. ფ–ი/მ. პ–ი, 11I-24 22 მარტი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ფ–ი/მ. პ–ს (M.P.) ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ. ა-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 6 მარტის განჩინებაზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ. ფ–ს/მ. პ–სის (M.P.) მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2021 წლის 10 ივნისს თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა მე-3 სასამართლოს # 2014/105-2021/283 განაჩენით, მ. ფ–ი/მ. პ–სი (M.P.) ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 309/1, 38/3 მუხლებით, N 3713 კანონის 5/1 მუხლით და სისხლის სამართლის კოდექსის 62, 53, 6/1-j, 58/9, 63 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის (კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობა) ჩადენაში, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 25 წლის ვადით. იმავე განაჩენით, მ. ფ–ი/მ. პ–სი (M.P.) ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 82/1-a, 38/3, 62, 53, 6/1-j, 58/9 მუხლებით და N3713 კანონის 5/1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (დაგეგმილი მკვლელობა) ჩადენაში, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 25 წლის ვადით;
2022 წლის 18 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლის აღმასრულებელი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მ. ფ–ს/მ. პ–სის (M.P.) მიმართ დადგენილი სასჯელები შეიკრიბა და განესაზღვრა 50 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, მ. ფ–ს/მ. პ–სის (M.P.) ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობის თანახმად, მის მიერ საპატიმრო დაწესებულებაში გატარებული პერიოდისა და თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, 26 წლის, 8 თვის და 3 დღის საპატიმრო დაწესებულებაში მოხდის შემდგომ, იგი მოიპოვებს პირობით გათავისუფლების უფლებას;
2022 წლის 26 აპრილს გამოცემულია მ. ფ–ს დაკავების ბრძანება ზემოაღნიშნული განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებით;
2022 წლის 25 აგვისტოდან მ. ფ–ი იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. მ. ფ–ს/მ. პ–სის (M.P.) მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2022 წლის 29 ივლისს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა მ. ფ–ს/მ. პ–ს (M.P.) ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები;
2023 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ფ–ი/მ. პ–სი (M.P.);
2023 წლის 28 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, მ. ფ–ს/მ. პ–სის (M.P.) შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით;
2023 წლის 2 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს წინაშე მ. ფ-მა/მ. პ–სმა (M.P.) უარი განაცხადა გამარტივებული პროცედურის გამოყენებით თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციაზე;
2024 წლის 17 იანვარს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისაგან გამოთხოვილ იქნა დამატებითი ინფორმაცია მ. ფ–ს/მ. პ–სის (M.P.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით. მოთხოვნილი ინფორმაცია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოდგენილ იქნა 2024 წლის 14 თებერვალს;
2024 წლის 24 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, მ. ფ–ს/მ. პ–სის (M.P.) მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2024 წლის 26 აპრილამდე. ამჟამად მ. ფ–ი/მ. პ–სი (M.P.) მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. პენიტენციურ დაწესებულებაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ მ. ფ–ი/მ. პ–სი (M.P.) იყო შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაცია „რევოლუციური ხალხის განმათავისუფლებელი მოძრაობის“ (...) წევრი და იგი მონაწილეობას იღებდა ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში. აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაცია მიზნად ისახავს ძალადობით დაამხოს თურქეთის რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგი და ჩაანაცვლოს იგი მარქსისტულ-ლენინისტურ პრინციპებზე დაფუძნებული მმართველობით. აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაცია ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად მიმართავს სხვადასხვა ძალადობრივ ქმედებებს, როგორიცაა მკვლელობა, სხეულის დაზიანება, ექსპლუატაცია და სხვა.
მითითებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს მიაჩნდათ, რომ ტერორისტული ორგანიზაციის მიზნების განხორციელებისათვის გააჩნდათ სხვა პირთა გასამართლების და დასჯის უფლება და ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილებით, დაზარალებული ს. ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2008 წლის 6 ნოემბერს, თ–ს რესპუბლიკაში, მ. ფ–მა/მ. პ–სმა (M.P.), როგორც ტერორისტული ორგანიზაცია „რევოლუციური ხალხის განმათავისუფლებელი მოძრაობის“ (....) წევრმა, ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად, მოკვლის განზრახვით, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა დაზარალებულს. მიღებული დაზიანებების შედეგად, ს. ჯ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.
