Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1471-02 8 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

კერძო საჩივრის ავტორის თხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 15 მარტს თბილისის საოლქო სასამართლომ განჩინებით დააკმაყოფილა შპს “ე-ის” დირექტორ ვ. ზ-ს კერძო საჩივარი. გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2000წ. 21 ივლისისა და 2001წ. 22 ნოემბრის განჩინებები და სს “მ-ს” უარი ეთქვა გაკოტრების საქმის წარმოების შეჩერებაზე იმ საფუძვლით, რომ საქართველოს კანონის “გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ” მე-4 მუხლის თანახმად სასამრათლოში გაკოტრების საქმის წარმოებისას გამოიყენება ამ კანონის ნორმები, ხოლო სამოქალაქო საპრცოესო სამართლის ნორმები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონით დადგენილი არ არის შესაბამისი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა, ამასთან, საპროცესო ნორმის გამოყენება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ კანონის მიზანს.

2002წ. 10 ოქტომბერს შპს “ე-ის” დირექტორმა ვ. ზ-მ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატას და ითხოვა 2002წ. 15 მარტის განჩინების განმარტება, კერძოდ, განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დამატებითი მითითების გაკეთება იმის შესახებ, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2000წ. 21 ივლისის განჩინების გაუქმებით ძალადაკარგულად გამოცხადდებოდა 1999წ. 31 დეკემბრისა და 2000წ. 27 იანვრის განჩინებები (გამოტანილი იმავე სასამართლოს მიერ).

2002წ. 15 მარტის განჩინების განმარტებისათვის საოლქო სასამართლოს ასევე მიმართა ...ის სააღსრულებო ბიუროს უფროსმა გ. მ-მა და ითხოვა იმის დაზუსტება, ჰქონდა თუ არა სააღსრულებო ბიუროს უფლება, განეხორციელებინა სს “მ-ის” მიმართ იძულებითი აღსრულება.

საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2002წ. 25 ნოემბრის განჩინებით ვ. ზ-ს განემარტა, რომ 2002წ. 15 მარტის განჩინებით არ გაუქმებულა გაკოტრების მასის დაცვის ღონისძიებების დროებით შეჩერება, ხოლო გ. მ-ს განემარტა, რომ ამ ეტაპზე აღმასრულებელს არ აქვს უფლება, განახორციელოს სს “მ-ის” მიმართ იძულებითი აღსრულება.

შპს “ე-ის” დირექტორმა ვ. ზ-მ კერძო საჩივრით მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება იმ მოტივით, რომ სააპელაციო პალატამ შეცვალა განჩინების შინაარსი, რითაც დაარღვია სსკ-ს 262-ე მუხლის მოთხოვნა.

2002წ. 9 დეკემბრის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლომ დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ მიიჩნია აღნიშნული კერძო საჩივარი და იგი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო კერძო საჩივარს და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სსკ-ს 262-ე მუხლის პირველი ნაწილით გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით განმარტოს გადაწყვეტილება მისი შინაარსის შეუცვლელად. ამასთან, განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ აღსრულებული არ არის და თუ არ გავიდა დრო, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსწორად განმარტა სსკ-ს 262-ე მუხლი და დასაშვებად მიიჩნია განცხადება. პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილებისა (განჩინების), და იმ განჩინების განმარტების წესს, რომელიც უნდა აღსრულდეს (მაგ. განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ) და არ ითვალისწინებს ისეთი შუალედური განჩინების განმარტების შესაძლებლობას, რომლითაც საქმის წარმოება არ დამთავრებულა. ნორმის ამდაგვარად გაგებისათვის პალატა მიუთითებს 262-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებაზე, რომელიც გადაწყვეტილების განმარტებას უკავშირებს აღსრულებას და მისი მიზანია მოხდეს გადაწყვეტილების ზუსტად იმ შინაარსით აღსრულება, რასაც სასამართლო გულისხმობდა გადაწყვეტილების (განჩინების) გამოტანისას. ამდენად, საპროცესო ნორმის საფუძველზე, იმ განჩინების განმარტება, რომელიც აღსრულებასთან არ არის დაკავშირებული და რომლითაც საქმის წარმოება არ დამთავრებულა, დაუშვებელია.

ამასთან, შპს “ე-ის” განცხადება თავისი შინაარსით მოითხოვს არა განჩინების განმარტებას, არამედ დამატებითი განჩინების გამოტანას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებების გაუქმების თაობაზე, რაც ასევე დაუშვებელია. სსკ-ს 377-ე მუხლის პირველი ნაწილით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას (განჩინებას) საჩივრის ფარგლებში, მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2000წ. 21 ივლისისა და 2001წ. 22 ნოემბრის განჩინებების და არა განცხადებაში მითითებული განჩინების გაუქმებას.

ამდენად, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 რწლის 25 ნოემბრის განჩინება.

შპს “ე-ის” განცხადება განჩინების განმარტების თაობაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.