4. 2024 წლის 27 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და მოითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი მ. ფ–ს/მ. პ–სის (M.P.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა მე-3 სასამართლოს 2021 წლის 10 ივნისის N2014/105-2021/283 განაჩენით დადგენილი სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდის მიზნით;
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 6 მარტის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ფ–ს/მ. პ–სის (M.P.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა მე-3 სასამართლოს 2021 წლის 10 ივნისის N2014/105-2021/283 განაჩენით დადგენილი სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდის მიზნით;
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ფ–ს/მ. პ–სის (M.P.) ადვოკატი თ. ა. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 6 მარტის განჩინების გაუქმებასა და მ. ფ–ს/მ. პ–სის (M.P.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
6.1. დაცვის მხარის შეფასებით, მ. ფ–ი/მ. პ–სი (M.P.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში წამების, არაადამიანური მოპყრობისა და დასჯის მსხვერპლი გახდება. კასატორი უთითებს მ. ფ–ს/მ. პ–სის (M.P.) მიერ შსს მიგრაციის დეპარტამენტში გასაუბრებისას გაკეთებულ განაცხადზე, რომლის თანახმად, 2009 წელს პოლიციასა და საპატიმრო დაწესებულებაში სამართალდამცავების მხრიდან მ. ფ–ი/მ. პ–სი (M.P.) გახდა არასათანადო მოპყრობისა და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.
7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა მ. ფ–ს/მ. პ–სის (M.P.) მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 6 მარტის განჩინების უცვლელად დატოვება.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
2. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
3. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
4. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ფ–ი/მ. პ–სი (M.P.) 2023 წლის 26 ოქტომბერს დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ს–ს ტერიტორიაზე. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
5. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, კერძოდ:
5.1. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები დასჯადია:
თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 309/1, 38/3 მუხლებით, # 3713 კანონის 5/1 მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის 62, 53, 6/1-j, 58/9, 63 მუხლებით (კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობა) და თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 82/1-a, 38/3, 62, 53, 6/1-j, 58/9 მუხლებით და # 3713 კანონის 5/1 მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წელზე მეტი ვადით. ამასთან, მ. ფ-ს/მ. პ–სს (M.P.) სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 4 თვეზე მეტი ვადით.
5.2. მითითებული ქმედებები, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დასჯადი იქნებოდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას და საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით (შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 5 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
6. ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. მოცემულ შემთხვევაში:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენაც ბრალად ედება მ. ფ-ს/მ. პ–სს (M.P.), განეკუთვნება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, პირი თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 10 წელში მძიმე დანაშაულისათვის და 15 წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას. ხანდაზმულობის ვადაში ჩაითვლება სასჯელის მოხდისაგან თავის არიდებამდე გასული დრო. მ. ფ–ს/მ. პ–სის (M.P.) მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წელს და იმავე წელს(2022 წლის 26 აპრილს) გამოიცა მისი დაკავების ბრძანება, შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული.
6.2. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, მ. ფ–ს/მ. პ–სის (M.P.) მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენთან დაკავშირებით ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული და იგი იწურება 2046 წლის 23 ივნისს.
7. დანაშაულებრივი ქმედება, რომლისთვისაც მოითხოვება მ. ფ–ს/მ. პ–სის (M.P.) ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. მ. ფ–ს/მ. პ–სის (M.P.) მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპები.
8. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, ,,ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს საკუთარი მოქალაქის ექსტრადიციაზე.
8.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურიდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ მ. ფ–ს/მ. პ–სი (M.P.) არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. მ. ფ–ი/მ. პ–სი (M.P.) არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.
8.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მ. ფ-ს/მ. პ–სს (M.P.) 2023 წლის 26 იანვარს უარი ეთქვა როგორც ლტოლვილის, ასევე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. მოცემული გადაწყვეტილება მ. ფ–ს/მ. პ–სის (M.P.) მიერ გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და ამჟამად მისი საქმის განხილვა დასრულებული არ არის.
8.2.1. სასამართლო ითვალისწინებს ერთი მხრივ იმ გარემოებას, რომ საჩივრის განხილვის მომენტში მ. ფ–ი/მ. პ–სი (M.P.) არ სარგებლობს ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსით საქართველოში - შესაბამისად, არ არსებობს არც ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (ვინაიდან მ. ფ–ს/მ. პ–სის (M.P.) არ აქვს მიცემული თავშესაფარი და იგი არ არის საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირი) და მეორე მხრივ იმ გარემოებას, რომ ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ აფერხებს ექსტრადიციის დასაშვებობის განხილვას.
9. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და მ. ფ–ს/მ. პ–სის (M.P.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას მ. ფ–ს/მ. პ–სის (M.P.) მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში წამების, არაადამიანური მოპყრობისა და დასჯის საფრთხიდან გამომდინარე.
10. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, ვინაიდან კასატორი თავისი მოთხოვნის დასაბუთებისთვის უთითებს მხოლოდ მ. ფ–ს/მ. პ–სის (M.P.) მიერ შსს მიგრაციის დეპარტამენტში გაკეთებულ განცხადებაზე, მაგრამ არ უთითებს არც ერთ კონკრეტულ არგუმენტს ან/და რელევანტურ მტკიცებულებას, რაც დაადასტურებდა მ. ფ–ს/მ. პ–ს (M.P.) მიმართ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობის ან დასჯის გამოყენების საფრთხის რეალურობას. აღნიშნულთან მიმართებით ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები ვერც გენერალურმა პროკურატურამ მოიძია.
10.1. მ. ფ–ს/მ. პ–სის (M.P.) სხეულზე არსებული შესაძლო დაზიანებების შესახებ ჩანიშნულ სამედიცინო ექსპერტიზასთან მიმართებით სასამართლო ითვალისწინებს, რომ მ. ფ–ს/მ. პ–სის (M.P.) სხეულზე დაზიანებების არსებობის და ამ დაზიანებების ხანდაზმულობის დადგენის შემთხვევაშიც კი, აღნიშნული ექსპერტიზით, ობიექტურად შეუძლებელია განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირების ვინაობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
10.2. საექსტრადიციო მასალების თანახმად, მ. ფ–ი/მ. პ–სი (M.P.) 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობაში ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის შესაბამის საპატიმრო დაწესებულებაში, თუმცა ამ პერიოდში მისი უფლებების დარღვევის თაობაზე რაიმე მტკიცებულება მხარეების მიერ არ იქნა წარმოდგენილი.
10.2.1. ამასთან, საექსტრადიციო მასალების თანახმად, მ. ფ–ი/მ. პ–სი (M.P.) სასჯელის ნაწილის მოხდის შემდეგ, წლების განმავლობაში იმყოფებოდა თ–ს რესპუბლიკაში და მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ დატოვა თურქეთის რესპუბლიკა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ყოფნის ან/და მისი დატოვების შემდეგ მ. ფ–იმ/მ. პ–სიმ (M.P.) ან/და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა შესაბამისი საჩივრით მიმართეს შიდასახელმწიფოებრივ (სამართალდამცავ ან უფლებადამცველ ორგანიზაციებს/ სტრუქტურებს, მათ შორის მაგ. თურქეთის რესპუბლიკის სახალხო დამცველს), ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებს/სტრუქტურებს, ან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, მის მიმართ, საკასაციო საჩივარში მითითებული ქმედებების ჩადენასთან დაკავშირებით.
10.2.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე სამართალწარმოებისას მ. ფ–ი/მ. პ–სი (M.P.) წარმოდგენილი იყო მისი უფლებების დამცველი ადვოკატით.
10.3. შესაბამისად, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მ. ფ–ს/მ. პ–სის (M.P.) სხეულზე სავარაუდოდ არსებული დაზიანებების წარმოშობას უშუალოდ სამართალდამცავ ორგანოებსა და საპყრობილეში ხელისუფლების წარმოადგენელთა მხრიდან მ. ფ–ს/მ. პ–სის (M.P.) მიმართ განხორციელებული ქმედებების შედეგად.
11. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99,par.72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, par.58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, par. 52, ECtHR, 12/04/2005). ამასთან, მხოლოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის განცხადება იმის შესახებ, რომ წარსულში ექსტრადიციის მომთხოვნ სახელმწიფოში მის მიმართ განხორციელდა წამება ან არაადამიანური მოპყრობა არ არის საკმარისი მტკიცების შესაბამისი სტანდარტის დასაკმაყოფილებლად, თუ არ არის წარმოდგენილი შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები (Chentiev and Ibragimov v. Slovenia, no21022/08, 51946/08, ECtHR, 14/09/2010).
12. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თ–ს რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევების პრევენციის კუთხით. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი.
13. სასამართლო ასევე ითვალისწინებს თ–ს რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ გარანტიას, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში მ. ფ–ს/მ. პ–სის (M.P.) უფლებები და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება და კვლავაც აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ გარანტიები მომდინარეობს კონვენციის წევრი ქვეყნისგან, რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, მათ შორის - წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას (Zarmayev v Belgium, no. 35/10, §113, ECtHR, 27/02/2014; Gasayev v Spain, no. 48514/06, ECtHR, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v Slovakia, nos. 21022/08, 51946/08, ECtHR, 14/09/2010); გარანტიები გაცემულია სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს მიერ (Chahal v.The United Kingdom, no 22414/93, paras 105-107, ECHR, 15/10/1996; Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §344, ECHR, 12/10/2005).
14. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მართალია პირველ რიგში უნდა შეფასდეს მიმღებ სახელმწიფოში არსებული ზოგადი სიტუაცია და შესაბამისად, ყურადღება გამახვილდეს მიმღებ სახელმწიფოში ზოგადი ძალადობრივი გარემოს არსებობაზე (იხ: Sufi and Elmi v. the United Kingdom, nos. 8319/07 და 11449/07, ECtHR, par.216, 28/06/2011), თუმცა ზოგადი ძალადობრივი გარემოს არსებობა იმთავითვე არ იწვევს მე-3 მუხლის დარღვევას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს განმარტებით, მომთხოვნი სახელმწიფოსთვის პირის გადაცემა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას იწვევს მხოლოდ „იმ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე მხოლოდ იმ პირთან მიმართებით არსებობს, რომელიც მიმღებ სახელმწიფოში დაბრუნების შემთხვევაში დაექვემდებარება ამგვარ ძალადობას (NA. v. the United Kingdom, no. 25904/07, ECtHR, par. 115, 17/07/ 2008; Khasanov and Rakhmanov v. Russia, nos. 28492/15 and 49975/15, ECtHR, 29/04/2022).
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „არ არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მ. ფ–ი/მ. პ–სი (M.P.) დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას.
16. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no.140/10, par.11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).
17. მიუხედავად იმისა, რომ კასატორი ექსტრადიციის დასაშვებობაზე უარის თქმის მიზეზად არ უთითებს თურქეთის რესპუბლიკაში მ. ფ–ს/მ. პ–სის (M.P.) მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევის საფრთხეზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ასევე შეისწავლა და თბილისის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას შეამოწმა მ. მ. ფ–ს/მ. პ–სის (M.P.) რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევის საფრთხის არსებობა (საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება რაც დაადასტურებდა/მიუთითებდა ექსტრადიციის შემთხვევაში მ. ფ–ს/მ. პ–სის (M.P.) მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში სისხლის სამართალწარმოებაში სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის საფრთხეზე).
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 6 მარტის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ფ–ს/მ. პ–სის (M.P.) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა მე-3 სასამართლოს 2021 წლის 10 ივნისის N2014/105-2021/283 განაჩენით დადგენილი სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდის მიზნით კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ფ–ს/მ. პ–სის (M.P.) ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ. ა–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 6 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე